Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების მიხედვით ათ საუკეთესო პირველკურსელს  ესაუბრა  

საქართველო საოცარად ლამაზი ქვეყანაა.

ამ ადგილზე რამდენიმე თვის წინათ ვიყავი და გადავწყვიტეთ ყვარელთან მდებარე ძალიან ლამაზი ტბის კეთილმოწყობა და ბულვარის გაკეთება.

მას შემდეგ, რაც ეს სილამაზე ვნახე, ეს ვენახი შევიძინე, პატარა სახლი ავაშენე და  თავისუფალ დროს ამ ვენახის მოვლა გადავწყვიტე.

ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული მეღვინეობა განვითარდეს. ღვინო მარტო  დასალევად და სიამოვნების მისაღებად არ არის, ის ჩვენი იდენტურობის, კულტურის, ცივილიზაციის ნამდვილი პასპორტია.

სხვათა შორის, ეს პირდაპირ არის დამოკიდებული იმასთან, რასაც თქვენ ცხოვრებაში უნდა მიაღწიოთ.

ჩილემ და კალიფორნიამ ღვინის წარმოება ნულიდან დაიწყო. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, ჩილეს ღვინო საერთოდ არავინ არ იცოდა, ხოლო კალიფორნიის ღვინო კაპიკები ღირდა.

ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (USCLA) ღვინის ლაბორატორიის სპეციალისტები დასხდნენ და მეცნიერულად გამოიკვლიეს, თუ  როგორ გაეკეთებინათ კარგი ღვინო.

დღეს იქ ეს მრავალმილიარდიანი შემოსავლის წყაროა.

საქართველოში ვაზის ოთხასამდე ადგილობრივი ჯიშია, მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ საფრანგეთს აქვს, იტალიაშიც კი არ არის ამდენი.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ქვეყანას დიდი ტრადიციები აქვს, მაგრამ ყველაფერს მუდმივი გაუმჯობესება სჭირდება. ჩვენ ამის საფუძველი გვაქვს და ამის გაკეთება, შესაბამისად, ადვილია.

თქვენ ჩვენი წარმატების ნიშანი ხართ - თქვენ ყველაზე მაღალი ქულების მიიღება შეძელით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია.

ამას გარდა, ხუთი წლის წინათ მაღალი ქულების მქონე სტუდენტები საერთაშორისო სამართალის ან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე აბარებდნენ. თქვენ კი სწორედ ის აირჩიეთ, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივუთითებდით მოზარდებს.

ჩვენ სპეციალისტები გვჭირდება. ჩვენ თავად უნდა გამოვკვებოთ საკუთარი თავი და  თავადვე შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. მართლა დავიღალე იმით, რომ მცირე ტექნოლოგიურ რაღაც-რაღაცებზე გერმანიაში, ჩინეთში, უკრაინაში, ხანდახან სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი გვიხდება სირბილი იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. არადა, ეს ელემენტარულია და დიდი ინდუსტრიული ბაზა არ სჭირდება. უბრალოდ, აუცილებელია ცოდნა და გაკეთების უნარი.

ის, რომ პირველმა ათმა საუკეთესო სტუდენტმა ტექნიკური პროფესიები აირჩიეთ, იმის მანიშნებელია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

იმ პერიოდშიც კი, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, ყველას იურისტობა და ეკონომისტობა სურდა. ახლა კი, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში საინჟინრო, ინოვაციური კადრების ნაკლებობაა,  სამედიცინო ტექნოლოგიები ძველებურად ვეღარ ვითარდება და სპეციალისტები აზიის ქვეყნებიდან ჩამოყავთ.

ამიტომაც, საქართველოში საკუთარი სპეციალისტები უნდა გვყავდეს, რათა ჩვენ გვკითხონ აზრი და ჩვენ მოგვმართონ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

უახლოესი წლების განმავლობაში ეს ტექნოლოგიები თქვენ უნდა შექმნათ - ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენვე გამოგვადგება.

მაგალითად, ბათუმში ახალი სასტუმროების კონდიცირებას ზღვის წყლის გამოყენებით  აკეთებენ. მილები ძალიან ღრმად ჩადის ზღვაში, ამოაქვთ წყალი, ატარებენ კონდიცირების მილებში და დენის და გაზის ენერგიის 90 პროცენტი იზოგება.

ეს ტექნოლოგია ქართველმა მეცნიერმა მოიგონა 80-იან წლებში, რომელმაც არ დააპატენტა და გერმანელებმა მიითვისეს. ახლა კი ამ ტექნოლოგიის ყიდვა გერმანელებისგან მოგვიწია. მილი, რომელიც ზღვაში უნდა ჩაეშვას, უკრაინელებისგან შევიძინეთ და ჩვენ არაფერი არ დაგვრჩა იმის გარდა, რომ ვთქვათ: ეს ჩვენ გამოვიგონეთ.

სხვათა შორის, ახლა ახალგაზრდები ქმნიან ყველაფერს. ხომ იცით ვინ გამოიგონა Apple-ის ტექნოლოგიები?!

რამდენიმე წელიწადში (იმედია  იმ პერიოდში ვენახი კიდევ უფრო კარგ მდგომარეობაში მექნება და ჩემს ღვინოს დაგალევინებთ), როდესაც ამ მაგიდასთან ისევ შევიკრიბებით,  შესაძლოა, უკვე თქვენს მიერ შექმნილი კონკრეტული პროექტები წარმოადგინოთ.

მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი სქემაა, უნივერსიტეტში საქართველოში ჩააბარო, ხოლო მისი დაამთავრების შემდეგ, სტუდენტთა ნაწილი საქართველოში დარჩეს, ნაწილი კი, უცხოეთში წავიდეს სასწავლებლად.

ამჟამად, ჩვენ მაგისტრატურის მხოლოდ ტექნიკურ ფაკულტეტებს ვაფინანსებთ.

იმ დროისთვის, როდესაც უმაღლეს სასწავლებელს დაამთვრებთ, იმედია, საქართველოში ბევრი უცხოელი შემოვა, რათა მაგისტრატურის პროგრამებში დაგვეხმაროს.

უკვე შეიქმნა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ამერიკული კამპუსი იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ტქნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნაში მაღალი დონის ამერიკული უნივერსიტეტი დაგვეხმარება. შედეგად, უცხოეთში წასვლა აღარ იქნება საჭირო, რადგან აქ ზუსტად ისეთივე პროფესიონალები ასწავლიან და ისეთივე ტექნოლოგიები გვექნება.

თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომხრე ვარ, რომ ერთი ან ორი წლით სასწავლებლად საზღვარგარეთ წახვიდეთ და სხვა კულტურას გაეცნოთ. არ მეშინია იმის, რომ ქართველები იქ დარჩებიან.

ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, 2008 წლის გარდა, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე აქედან მიდის - პრაქტიკულად, ყველა ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. 

ამჟამად, საქართველოში უმუშევრობაა, თუმცა უმუშევრობას, ნაწილობრივ, განაპირობებს თანამედროვე მოთხოვნები, რომლებიც სულ სხვა კვალიფიკაციას მოითხოვს.

ეს ტრაგედიაა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, თუმცა ამ ხალხის გადასამზადებლად ბევრს ვაკეთებთ, რათა თანამედროვე შრომის მოთხოვნებს მოერგონ.

ახალგაზრდებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ახლა გეხსნებათ ყველა შესაძლებლობა.

თქვენთვის უმუშევრობის საკითხი აღარ უნდა არსებობდეს.

90-იან წლებში ახალგაზრდობისთვის პრაქტიკულად ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ახლა კი თვენთვის ყველა გზა ხსნილია თუ რაიმე პროფესიას ფლობთ.

მარტო უნივერსიტეტი საკმარისი არ არის, ყველა ინჟინერს სჭირდება 4-5 ტექნიკოსი, ამიტომ, მნიშვნელოვანია ტექნიკური სასწავლებლებიც.

თითოეულ თქვენგანს, როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ან ინჟინრები გახდებით, 6-7 ასევე მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი დაგჭირდებათ.

მართალია, რამდენიმე კარგი პროგრამისტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი უკვე გვყავს კიდეც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, დასავლეთ ევროპელი ან თუნდაც, ბელარუსი სპეციალისტების უპირატესობა იკვეთება.

ეს უნდა გამოვასწოროთ.

ალბათ, იცით, რომ პირველკლასელებს კომპიუტერებით უზრუნველვყოფთ, რაც, სხვათა შორის, თითქმის არსად არ ხდება - არც დასავლეთში და არც ამერიკაში.

ამ საქმეში ფულს იმიტომ კი არ ვხარჯავთ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ბავშვი, რომელსაც პირველი კლასიდანვე ეცოდინება კომპიუტერთან ურთიერთობა, მომავალში ყველას აჯობებს.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა, რადგანაც ის ინფორმაციის ენას წარმოადგენს.

მაგალითად, ინდოეთში  აუთსორსინგის ცენტრები შეიქმნა. მართალია, ინდოეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანასაც შეუძლია იგივე გააკეთოს.

თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოში რამდენიმე სხვა უნივერსიტეტი ძალიან ცდილობს, რომ მინიმალური დონე აამაღლოს და გამოსდით კიდეც ეს - აშენებენ ახალ კამპუსებს.

თავისუფალმა უნივერსიტეტმა აგრარული უნივერსიტეტიც შეისყიდა - როგორ შეიძლება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალისტები არ ყავდეს?!

ლაპარაკი არ არის იმაზე, ქვეყანა მცირემიწიანია თუ არა.

ჩვენზე უფრო მცირემიწიანი ქვეყნებია, მაგალითად, ისრაელი და ჰოლანდია, თუმცა მსოფლიოს დიდ ნაწილს ამარაგებენ საკვებით.

მთავარია ტექნოლოგიური განვითარება.

როდესაც მიწათმოქმედთა ქვეყანა გქვია, არ შეიძლება ტექნოლოგიები უფრო პატარა ზომის ქვეყნებიდან შემოგქონდეს და საკუთარი არაფერი არ გქონდეს. პირიქით, თავად უნდა  გააკეთო ყველაფერის ექსპორტი. სწორედ ამას ნიშნავს „გეორგიკა" ბერძნულად.

სხვათა შორის, ბევრი თქვენგანი სწავლის პროცესში მიხვდება თუ რა სპეციალობა უნდა აირჩიოს, რადგან წინასწარ ყოველთვის ნათელად არ ჩანს. უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ ტექნიკური სპეციალობები აირჩიეთ და მოდას არ აყევით, რადგან ამ შემთხვევაში დასაქმების მეტი შესაძლებლობაა, უფრო მეტი შემოსავალი გექნებათ და, რაც მთავარია, ეს ჩვენს ქვეყანასაც უფრო მეტად გამოადგება და მთელ მსოფლიოსაც.

 ჩვენ მთავარი უნდა გვესმოდეს:  სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში მუდმივად უნდა ვიზრუნოთ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დღესდღეობით, ყველაფერი ინტერნეტსა და ინფორმაციის მიღების ახალ  წყაროებზეა დაფუძნებული.

მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი  დისტანციურ სწავლებას, რასაც თავისუფალი უნივერსიტეტი ახორციელებს.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სტუდენტებმა საერთაშორისო ფორუმებში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენთანაც უნდა მოვაწყოთ ინოვაციური კონფერენციები.

მაინც რას ნიშნავს თავისუფალი არჩევანი? თქვენგან, ათი საუკეთესო სტუდენტიდან, რვამ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა. რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა უნივერსიტეტებისთვის ეს უნდა იყოს სტანდარტი.

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ის, რომ, ამჟამად, უცხო ენებს ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ, მათ შორის, არა მარტო ინგლისურს, არამედ ჩინურს, არაბულს, თურქულს. ამ ენების ცოდნა, დღესდღეობით, დასაქმების საწინდარია.

ჩემმა შვილმა ზაფხული ჩინეთში გაატარა, სადაც ჩინურს სწავლობდა. სხვათა შორის, მან თქვა, რომ მანდარინი ისეთი რთული ენა არ აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა.

ეს თქვენს ასაკში არ არის რთული, თორემ ჩემს ასაკში ამის სწავლა, ალბათ, ძალიან რთული იქნება.

ჩემი შვილი უკვე მეხუთე თუ მეექვსე ენას სწავლობს და გაჩერებას არ აპირებს, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერია, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელი მოთხოვნაა ასეთი.

 ვერ წარმოიდგენთ როგორ გამომადგა, ბავშვობაში ძალით რომ მასწავლიდნენ. სწავლაში, ხშირად, დაძალების გარეშე არაფერი არ გამოდის, განსაკუთრებით, როცა პატარა ხარ და ყოველთვის ნებაყოფლობით არ სწავლობ.

ამ საქმეში დემოკრატია ძალზე პირობითი რამაა. ალბათ, თქვენც გაძალებდნენ მშობლები რაღაცის სწავლას.

პირადად მე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, მაგალითად, ესპანურის სწავლა რომ  დამაძალეს, რადგან ლათინო-ამერიკულ ლიდერებთან ვიზიტისას, თარჯიმნებთან ვერ ივლი, რადგან ამ შემთხვევაში თავისიანად აღარ აღგიქვამენ. არადა შენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება.

მომავალში იგივე მნიშვნელობას შეიძენს ჩინური, მანდარინი და სხვა აზიური ენები.

როგორ შეიძლება ჩვენ თურქული არ ვიცოდეთ მაშინ, როდესაც თურქეთი ამხელა ქვეყანაა და ამხელა პოტენციალი აქვს?

ამ საკითხზე ყველამ უნდა ვიფიქროთ.

ეს სულაც არ არის ჩვენი ენის  დისკრიმინაცია, პირიქით, ჩვენი ენა განსაკუთრებული და უნიკალურია და მის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამ სტუდენტებმა აქ უნდა ისწავლონ კარგად და შემდეგ ვილაპარაკოთ მათ დაფინანსებაზე უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. უცხოეთში სწავლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კომპიუტერის არსებობის პირობებში საქართველოშიც არსებობს დიდი პერსპექტივები.

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ საქართველოში უცხოელი პროფესორები ჩამოვიყვანოთ. სახელმწიფოს როლი იმაში მდგომარეობს, რომ  მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს ბავშვებს.

უცხოეთში ჩემი ყველა მოგზაურობა უფრო მეტად შემეცნებითია. დროის 40 პროცენტამდე ლიდერებთან, ოფიციალურ პირებთან ურთიერთობაში იხარჯება, თავისუფალი დროის 70 პროცენტს კი ვხარჯავ იმაში, რომ ვეცნობი თუ როგორ კეთდება ახალი რაღაცები და, ვფიქრობ, როგორ განვახორციელო იგივე საქართველოში. თითოეული პატარა დეტალიც  მაინტერესებს, რას აკეთებენ უნივერსიტეტებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი უკეთესი უნდა გვქონდეს.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იმაში, რომ ჩვენი ჩვენი ქვეყანა უკეთეს ადგილად აქციოთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)