Google+

გამოსვლები და განცხადებები

20.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი: "არ გვაქვს უფლება ერთი წუთით მაინც დავიხიოთ უკან დიალოგის პროცესიდან"

მოგესალმებით,

მინდა კომენტარი გავაკეთო იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს საქართველოში.

უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი და პირადად ჩემი, როგორც პრეზიდენტის,  ინტერესია ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და გასული წლის ოქტომბერში არჩეულ მთავრობას შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

მთავრობამ უნდა განახორციელოს თავისი  პროგრამა და შეასრულოს ის, რასაც ქართველ ხალხს დაპირდა. ამავდროულად, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესი, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ხვალინდელი დღის უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩნდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.  

ამიტომ, ჩვენ არასოდეს არ გვქონია სურვილი პრობლემა შეგვექმნა საქართველოს მთავრობისთვის.

მე თავიდანვე განვაცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით მთავრობის დათხოვნის არანაირი გეგმა არ გვქონია.

ამ კონსტიტუციით აირჩა ეს უმრავლესობა და მაშინ მათ ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ეს კონსტიტუცია. ამ უფლების გამოყენების არავითარი სურვილი არ მაქვს, რადგან ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე უმრავლესობით მართვის მანდატი მათ მისცა.

ამავე დროს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს არჩევნებზე მათთვის კონსტიტუციური უმრავლესობა არ მიუცია.

ამგვარად, ქართველმა ხალხმა ასევე თქვა: შეინარჩუნეთ კონსტიტუცია, ქვეყანაში იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, ქვეყანაში იყოს თავისუფალი მასმედია და არავის შეეძლოს მისი ხელში ჩაგდება, ქვეყანაში უნდა იმართებოდეს თავისუფალი არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი თვითმმართველობა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება.

ძალიან ცხარე  პოლიტიკური დებატების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების ეს შეხედულებები და ინტერესები ნამდვილად არ შეცვლილა ბოლო თვეების განმავლობაში.

დღეს ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რაღაც პრობლემები შევქმენით მოლაპარკების პროცესში.

რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარეების მოლაპარკება, ძირითადად, მიდიოდა კონსტრუქციულად. მეც ვიყავი ამ მოლაპარაკების მონაწილე და მინდა დავადასტურო ის, რომ ჩვენი ძირითადი ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც დასაწყისში ვისაუბრე, ემთხვეოდა.

გვსურდა, რომ ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე.

ამავე დროს, მინდა ვთქვა, მიუღებელია, რომ, ერთი მხრივ, ისინი, როგორც მთავრობა და, მეორე მხრივ, მე, საქართველოს პრეზიდენტი, ასევე საპარლამენტო უმცირესობა, ცდილობდნენ რაღაც სხვა სახის გარიგებებზე გასვლას. კერძოდ, გაისმა მოსაზრება, თითქოს, მე, ყოფილი მთავრობის წევრები და დეპუტატები ვითხოვდეთ პირადი ხელშეუხებლობის გარანტიებს.

მინდა ყველას ერთი რამ შევახსენო: 2008 წელს ვლადიმერ პუტინმა მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც არ გაუუქმებია, რადგან,  როგორც წესი, ის მსგავს საკითხებზე უკან არ იხევს.

ეს განაჩენი მან გამომიტანა იმის გამო, რომ მე ჩემი ქვეყანა დავიცავი და ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად გადავარჩინე საქართველო.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ რუსეთმა ამხელა ომი ატეხა და თავის თავს ზიანი მხოლოდ იმის გამო მიაყენა, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებინა, რომელსაც ისედაც  აკონტროლებდა? 

დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი და არ შემშინებია ბევრად უფრო სერიოზული სუბიექტის მიერ  გამოტანილი განაჩენის. ამის შემდეგ, ლაპარაკი იმაზე, რომ მე ადგილობრივი წვრილმანი შანტაჟისტების მეშინია, უხერხულია და სასაცილო.

ჩემი და ჩემი მეგობრების მსაჯული არის არა რომელიმე ახლანდელი პროკურორი ან რომელიმე გამომძებელი, არამედ ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორია.

ამიტომ, ეს ლაპარაკი გვერდზე უნდა გადავდოთ. ასევე არასდროს არ მივიღებ იმას, რომ თითქოს ვითხოვთ ამნისტიას.

სიტყვა ამნისტია ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის წევრებისთვის, ისევე როგორც მრავალრიცხოვანი აპარატისთვის, მიუღებელი და შეურაცყმყოფელია.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, არის ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ითხოვს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და ნაციონალური მოძრაობის წევრებით დაკომპლექტებული სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების დასჯას, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი მხოლოდ მადლობას იმსახურებს.

პუტინმა ჩვენ ომი გამოგვიცხადა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მე ან მოვწონდი, არამედ იმის გამო, რომ ბოლო 9 წელიწადში, პირველად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს), შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო.

ამ ხალხმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო.

მოგწონთ ის, რასაც გეტყვით, თუ არ მოგწონთ, გესიამოვნებათ თუ არა,  ეს ხალხი მადლობას იმსახურებს და არა ყოველდღიურ პოლიტიკურ დევნას.

ვალდებული ვარ გითხრათ სიმართლე, ამიტომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ უნდა შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათეულობით ათასი ადამიანის, რომელიც ამდენი  წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეს.

ეს მნიშვნელოვანია სამართლიანობის განცდისთვის; ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.

ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს.

ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს დიალოგი, რადგან ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

ყველაზე მეტად დღეს საფრთხე არის ის, რომ ამბობენ: უნდა იყოს მასობრივი დაკავებებიო; როდესაც გვეუბნებიან, რომ ოპოზიციის წევრებს, თურმე, თანამდებობების დაკავება მასობრივად უნდა აეკრძალოთ 5 წლით.

ყოველივე ამას აშკარად დაკრავს ქვეყანაში ოპოზიციის, როგორც კლასის, განადგურების მცდელობის ელფერი.

90-იან წლებში ჩვენ უკვე გვქონდა შანსი ბალტიის ქვეყნებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, ჩავმჯდარიყავით მატარებელში, რომელიც მიგვიყვანდა ნატოსა და ევროკავშირში.

მაშინ ჩვენ ჩათრეული აღმოვჩნდით სამოქალაქო ომში, შიდა დაპირისპირებაში, ქაოსში, წყვდიადში, კორუფციაში და ეს მატარებელი ისე გავიდა, რომ ჩვენ პლატფორმაზე დავრჩით.

ამის შემდეგ, მრავალი წელი ვიშრომეთ, რათა ამ ვითრებიდან დაგვეღწია თავი.

ახლა გაჩნდა ახალი შანსი - გადის ახალი მატარებელი - ერთში სხედან ნატოს ასპირანტი ქვეყნები, ბალკანეთის სახელმწიფოები. საქართველოს აქვს ბილეთი ამ მატარებელზე -ასე წერია ნატოს დოკუმენტებში. მეორე მატარებელი გადის ევროკავშირისკენ და აქ უკვე მოლდოვასთან ერთად გვაქვს ბილეთი. თუკი  ამ გზით განვაგრძობთ სიარულს.

თუმცა თუკი უახლოეს თვეებში საქართველოში მოვინდომეთ პოლიტიკური ოპოზიციის განდგურება, თუ ჩვენ საქართველოში ვიარეთ ასეთი მაცდუნებელი და არასწორი  გზით - შურისძიების, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების, ვიღაცაზე უპირატესობის ასეთი მეთოდებით მოპოვების გზით, მაშინ ამ ბილეთებსაც გაგვიუქმებენ და უკვე ორი მატარებელი გავა ისევ საქართველოს გარეშე.

ჩვენ ამ წლების შრომის შედაგად, ვვარაუდობდი, რომ ჩემს საპრეზიდენტო ვადას დავასრულებდი იმით, რომ ვილნიუსის სამიტზე წელს მოლდოვასთან ერთად საქართველოც მიიღებდა ევროკავშირის პერსპექტივის განცხადებას.

ეს მოგვცემდა პოტენციურ შესაძლებლობას, მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გავმხდარიყავით, რაც საქართველოსთვის ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალებაა. ე.ი. მთელი ეს რეფორმირებული ჩვენი ქვეყანა მოგვეთავსებინა უსაფრთხო გარემოში.

ჩვენ გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს რეალური შანსი 2014 წელს მოვხვდეთ ნატო-ს გაფართოების შემდეგ ტალღაში.

თუ ჩვენ ამ მატარებლებიდან ჩამოგვსვეს, მაშინ ერთადერთი ჩვენი მომკითხავი ამ გაცარიელებულ პლატფორმაზე, რაც არ უნდა დეკლარაციები ვაკეთოთ, რაც არ უნდა ელჩები და დელეგაციები ვგზავნოთ, იქნება ჩვენი ქვეყნის ბოლო საუკუნეების დამპყრობელი, გამანადგურებელი და მიწასთან გამსწორებელი.

აი, ეს არის ის, რისი თავიდან აცილებაც მსურს.

გადავდოთ გვერდზე ნებისმიერი პოლიტიკური ამბიცია, ან ნებისმიერი ჩემი პირადი სიმპატია ან ანტიპატია - ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით საქართველოს უსაფრთხო ევროპულ მომავალს.

ყველაფრით, რასაც ახლა ვუყურებთ; რიტორიკით, რომელსაც ვისმენთ, ყოველივე იმით,  რაც დღეს ხდება, ამ დაბარებებით, დაკითხვებით, ყველაფერს პოლიტიკური ფასი აქვს.

ის დაგვედება ვალად, რისი გადახდაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუწევთ.  ისინი არ გვაპატიებენ, რომ ვერ მოვახერხეთ დღევანდელ დღეს შეთანხმება, ვერ მოვახერხეთ საკუთარ თავსა და ამბიციებზე მაღლა დადგომა და ჩვენი ქვეყნისთვის ყველანაირი ბოღმისა და გაბოროტების გვერდზე გადადება და ერთად დადგომა.

მეორე, მე ვიცი, რომ ზოგიერთებს, შესაძლოა, უხაროდეს კიდევაც დევნა, აი ვიღაცას რომ დაიჭერენ. მინდა მივმართო მათ, ვისაც დღეს ეს ფაქტები ახარებს: თუ ხვალ და ზეგ საქართველოში აღარ იქნება არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია; აღარ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო; აღარ იქნება დამოუკიდებელი მასმედია და არც ერთი სხვა ალტერნატიული საშუალება, რისკენაც მოგვიწოდებენ, ხვალ თქვენი მოქმედება რომ არ მოეწონოთ, სად გექნებათ საჩვლელი და ვის უნდა მიმართოთ?

აქედან გამომდინარე, დემოკრატია არის ყველასთვის, თავისუფლება არის ყველასთვის, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი.

შესაძლოა, არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ უნდა მოგვწონდეს დემოკრატია.  შეიძლება, არ გვიყვარდეს ერთმანეთი და ზოგიერთს სძულდეს კიდეც, მაგრამ არ შეიძლება არ გვიყვარდეს და გვძულდეს ჩვენი სამშობლო.

სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი პრაგმატული საციცოცხლო ინსტიქტისა და ინტერესის გამო - საქართველოში იყოს თავისუფლება და დემოკრატია - ახლა როგორმე უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და შევძლოთ გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

ჩვენ გახსნილი ვართ და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

ამ სასახლის კარი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებისთვის და არ გვაქვს უფლება ერთი წუთით მაინც დავიხიოთ უკან დიალოგის პროცესიდან.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)