მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ქვეყანა ბევრი თქვენგანისთვის დიდი აღმოჩენა იქნება
მოგესალმებით,
ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენთან ერთად ყოფნა.
ეს განსაკუთრებული ადგილია, რადგან თუ რომელიმე ქალაქი ბათუმს მაგონებს, უპირველეს ყოვლისა, ეს კანი და ნიცაა.
სხვათა შორის, ბათუმი იმავე არქიტექტორის მიერაა აშენებული, რომელმაც ნიცა ააგო. იგი საქართველოში დარჩა და იქ გარდაიცვალა.
ქალაქ ბათუმში თქვენ შეგიძლიათ მეცხრამეტე საუკუნის ულამაზესი არქიტექტურა იხილოთ, თუმცა იქ უამრავი თანამედროვე შენობაცაა.
ქალაქის განვითარების პროექტზე გამორჩეული იტალიელი, ბრიტანელი, გერმანელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობენ.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთდროულად შეგიძლია თხილამურებზე ისრიალო და ზღვაშიც იბანავო.
ბათუმისა და კანის ჰაერის ტემპერატურა ნახევარი გრადუსით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ზაფხულის სეზონი, თითქმის, 6 თვე გრძელდება, წყალიც თბილია და ვფიქრობ, ერთადერთი ადგილია მთელი შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც პალმები და ასეთი ლამაზი პლაჟები გვაქვს.
ასევე, ბათუმი არის ქალაქი, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ცვლილებები მოხდა.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანა წელიწადში 120 ათას ტურისტს იღებდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, გასულ წელს საქართველოში ორი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, წელს კი - თითქმის, სამი მილიონი, მომავალ წელს ოთხ მილიონამდე ტურისტს ველოდებით, მომდევნო წელს კი, იმედია, ხუთ მილიონ სტუმარს მივიღებთ.
ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, მინიმუმ, ათი მილიონია. ეს დიდი ცვლილებაა.
მიზეზი, რის გამოც აჭარა ასეთი განსაკუთრებულია ჩვენთვის - მისი უძველესი კულტურაა. და რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული? აქ იყო, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებად აქ არგონავტები ჩამოვიდნენ. იმ პერიოდში უძველეს საბერძნეთსა და კოლხეთის ცივილიზაცია, პრაქტიკულად, იდენტური იყო.
საინტერესოა ისიც, საქართველო მეოთხე საუკუნიდან არის ქრისტიანული სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე საუკუნეებში აშენებული ტაძრები. აქ ნახავთ უამრავ კულტურულ ძეგლს, რომელიც იუნესკოს მიერაა დაცული. ასევე ნახავთ, რომ გვაქვს ექვსი კლიმატური ზონა, რომ ყველა საუბრობს ინგლისურად.
ამჟამად, ჩვენ ათი ათასი ამერიკელი და სხვა ინგლისურენოვანი მასწავლებელი გვყავს მოწვეული, ისინი ინგლისურ ენას საქართველოში ასწავლიან და ხალხი ამ ენაზე კარგად საუბრობს.
ხალხმა ასევე იცის სხვა ენები - ასე რომ ეს არის ევროპული კულტურა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნის სტუმართ-მასპინძლობაც.
იცით რა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რივიერა? - ეს საქართველო გახლდათ.
ასე რომ, ეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია.
ჩვენ განვავითარეთ ქალაქი ბათუმი, ქალაქი ანაკლია, სადაც ფართოქვიშიანი სანაპიროა. ეს არის კანის და ნიცას კომბინაცია, რადგან ერთმანეთისგან სწორედ ამ მანძილის დაშორებით მდებარეობენ.
პრაქტიკულად, ქალაქი, რომელიც ჰგავს ნიცას, გრძელდება კანის მსგავსი ბულვარით, თუმცა ანაკლიის ბულვარი კანის ბულვარზე ცოტათი გრძელიცაა.
ახლა ვიწყებთ ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობას, რომელსაც გრანდიოზული დიზაინი ექნება და ჩვენი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.
მის მახლობლად კი, განვავითარეთ მესტიის სათხილამურო კურორტი, სადაც თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია თოვლზე სრიალი.
იქ ალბერტო ტომბა ავიყვანე აგვისტოში სასრიალოდ, საათ ნახევარში კი, შავ ზღვაში იბანავა, რომელიც იმ დროს ძალიან თბილი იყო.
ალბერტო ტომბა იქ ახლა თავისი სახელობის სკოლასაც ხსნის.
მესტიაში მე-10 მე-11 საუკუნის, დაახლოებით, 400 კოშკია. ესაა 10-ე 11-ე საუკუნის დუბაი.
ასე რომ, სანახაობრივად და განვითარების თვალსაზრისით, უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა გვაქვს.
და ძალზე მნიშვნელოვანია, ამ პოტენციალის განვითარება. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ამ დაჯილდოვების კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ.
ეს კარგი სტარტია და ეს ჯილდო ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველას გელით ჩემს ქვეყანაში, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის დიდი აღმოჩენა იქნება. ეს სიამოვნება, ალბათ, ბევრს ჯერ კიდევ წინ აქვს.
ასე რომ, თუ გსურთ ახალი ადგილის ახალი საიდუმლოს აღმოჩენა, ან უბრალოდ ძალიან განსაკუთრებული ადგილის დათვალიერება, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სასიამოვნო მოგონებად დარგრჩებათ, აუცილებლად ჩამოდით და გვეწვიეთ.
დიდი მადლობა.