Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.03.2007
კონფლიქტის ზონებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა

ის, რაც ახლა ცხინვალში ხდება, იმ აგონიის კონკრეტული გამოხატულება, რომელსაც ცხინვალში მოკალათებული ბანდიტური დაჯგუფება უახლოვდება.

ცხინვალის რეგიონში კოკოითსა და მის პატრულებს დღითიდღე ეცლებათ ფეხქვეშ იატაკი.

ის ფაქტი, რომ სამშვიდობო პროცესი დაიწყო, ის, რომ ადგილობრივი საზოგადოების წიაღიდან აღმოცენებული ძალები გამოჩნდნენ, რომლებსაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგი სურთ, ის, რომ ამ ხალხმა ადგილობრივ ეთნიკურ ქართველებთან საერთო ენა მონახეს - ეს ყველაფერი მთელ მათ გეგმებს ანგრევს.

სპეც-ოპერაცია და კოკოითის რეჟიმი სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი პროდუქტია.

რეალურად, ბოლო წლების განმავლობაში ყველა სტრუქტურიდან და იმ სოფლებიდან, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ხდება ადგილობრივი საზოგადოების გამოძევება. ყველა ადგილი უცხოეთიდან შემოსულმა სპეც-სამსახურების წარმომადგენლებმა და იმ „არამკითხე მოამბეებმა" დაიკავეს, რომლებიც სრულიად უცხო ქვეყანაში ჩამოვიდნენ, მათთვის უცხო კონტექსტში აღმოჩდნენ და სამხედრო სამსახურს, როგორც თავისი ქვეყნის სპეც-სამსახურების წარმომადგენლები ისე გადიან და ცხინვალთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს მისამართით მუდმივი მუქარებია იმის თაობაზე, რომ თურმე ზემო აფხაზეთიდან მთავრობა უნდა გავიდეს, ეთნიკური ოსებისაგან შემდგარ პოლიტიკურ ძალებთან სამშვიდობო დიალოგი უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მისამართით პროვოკაციები გაგრძელდება.

ჩვენი პასუხი ამაზე არის ერთი - ყველამ მინდა დაიმახსოვროს - ჩხალთიდან მთავრობა შესაძლოა მხოლოდ ერთ დასახლებულ პუნქტში გადავიდეს - ეს არი ქალაქი სოხუმი. სხვა ყველანაირი გადაადგილება გამორიცხულია, მისი ბედი უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის კანონიერმა მოსახლეობამ და არა რამდენიმეათასიანმა სეპარატისტულმა ჯგუფმა. ეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

ზემო აფხაზეთში მთავრობას ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ეს მთავრობა იქნება გარანტია და ქართული დროშა იქ მანამ იფრიალებს, სანამ ეს დროშა ყველა საზღვარზეც არ აფრიალდება.

ცხინვალთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონდა აშშ-ში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საპარლამენტო ჯგუფის ნაწილთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან.

გადავწყვიტეთ პარლამენტს თხოვნით მივმართოთ, რათა მიიღონ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნას - როგორც ნაწილი მოლაპარაკებებისა, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც რეგიონში მშვიდობა სურს.

ჩვენ ერთად მოვამზადებთ ნამდვილ არჩევნებს ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოქლის ტერიტორიაზე. საბოლოო მოლაპარაკების შედეგად, განვსაზღვრავთ ტერიტორიის საკითხს. მანამდე კი, ჩვენ ისეთი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა უნდა მოვახერხოთ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იზრუნებს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს სამშვიდობო ოპერაციის ტვირთი გაინაწილოს. მისცემს იმის საშუალებას, რომ თვითონ აიღოს ხელში საკუთარი რეგიონის უსაფრთხოება და წარმატებული მომავლის საფუძველიც თვითონვე ჩაყაროს. ეს იქნება ახალი ეტაპი და ჩვენი პასუხი მათ თავდასხმებზე.

ისინი ძალიან ნერვიულობენ იმ ფაქტებზე, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ იმ სცენარებში ვეღარ ვჯდებით, რომლებიც სპეც-სამსახურების მიერ დაიწერა. საქართველომ აიღო ინიციატივა, რაც მათ ნერვებს ძალიან უშლის.

რა უნდა იყოს ჩვენ პასუხი თავდასხმებსა და სისხლისღვრაზე? - გავაგრძელოთ ამ ინიციატივის განხორციელება, ბევრად უფრო აგრესიულები გავხდევთ მშვიდობის ძებნაში და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება - გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ საქართველოს პოლიციის იმ ნაწილის მხარდაჭერა, დაფინანსება და აღჭურვა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მოქმედებს, რათა ჩვენ გვქონდეს საუკეთესო საშუალებები იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი სამშვიდობო მისიის განმხორციელებელი ჯარისკაცი მაქსიმალურად დაცული იყოს.

ძალიან მალე დადგება დრო, როცა ყველა ეს ნაძირალა ბოლომდე აგებს პასუხს იმაზე, რაც გაუკეთებია, ამის უტყუარი ნიშნები არსებობს.

ჩვენი პასუხი კონსოლიდირებული იქნება.

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს იმ ვადებში, რასაც ვვარაუდობთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)