Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.09.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა

ჩემო საყვარელო ხალხო მინდა მოგესალმოთ.

მინდა მივესალმო აქ შეკრებილ საზოგადოებას, თქვენს დეპუტატს ზურაბ ბუცხრიკიძეს, მეუფეს, ჩვენს გუბერნატორს.

მე კარგად მახსოვს ჩემი პირველი ჩამოსვლა თერჯოლაში. აქ იყო საძოვრები და ნანგრევები. მე მახსოვს პირველი 6 ლამპიონი, რომელიც ზურაბ ბუცხრიკიძემ გამოგლიჯა შევარდნაძის მთავრობას.

მაშინ მთელი თერჯოლა ჩაბნელებული იყო. ბევრი ხალხი დადიოდა ამ ექვსი განათებული ბოძის სანახავად.

ეს არ არის არც მალიორკა და არც კანარის კუნძულები, ეს არის საქართველო, იმერეთი, თერჯოლა და ჩვენი ხალხი, რომელმაც შექმნა იგივე სილამაზე.

მას შემდეგ, რაც მტერმა ერთი წლის წინ ყველა იარაღიდან გაგვიხსნა ცეცხლი, მას შემდეგ, რაც მას ეგონა, რომ საქართველო დამთავრდა, ჩვენი ოპტიმიზმი, ბრძოლისუნარიანობა და წინააღმდეგობის გაწევის ჟინი გაქრა, საქართველოს მტრისთვის ყველაზე მძიმე დასანახი უნდა იყოს თქვენთვის აშენებული ეს სპორტის სასახლე, შადრევნები, განათებული ქუჩები და, რაც მთავარია, ხალხი რომელსაც თვალებში უდგას სინათლე, აქვს წინსვლის ჟინი და უყვარს საკუთარი სამშობლო.

გაუმარჯოს საქართველოს!

არ შემიძლია არ მოვიგონო ჩვენი 5 ვაჟკაცი, რომელიც შარშან თერჯოლიდან წავიდა და საქართველოს მტერთან ბრძოლას შეეწირა.

ეს სასახლე, ეს ეკლესია, შადრევნები, ქუჩები და ჩვენი სიცოცხლე ეძღვნება ამ 5 ბიჭს, ეძღვნება იმ 400 თერჯოლელს, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების ფორმაში ჩაცმული დღესაც იცავს საქართველოს და დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

საქართველოს ბევრჯერ აოხრებდნენ.

ეს სპორტის სასახლე არის ასლი, თამარაშენში აშენებული სასახლისა, რომელიც მტერმა შარშან გაანადგურა.

მტრის ჯინაზე ჩვენ იმაზე უკეთესი ავაშენეთ, მაგარამ იმასაც დავიბრუნებთ, აღვადგენთ და კიდევ უფრო უკეთესებს ავაშენებთ.

ჩვენ მთელ საქართველოს დავიბრუნებთ და ისევ დავდგებით მყარად ფეხზე!

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ბანდიტები და დიქტატორები მუშტრის თვალით უყურებენ საქართველოს, მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც ბუნებრივი გაზი, როგორც ზოგიერთ მათგანს, არც ფულზე ვიყიდებით, მაგრამ გვაქვს მთავარი სიმდიდრე, რომელიც მათ არ გაჩნიათ - ჩვენი ხალხის სიყვარული, ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ნიჭი და პატიოსნება.

ნიჭი, პარიოსნება და ეროვნულობა ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომელიც საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე, საბოლოო გაერთიანებამდე მიიყვანს.

ერთი წლის წინათ ჩვენ სააპარლამენტო არჩევნები გვქონდა. თქვენ მაშინ მხარი დაგვიჭირეთ - ჩვენ კი დაპირდით გზებს, ეკლესიას, ამ შენობას, წყლის გაკეთებას, გაზიფიკაციას.

ჯერ ყველაფერი გაკეთებული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მტერი საქართველოს გასანადგურებლად შემოიჭრა, ალბათ, დამეწმოწმებით, თქვენთვის შეღავათი არ მითხოვია.

ჩვენი მთავრობა გაათმაგებულად მუშაობდა, რათა ჩვენი სიტყვა არ დაერღვია რაიმეს, რათა ვერ შევეფერხებინეთ ვერც ცუდ ამინდს, ვერც ვერც რუსულ ბომბებს, ვერც მსოფლიო კრიზისს. რასაც მაშინ დაგპირდით იმის უმეტესობა უკვე გაკეთებულია, მაგრამ ვიცი, რომ გასაკეთებელი ასჯერ მეტია.

მე აპრილში ქუთაისში ინდუსტრიული ზონის აშენებას და ხალხის დასაქმებას დაგპირდით. მას შემდეგ მე არ მითხოვია შეღავათი თქვენთვის იმის გამო, რომ თბილისის ცენტრში იყო აქციები, იმისათვის, რომ პრეზიდენტსაც კი არ ქონდა მუშაობის საშუალება.

მიუხედავად ყველაფრისა - მტრის მუქარისა, აქციებისა, მსოფლიო კრიზისისა და ბევრი სკეპტიციზმისა დღეს მე ჩამოვედი და ვნახეთ 500 დასაქმებული ადამიანი. უახლოეს წელიწადნახევარში მათი რაოდენობა მიაღწევს 9 ათასს და მათ შორის იქნება ბევრი თერჯოლელიც.

ჩვენ შევძელით ჩინელებთან ერთად ხელი მოგვეწერა მეორე ინდუსტრიული ზონის შექმნის ხელშეკრულებას და კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა 90 პროცენტი ქართველები იქნებიან. დასაქმდება ის ხალხი, ვისაც შეუძლია და მოენატრა მუშაობა და იმსახურებს საკუთარი შრომის ხარჯზე უკეთესად ცხოვრებას.

ამ ყველაფერს მივაღწიეთ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ჩვენ ყველა ერთად შევებრძოლეთ კორუფციას. ყველა ერთად შევეცადეთ, რომ ჩვენი პირად ინტერესებზე მაღლა დაგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

მსოფლიოში 200 ქვეყანაა და შეიძლება ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა ვიცხოვროთ, როგორც ყველაზე წარმატებულმა ქვეყნებმა. მაგრამ ბიზნესგარემოს თვასაზრისით, ნაომარი, ოკუპირებული, დაბომბილი და მუდმივი მუქარის ქვეშ მყოფი საქართველო მეთერთმეტე ადგილზე გადავიდა და მოექცა იმავე ლიგაში, რომელშიც არის ჰონგკონგი, ამერიკა, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ბევრი სხვა ქვეყანა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ გერმანიისა და იაპონიის დონეზე, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენგანს იმ ინვესტორებს, რომლებმაც ფული ჩადეს საქართველოში, აქვთ უკეთესი შესაძლებლობები, ვიდრე არის იაპონიასა და გერმანიაში. მინდა, რომ გზა ამ შესაძლებლობებიდან რეალურ ცხოვრებამდე იყოს მოკლე, რათა ჩვენც მოვესწროთ უკეთეს მომავალს, ხოლო ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს საერთოდაც დაავიწყდეთ, რომ საქართველოში ოდესღაც გაჭირვება იყო.

ჩვენ გვყავს ნიჭიერი და განსაკუთრებული ხალხი.

მე დღეს ვიყავი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. იქ მითხრეს, რომ ამ ადგილას ჩემს დიდ ბაბუას, ნიკოლოზ წერეთელს ხეები დაურგავს. ეს ხეები არ შემორჩა, მაგრამ მე ისევე, როგორც თქვენ, შემომრჩა ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუაბის შეგონება - გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო!

მათ შთაგვაგონეს, რომ როგორი მტერიც არ უნდა შემოგვესიოს, საქართველოს ერთადერთი გზა არის შენება, განვითარება, წინსვლა, წარმატება, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ყველაზე ნიჭიერები და განსაკუთრებულები ვართ, ყოველ შემთხვევაში, ამ რეგიონში მაინც.

ჩემო ძვირფასებო, მე მოგეცით დაპირება რომ ქუთაისი გახდებოდა მეორე დედაქალაქი. მაშინ ბევრს გაეცინა, მაგრამ ეს არის საქართველოს გული და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი.

მე ვნახე ესპანელი არქიტექტორები, რომლებიც ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ ქუთაისიდან. მათ მითხრეს, რომ ქუთაისი არის მეორე პარიზი და ცოტა ხანში კიდევ უფრო უკეთესი იქნებაო. ქუთაისი იქნება ყველაზე ლამაზი ქალაქი საქართველოში და მთელ კავკასიაში.

თქვენ გახსოვთ, ქილიკი, რომ ქუთაისელებს მუშაობა არ შეუძლიათო. მათი გაკეთებული მანქანები ღობეს ვერ ცდებოდა, მაგრამ ეს ქუთაისის ბრალი კი არა, საბჭოთა კავშირის ბრალი იყო, ეს იყო იმ სისტემის ბრალი, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ცდილობს ჩვენს დაბრუნებას.

დღეს ჩვენს ინვესტორებთან ერთად ვიყავით და მალე თქვენც დარწმუნდებით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქართველების, ჩვენი ქუთაისლების ხელით აქ აეწყობა ყველაზე საუკეთესო ავტობუსები, სატვირთო მანქანები, საუკეთესო დანადგარები, რომლებიც შორს წავა და სახელს გაუთქვამს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ შეგვიძლია შრომა თავისუფლებისა და ნორმალური გარემოს პირობებში და ამას დავანახებთ ყველას. ქართველებმა არასდრონ არ უნდა ჩამოუშვან ხელი და ისინი არასდროს არ უნდა შეეგუონ გაჭირვებასა და უბედურებას.

მინდა გითხრათ თქვენ, დანარჩენ საქართველოს, აქ შეკრებილ ათასობით ადამიანს, მინდა ვუთხრა დანარჩენ მსოფლიოს, მე თქვენ დაგპირდით, რომ ქუთაისი იქნება მეორე დედაქალაქი.

დღეს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი გადმოდის ქუთაისში. ეს არის საქართველოს გული.

თბილისი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალაქია მსოფლიოში და თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი - განუმეორებელი და განსაკუთრებული. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და იქ მოვკვდები, მაგრამ ქუთაისი არის საქართველოს გული, განსაკუთრებული ღირსება და სიამაყე. მინდა, რომ ჩვენი ხელით შევქმნათ ეს ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ.

ჩვენ გვედავებიან ჩვენს მიწებს, მაგრამ ამ ხალხს, ამ ბანდიტებს არაფრის შექმნა არ შეუძლიათ.

ჯერ თქვეს, რომ მთავრობა აკეთებს მხოლოდ სიღნაღს. კი, ჩვენ გავაკეთეთ სიღნაღი, რადგან იწყებოდა კახეთის განვითარება. შემდეგ თქვეს, რომ სააკაშვილი მარტო ბათუმში დადის და ბათუმს არის გადაყოლილიო. უდავოდ! მე ვარ ბათუმს გადაყოლილი, ძალიან ბევრი ენერგია ჩავდე და კიდევ ჩავდებ, რათა მთელ შავ ზღვაზე მსგავსი ქალაქი არ იყოს, თუმცა ბათუმი არ არის ერთადერთი.

ჩვენ ახლა დავიწყეთ დიდი მშენებლობა ანაკლიაში, სამეგრელოში. ასევე დავიწყეთ მშენებლობა ქუთაისში.

ჩვენი გეოგრაფია ფართოვდება და ალბათ ყველაზე ახალი და ლამაზი ადგილი, რომელიც ჩვენ შევქმენით არის ჩვენი თერჯოლა.

გაუმარჯოს თერჯოლას და გაუმარჯოს ახალ საქართველოს!

გავაგრძელოთ შენება და განვითარება მტრის ჯინაზე და დავანახოთ ყველას, რომ ჩვენზე უფრო დიდი ქვეყანაც ვერ დაგვამარცხებს. შესაძლოა ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ ძლიერები; შესაძლოა ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ ნიჭიერები ვართ; შესაძლოა იარაღი არ გვქონდეს, მაგრამ გამბედავები ვართ.

გამბედავ, ნიჭიერ და რწმენით აღსავსე ადამიანს ბოროტება ვერ დაამარცხებს.

ჩვენი შემწე იყოს წმინდა გიორგი!

უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)