Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით!

მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვან მომენტში ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

ნამდვილი პატრიოტიზმი ის არის, თუ ქვეყანას არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და მაშინ, როდესაც მას საფრთხე ემუქრება, გაერთიანდება შეუძლია.

დიდი ერები და წარმატებული სახელმწიფოები ასე იქმნება.

მინდა მოგახსენოთ ბოლო ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ.

ჩვენ კარგად გვაქვს აწყობილი კავშირგაბმულობის სისტემა და ყველა ინფორმაციას ვიღებთ.

ამ ინფორმაციას პარლამენტსაც მოვაწვდით რეგულარულად.

ძალზე ტრაგიკულია, რომ ამ ნაძირლებმა ააფეთქეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო მოსახლეობაში არის მსხვერპლი, დაღუპულია მთელი ოჯახები.

ეს არის ყველაზე დიდი ვანდალიზმი და ბარბაროსობა, რომელიც მინახავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განხორციელებული სახელმწიფოში რომელიმე რომელიმე ქვეყნის მიერ.

ხალხს ვეუბნები, რომ უნდა გავძლოთ, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც პირადად მე თითოეული უჯრედით განვიცდი.

კარგი ამბავია ის, რომ თიაყანის მთავარ სიმაღლეზე, ცხინვალის თავზე ბოლო სამი საათის განმავლობაში საქართველოს სპეცრაზმებმა გაანადგურეს "გრუ"-ს 60-კაციანი ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი.

იცით, რომ დილის მონაცემებით, 10 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რამდენიმე მფრინავი ტყვედ ჩაგვივარდა.

ჩვენ მოვიყვანთ წითელ ჯვარს და ამ ბარბაროსებისგან განსხვავებით, რომლებიც არც ერთ კანონს არ იცავენ, მოვიქცევით როგორც ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფო და მათ ადამიანურად მოვეპყრობით.

მფრინავებს შორის არიან დაღუპულები, რომლებსაც რუსეთის მხარეს წითელი ჯვრის მეშვეობით გადავცემთ.

მწუხარებას გამოვხატავ ყველას გარდაცვალების გამო, თუნდაც იმ ხალხის გამო, ვინც გვბომბავდა, თუნდაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელთა დაღუპვის გამო.

ჩვენ არავის სიკვდილი არ გვსურდა - ჩვენი მოქმედებით არავის სიკვდილი არ იყო ინიცირებული.

ღმერთია ამის მოწმე, ყველაზე ნაკლებად მსურდა ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დაწყება.

მას შემდეგ, რაც დავიკავეთ ცხინვალი და რუსებმა მისი დაბომბვა დაიწყეს, ქალაქი მიწასთან გაასწორეს.

საქართველოს ეს ულამაზესი, თბილი მხარე მთლიანად განადგურებულია დაბომბვებისა და შეტაკებების შედეგად.

ადგილობრივი მოსახლეობა გამოყარეს და ეთნიკურად გაწმინდეს.

შეტევაზე მყოფმა რუსულმა ძალებმა ხეობის რამდენიმე სოფელი და ახლა სრული კონტროლი გვაქვს ზნაურზე, სრულად ვაკონტროლებთ დმენისს, სადაც დიდი ბაზა გავაკეთეთ; სრულად ვაკონტროლებთ წინაგარას და მიმდებარე რაიონებს, ასევე - ცხინვალის გარშემო სიმაღლეებს.

ამჟამად მიმდინარეობს ცხინვალის გაწმენდა ბანდფორმირებებისგან, რომლებიც ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ.

ველაპარაკე პრეზიდენტ ბუშს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღგვითქვა და კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმეთ.

ამ დღეებში იგი რამდენჯერმე ელაპარაკა რუსეთის ხელმძღვანელობას, მთელი მსოფლიო დგას ფეხზე.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა პეკინის ოლიმპიადა გადაფარა.

მივიღე ინფორმაცია, რომ საზოგადოება ძალზე მობილიზაცებულია.

შექმნილია შტაბი, რომელშიც საზოგადოების ყველა ცნობილი სახე შეიკრიბა.

ქართველებს არ ეშინიათ.

ამათთვის მთავარი გაკვეთილი იქნება ის, თუ არ მოვიქცევით არა როგორც მშიშარა და უკან დამხევი ერი, არამედ - ისე როგორც მოიქცნენ ფინელები 1939 წელს, როგორც ისრაელი იქცეოდა თავისი არსებობის ყველაზე გადამწყვეტ მომეტში.

უნდა მოვიქცეთ უპირველეს ყოვლისა ისე, როგორც ქართველებს შეეფერებათ და ისე, როგორც ქართველები იქცეოდნენ დავით აღმაშენებლის და სხვა ეპოქაში.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით კონსოლიდირება.

საერთოდ არ არის პანიკა ამ ადგილებში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა.

მე ველაპარაკე ექიმებს, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში ბომბავენ. უნდა ნახოთ როგორი აუღელვებლები არიან ისინი მაშინაც კი, როცა შველიან ხალხს ან სულაც ხელში უკვდებათ ადამიანები.

ცხინვალის ბანდფორმირებებისგან გაწმენდის ოპერაცია, რომელიც გუშინწინ დავიწყეთ, თავისი სირთულით გამოირჩეოდა.

შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი გმირობაა ამ ამოცანის დაძლევა.

ეს ოპერაცია, იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რომელიც სადმე მინახავს და ამავე დროს, ყველაზე წარმატებული საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.

ეს ნამდვილად ასეა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენ სამხედროების დანაკარგი შედარებით მცირეა. ეს მაღალი პროფესიონალიზმის ნიშანია, მით უმეტეს, რომ მათ წარმოუდგენლად მძიმე ბრძოლაში უწევთ მონაწილეობის მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ჯარისკაცები ძალიან კარგადა არიან გაწვრთნილი. გია თორთლაძის მადლობელი ვარ, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვთავაზობდა დახმარებას.

მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ვიცი, რომ ამ საკითხს პარლამენტში სერიოზულად განიხილავდით. თვალს ვადევნებდი პაატა დავითაიას გამოსვლებს. ყველაზე მეტად პაატა მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ამ კაცის პატრიოტიზმითა და გამბედაობით აღტაცებული და აღფრთოვანებული ვარ.

მინდა ჩვენს საერთო ტკივილზე - აფხაზეთზე ვისაუბრო.

ჩვენი ყურადღება მიაპყრეს ცხინვალს, რომელიც ჩვენი ტერიტორიული პრობლემა არასდროს არ ყოფილა და ზემო აფხაზეთზე, კოდორში რამდენიმე შეტევა განახორციელეს, რომელთაგან ყველა მოვიგერიეთ.

ჩვენები ძალიან მტკიცე განწყობით არიან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მე ველაპარაკე მათ და მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო, ჰქონდათ ამაღლებული სულისკვეთება.

თუმცა მინდა ერთი რამ ვიცოდეთ ყველამ, თქვენც და საზოგადოებამაც, ჩვენ ახლა ვიმყოფებით 1921 წლის განმეორების მცდელობის წინაშე.

ეს ბრძოლა არც ცხინვალის რეგიონისთვის დაიწყეს და არც ზემო აფხაზეთისა თუ მთლიანად აფხაზეთისთვის. მით უმეტეს, რომ ოჩამჩირეში აპირებენ დესანტის ჩამოსხმას. ეს არის ბრძოლა საქართველოს დასაპყრობად, იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო მოეღოს. ჩვენ ახლა ვიცავთ არა ცხინვალს, არა კოდორს და არა თუნდაც სოხუმს, რომელიც ჩემს გულთან ყველაზე ახლოა, ჩვენ ახლა ვიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელების უფლებას.

ჩვენ ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო 1921 წელს იყო. მაშინაც შემოვიდნენ ბორჩალოდან, ვითომ ბორჩალოს უფლებების დასაცავად. შემოვიდნენ და აიღეს თბილისი. მინდა გითხრათ, რომ ახლაც რუსული ტანკები თამარაშენის მხრიდან მომდგარი არიან თბილისს. მათი მხრიდან ეს არ არის ბრძოლა ცხინვალისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს დასაჩოქებლად და დამოუკიდებლობის წასართმევად.

ჩვენ ვართ იგივე სიტუაციაში, როგორშიც იყო ფინეთი 1939 წელს. საბჭოთა კავშირს თითქოს მხოლოდ კარელიაზე კონტროლი სურდა, რეალურად კი ჰელსინკის აღება უნდოდა და ფინეთის დაპყრობა.

მინდა ყველამ გაიღვიძოს, გამოფხიზლდეს და მიხვდეს რაზეა ლაპარაკი. ლაპარაკია არა პირად გამორჩენაზე, არამედ იმაზე, რომ მიმდინარეობს დიდი სამამულო ომი საქართველოს თავისუფლებისთვის, განმათავისუფლებელი ომი ჩვენი მომავლისათვის.

თუ ქუჩაში გახვალთ, ნახავთ როგორი განწყობა აქვს ხალხს, როგორი ერთიანობაა.

სამხედრო მდგომარეობა შემოღებით, არც ერთი ძირითადი პოლიტიკური უფლება არ შეიზღუდა. პირიქით, ჩვენ ვთხოვეთ ჟურნალისტებს მაქსიმალურად გასცენ ინფორმაცია, რადგან დასამალი არაფერი არ გვაქვს - არც დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა, არც ბრძოლების ადგილმდებარეობა. მტერს არ უნდა გავაგებინოთ რას ვაპირებთ, დანარჩენი ინფორმაცია ყველასთვის ღიაა. ჯანდაცვის სამინსტროს დავავალე, რომ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ჟურნალისტებს ყოველ საათში მიაწოდოს ინფორმაცია.

პარლამენტი მუდმივად უნდა მუშაობდეს. რადიკალურადაც რომ არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, აზრი მაინც უნდა გამოვთქვათ. ჩვენი ძალა ჩვენს დემოკრატიასა და თავისუფლებაშია. ჩვენ ვებრძვით ხალხს, რომელსაც თავისუფლების სხენებაზე აძაგძაგებს.

მსოფლიო ტელევიზიასა და პრესაში რუსეთი მიწასთანაა გასწორებული. სიმართლე მთელ მსოფლიომდე უნდა მივიტანოთ.

თუ საქართველოში თავისუფლებას ბოლო მოეღება, თავისუფლების იდეა მთელ მსოფლიოში იქნება დისკრედიტირებული. ეს იცის ყველამ. ამიტომაც არიან მუდმივ კონტაქტზე ამერიკისა და სხვა ქვეყნების ლიდერები. ყველამ მშვენივრად იცის, რომ წყდება მათი ბედი, მათი პრესტიჟი და მათი მომავლის საკითხი. სენატორ მაკკეინს გუშინ ღამის განმავლობაში სამჯერ ველაპარაკე, ახლა სენატორი ობამა აპირებს დარეკვას...

სხვათა შორის, იმ 10 თვითმფრინავის გარდა, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, რუსეთმა აღიარა კიდევ ორის - ბომბდამშენისა და ღამის ხედვის თვითფრინავის ჩამოგდება. ეს ფაქტი კი ნამდვილად არ არის ჩვენს რადარებზე დაფიქსირებული.

მაპატიეთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მონოლოგის სახით გესაუბრებოდით, მაგრამ არ შემეძლო ემოცია დამეფარა.

მადლიერებას გამოვხატავ იმისათვის, რომ ჩვენ ერთად ვართ.

ზურაბ ტყემალაძე:

დღეს ერთად ვართ და ამ შემთხვევაში ერთად უნდა ვიყოთ კიდეც. ამ ვითარებაში განსხვავებული პოზიცია არც უნდა არსებობდეს. ეს შეეხება პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც. მინდა ეს დაგიდასტუროთ ჩვენი სახელითაც და მათი სახელითაც, ვინც ამ შეხვედრას ვერ ესწრება.

სამშობლო ერთი გვაქვს და სხვაგვარად არ შიძლება.

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონო ზურაბ, მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ პარლამენტში ყოველთვის მხარს უჭერდით თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. ისიც მახსოვს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იარაღის შესყიდვას აპროტესტებდნენ. ის, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დღეს ტყვია-წამლის პრობლემა არა აქვს იმის დამსახურებაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვემზადებოდით შავი დღისთვის, რომელიც დაგვიდგა.

პაატა დავითია:

რუსეთმა საკუთარი სახე გამოაჩინა. ყველაფერი მიზან-მიმართულად ხორციელდებოდა. ისინი სეპარატისტების ხელით ანგრევდნენ სახელმწიფოს.

დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა და თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, სახელმწიფო არ იარსებებს. ამიტომ, ნებისმიერი ბრძოლისათვის მზად ვართ და არანაირ ოპოზიციურ შეხედულებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან ასეთ გადამწყვეტ მომენტში არც შეიძლება იყოს. ყველა მოქალაქე უნდა იყოს ერთიანი ქვეყნის სიყვარულში. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. დღეს ვწყვეტთ სამშობლოს ბედს. ჩვენი სწრაფვა ნატოსაკენ არის სწორი გზა.

მიხეილ სააკაშვილი:

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ველაპარაკე ნატო-ს გენერალურ მდივანს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხდომის გამართვა სექტემბერში თბილისშია დაგეგმილი. როგორც ბატონმა სხეფერმა მითხრა, ეს სხდომა ყველა შემთხვევაში თბილისში გაიმართება, რათა ყველამ ნახოს, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობის ეჭქვეშ დაყენება, მხოლოდ იმისათვის რომ ქვეყანას სურს იყოს თავისუფალი, არავის არ გამოუვა.

ის ზიანი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში თავისი ქმედებების შედეგად მიიღო რუსეთის რეპუტაციამ, კიდევ 50 წელი გაყვებათ მათ. ჩემზე მეტი მხარდამჭერი დემოკრატიულ რუსეთს არასდროს ჰყოლია და რუსს ხალხს კი ჩემზე დიდი პატივისმცემელი იშვიათად შეიძლება ჰყავდეს პოლიტიკოსებს შორის.

პაატა დავითაია:

რუსებმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი:

უპირველესად მათ ადამიანური პრინციპები დაარღვიეს. ქვეყანა, რომელსაც მიიჩნევენ ერთმორწმუნედ, პირდაპირი დარტყმით ანგრევს ათეულობით მაღალსართულიან კორპუსს. თავად ვნახე როგორ დაეშვა თვითმფრინავი და შეგროვილ ხალხს დასცხო ზემოდან. თუკი მე ვიყავი მათი სამიზნე, მშვენივრად ნახეს იქ ვიდექი, მაგრამ დაარტყეს ხალხს. მათ ურჩევნიათ თვალწინ მოგიკლან მოქალაქეები და შენ ბოლოსთვის შემოგინახონ. მათ ყველაფრისთვის მიეგებათ. ჩვენ ბოლომდე მართლები ვართ. საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა ცხინვალთან კონფრონტაცია. ცხინვალს რუსეთი ვერც ზურგზე მოიკიდებს და ვერც სადმე წაიღებს. ცხინვალი მათ დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს. მინდა კარგად დაიმახსოვროს ოსმა ხალხმა ვინ მოსპო სამხრეთ ოსეთი, ვინ გადაუარა და ვინ გაასწორა მიწასთან. ეს ის ხალხია, რომელიც მას ვითომ იცავს. დღეს ეს ხალხი აგრძელებს დანარჩენი საქართველოს მიწასთან გასწორებას. სწორედ ეს ხდება დღეს. ეს არის საქართველოს დამონების მცდელობის ყველაზე რადიკალური გამოხატულება, რადგან მათ ყელში ვეჩხირებით ჩვენი წარმატებებით. ემბარგოთი ვერაფერი ვერ გვიქნეს, პროვოკაციებით და დაბომბვით ვერაფერს გახდნენ. ფინეთი ჩვენზე პატარა ქვეყანა იყო და ყველაფერს გაუმკლავდა. საბჭოთა კავშირი 300 მილიონიანი ქვეყანა იყო, მაგრამ 3,5 მილიონიან ფინეთთან წააგო ომი. ფინეთში ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, მათ ჩვენზე ნაკლები იარაღიც ჰქონდათ და ნაკლები არმიაც ჰყავდათ, მხოლოდ ერთი რამ ჰქონდათ ძლიერი - ეს სულის კვეთება იყო. ფინეთს არ შეშინებია და არ დაცემულა სულით მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეებში 20-ჯერ მეტი ხალხი დაკარგა ვიდრე ჩვენ დავკარგეთ. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი გაკვეთილია.

ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცების თარეშს არასდროს არ შევეგუებით. არავის არ ვურჩევთ ამ ომის გაგრძელებას, რადგან ეს იქნება ტრაგედია ჩვენთვისაც და იმ ხალხისთვისაც, რომელიც გარშემო ცხოვრობს.

ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი. ჩვენს განზრახვაზე ხელს ვერავინ ვერ აგვაღებინებს. ამის გაკეთება 15-20 წლის წინათ თუ იყო შესაძლებელი.

გია თორთლაძე:

პირდაპირ უნდა დავარქვათ ყველაფერს სახელი - ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მთელი მსოფლიო უყურებს იმას, რაც საქართველოში ხდება. ჰიტლერს სხვა არაფერი ჩაუდენია

მიხეილ სააკაშვილი:

ცინიზმია რუსეთის მხრიდან წარმოებული პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ქართველებმა ჩაიდინეს წმენდა. იმ ტერიტორიას, სადაც მათი თუნადაც ერთი ტანკი შედის, მოსახლეობა ტოვებს. ამიტომ არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას ზემო აფხაზეთში; ამიტომ დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას თამარაშენში და დანარჩენ სოფლებში. ცხინვალის გარშემო ყველა სიმაღლე ჩვენს ხელშია, სადაც კარგად მოწყობილი შტაბებიც გვაქვს. ცხინვალში ბრძოლა პერიოდულად ისევ მიმდინარეობს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბანდფორმირებების ნაწილი ჩასული იყო სარდაფებში და მეორე, რუსეთიდან მუდმივად შემოდის ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ჩვენც მუდმივად ვაახლებთ არმიის რიგებს. რეზერვში 100-პროცენტიანი გამოცხადებაა, იყო შემთხვევები სიცხიანებიც კი მოდიოდნენ.

ახლა მთავარია საზოგადოებას მუდმივად ვუთხრათ სიმართლე. ინფორმაციის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ეს ის საქართველო აღარ არის თბილისის ცენტრში რომ ისროდნენ და გვერდზე ქუჩაზე რომ ქეიფობდნენ, აფხაზეთში ტრაგედია რომ ხდებოდა და აქ რომ ტაშ-ფანდური იყო გამართული. მეტსაც გეტყვით, ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, რომელსაც ბევრი მედლის აღება შეუძლია, საპროტესტო აქციის მოწყობა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რაც გუნდის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. რამდენიმე მათგანმა რეზერვში წასვლის სურვილიც გამოთქვა. არსენ კასაბიევს, რომელსაც შეუძლია გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. ცხინვალელი კაცს ცხინვალში სახლი მიწასთან გაუსწორეს. რუსები ვითომ იცავენ ოსებს, ოსები გვყავს ჩვენ, მათ კი რუსი გენერლები ჰყავთ. საქართველოს პრეზიდენტის აპარატში ასობით ოსი მუშაობს, ცხინვალში კი მთავრობის აპარატში ოსები აღარ ჰყავთ. სხვათა შორის, ყველაზე გაბედული მებრძოლები ჩვენს მოწინავე რაზმებში ოსები იყვნენ.

ჩვენ დღესვე დავაბრუნებთ ერაყიდან ბრიგადას სრული შემადგენლობით, ამის შესახებ მოლაპარაკებული ვართ ამერიკელებთან და მუდმივად გვეყოლება ახალი ძალები. ჩვენ მთელი საქართველო უნდა დავიცვათ, რადგან, ვიმეორებ, ეს არ არის ბრძოლა ცხინვალისთვის. ეს არის ბრძოლა საქართველოს დასამთავრებლად.

გუშინ ბატონ ლავროვს უცხოელ დიპლემატებთან წამოცდა ფრაზა: "გავანადგუროთ საქართველო" და არა "აღვადგინოთ კონტროლი ცხინვალზე".

გუშინ დაბომბილი შენობებიდან აბსოლუტურად ყველა სამოქალაქო ობიექტი იყო.

რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა რაას აკეთებდა.

არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ რამდენიმე ისეთ ადგილზე უნდოდათ იერიშის მიტანა, რომ ელექტროენერგია გამოვრთეთ.

უნდა გავუძლოთ ხალხო!

უნდა გავუძლოთ და სამუდამოდ გადავრჩებით.

რუსეთის მოქმედება სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ვერ გადავრჩეთ.

მათ წარმოდგენაში ქართველი არის "სულიკოს" მომღერალი, კარგი მწვადის გამკეთებელი, ტაშ-ფანდურა, რესტორნის გამრთობი კინტო.

მე არ ვლაპარაკობ ზოგადად რუს ხალხზე, მე ვლაპარაკობ ზოგიერთ პოლიტიკოსზე.

ლევან ვეფხვაძე:

მათ ერთს მიაღწიეს - ჩვენ ერთიანი ვართ როგორც არასდროს. პოლიტიკური შეხედულებისა და პარტიული კუთვნილების განურჩევლად, დღეს ჩვენი პოზიცია საერთოა. 95-96 წლების ჩეჩნეთი მახსენდება - დუდაევსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის ქიშპი ჩამოვარდა და ერთმანეთს ტანკებითა და იარაღით ესროდენ. ამ ხალხმა შეძლო ერთ მხარეს დადგომა.

ცუდი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, თავის დროზე, გადაყლაპა ის, რაც რუსეთმა გააკეთა ჩეჩნეთში. ფაქტობრივად, რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟეს და გაწყვიტეს.

მიხეილ სააკაშვილი:

გასათვალისწინებელია, რომ ჩეჩნეთში ცხოვრობდა 9-ჯერ ნაკლები ხალხი, ვიდრე აქ, ჩვენთან შედარებით, ჰქონდათ ათჯერ ნაკლები წვრთნა, მათ არ ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ კი დამოუკიდებელი და კარგად ორგანიზებული ქვეყანა ვართ. ნახეთ, არც ერთი პრობლემა არ შეგვქმნია საზოგადოებრივი წესრიგის მხრივ, პრობლემა არ არის ჯანდაცვის სისტემაში. არავისთვის არ გვითქვამს რაიმე, მაგრამ გუშინ დილიდან ხალხი სისხლის ჩასაბარებლად მოდიოდა. აი, ასეთ ქვეყანასთან აქვს რუსეთს საქმე. რუსეთს საქმე აქვს განვითარებულ, მოწინავე ევროპელ ერთან. სწორედ ეს უნდა დავანახოთ ახლა რუსეთს - ის რომელიღაც ტომს კი არ ეომება, მას საქმე აქვს მოწინავე, ორგანიზებულ, მაღალი კულტურის მქონე ერთან. ის ებრძვის არა მთავრობას, არა პრეზიდენტს, არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ მთელ ერს. მთელ ერთან ომი კი რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნებისთვის არის ძალზე პრობლემური. ჩვენ იმაზე დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას ამ რეგიონში. ჩვენ ყველაზე შეკრული ერი ვართ ამ რეგიონში. მათ არასწორად აირჩიეს სამიზნე - საქართველო, რომელსაც აქვს მსოფლიო მხარდაჭერა და არის ერთიანი, დაუმარცხებელია. ეს არის მთავარი პრობლემა. მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა, არ მგონია, რომ რუს ხალხს სურს ომი ქართველ ხალხთან. ეს უნდა რუსეთის პოლიტიკოსთა ერთ, თავზეხელაღებულ ნაწილს, რომელმაც თავის ხალხს ინფორმაცია მთლიანად ჩაუკეტა. ჩვენც დაგვიბლოკეს პირდაპირი ეთერები, სანამ ინჟინრებმა როგორღაც არ გაარღვიეს ეს ბლოკადა. საკუთარ ხალხს მოსკოვის კაბინეტებში დაწერილ ინფორმაციებს აწვდიან იმის თაობაზე, რომ 5 ათასი, 10 ათასი კაცი დაიღუპა, ყველაფერი აიღეს, თბილისი დაეცა დ ა.შ.

მე ვთქვი, რომ დროა ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდეთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)