Google+

გამოსვლები და განცხადებები

08.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

მოგესალმებით!

მინდა ორიოდ სიტყვით მოგახსენოთ ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოში და საქართველოს გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენი გეგმების შესახებ.

უწინარეს ყოვლისა, მსურს გითხრათ თუ რა ვითარებაა დღეს კონფლიქტურ რეგიონში.

დღეს, საღამოს 10 საათის მონაცემებით, საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დაბა ჯავის გარდა.

ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა სოფელს, რომელიც ადრე დავიკავეთ, ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად ზნაურის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ წინაგარის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაზე დიდ სოფელს დმენისს და დიდ სოფელს ხეთაგუროვს.

ბოლო წუთებამდე იყო გარკვეული პრობლემები, არ იყო გაწმენდილი ციაყანის სიმაღლე, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმაღლესაც ვაკონტროლებთ; ე.ი. მთლიანად ვაკონტროლებთ ცხინვალს და მის გარშემო მდებარე ყველა სტრატეგიულ წერტილს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ დროისთვის მთლიანად ვაკონტროლებთ ცხინვალს.

ქალაქი ცხინვალი მთლიანად არის გაწმენდილი ძალადობრივი ელემენტებისაგან, ბანდ-ფორმირებებისგან, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ქალაქი ძალიან არის დაზარალებული ორმხრივი ცეცხლის შედგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ.

რუსეთის ავიაცია მთელი დღე ბომბავდა ქალაქ ცხინვალს სწორედ იმის გამო, რომ ის მთლიანად არის დღეს საქართველოს სამთავრობო შენაერთების ხელში.

ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ჩვენი მრავალი ათასი მებრძოლი დგას პოზიციებზე.

ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა და სერჟანტებმა გამოიჩინეს წარმოუდგენელი გმირობა, რასაც არავინ არ მოელოდა ქართველი ჯარისკაცისგან და ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ საქართველოს როდესმე შეიძლება ჰყოლოდა ასეთი ჯარი.

ცხინვალის გათავისუფლების ოპერაცია იყო ურთულესი.

გააფთრებული და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ყოველი ბუჩქისთვის, ყოველი პატარა შენობაისტვის.

ეს იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე ოდესმე გადახდენია თავს საქართველოს და ქართველ მებრძოლებს, თუმცა საბოლოოდ, ეს ბრძოლა ჩვენი სრული უპირატესობით დამთავრდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ათიათასობით ქართველ რეზერვისტს, რომელმაც გუშინდელი ღამიდან და დღეს დილით ფორმა ჩაიცვა.

მსურს მადლობა ვუთხრა არა მარტო მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

ტელევიზიითაც ვნახე და იქ მყოფი ჩვენი მთავრობის წევრებიც მიყვებოდნენ როგორ აცილებდნენ ამ ხალხს მეუღლეები, მშობლები, დები, ძმები, შვილები ამ ძალიან რისკიანი მოვალეობის შესასრულებლად.

დღეს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა ჩაიცვა საქართველოს ფორმა.

დღეს რუსეთის ავიაცია ახორციელებდა ინტენსიურ დარტყმებს საქართველოს სხვადასხვა წერტილებში.

ცხინვალში ხელჩართული ბრძოლების და დაბომბვის შედეგად გვაქვს მსხვერპლი, დაღუპულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის, აბსოლუტური უმეტესობა არის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.

ის, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, არის თანამედროვე დროისთვის შეუფერებელი ღია, დაუფარავი, უპრეცენდენტო აგრესია და ეს არის ღია გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის.

თუ რუსეთი არ შევაჩერეთ, და თუ ის მთელმა მსოფლიომ არ შეაჩერა, ხვალ რუსული ტანკები ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე მივა.

ვფიქრობ, ეს უკვე ყველამ გაიგო.

ნახეთ როგორი ამბავია ატეხილი მსოფლიოს სატელევიზიო არხებზე.

დღეს დილიდან მე ყველა საბრძოლო პოზიცია მოვიარე, მათ შორის საკუთარი თვალით ვნახე რუსული თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი პოზიციების დაბომბვა.

ამას რეგულარულად ვაცნობ მსოფლიო ლიდერებს.

დღეს რამდენჯერმე ველაპარაკე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შტაინმაიერს, გვიკავშირდებოდა და სერიოზული დისკუსიები გვქონდა სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საფრაგეთის პრეზიდენტთან, ამ წუთში დავასრულე ლაპარაკი თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან, რამდენჯერმე ველაპარაკე ხავიერ სოლანას, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს, უამრავ მინისტრსა და სხვადასხვა მთავრობის მეთაურებს.

მსგავსი საუბარი მქონდა არა მარტო მე, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და ჩვენი მთავრობის უამრავ სხვა წევრს, რომლებიც ჩაბმული არიან ამ ძალიან ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ბუშმა მთელი მსოფლიოს გასაგონად მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.

რამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ძირითადმა კანდიდატმა, სენატორმა მაკკეინმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა ნატოს დაუყოვნებლივ გამოიყენოს თავისი ძალები საქართველოს დასახმარებლად.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მეორე კანდიდატმა ბარაკ ობამამ.

ამიტომ, სწორედ დღეს წყდება საქართველოს ბედი.

დღეს საქართველოს შეჰყურებს მთელი მსოფლიო.

დღეს, როგორც არასდროს, უნდა აღმოვჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე, უნდა გავძლოთ და უნდა გავიმარჯვოთ, აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსი ჩვენი არსებობისა.

დაახლოებით, 80 წლის წინათ საქართველო მსგავს გარემოებებში დაიპყრეს და 70 წლის განმავლობაში აგორავეს ტალახში.

ცოტა უფრო გვიან მსგავს გარემოებებში სტალინის საბჭოთა კავშირმა, რომელიც დღევანდელ რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერი იყო, სცადა ფინეთის დაჩოქება, მაგრამ ფინეთი არ გატყდა, გაუძლო ყველაზე დიდ დარტყმებს და შედგა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ერად, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

დღეს საკითხი სწორედ ასე დგას და მთელი მსოფლიო შემოგვყურებს სულგანაბული - ვართ თუ არა ნამდვილი ერი, შეგვიძლია თუ არა ჩვენი ღირსების დაცვა და ასევე, ევროპისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების გადარჩენა.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემთვის მთავარია ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვეხება.

დღეს ძალზე კონკრეტული თამაში მიმდინარეობს - ამბობენ, რომ არ ებრძვიან ქართველ ხალხს, ბომბავენ ვიღაცებს, საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს და საქართველო უყვართ, მაგრამ მისი ტერიტორიის საუკეთესო ნაწილის გარეშე.

ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ ერთიანი ვართ.

დღეს საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს.

მივესალმები ოპოზიციური და, მათ შორის, ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ძალების განცხადებებს იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ღია, დაუფარავი აგრესია, რომელიც არაფრით არ არის პროვოცირებული - თქვენ ხომ იცით, რომ ეს არ არის კონფლიქტი ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს შორის.

ეს არის ღია, საქართველოს განადგურების, საქართველოს დაჩოქების, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღების დაუფარავი მცდელობა.

ჩვენ დიდი გამოცდის წინაშე ვართ, რომელიც დღეს წარმატებით ჩააბარეს ჩვენმა ჯარისკაცებმა - საკუთარი თვალით ვნახე მათი წარმოუდგენელი გმირობა.

მინდა გთხოვოთ თქვენ, ჩემს რამდენიმე მილიონიან ქართულ საზოგადოებრიობას - მოდით აღმოვჩნდეთ ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობის და გმირობის, ჩვენი ოფიცრების თავგანწირვის, ჩვენი რეზერვისტების ენთუზიაზმის, ალალი, წრფელი განწყობის ღირსი.

დღეს, წყდება საქართველოს ბედი მრავალი საუკუნის შემდეგ და მრავალი საუკუნის წინსწრებით.

ამას ნამდვილად არ ვაზვიადებ.

ვარდების რევოლუციამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მოუტანა დიდი ცნობადობა, მაგრამ ნამდვილი ამაღლება, ნამდვილი გმირობა მთელი მსოფლიოს თვალში, ნამდვილი თავდადება და ნამდვილი განსაკუთრებულობის მინიჭება ხდება სწორედ ამ დღეებში თუ ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე, თუ ჩვენ აღმოვჩნდით ისეთივე, როგორებიც იყვნენ გმირი ფინელები, როგორებიც იყვნენ თავის დროს წარმატებული ევროპული ერები.

ძალიან ღრმად მწამს საქართველოს და ჩემი ერის გამძლეობის, განსაკუთრებულობის და განსაკუთრებული გმირობის, ასევე ჩვენი ნათელი მომავლის, მაგრამ ეს მომავალი უნდა დავიმსახუროთ, ამ მომავლისთვის ღირს ბრძოლა და მას ჩვენი თავგანწირვით, გამძლეობით, ჩვენი ერთიანობით მოვიპოვებთ.

მინდა გთხოვოთ, რომ ამ დღეებში, ყველამ ერთად მოვახდინოთ ერთიანობის დემონსტრირება ისე, როგორც არასდროს.

მე შემთხვევით არ მიხსენებია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთიანობა.

მსოფლიო ლიდერებს უნდა დავანახოთ, რომ ტყუილად არ არის ატეხილი მთელი ეს აჟიოტაჟი და ტყუილად არ ცხადდება ამდენად დიდი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ, არც ტყუილად არიან შეშფოთებული ჩვენი ბედის გამო.

დავდგეთ ყველა ერთად ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავლის დასაცავად.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)