Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: "ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ შეწყვიტოს"

მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ქუთაისის საკრებულოს წევრებს, ჩვენი პარლამენტის წარმომადგენლებს.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვამაყობ თქვენით, ვამაყობ იმით, რომ ქუთაისის საკრებულო მაგრად დგას, როგორც შეესაბამება ამ ქალაქს, როგორც შეესაბამება ხალხის ნამდვილ რჩეულებს.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დროებითი მოვლენაა და  ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ ნორმებს.

ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ქართული სახელმწიფოებრიობა - ცარიელ, დანგრეულ ადგილზე.

ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაწილია - ინსიტუტები, რომლებიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობასა და ბრბოს კარნახს.

კანონის უზენაესობა არის ხალხის სამსახური, ერის სამსახური, ბრბო კი ემსახურება ცალკეული, დროებითი  თანამდებობის პირების ინტერესებს.

ამიტომ ვერანაირი 200 კაცი, 100 კაცი თუ 500 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ეს თვითმმართველობები იქნება 2014 წლამდე. 2013 წელს ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2014 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მანამდე არავის არ აქვს უფლება შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს.

მე ვიცი, რომ ხალხი აქ ათასგვარი მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს და ამის ავტორებს უნდა რცხვენოდეთ.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ  სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვთქვათ უარი.

იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის,  მეგობრებო, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ, უფრო მეტსაც გეტყვით, მათ 2013 წლის ბოლომდეც არ აქვთ შანსი და ამიტომ არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ მე ჯერ  კიდევ პრეზიდენტი ვარ.

მინდა ვთქვა, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ შეწყვიტოს.

ქუთაისში ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ჩვენ აქ გადმოვიტანეთ პარლამენტი, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით, მათი აზრით, პარლამენტი აქ არ უნდა დარჩეს, პრაქტიკულად, ბევრი ის  პროექტი დარჩა განუხორციელებელი, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტის აქ ფუნქციონირების შენარჩუნებას.

თქვენ კარგად იცით, შეჩერებულია წყალტუბოს განვითარების პროექტი. წყალტუბოში სამუშაოები 1 ოქტომბერს გაჩერდა და, ძირითადად,  შეჩერებულია ის პროექტები, რომლებიც სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა.  

პარლამენტის წინ უნდა აშენებულიყო 21-სართულიანი სასტუმრო და ესეც შეჩერდა.

გაჩერდა რამდენიმე ახალი ტურისტული თუ სხვა ობიექტი, გაჩერდა კომერციული განვითარება.

გაჩერდა ახალი ფირმები, რომლებიც უნდა დარეგისტრირებულიყო, რადგან არის რიტორიკა, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში.

პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში!

საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული და ეს არის კარგი თბილისისთვის, ეს არის კარგი ქუთაისისთვის და ეს არის კარგი საქართველოსა და მისი ერთიანობისთვის.

ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ იმას, რასაც ისინი ცდილობენ, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევხვდეთ აბსოლუტური სიწყნარით, მშვიდად, აუღელვებლად, რადგან ძნელია არ აღელდე, როდესაც მთავარს ეხებიან. მარტო იმაზე კი არ გვაქვს ლაპარაკი, რომ პიროვნებებს ეხებიან, რაც ძალიან გვაღელვებს თითოეულ ჩვენგანს, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრივ საფუძვლებს, იმას, რაც ყველამ ერთად ავაშენეთ.

ამ შემთხვევაში გელეპარაკებით, არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, არამედ როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

იმ ხალხს, რომელიც ნგრევაზე ლაპარაკობს, უპირველესად, ის კი არ აღიზიანებს, რომ ჩვენ ბაგრატი ავაშენეთ, პარლამენტი ან ახალი ქუთაისის ცენტრი - ქუთაისი, პრაქტიკულად, ახლიდან ავაშენეთ - არამედ ის, რომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტები.

ინსტიტუტები არის ის, რაც აფერხებს პიროვნებების თავნებობას, თავგასულობას, პირადი ინტერესების გამოვლინებას, რადგან ეს ინსიტიტუტები უნდა მუშაობდეს ყველასთვის და ხალხისთვის.  

აი, ეს არის ის, რაც მათ აღიზიანებს, ამიტომაც დადის ერთი ჯგუფი აქეთ, მეორე იქით, მაგრამ ეს არის ცალკეული ჯგუფები, რომლებიც წავლენ სახლში, მაგრამ ინსტიტუტები, სახელმწიფო დაწესებულებები არ უნდა დაიკარგოს.

ეს ჯგუფები დაიშლება - დაურიგებენ მათ თანამდებობას ან ფულს და წავლენ სახლში,  საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები კი, ყოველთვის უნდა იყოს ხალხის სამსახურში - ეს არის ის, რაზეც დგას ქუთაისი, რაზეც დგას თბილის, რაზეც დგას საქართველოს ყველა რეგიონი და რაზეც დგას თითოეული ჩვენგანი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მყარად დგახართ; იმისთვის, რომ უძლებთ ყველაფერს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ქვეყნის განვითარების დაბრუნებას აღმშენებლობისა და კეთილდღეობის რელსებზე.

ეს სტრატეგია ეფუძნება იმას, რომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ახალმა მთავრობამ შეასრულოს ხალხისთვის მიცემული დაპირებები. ამის ნაცვლად, ბევრი გარიგებებით უფრო არის  დაკავებული, ვიდრე დანაპირების შესრულებით; ნგრევით უფროა დაკავებული და დაპატიმრებებით.

ერთ თვეში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენიც ჩვენ 9 წელიწადში არ მოგვსვლია. მინდა გითხრათ, რომ განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდით საით მივდიოდით და გვქონდა კონკრეტული მიმართულება.

მინდა, რომ ახალი მთავრობისგან მოვითხოვოთ, გამოიკვეთოს ახალი მიმართულებები. უპირველესად, ეს ეფუძნება იმას, რომ ახალი მიმართულება არ შეეხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, თითოეულ თქვენგანს, უზრუნველყოფილი იყოს თქვენი უსაფრთხოება, თქვენი შეუფერხებელი მუშაობა, რაც თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა.

ეს არის ის, რასაც ეფუძნება ჩვენი მთავრობა, ჩვენი კონსტიტუცია და რასაც ეფუძნება ჩვენი ადგილობრივი თვითმართველობა.

აი ეს არის ის, რისი თქმაც, ძირითადად, მსურდა. მინდა წარმატება გისურვოთ საქმიანობაში.

ამას გარდა, მინდა მივმართო საქართველოს ყველა თვითმმართველობას, რომელიც ასევე იმყოფება ზეწოლის ქვეშ: შეხედეთ აქაურობას, სხვა ადგილებს, სადაც ხალხმა დაიცვა საკუთარი ღირსება, ხალხმა დაიწყო მოვალეობის შესრულება. ამ მოვალეობისგან ჩვენ ვერავინ ვერ გაგვათავისუფლებს. ჩვენ ამას ვერ გავექცევით და არ გავექცევით - ეს მინდა ყველას კარგად გვესმოდეს.

მეგობრებო, რაც შეეხება ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივა და მინდა მათ მიიჩნიონ, რომ მე თავად ვარ ამ მოძრაობის რიგითი წევრი.

ეს არის საქართველოს ცენტრი და ზუსტად ისევე შეიძლება იარონ თბილისელებმა ქუთაისში, როგორც ქუთაისელებმა თბილისში.

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლის იდეა ემსახურება ქვეყნის რეგიონების განვითარებას.

პარლამენტი არის სახელმწიფო დაწესებულება და  მისი გადმოტანა ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და უძველეს ქალაქში, თითოეული ადგილობრივის პერსპექტივაა.   

არ იყო სწორი, რომ არ განვითარდა ინფრასტუქტურა, რადგან ყოველივე ეს არის არა მარტო აქაურების იმედი.

აეროპორტი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ბოლომდე, რადგან გახსნისას, პატარა შტრიხები აკლდა. ახალი რეისები უნდა შესრულებულიყო და ყველა ავიაკომპანიასთან შეწყდა მოლაპარაკება; ძალიან მნიშვენლოვანია წყალტუბოს კომპლექსი, ასევე ვანის კომპლექსი,  რომელიც გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია გარშემო ტურისტული ინფრასტუქტურა, ინდუსტრიული საწარმოები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით...

ყოველივე ეს ებმება იმ თემას, რომ აქ უნდა იყოს ცხოვრება და აღარასდროს არ უნდა დავუბრუნდეთ 90-იან წლებს, როდესაც ქუთაისი კვდებოდა როგორც ქალაქი და, პრაქტიკულად, ახლოს იყო სრულ განადგურებასა და ჩამოშლასთან.

ეს აღარასდროს არ უნდა განმეორდეს.

პარლამენტი აქედან გადატანა იქნებოდა სიმბოლო იმისა, რომ ქუთაისს ვაბრუნებთ 90-იან წლებში და ვუსპობთ მას განვითარების პერსპექტივას.

ეს არ არის სწორი და იმედი ამქვს, რომ ახალი მთავრობა გადახედავს ამ ფუნდამენტურად არასწორ დებულებას, დატოვებს პარლამენტს იქ, სადაც იყო. ამ ცენტრის შექმნას დიდი შრომა დასჭირდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალი თაობისთვის ეს იქნება გადამწყვეტი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.

ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი იმერეთი და სრულიად საქართველო, რადგან ეს მთელი საქართველოს ინტერესს შეესაბამება. ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის ინტერესია, რომ საქართველო იყო დეცენტრალიზებული და შეკრული, რათა ყველგან იყოს განვითარება, პერსპექტივა და იმედი, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შემოსავალი და მომავალი.

ასეთია ჩემი თვალსაზრისი.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)