Google+

გამოსვლები და განცხადებები

30.11.2011
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მინდა მოგესალმოთ ყველას - ქართველ და სომეხ კოლეგებს, ნაცნობებსა და მეგობრებს, მათ, ვინც აქ პირველად ჩამოვიდა.

უპირველესად, მივესალმები ჩვენს მეგობარს სერჟ სარგსიანს,

მიმაჩნია, რომ ჩვენი ყოველი შეხვედრა მეგობრულია, იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ ჯერზე ჩვენ ახალ ბიძგს ვაძლევთ ჩვენს ურთიერთობას.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მინისტრებს ყოველთვიურად აქვთ ერთმანეთთან კავშირი, გასაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში.

ჩვენ ვურთიერთობთ საერთაშორისო ფორუმების დონეზე და მთლიანობაში, ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაცია სერიოზულ ეტაპზე გადავიდა.

ჩვენ ვამარტივებთ საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებს, ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი საგადასახადო სისტებები სინქრონიზებულად მუშაობდეს და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთის გაგრძელება ვართ და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრაციის გარეშე წინ ვერ წავა.

მიმაჩნია, რომ, საბოლოოდ, ინტეგრაციის პროცესი მთელი კავკასიის ეკონომიკებს უნდა შეეხოს - ეს ეს ერთადერთი მომავალია კავკასიისთვის როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე გრძელვადიანი პოლიტიკის მხრივ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ძალზე მტკივნეული საკითხია ყველა ჩვენგანისთვის, მთელი კავკასიისთვის, უპირველესად კი, საქართველოსთვის.

ამ ფონზე აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, მათ შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის.

მსურს, მოკლედ გაგაცნოთ რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად საქართველო და  მისი ეკონომიკური მაჩვენებლები.

თქვენ იცით, რომ მემკვიდრეობით განადგურებული ეკონომიკა გვერგო. 2003 წელს მოსახლეობას დღე-ღამეში 3-4 საათის განმავლობაში თუ მიეწოდებოდა ელექტროენერგია; შეჩერებული იყო ყველა მშენებლობა; კორუფციისა და დანაშაულის დონე ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოს მასშტაბით - იტაცებდნენ  ხალხს...

ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და რამდენიმე კონკრეტული მაჩვენებელი მინდა გაგაცნოთ.

ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით პირველ ადგილს ვიკავებთ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით  და პოსტსაბჭოთა სივრცეზე. კვლევების საფუძველზე, ქართული გამოცდილების პოპულარიზაციის მიზნით     მსოფლიო ბანკი წიგნსაც კი გამოსცემს - ამ ორგანიზაციამ 5-წლიან მონაკვეთზე საქართველო მსოფლიოს პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად დაასახელა. 

ამ წიგნის პრეზენტაცია იანვრის დამლევს, ვაშინგტონში გაიმართება. მათ სურთ, მთელ მსოფლიოს აჩვენონ, თუ რას მიაღწია ამ ერთ დროს, პრაქტიკულად, უიმედო და უპერსპექტივო ქვეყანამ.

რით  დაიმსახურა ეს საქართველომ?  მსოფლიო ბანკს შეფასების გარკვეული კრიტერიუმები აქვს.

საქართველოში ქონების და კომპანიის დარეგისტრირება ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი მსოფლიოს მასშტაბით; აქ ყველაზე სწრაფად ხორციელდება საბაჟო პროცედურები; დემოკრატიისა და  უფლებების საერთაშორისო ცენტრის კვლევების თანახმად,  რომელიც ამ ორგანიზაციამ „Transparency International“- თან ერთად 148 ქვეყანაში ჩაატარა, ახალი ზელანდიის შემდეგ, საქართველოს ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი აქვს და ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მეორე ადგილზე იყოფება.

რაც შეეხება კორუფციას.  „Transparency International“-ის თანახმად, 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ისეთი პროგრესი კორუფცის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც საქართველოს. ამიტომაც ვართ პირველი მებრძოლი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ასევე კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენი პოლიცია მსოფლიოში მეორე თუ მესამე ადგილზეა არაკორუფმპირებულობის მხრივ.

თუკი 6 წლის წინათ ჩვენი მოსახლეობის 98 პროცენტი ამბობდა, რომ კორუფციასთან ჰქონდა შეხება, დღეს, ყველა ბოლო გამოკითხვის შედეგად, ეს მაჩვენებელი, სტაბილურად, 0, 5 პროცენტს ქვემოთაა.

რაც შეეხება დანაშაულს. დანაშაულის მჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ბოლო ოთხი გამოკლვევის მიხედვით, ევროკავშირმა საქართველო ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ აღიარა ევროპაში. ჩვენ დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, 4,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში; 60 პროცენტით ნაკლები, ვიდრე საფრანგეთში;  40 პროცენტით ნაკლები, ვიდრე გერმანიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხში კონკურენციას გვიწევდა, ისლანდიაა. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ისლანდია ამ მაჩვენებლით წინ იყო როგორც ქვეყანა, თბილისი მეტად უსაფრთხო იყო, ვიდრე რეიკიავიკი. 

მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მთელი რიგი მაჩვენებლებით ვლიდერობთ სხვა სფეროებშიც.

თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2008 წელს ჩვენ ორმაგი შემოტევა გვქონდა - სამხედრო შემოჭრა და მსოფლიო კრიზისი. იმ პერიოდში ეკონომიკურმა ვარდნამ, დაახლოებით, 3 პროცენტი შეადგინა. წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6,7 პროცენტს მიაღწია. ჩვენი გათვლით, 7 პროცენტიანი ზრდა არის სავარაუდო, ხოლო მომავალ წელს, თუკი მსოფლიო ეკონომიკა არ ჩამოიშლება, ეკონომიკური ზრდის ორციფრიან მაჩვენებელს დავუბრუნდებით. თუმცა ზრდა ყველა შემთხვევაში გვენება.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ქვეყნის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გაცილებით მეტი იყო ვიდრე დღეს. დღეს ის 35 პროცენტს აღწევს, მაგრამ აქედან უმეტესი ნაწილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ინსტიტუციონალური ვალია.

მომავალი წლისთვის ჩვენი საბიუჯეტო დეფიციტი 3,5 პროცენტით შეივსო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

მაშინ, როდესაც Standard and Poor’s და სხვა სააგენტოები საკრედიტო რეიტინგებს მსოფლიოს  მთელ რიგ ქვეყნებს უმცირებენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საბერძნეთს, იტალიას, პორტუგალიას, ბელგიასა და სხვა ქვეყნებს, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით ამაღლდა და BB კატეგორიაში გადავიდა. მსოფლიოს მხოლოდ ორ ქვეყანას საქართველოს და ყაზახეთს აუმაღლდა საკრედიტო რეიტინგი.

გასაგებია, რომ ყაზახეთს რესურსების მხრივ კარგი მდგომარეობა აქვს, საქართველომ კი ეს რეფორმების წყალობით მიაღწია. ეს ჩვენი ეკონომიკური რეფორმების მართლაც დიდი წარმატებაა.

საბაჟო პროცედურებზე უკვე გესაუბრეთ და დავამატებ, რომ ჩვენ გვაქვს ტერმინალები, სადაც ტვირთის განბაჟებას 7 წუთი სჭირდება, თუ ამ პროცედურას საათზე მეტი დრო დასჭირდა, თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ყოველივე ეს ხელს უწყობს იმას, რომ საქრთველო ბიზნესის კეთების ნავსაყუდელი ხდება. 

უნდა გვესმოდეს, რომ ნავთობი  და გაზი იმდენი არ გვაქვს, რამდენიც ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც არ გვაქვს, არის ბიუროკრატია, კორუფცია, დანაშაული და საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა იმისთვის, რომ აქ იმყოფებოდე.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში 120 ათასი ადამიანი ჩამოდიოდა. გასულ წელს  კი, ეს მაჩვენებელი ორი მილიონი გახდა, წელს – სამი მილიონი, ხოლო მომდევნო წლებში შესაბამისად გაიზრდება. ვფიქრობ, შემდეგი 5-6 წლის განმვალობაში 10 მილიონამდეც ავალთ - ეს, რასაკვირველია, ტურიზმის ბუმია.

აი, ასეთია ვითარება ჩვენს ეკონომიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს სასტუმროებისა და რესტორნების მხრივ. ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტს ავაშენებთ, მით უფრო მეტად იქნება დატვირთული.

ამჟამად, ორ ახალ აეროპორტს ვაშენებთ ფოთსა და ქუთაისში. ფოთის აეროპორტი კერძო ინვესტიციით შენდება, ხოლო ქუთაისი - სახელმწიფოს დაფინანსებით. სიდიდით ორივე მათგანი თბილისის მსგავსი იქნება, თუმცა უფრო ახალი ინფრასტრუქტურით. ჩვენ შევთანხმდით, რომ იქ იაფფასიანი ავიაკომპანიები შეასრულებენ რეისებს.

ბათუმში, შავ ზღვაში პირველად შემოვიდა უმსხვილესი საკრუიზო კომპანია “ Royal Caribbean”, რომელიც 2013-2014 წლებიდან მოყოლებული, წელიწადში დამატებით, დაახლოებით, მილიონ ტურისტს შემოიყვანს. ამ კომპანიას მხოლოდ სტამბულსა და ახლა უკვე ბათუმში აქვთ „ჰაბი“.

ჩვენ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს ვაშენებთ, მათ შორის, მესტიაში, რომელიც ფრანგი სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ზომითა და ქანობების პოტენციალით, 5 კურშაველს უტოლდება. სათხილამურო გზების მოდერნიზაციის პროცესი გუდაურშიც განხორციელდა.

ასევე მოეწყო ახალი საზღვაო კურორტი ანაკლია, რომელიც შავი ზღვისპირეთის მასშტაბით, ყველაზე მშრალი კლიმატით გამოირჩევა.

ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება ბათუმი, ქუთაისი და ამ ქალაქის გარშემო მდებარე ადგილები. განვითარდა საირმე, უკვე დავიწყეთ წყალტუბოს რეაბილიტაცია.

დიდი მშენებლობა დაიწყო ბორჯომში. უკვე სრულდება Kempinski-სა და რამდენიმე სხვა დიდი სასტუმროს მშენებლობა. ამ თვალსაზრისით, ტურიზმში დიდი შესაძლებლობები გაჩნდა.

რასაკვირველია, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოში თქვენი ნახვა ყოველთვის გვიხარია.

ჩვენ დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თვალს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც სერჟ სარგსიანი იმისთვის დგამს, რომ სომხეთმა წარმატების საკუთარი ისტორია გააგრძელოს.

თქვენთან ბევრი რამ არის ისეთი, რითაც შეიძლება მოიხიბლო. 

დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით სომხურ გამოცდილებას, მაგალითად, სოფლის მეურნეობასა და მისი ინტენსიფიკაციის მხრივ, ახალი ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის დანერგვის თვალსაზრისით. ბევრი რამ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ.  

ამ მხრივ, ძალიან გგულშემატკივრობთ.

ჩვენთან ახლა ათას 500 ამერიკელი და ინგლისელი მასწავლებელი ჩამოვიდა. ისინი მოზარდებს სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიან და ქართველი მოსწავლები, ფაქტობრივად, ორენოვანი გახდნენ. ყოველ პირველ კლასელს ჩვენ ვაძლევთ კომპიუტერს, სკოლებში ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ვამკვიდრებთ. ბათუმში ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ვაშენებთ...

ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ მაღალ ტექნოლოგიებშიც ვიყოთ კონკურენტუნარიანი.

ამ მხრივ, ძალიან  მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რადგან პატარა ქვეყანა მარტო ვერაფერს გახდება. სომხეთს კი, ამ თვალსაზრისით, უნიკალური შესაძლებლობა აქვს.

ასე რომ, უამრავი სფეროა, რომლებშიც ჩვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლოს.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი

კიდევ ერთხელ მოგესალმებით,

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ, საქართველოში.

მივესალმები ჩვენს დღევანდელ შეხვედრას, რადგან ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობისა და ჩვენი სახელმწიფოების განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა, ძალზე სასიამოვნოა აღვნიშნო ის წარმატებები, რომლებსაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია.

ბევრი სომეხი, მათ შორის, რიგითი მოქალაქეები, გარკვეულწილად, შენატრის საქართველოს მოქალაქეებს, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებების გამო.

მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ.

ჩვენი ეკონომიკები გარკვეულწილად მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებებს მყარი და კარგი მართვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობების წყალობით.

ამ თვალსაზრისით, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენც გვიწევს მსოფლიო ფინანსური კრიზისის მძიმე შედეგების გადალახვა და ამ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5-პროცენტიან ზრდას ველოდებით, მათ შორის, მრეწველობაში 11-12 პროცენტიან ზრდას, ასევეა სოფლის მეურნეობის სფეროშიც. ერთადერთი რაშიც მოვიკოჭლებთ და რაც ძალიან გვაღელვებს, ეს მშენებლობაა.

ვამაყობ, რომ მაღალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფერო სომხეთში სწრაფად ვითარდება.

სხვადასხვა წრეებში  ხშირად  ინტერესდებიან, თუ რატომ დაიწყეს  სომხებმა ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესში  ინვესტიციების აქტიურად ჩადება.

მინდა,  ავღნიშნო, რომ კანონზომიერია. ვფიქრობ, რომ ფული უნდა  ჩაიდოს იქ საიდანაც ის დიდი მოგებას მოიტანს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გავქვს, რომ  ქართული კაპიტალიც გამოჩნდეს  სომხეთში. ეს უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და გაამტკიცებს მეგობრობას.

თუ ხალხებს შორის არ არის კარგი, მეგობრული დამოკიდებულება, არც ისაა შესაძლებელი, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკა ნორმალურად განვითარდეს.

მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან  მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანია.

მინდა ავღნიშნო, რომ იმ ქართველებს, რომლებსაც სომხეთში აქვთ ბიზნესი, მოვუწოდებ, პრობლემების შემთხვევაში ჩემს აპარატს მიაკითხონ.

სომხეთი პატარა ქვეყანაა და ჯერ კიდევ ზოგიერთი რამ მოსაწესრიგებელია. ამიტომ, კონკრეტულ საკითხებს, ხშირად, პირადად ვაკონტროლებთ.

მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა თქვენს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

ის მუდამ გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ჩვენთან და ხშირად იძლევა მაგალითს, რომელიც მისაბაძია როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)