Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.11.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

მოგესალმებით ყველას!

ცოტა ხნის წინათ, ჩვენი არაკეთილმოსურნეების გულის გასახეთქად, საქართველოს მოსახლეობამ - ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მინდა ყველას შევახსენო, რომ 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, საშუალოდ, 75 პროცენტზე მეტი ხმა მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციიდან სამი წლის თავზე, საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა და სრული ურთიერთგაგება გვაქვს.

ამავე დროს, ჩვენ არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ და კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია მუდმივი განახლება, მუდმივი გაძლიერება და კორექტირება, რადგან, ერთის მხრივ, საქართველო წარმატებით ატარებს არჩეულ კურსს, ხოლო, მეორეს მხრივ, სერიოზული ზემოქმედებებისა და გარკვეული გარემოებების გავლენის ქვეშ იმყოფება.

დღეს საქართველოზე მთავარი შემოტევა ეკონომიკის სფეროზე გადის.

თქვენ იცით, რომ სახმელეთო საზღვარი მთლიანად დაგვიკეტეს, რუსეთის მხრიდან მთლიანად შეწყდა საჰაერო მიმოსვლა, ამ ქვეყანასთან ტვირთბრუნვა, პრაქტიკულად, შეწყდა, ეხლა კი, რუსულ გაზზე ფასების ზრდის შესახებ განაცხადეს და მისი ფასი 110 ამერიკული დოლარიდან, 230 დოლარამდე იზრდება, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოების დემორალიზაციის მიზნით, სერიოზული პროპაგანდა მიმდინარეობს.

ისინი, ვისაც ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად საქართველოს დასუსტება სურს, სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიიღებენ.

ისინი მიიღებენ იმავე შედეგს, რომელიც 1990-იანი წლების დამდეგს ესტონეთის ემბარგოს შედეგად მიიღეს - ესტონეთი ევროპის ყველაზე დინამიური, სწრაფადგანვითარებადი, და ყველაზე თანამედროვე ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა.

ანალოგიური შედეგები მიიღეს აღმოსავლეთ ევროპაშიც.

ჩვენ არა მარტო გადავლახავთ ამ ემბარგოთი გამოწვეულ სირთულეებს, არამედ ბევრად უფრო მოქნილი, ღია, ქმედითი ეკონომიკური მოდელი შევქმნას შევძლებთ, რაც საქართველოს სამუდამოდ აქცევს რეგიონში ყველაზე დინამიური, ღია, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად და ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

ამავდროულად, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მიზნით ხორციელდება ეს ზემოქმედება - იმის გარდა, რომ ზოგიერთის თვალსაზრისით, შეუძლებელია დემოკრატიული წარმატების მოდელის მიღწევა, ექვსი თვის წინათ იმასაც ამბობდნენ, რომ ეს მთავრობა ხალხის მხარდაჭერის არ ქონის გამო დაემხობოდა, მაგრამ ძალიან მწარე იმედგაცრუების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

მათი მთავარი მიზანია არ დაუშვან ჩვენი დემოკრატიული წარმატება, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ჩვენი რეგიონების რეინტეგრაცია.

მათ კარგად იციან, რომ, თუ საზოგადოების შიდა დემორალიზაცია, ჩვენი ეკონომიკის არევა და საქართველოს დანგრევა მოახერხეს, მაშინ, რა თქმა უნდა, აღარც რეგიონებისთვის გვეცლება, არც ფართე სტრატეგიისთვის და მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

სწორედ იმიტომ რომ ეს არ დაგვეშვა, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის სხვადასხვა წევრებთან ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბევრად უფრო გაძლიერების და მისი კონსოლიდაციის მიზნით, ეკონომიკური განვითარების მინისტრად ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი, მენეჯერი და მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი გადაგვეყვანა.

რატომ ირაკლი ოქრუაშვილი?

მინდა შევახსენო ყველას, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით და ჩვენს მუშაობას, კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ირაკლი ოქრუაშვილი გენერალურ პროკურორად დავნიშნე.

მაშინ ბევრი იმასაც მიიჩნევდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მან ის მოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაც ძალზე წარმატებით მუშაობს.

სწორედ ამ მოდელის მეშვეობით, გუშინწინაც და გუშინაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი პარლამენტარი ამხილეს კორუფციულ გარიგებებში, თუმცა მანამდე, ამავე დანაშაულში მონაწილე, არაერთი დეპუტატი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი, თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოვლინდა.

მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მოდელი ჩვენ გვაქვს.

ამაში ირაკლი ოქრუაშვილის დამსახურება, რა თქმა უნდა, დიდია.

შემდეგ პოლიციის რეფორმირება გვჭირდებოდა.

ჩვენი რამდენიმე თვიანი ცდა იმის თაობაზე, რომ პოლიცია ჭკუაზე მოგვეყვანა, 2004 წლის გაზაფხულის დამლევს წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დავნიშნეთ.

მან პოლიციის მთელი შემადგენლობა დაითხოვა და ახალი, საპატრულო სამსახური შექმნა.

ამით მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მთლიანად გამოცვალა და ქართული პოლიციის სრულიად ახალი სისტემა იმ სახით ჩამოაყალიბა, როგორი სახითაც ის ეხლა გვყავს.

მაშინ, როდესაც 2005 წლის იანვარში ირაკლი ოქრუაშვილს შეიარაღებული ძალები ჩავაბარე, საიდუმლო არავისთვის წარმოადგენდა, რომ ჩვენი ჯარი თითქმით მთლიანად დაშლილი ორგანიზმი და მექანიზმი იყო.

ჩვენ ელემენტარული ორგანიზება არ გვქონდა, არ გვქონდა საკმარისი დისციპლინა, შესაბამისი აღჭურვა, მატერიალური ბაზა და თანამედროვე ჯარების შექმნისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ყველამ ერთად, ირაკლის დახმარებით და მისი მეშვეობით, მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებული ძალები შევქმენით.

ამჟამად, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძალიან კარგ ეტაპზე ვიმყოფებით - ჩვენი ჯარი დღეს უკვე მზად არის ნებისმიერი ამოცანა შეასრულოს.

ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად მთელი სისტემა მზადაა და ცოტა ხნის წინათ, ზემო აფხაზეთში განხორციელებული ოპერაციის დროს, ეს ყველამ შესანიშნავად დაინახეთ.

ჩვენმა მოწინააღმდეგემ და იმ ხალხმა, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი სურს, მშვენივრად იცის, რომ ამ შეიარაღებული ძალების არსებობის პირობებში, საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო პროვოკაცია ისე იქნება აღკვეთილი, რომ მსგავსის განმეორების სურვილი დიდი ხნით გაუქრება.

საბოლოოდ კი აქედან საქართველო გამარჯვებული გამოვა.

ამიტომ მათ მთავარი გახდა ის, რომ ფრონტისა და შეტევის მთავარი ხაზი ეკონომიკაზე გადიოდეს.

მათ იციან, რომ თუ ხალხი მშიერი იქნება და გაიყინება, არც ჯარში მსახურის თავი ექნება, არც წინააღმდეგობის გაწევის და განმეორდება ის, რაც 1921 წელს მოხდა.

ამიტომ, დღეს ჩვენი თავდაცვის ხაზი, სწორედ იქ გადის, სადაც ირაკლი ოქრუაშვილს ეხლა ვუშვებთ, ანუ ეკონომიკაზე.

დღეს თავდაცვა, ფართე გაგებით, ეკონომიკის დაცვაზე გადის და მეტსაც გეტყვით, საუკეთესო ეკონომიკური თავდაცვა, ეკონომიკური თავდასხმაა - ბევრად უფრო აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა, მოქნილი საინვესტიციო რეჟიმები და ბევრად უფრო ფართე ინფრასტრუქტურული მშენებლობა და განვითარება.

ჩვენ ბევრად უკეთესი პირობები უნდა შევქმნათ, რათა თითოეულმა ქართველმა იგრძნოს, რომ სანქციებისა და ემბარგოების მიუხედავად, მათი ეკონომიკური პირობები უმჯობესდება და ქვეყანა წინ მიდის.

თუ ამას მივაღწევთ, რაც აუცილებლად ასეც იქნება, დანარჩენი ყველაფერი ტექნიკის, მცირე დროისა და პატარა მოთმინების საქმეა.

ეკონომიკის სამინისტროში დღეს ქვეყნის განვითარების მთავარი მიმართულებებია: მთელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ყველა გზის მშენებლობა, რისთვისაც საქართველოს ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი გამოიყოფა; ტურიზმის განვითარება, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯება, საამისოდ შემოვა დიდი რაოდენობის ინვესტიციები; რკინიგზის განვითარება; სამშენებლო პროექტები, რომლებიც განათლებისა და სამედიცინო სფეროებში ხორციელდება; დასაქმების პროგრამაც ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა გახდება, წელს ამ პროგრამაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს და გსურს, ეს ტემპი მომავალ წელსაც შევინარჩუნოთ.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ამას ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ კარგად გაართმევს თავს.

ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც დღესდღეობით ჩვენს წინაშე დგას, მსოფლიოს ბაზრებზე გასვლა და ახალი ბაზრების მოპოვებაა.

საქართველოს მიერ გამოშვებული ყველა პროდუქტი, მათ შორის, კვების პროდუქები, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გავლენის სფეროში მოექცევა და ყოველივე ამის კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ირაკლი ოქრუაშვილი იკისრებს.

ამ თვალსაზრისით, ძლიერ და ძალზე მნიშვნელოვან სამინისტროს ვქმნით.

რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალების კონტროლსა და განვითარებას არც ერთი წუთით არ შევასუსტებთ.

ყველამ კარგად იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, სხვა თანაგუნდელებთან - მიხეილ სვიმონიშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად, რთველის ხელმძღვანელობაც დავავალეთ, ისევე, როგორც ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება და ის ამ დავალებებს უკვე ასრულებდა.

ამიტომ ახალ თანამდებობაზე გადასვლა მას არ გაუჭირდება.

თუ ეკონომიკური განვითარების მინისტრის კანდიდატურის საპოვნელად დიდხანს არ გვიყოყმანია, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის თაობაზე ბევრი ვიფიქრეთ და დავით კეზერაშვილის დანიშვნის შესახებ, ერთი შეხედვით, არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღეთ.

ეს პირადად ჩემი და ირაკლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრთან ერთად.

ამის თაობაზე გუშინ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ კეზერაშვილი კრიტიკისგან დაზღვეული პიროვნება არ არის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე "საყვარელი" ობიექტი, სწორედ, დავით კეზერაშვილი იყო.

გადასახადების გადახდა მსოლიოში არავის უყვარს, მაგრამ ის, რომ სკოლებს, საავადმყოფოებს და გზებს ვაშენებთ, გვაქვს დენი და ამ ინფრასტრუქტურისთვის ფულის გადახდა შეგვიძლია, შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ, უწინარეს ყოვლისა ამ კაცის დამსახურებაა.

გადასახადების აკრეფა რომ ვერ მოგვეხერხებინა, ყოველივე ამის გაკეთებას ვერ შევძლებდით.

თუმცა, კეზერაშვილი რომ არ ყოფილიყო გადასახადების აკრეფა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ თუკი ამას ახერხებ, ძალიან ცოტა ადამიანს უყვარხარ და ბევრი მტერი გიჩნდება.

თავის მხრივ, პირადად მე ძალიან არ მეყვარება საგადასახადო სისტემის ის ხელმძღვანელი, რომელსაც მტრები არ ეყოლება, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სისტემაში საქმე მთლად კარგად ვერ არის.

დავითი ძალზე გამბედავი ახალგაზრდა და პატრიოტი ადამიანია, რომელსაც მეც და ირაკლი ოქრუაშვილიც, პრაქტიკულად, განუსაზღვრელად ვენდობით.

თავდაცვის სისტემაში ორი დღის წინათ გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაინიშნა და შეიარაღებული ძალების განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ.

ამ თემასთან დაკავშირებით, ვრცლად ლაპარაკს არ ვაპირებ, რადგან ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ ნადირობენ თითოეულ სიტყვაზე ამ მიმართულებით ის ხალხი, ვისაც საქართველოს დისკრედიტაცია სურს.

თუმცა, თუკი ვინმეს იმედი აქვს, რომ არჩეული კურსიდან გადავუხვევთ, მწარედ ცდება, რადგან ამ სისტემაში ძალიან ძლიერ მინისტრს ვნიშნავთ და განვითარებას, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო სერიოზულად ვაპირებთ.

მინდა, მიხეილ სვიმონიშვილს იმისათვის, რაც მან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააკეთა, დიდი მადლობა გადავუხადო!

ყველამ გავიხსენოთ, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის ისეთი მინისტრები გვყავდა, როგორიც ბაკურ გულუა იყო - სწორედ მისი "დამსახურებაა" ის, რომ ჩვენი ღვინის ლიცენზიები უცხოეთშია გაყიდული; ჩვენი წინა მინისტრების "დამსახურებაა" ის, რომ ასობით ტრაქტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, გლეხობამდე არ მისულა; წინა მინისტრების "დამსახურებაა" ისიც, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა და ინფრასტრუქტურას არაფერი დატყობია.

მიხეილ სვიმონიშვილმა ყველაფრის აწყობა თავიდან დაიწყო.

გაიხსენეთ, რას ამბობდა ორი თვის წინათ ყველა ჩვენი კრიტიკოსი. მათი აზრით კახეთი თავზე უნდა ჩამოგვნგრეოდა; ერთ-ერთი სატელევიზიო არხით მოვისმინე, რომ თურმე, სააკაშვილმა კახეთს ის დამართა, რაც შევარდნაძეს არც დაესიზმრებოდა.

სწორედ ეს იყო იმ ხალხის ჩანაფიქრი ვინც ემბარგო მოგვიწყო.

თუ წელს ამ სიტუაციიდან გამოვძვრებოდით, მაშინ მომავალ წელს საფრთხე აღარ დაგვემუქრებოდა, მაგრამ ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ წელს რთველი ჩაგვივარდებოდა.

ჩადით კახეთში და ნახეთ როგორ "ჩაგვივარდა" რთველი!

წელს კახეთში მთელი ყურძენი გაიყიდა, ანუ რთველი კი არ ჩავარდა, გაიმართა და წარმატებულადაც.

ეს მიხეილ სვიმონიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის ერთობლივი დამსახურებაა.

აქედან გამომდინარე ორივე კადრი ჩვენთვის ძალზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

თუმცა, რეგიონალური განვითარებისას ყოველთვის ახალი სისხლია საჭირო.

ბოლო დრომდე ყველაზე დიდი პრობლემა, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, უნდა ვაღიარო, გურიის რეგიონში გვქონდა.

ამჟამად, გურიაში გზების მშენებლობა მასშტაბურად დაიწყო, ვმუშაობთ იმაზე, რომ ციტრუსების მოსავალი ავიღოთ და შემდეგ კარგად გავყიდოთ.

თუმცა, საიდუმლო არაა და არ გეგონოთ, რომ არ ვიცი - გურულების ხმა ჩემამდე აღწევს, ეს რეგიონი, აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობისა და სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე, სამეგრელოში მიმდინარე პროცესების ფონზე, იმერეთში დაწყებული საინვესტიციო პროგრამების ფონზე, თავს ცოტათი მიტოვებულად გრძნობს.

მსგავსი პროცესები წელს გურიაშიც დავიწყეთ, მაგრამ ეს საკამრისი არ არის და ბევრად მეტია საჭირო.

ამიტომ იქ ისეთი გუბერნატორი მინდა იყოს, რომელიც ამ რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, პრაქტიკულად, ვარსკვლავი გახდება, რომელიც რეგიონალური განვითარების სანიმუშო, წარმატებულ მოდელს, თუნდაც ერთი, ამ ცალკე აღებული რეგიონისთვის, შექმნის.

მინდა შეგახსენოთ, გურიაში არა მარტო სოფლის მეურნეობაა, არა მარტო ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, რა, რაც თქმა უნდა მთავარია, არამედ ორი მნიშვნელოვანი კურორტი - ურეკი და ბახმარო მდებარეობს. ორივე კურორტი ძალზე ნელა ვითარდება, იმაზე ბევრად ნელა, ვიდრე ამის სურვილი გვაქვს.

ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, გურიაში სამრეწველო პოტენციალის ამუშავება შეიძლება და ყოველივე ამას იმ ადამიანმა უნდა მიხედოს, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, მიმაჩნია, რომ იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალზე რთულ რეგიონში იმყოფებოდა - რეგიონში, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი სამიზნე იყო, ხოლო ამ რეგიონის დანგრევა - მისი მთავარი მიზანი.

პეტრე ცისკარიშვილი ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რეგიონში, რომლის მთელ რიგ ცენტრალურ ადგილებში, ჩვენმა პარტიამ ბოლო არჩევნებზე ხმათა 90 პროცენტზე მეტი მიიღო.

ეს ამ ადამიანისა და ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის დამსახურებაა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ირაკლი ჩოგოვაძეს იმისათვის, რაც მან აქამდე გააკეთა და რასაც მომავალში გააკეთებს.

თუკი დღესდღეობით რომელიმე სფეროა სტრატეგიული, ეს ნავთობი და გაზია.

ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს გაზით მომარაგება ძალზე სტრატეგიულია.

მინდა, ჩემს ხალხს ვუთხრა, ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს!

ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის რომ საქართველო ენერგოპროდუქტებით უწყვეტად მომარაგდეს.

ამ მხრივ, საქართველოს წელს თითქმის არ ჰქონდა პრობლემები და დარწმუნებული ვარ, კარგი მუშაობის პირობებში, შემდეგი ზამთარი, ყველა ხრიკის მიუხედავად, იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი იყო.

ამ სფეროში, იმის გათვალისწინებით, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მოხდა (ჩვენმა სამართალდამცველებმა იქ კორუმპირებულთა მთელი ჯგუფი აღმოაჩინეს), ჩვენ სერიოზული ადამიანი გვჭირდება.

ირაკლი ჩოგოვაძის მიმართ ჩემი თხოვნა იყო, რომ ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც დარტყმის ქვეშ ვიმყოფებით, სათავეში ჩადგომოდა ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სფეროს.

ამიტომაც, იგი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ეს ის გადანაცვლებებია, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელდა.

თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდი მკვეთრად გადახალისდა და ის მკვეთრად ძლიერდება.

ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი სურვილია გვქონდეს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა ვიდრე გვაქვს, ქვეყანას ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე აქვს და საქართველოში ბევრად მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, ვიდრე შემოდის.

გუშინ ხელი მოვაწერე კონტრაქტს სასტუმროს "ინტერკონტინენტალი" მშენებლობის დაწყების თაობაზე, თბილისში ახალი მართლაც მსოფლიო დონის სასტუმრო გაჩნდება, ბათუმში რამდენიმე ათეული სასტუმრო შენდება, რამდენიმე ათეული ახალი საწარმო გაიხსნა, უახლოეს დღეებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მივდივარ, რომელიც პირველად 1990-იანი წლების დასაწყისიდან ხელახლა ებმება მუშაობის ფერხულში, იწყება მისი პირველი ციკლი და მომავალ წელს ამას ფოლადის სრული ციკლი დაემატება.

ჩვენ სერიოზული ცვლილებები გვაქვს უკეთესობისკენ ჭიათურაში, ტყიბულში, სერიოზული ცვლილებები გვაქვს გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის თვალსაზრისითაც - რამდენიმე ასეთი საწარმო იხსნება აჭარასა და გურიაში.

სასწაული მოხდა, რომ კახეთში, სადაც ყველაფრის დახურვას წირნასწარმეტყველებდნენ, წელს ზეთანამედროვე ღვინის ჩამომსხმელი იტალიური ქარხანა გაიხსნა, ესტონური ქარხნები ამოქმედდა, ღვინის ქარხნებში რუსული ინვესტიციები იდება იმ პირობებში, როდესაც რუსეთში ჩვენი ღვინო აღარ შედის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა სწორ გზაზეა, მაგრამ ძლიერი ზემოქმედების გამო, ყოველივეს სამჯერ, ოთხჯერ გაძლიერება გვჭირდება.

რა თქმა უნდა, ირაკლის, ზურაბის, მთელი გუნდისა და თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა, რომ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ.

ეს გუნდი ერთიანი და კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს.

ეს კი, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა.

ეს არის, ძირითადად ის, რაც მინდოდა დეტალურად ამეხსნა თქვენთვის, რადგან თუკი ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამ თემაზე "კომენტარის" გაკეთებას მოისურვებენ და არამკითხე მოამბეები თავად ეცდებიან ყველას ყველაფერი თავისებურად და დამახინჯებულად აუხსნან.

ამიტომაც გადავწყვიტე, რომ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, თქვენთვის დეტალური განმარტებები მომეცა.

ეს, პრაქტიკულად, ამომწურავი ცვლილებებია და ამ თემაზე შემდგომი სპეკულაცია ყველამ დაივიწყოს, რადგან უახლოეს პერიოდში სხვა განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)