Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

უწინარეს ყოვლისა მსურს მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის.

მე გადავწყვიტე საერთაშორისო მეცნიერებათა და პოლიტიკურ დარგებში მომუშავე ყველაზე ცნობილ ქართველ სპეციალისტებს შევხვედროდი, რათა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავუზიაროთ.

თუმცა, სანამ ამ საკითხეს შევეხებოდე, მინდა გითხრათ, რომ გუშინ საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს შევხვდი, რომლებიც სამშობლოში, პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.

თანაც მათ იმ გუნდს სძლიეს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აბსოლუტური პრიორიტეტი აქვს და ეს თქვენ კარგად იცით.

კიდევ ერთი კარგი ამბავი მინდა გამცნოთ - ქართველმა ჩოგბურთელებმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს და პირველად, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში, ჩოგბურთის უმაღლეს ლიგაში - დევისის თასის გათამაშებაზე მოიპოვეს საგზური.

მანამდე კი მათ რუმინეთის, სამხრეთ აფრიკის და სხვა გუნდების დამარცხება შეძლეს.

ერთმანეთს რამდენიმე კარგი ამბავი მიეწყო და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უფრო ენერგიული გახდა.

ვფიქრობ, ყოველივე ეს იმით უნდა დასრულდეს, რომ 12 ოქტომბერს, ახლადგახსნილ ეროვნულ სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონები - იტალიის ნაკრები დაამარცხონ.

მართალია, საფრანგეთის ნაკრებთან თამაში წავაგეთ, მაგრამ, საგულისხმოა, რომ მან იტალიის ნაკრებთან თითქმის იგივე უპირატესობით გაიმარჯვა.

ქართული ჩოგბურთის წარმატება ძალზე მახარებს.

ამას წინათ, საგარეჯოში ჩოგბურთის კორტები გავხსენით, შესაძლოა, ტელევიზიით ნახეთ კიდეც.

მინდა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ - თავი მონაკოში მეგონა.

შეიძლება ეს ვინმეს აღიზიანებდეს კიდეც, მაგრამ პირადად მე, უმაღლესი დონის კორტებზე, რომელზეც ჩემს ბავშვობაში ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, ლამაზ ფორმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭების დანახვისას ისეთი განწყობა შემექმნა, რომ ჩვენ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.

უახლოეს პერიოდში ჩოგბურთის მოედანი თელავშიც გაიხსნება, თბილისში ამას წინათ გავხსენით ცენტრი...

ეხლა გავცემ განკარგულებას, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედნების კვალდაკვალ ბევრი ჩოგბურთის კორტი გაიხსნას.

ჩვენ ბევრი სექცია უნდა ჩამოვაყალიბოთ.

უკვე გავხსენით ძიუდოს 100 დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი მოედნები, ეხლა კი ჩოგბურთის ბევრი კორტი გვჭირდება.

ეს ჩემი ახირება და აკვიატება არ არის - ეს რეალური შედეგების კვალდაკვალ მიღებული გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება ნიუ-იორკში ჩემი მოგზაურობის შედეგებს, მინდა მოგახსენოთ, რომ დიდი გარღვევა მოხდა.

21 სექტემბერს ნატო-ს მინისტრთა საბჭოს მიერ საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის დასაწყისია და ეს ზოგიერთმა თქვენგანმა სწორად შენიშნა.

თავის დროზე, ვაცლავ ჰაველმა ტერმინი - "ინტენსიური დიალოგი" ჩეხეთის რესპუბლიკისთვის გამოიყენა და შემდეგ, ყველა იმ ქვეყანაზეც გავრცელდა, რომლების ნატი-ში გაწევრიანდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის გზა ინტენსიური დიალოგის დაწყებიდან ნატო-ში გაწევრიანებამდე, 2-3 წელიწადს მოიცავს.

არ მინდა ზუსტი თარიღი დავაწესო, მაგრამ ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გაჭიანურდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე ამ ეტაპზე გადავედით.

მინდა გითხრათ, რომ ამ მოვლენას ისტერიული წინააღმდეგობა გაუწია იმ ქვეყანამ, რომელიც საერთოდ არ არის ნატო-ს წევრი და რომელსაც, ფორმალურად, არავინ ეკითხება ვიქნებით თუ არა ჩვენ ამ ორგანიზაციის რიგებში.

საამისოდ მათ ყველა მეთოდი გამოიყენეს: დისკრედიტაცია, ყვირილი, მუდმივად იუწყებოდნენ, რომ ჩვენ არასტაბილური ქვეყანა ვართ, რომ ამით ზედმეტად აიტკივებდნენ თავს, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსები ვართ...

მაგალითად, გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ ისიც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ემოციური და თავგაცხელებული კაცია და, საერთოდ, კავკასიაში ასეთი ხალხი ცხოვრობს.

ჩვენ ძალიან შვიდად, აუღელვებლად და მიზანდასახულად მივდივართ მიზნებისკენ და ამიტომ, მათ ისღა დარჩენიათ, რომ თავად გვიწოდონ არაპროგნოზირებადი და თავგაცხელებული ხალხი, რადგან დანარჩენ მსოფლიოს ჩვენზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს.

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი გზით სვლას ძალზე გეგმაზომიერად ვაპირებთ.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველად მოვახერხეთ ის, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში საქართველოსა და რეგიონის კონფლიქტების საკითხი შესულიყო.

წინასწარ გაგვაფრთხილეს იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მიმართ ეს არამეგობრული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გავაცხადეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალზე პრინციპული საკითხია.

ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე, როგორც ინტენსიურ დიალოგთან დაკავშირებით, რეაქცია იყო, მე ვიტყოდი, ისტერიული.

მოგეხსენებათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრს დავდივარ და მოსახლეობას ვხვდები.

ქართველ ხალხს, რომელიც ძალზე ჭკვიანი და საკმაოდ ინფორმირებულია, ამ ფაქტის მნიშვნელობა მშვენივრად ესმის.

ზოგიერთი ქართველი ე.წ. პოლიტიკოსი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ ინტენსიური დიალოგის დაწყების ფაქტს სულად არ მიიჩნევს დიდ მიღწევად.

საოცარია, თუკი ეს ფაქტი დიდი ამბავი და მიღწევა არ არის, რატომ ატეხა ამხელა ამბავი მსოფლიო პოლიტიკაში ზოგიერთმა ძალიან გავლენიანმა ფიგურამ?

ზოგიერთებს, საარჩევნო მიტინგზე, შესაძლოა, ეს მეათეხარისხოვან ამბად მოეჩვენოს, ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქში ეს ფაქტი უკიდურესად მნიშვნელოვნად მიანდეთ, ზოგისთვის კი ძალზე საგანგაშო იყოს.

ჩვენ ამას ვინმეს ჯინზე არ ვაკეთებთ, მაგრამ მსურს, უპირველესად, ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ ეხლა მართლაც ისტორიულ ეტაპს გავდივართ - ჩვენი ხალხი ერთიანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყოს ერთიანი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასმედია იყოს ერთიანი.

ნატო-ში ინტენსიური დიალოგის მიღების მეორე დღეს გამოსულ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში ამ ფაქტის თაობაზე ერთი სიტყვაც კი არ ეწერა.

ამ მოვლენის მეორე დღეს რა იყო მთავარი ამბები ქართულ პრესაში? - "მერაბიშვილს მაინც გადავაყენებთ", "ხელისუფლება ლეჩკომბინატს ყიდის" (შემიძლია ამ სისულელეზე რაღაც ვთქვა, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის), "საქართველოს 12 სექტა შემოესია"...

მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის კომენტარიები, დახლოებით, მსგავსი ხარისხის იყო.

ერთმა მიმომხილველმა სწორედ შენიშნა: დიდგორის ბრძოლაში ასი ჯვაროსნის სავარაუდო მონაწილეობის ისტორია დღემდე საამაყოდ შემოგვრჩა და იმ დროს დღემდე ვიხსენებთ, ხოლო ის, რომ 20 ათას კაციანი ქართული არმია თავიდან ბოლომდე გაწვრთნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულმა, წამყვანმა არმიამ - ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თითქოს არაფერია.

ბავშვობაში ყველას გვაკითხებდნენ მუხრან მაჭავარიანის ლექსს: "ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს, და მეთხუთმეტე კაცად შევიდა..." დღემდე ციტირებენ ამ სტრიქონებს და აღნიშნავენ, თუ როგორი დამცირებული იყო საქართველო, რომ ორბელიანი მეთხუთმეტე კაცად მიიღო ლუდოვიკო მე-14-მ!

დღეს საქართველოს პრეზიდენტი არის ლიდერი, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ამერიკის შტატების პრეზიდენტს და როდესაც უპრეცენდენტო რა მოხდა - ივლისში, თეთრ სახლში, დიდი რვიანის შეხვედრის წინ, ბოლო ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ბუშის 60 წლისთავის დღეს გაიმართა, იყო საქართველოს პრეზიდენტთან - ეს საქართველოს ტელევიზიებმა მე-15 ამბად, ისე, სხვათა შორის გააშუქეს.

აი, ეს არის ნამდვილი პროვინციალიზმი და გაუნათლებლობა.

დროა მივხვდეთ, რომ ჩვენი ისტორია მე-10, მე-11, ან მე-16 საუკუნეში კი არ არის ჩარჩენილი, არამედ დღეს საკუთარი ხელით ვქმნით მას.

დღეს ხდება ისტორიული ფაქტები, რომლითაც, ვიმედოვნებ, 500 და 1000 წლის შემდეგაც იამაყებენ.

რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაწყებულ საქმეს, არა პრეზიდენტი, არა მთავრობა, არა ელჩები და დიპლომატები, არამედ ყველა ერთად ბოლომდე მივიყვანთ.

ჩვენ მუდმივად მივტიროდით წარსულს და ხელიდან გაშვებულ შანსებს, თუმცა დღეს ისეთი შანსები მოგვეცა, როგორიც საქართველოს დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდეგ აღარ ჰქონია და შესაძლოა - მეტიც.

მთავარია ეს შანსი სწორად გამოვიყენოთ.

ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო ბატალიების გარშემო ატეხილი ფუსფუსი.

თუმცა, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პროცესი, ხალხის მონაწილეობა და თითოეული მოქალაქის მხრივ ქვეყნის პოლიტიკური კურსის გაცნობიერებული მხარდაჭერა, კონკრეტულ საარჩევნო გადაწყვეტილებებზე არ ვლაპარაკობ, ჩემთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია.

ამიტომ, ჩვენ მუდმივად გვჭირდება დისკუსია და დიალოგი თითოეულ თემასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება დავდგეთ ყველა უნიჭობაზე მაღლა და მივხვდეთ, რომ უნიკალურ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით - გვაქვს დიდი წარმატებები, მაგრამ წინ ბევრად მეტი გამოწვევები და საფრთხეები გველის.

თუმცა დიდი შანსი გვაგვს, რომ ერთად ყველა დაბრკოლება გადავლახოთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)