გამოსვლები და განცხადებები
18.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო
დღეს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ - კიდევ უფრო გაამძაფრებს მას.
დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე თავად რუსი ხალხი, განსაკუთრებით კი თანამედროვე პირობებში გაზრდილი ახალი თაობა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწევს და რუსეთი რეგიონში არასტაბილურობისა და აგრესიის ფაქტორიდან თავისუფალ ქვეყნად და მეზობლებისთვის სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება.
რუსეთის დღევანდელი არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის შინ თუ გარეთ შანტაჟისა და დაშინების მეთოდების გამოყენება ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსეთის განვითარებას, არამედ ანგრევს ნდობას რუსეთის მიმართ და რუსეთს უკიდურესად არაკომფორტულ პარტნიორად აქცევს.
დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთი სასურველი პარტნიორი იქნება როგორც მრავალრიცხოვანი მეზობლებისთვის, ასევე - მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ასეთ რუსეთთან ურთიერთობას მეზობლები თავს კი არ აარიდებენ, არამედ - დიდი ენთუზიაზმით ითანამშრომლებენ მასთან, დაამყარებენ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ კავშირებს და საუკეთესო კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ჩაებმებიან.
კიდევ ერთხელ, დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის უსამართლო დაპატიმრების გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ ხალხის ძალისხმებით საბოლოოდ მაინც თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს როგორც რუსეთში, ასევე - მთლიანად ჩვენს დიდ რეგიონში.