საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა
ძვირფასო თანამემამულენო!
მინდა მივმართო სამხრეთ ოსეთისა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებრიობას.
მინდა მივმართო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს და ეთნიკურ ოსებს, ეთნიკურ რუსებსა და ეთნიკურ ებრაელებს, ყველა წარმომავლობის ჩვენს თანამემამულეებს.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!
ცხინვალში და ცხინვალის გარშემო ძალიან მძიმე ვითარება შეგვექმნა.
თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ შეჩვეული ვიყავით მუდმივ პროვოკაციებს, ძალისმიერ გამოხტომებს, თავდასხმებს, მკვლელობებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ყოველივე ამან ბევრად უფრო მასშტაბური, საგაგნგაშო და მშვიდობისთვის ძალზე საშიში ხასიათი მიიღო.
მართალი გითხრათ, თავადაც არ მესმის, რატომ გააქტიურდნენ სეპარატისტები სწორედ ახლა - მათ ჯერ რამდენიმე თავდასხმა მოაწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი სანაკოევზე, რომელიც წარსულში სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა მან მშვიდობა აირჩია; შემდეგ საქართველოს პოილიციის, სამშვიდობო ძალების პოსტებსა და მოძრავ პატრულებს დაესხნენ რამდენჯერმე თავს.
ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურად ესხმოდნენ და ახლაც აგრძელებელებენ მასშტაბურ თავდასხმებს სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებზე.
ასევე გრძელდება სნაიპერული ომი სოფლების მცხოვრებლების წინააღმდეგ.
ამ წუთებშიც ინტენსიური ცეცხლია გახსნილი არტილერიიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, ასევე უკანონოდ მყოფი საარტილერიო დანადგარებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბართმყორცნებიდან და სხვა ყველა შესაძლო იარაღიდან.
ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებოდით რუსეთის ადგილობრივი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან.
რამდენიმე საათის წინ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობამ განგვიცხადა, რომ სეპარატისტების მოქმედებებზე მათ მთლიანად აქვთ დაკარგული კონტროლი.
მე გავგზავნე ცხინვალში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკების პროცესში თემურ იაკობაშვილი, რათა პირდაპირი მოლაპარაკება გაემართა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სეპარატისტებმა უარი თქვეს მის მიღებაზე და იგი ხელცარიელი გამოუშვეს კონფლიქტის ზონიდან.
ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ამბობენ, ცდილობს, თუმცა, პრაქტიკულად, ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შეწყვეტას.
მინდა პირდაპირ მივმართო იმ ხალხს, ვინც ახლა მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, ვინც ახლა საქართველოს პოლიციის შენაერთებს ესვრის.
თქვენ ისვრით ბოლო რამდენიმე დღის და, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში.
მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, რამდენიმე საათის წინ გავეცი ძალზე მტკივნეული ბრძანება იმის თაობაზე, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა არც ერთმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალზე ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლადაც კი.
ეს სრულიად შეგნებულად გავაკეთე.
მინდა ვთქვა, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე სწორედ ამ საათებში, მაშინ, როდესაც გვაქვს მსხვერპლი, გვყავს დაღუპულები და მრავალი ადამიანია დაჭრილი, მრავალი ადამიანის სახლია დაზიანებული და დანგრეული, რათა მქონოდა შესაძლებლობა გამოვსულიყავი და თქვენთვის მეთქვა: მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას! დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას!
ვადასტურებ სამი წლის წინათ ჩემს მიერ წამოყენებულ და წლების განმავლობაში გავრცობილ გეგმას - პრაქტიკულად, შეუზღუდავ ავტონომიასა და თვითმმართველობას სამხრეთ ოსეთისთვის, ყველა ეთნიკური ოსის უფლებების განსაკუთრებულ დაცვას, საერთაშორისო გარანტიების ქვეშ მყოფ ავტონომიას, ევროკავშირის სტანდარტებით შექმნილ ავტონომიურ ერთეულს.
მე ასევე ვთავაზობდი და ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას, იყოს სამხრეთ ოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე.
ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა რუსეთსაც, საქართველოსაც და ევროპის ქვეყნებსაც ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ისინი სამშვიდობო პროცესში მონაწილეობენ; ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ისინი დაცული არიან მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, იმ ხალხის მიერ, ვინც მათ ნდობას იმსახურებს.
მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი დაიღუპა, მოკლეს, გაძარცვეს, გაანადგურეს ხალხის ქონება, სეპარატისტებს და მათ, ვინც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაში, სრულ სისხლის სამართლებრივ ამნისტიას ვთავაზობ.
მზად ვარ, მშვიდობისთვის ამ ნაბიჯზეც წავიდე და მზად ვარ, რომ წარსულში, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა დანაშაული, ეპატიოთ ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რათა მოვიპოვოთ მშვიდობა, გაგრძელდეს სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკება.
ყველას გთავაზობთ და გიწვდით მეგობრობისა და პარტნიორობის ხელს მიუხედავად იმისა, თუ რა გაქვთ გაკეთებული წარსულში ქართული სახელმწიფოს ან ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ; მიუხედავად იმისა, თუ რა გაქვთ ჩადენილი, რაც ისჯება ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით, რადგან მშვიდობა უფრო მაღალი ფასეულობაა, ვიდრე სხვა ყველაფერი.
მშვიდობისთვის მზად ვართ ნებისმიერ შეთანხმებაზე.
თუმცა კიდევ ერთხელ მსურს მოგმართოთ.
ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულენო!
ძალიან მიყვარს ოსი ხალხი როგორც პრეზიდენტს და როგორც ერთ ერთ რიგით ადამიანს.
ოსური კულტურის, ოსური ისტორიის უდიდესი თაყვანისმცემელი და პატივისმცემელი ვარ.
საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ოსი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია მრავალი საუკუნის განმავლობაში.
ჩვენ ვამაყობთ თქვენით და ვამაყობთ ჩვენი ერთობით.
საქართველო ძლიერია თავისი მრავალფეროვნებით.
საქართველო არ არის და არასდროს არ იქნება მონოეთნიკური ქვეყანა, ერთი ეთნოსის, ქართველების ქვეყანა.
საქართველო გვეკუთვნის ყველას თანაბრად, ჩვენი წარმომავლობის მიუხედავად.
მოდით, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას; მოდით, ერთად ავაცილოთ მას ძალადობა; მოდით, ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის, გადავუსვათ ხაზი ყველაფერს უარყოფითს, რაც წარსულში გვქონდა და ვიფიქროთ საერთო მომავალზე.
მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას.
ნურავინ ნუ შეეცდება, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე სახის ძალადობის მომხრედ წარმოადგინოს.
ამდენი დღეა ჩვენს პარტნიორებს მივმართავთ.
დღეს გვქონდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერთან საუბარი: დაგვეხმარეთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში! დაგვეხმარეთ პირდაპირი მოლაპარაკების წარმოებაში! დაგეხმარეთ ავტონომიის გარანტიების მიცემასა და პროცესის ინტერნაციონალიზაციაში! დაგვეხმარეთ, მათ შორის, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან უფრო შედეგიანი დიალოგის წარმოებაში!
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ძალადობა.
მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას.
საქართველო არის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე.
საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა კი მე, რადგან ზუსტად ვიცი რას ნიშნავს რუსეთი საქართველოსათვის, ყოველთვის მოწოდებული იქნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს საზღვრების ურღვევობას.
ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთი, პრაქტიკულად, პირდაპირ ადმინისტრირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
ცხინვალში სხედან ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები, გამოგზავნილი მივლინებით, რომლებიც საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის მთავრობის მინისტრებს უწოდებენ.
მე ვითხოვე, რომ ეს ე.წ. მინისტრები უკან გაიწვიონ, რადგან მათ არაფერი არ აკავშირებთ სამხრეთ ოსეთთან და ისინი არ უწყობენ ხელს ქართულ-ოსური ისტორიული მეგობრობის განმტკიცებას - პირიქით, ხელს უშლიან ჩვენი ტრადიციული სამეკავშირეო ურთიერთობის აღდგენას.
ჩვენ გვჭირდება ნამდვილი შუამავლები და რუსეთის ფედერაციას ამ კონფლიქტების გადაწყვეტასა და დარეგულირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ვთავაზობთ.
ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ დღევანდელ სიტუაციას.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი - ჩვენ არ გვაქვს სურვილი რომ გიპასუხოთ.
ამდენი წელი ვითმენდით და არ გიპასუხეთ; ამდენი წელი მაქსიმალური თავშეკავებით არ ვპასუხობდით უამრავ პროვოკაციასა და დანაშაულს, რასაც სხვა სახელმწიფო არ მოითმენდა.
ძალიან გთხოვთ, ნუ ცდით საქართველოს სახელმწიფოს მოთმინებას, რადგან ეს მოთმინება თქვენც გეკუთვნით - ეს თქვენი სახელმწიფოა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას თითოეული თქვენგანი.
მოდით, შევაჩეროთ ძალადობის სპირალი!
მოდით, ყველამ, ვისაც ეს ადგილზე ეხება, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ დღეს, ხვალ, ზეგ შეწყდეს ესკალაცია და დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას!
ყველანაირი ფორმატი - პირდაპირი თუ მრავალმხრივი - გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გადავლახოთ სრულიად კრიტიკული სიტუაცია, გამოვიდეთ ამ ყოვლად მიუღებელი ჩიხიდან, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით.
ჩემო ძვირფასებო!
მე თქვენი სიბრძნის, დიდი ისტორიული გამოცდილების იმედი მაქვს, რომელიც გენეტიკაში გვიდევს ყველას.
ეს არის კავკასია, სადაც ძალადობა ძალზე ცუდი შედეგის მომტანი იყო ყოველთვის.
მოდით, ყველამ ერთად მივცეთ მშვიდობასა და დიალოგს შანსი.
დიდი იმედი მაქვს თქვენი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური