Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პატრიოტთა პირველ ეროვნულ ფორუმზე

გპირდებით, რომ ხვალ მთელი საქართველო თქვენი იქნება.

წელს ზაფხულში მთელი ქვეყნის ყურადღება თქვენკენ იყო მიმართული, თქვენთვის ძგერდა საქართველოს გული.

თქვენს შორის იყო ქართველების საუკეთსო ნაწილი, ყველა წარმომავლობის ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს: სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, ქურთები და რა თქმა უნდა, ქართველები. თქვენ ბანაკებში შეიკრიბეთ და ერთმანეთთან ის ურთიერთობა დაამყარეთ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ახალი გამოვლინებაა.

ორი წლის წინ საქართველო მსოფლიო რუკაზე არ არსებობდა, ის ყველას დავიწყებული ჰყავდა.

ჩვენი ქვეყანა დასაცინი და აბუჩად აგდებული იყო, უპირველეს ყოვლისა, მისი მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ, რომელთაც არა მხოლოდ ქვეყნის მართვის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, არამედ არც თავმოყვარეობა, ღირსება, ქართული ჯილაგისა და სიამაყის განცდა გააჩნდათ.

ჩვენ ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ მათი მორევში ჩარეცხვა მოვახერხეთ, ფეხზე დადგომა დავიწყეთ და უარი ვუთხარით უიმედობას, რადგან ეს საქართველოს ღუპავდა.

ჩვენ პატივი მივაგეთ არა მხოლოდ 11 სექტემბერს დაღუპულებს...

11 სექტემბერი ეს კრწანისის ომში დამარცხების დღეც არის.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბოლო დღეს ერეკლე II აღა-მაჰმად-ხანის ჯარს წინ მხოლოდ 5-6 ათასი პატრიოტით აღუდგა, რამაც ქვეყნის დამოუკიდებელობას წერტილი დაუსვა. რატომ იყო ერეკლე II ბრძოლის ველზე ასე მცირე რაოდენობის პატრიოტით? იმიტომ რომ ორი კვირით ადრე მარკოზაშვილის რაზმელები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ: ქართველებო, არ გამოხვიდეთ, მტერი ასჯერ ძლიერია და ის არაფერს დაგვიშავებს, - მაგრამ მოვიდა მტერი, რომელმაც მიწასთან გაასწორა, გადაწვა თბილისი, ნამუსი ახადა ქვეყანას და ქართველების ღალატის გამო საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა.

ჩვენ აღარასოდეს დაუშვებთ, რომ მოღალატეებმა ამ ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

1993 წლის 27 სექტემბერს ათობით ათასი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი იდგა და უყურებდა, თუ როგორ ეცემოდა, სისხლისაგან იცლებოდა და ნადგურდებოდა ბარბაროსების მიერ ჩვენი საუკეთესო ქალაქი სოხუმი, მათ კი, ხელიც არ გაანძრიეს, რომ საქართველო გადაერჩინათ.

ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ ღალატს და უკან დახევას.

საქართველოსათვის მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი, არამედ ჩვენი სული და ოპტიმიზმი, რადგან საქართველოში დღესაც ძალიან დიდია ურწმუნო თომათა არმია.

თქვენ გახსოვთ, რომ ზაფხულში, როდესაც თბილისში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დავიწყეთ, ერთი და იგივე ხალხი გამოდიოდა და ამბობდა - ეს ბუშისთვის კეთდება, ის წავა და ყველაფერი დამთავრდება. პრეზიდენტი ბუში წავიდა, თუმცა ამჟამად ასჯერ უფრო მეტი კეთდება.

შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ბორჯომის პარკი გავხსენით, ზოგმა კი, უკეთესის აშენების სურვილი გამოთქვა, რადგან ქილიკის გარდა სხვა საქმე არა აქვს.

თქვენ გახსოვთ, რომ, მაშინ, როდესაც აჭარაში საქართველოს ბედი წყდებოდა და ბათუმში არ გვიშვებდნენ, იქაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გაღვივება სურს. სად არიან დღეს ეს მარკოზაშვილები, რატომ არ იღებენ ხმას იმაზე, რომ აჭარა თავისუფალია და ბათუმში საქართველოს დროშა ფრიალებს.

დღეს ეს ხალხი იმაზე, რაც აფხაზეთში მოხდა, სეპარატისტების წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს. რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს? სად არის სამართალი და ჭეშმარიტება?

ჩვენ ჭეშმარიტების და არა კაპიტულიანტების მხარეს ვართ.

არც ერთი თქვენთაგანი არ არის დალხენილი ოჯახიდან, დალხენილი ოჯახის შვილები ანტალიაში ისვენებდნენ, თქვენ კი, ჩვენთან ერთად, ბანაკებში ისვენებდით.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილები არ არის.

მე და ირაკლი ოქრუაშვილი ხშირად დავდივართ სოფლებში და ათობით უსაქმურ ადამიანს ვხედავთ. ქართულ ჯარში 6 ათასი თავისუფალი მაღალანაზღაურებადი ადგილია, რატომ არ მიდის ეს ხალხი ჯარში?!

ჩვენ ამ დონემდე მიგვიყვანეს, თუმცა აუცილებლად უკეთეს მდგომარებაში აღმოვჩნდებით.

ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ განწყობას ავყვებით, საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და აქ ყველა უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი სამშობლოა.

მინდა გითხრათ, თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რადგან გამზადებული არაფერი დაგხვდათ, ყველაფერი განადგურებული და დანგრეული იყო. სწორეთ ამით ხართ ბედნიერები, ყველაფერი თქვენი საკუთარი ხელით არის აღსადგენი, რათა თქვენმა შვილთაშვილებმა თქვენით ისევე იამაყონ, როგორც ჩვენ დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის ეპოქით ვამაყობთ.

ჩვენ საქართველოს პატრიოტული აღორძინების ეპოქის მონაწილენი და მომავალი თაობების სიამაყე ვართ.

თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რადგან საქართველოს სახელით აუცილებლად გაიმარჯვებთ.

მომავალ წელს ჩვენ ახალგაზრდული გადამზადების ცენტრს ვქმნით. ყველა ახალი აშენებული სკოლა, განათებული ბოძი, თუ საავადმყოფო ეს თქვენი გამარჯვებაა საქართველოსათვის და საქართველოს სახელით.

თქვენი გამარჯვება პირად ცხოვრებაში და სიყვარულში, ეს ჩვენი გამარჯვებაცაა, ჩვენ რამდენიმე წელიწადში ხუთ-ნახევარი მილიონი უნდა ვიყოთ, რამდენიც დამოუკიდებლობამდე ვიყავით.

თქვენ გამარჯვებულთა თაობა ხართ.

ჩვენ აღარ გვინდა ხელმოცარულების, დამარცხებულებისა და უპრინციპო ადამიანების საზოგადოება.

ჩვენ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ, გამარჯვებას მოწყურებულ საზოგადოებას ვაშენებთ, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების მტკიცედ სჯერა. თქვენ ამ საზოგადოების ლიდერები და აღმშენებლები ხართ.

თითოეულ თქვენთაგანს უდიდესი მისია აკისრია.

თქვენ პატრიოტიზმის მქადაგებლები და არა მხოლოდ საქართველოს შვილები, არამედ სამშობლოზე ზრუნვის იდეის მთავარი გამავრცელებლები ხართ.

თქვენ მიზნად დაისახეთ, რომ თქვენსავე გარემოცვაში ათი თანატოლი მაინც ჩამოაშოროთ სიცრუის და ცინიზმის მორევს.

მომავალ წელს, როდესაც ბანაკები ორჯერ უფრო დიდი იქნება, ჩვენ ამ დარბაზში ვეღარ დავეტევით.

თქვენ სამაგალითონი ხართ, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება სათაკილო არ არის, ეს ჩვენი არსებობის მთავარი დანიშნულებაა. თქვენ სამაგალითონი ხართ თქვენი ერთსულოვნებით, რადგან ეროვნების მიუხედავად ერთ მუშტად ხართ შეკრულნი.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით.

თქვენი შემყურე მე ჩემი ოცნების საქართველოს ვხედავ.

უნდა გვახსოვდეს, რომ დასაბრუნებელი გვაქვს ჩვენი მიწა, მის საზღვრებში ერთიანი და ძლიერი საქართველო, სადაც ქართველობა სირცხვილი არ იქნება და სადაც ამ ქვეყნის ყველა ეროვნების მოქალაქეს გადადგილებას ვერავინ აუკრძალავს.

ჩვენი საზღვარი ფსოუზე, როკის გვირაბზე და ყველა იმ მიწაზე გადის, რომელიც წინაპრების მიერ არის მოპოვებული.

ჩვენ მშვიდობიანად, ერთიანობით, გამძლეობითა და სულიერებით ჩვენი მიწა, ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ.

თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ.

სამი თვის წინ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ ქართველებმა ისტორიის ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი მომენტი შექმნეს.

რევოლუციურმა საქართველომ ბევრი აიყოლია და მთელი მსოფლიო განაცვიფრა. ჩვენი ქვეყანა წარმატებული და მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, რათა გამარჯვების რწმენით შემართულმა ერმა, რომლის გერბზეც მისი მთავარი ფორმულაა ამოტვიფრული - „ძალა ერთობაშია", შემდეგი თაობებისთვის ესტაფეტის გადაცემა ამაყად შეძლოს.

წავიდეთ გამარჯვებისკენ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)