Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი

უპირველესად, მინდა მივესალმო კომისარ ფულეს.

ჩვენ გრძელვადიანი, კარგი თანამშრომლობის ისტორია გვაქვს საგარეო ურთიერთობების ყველა ასპექტში და ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება. 

ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც ამ წლის ნოემბერშია დაგეგმილი, საქართველო კარგ ფორმაში იყოს.

ეს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლო სამიტი იქნება და, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესი მაქვს, საქართველო სათანადოდ წარსდგეს ვილნიუსის სამიტზე, ისევე როგორც ქვეყნამ წარმატებას მიაღწიოს.  

სწორედ ამიტომ გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია იმ წარმომადგენლობით ჯგუფთან, რომელიც კომისარ ფულეს ბრიუსელიდან ჩამოჰყვა.

ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ევროკომისიის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან და ზოგადად, ევროკომისიის ყველა წარმომადგენელთან.

ჩვენ ყოველთვის პირდაპირი დიალოგი გვაქვს და ერთმანეთს მოსაზრებას ვუზიარებთ.

ვფიქრობ, ჩვენი მოლაპარაკების ჯგუფი ბრიუსელში შექების ღირსია, რადგან  დიალოგის ლოგიკურ გაგრძელებამდე მისაყვანად და ტექნიკური ნაწილის დასასრულებლად, მათ ძალიან კარგად იმუშავეს, ისევე როგორც მათმა ევროპელმა კოლეგებმა.

ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი რჩება.

რა თქმა უნდა, არის საკითხები რომლებიც ჩვენ, ქართველებს გვადარდებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, კომისარ ფულესთან ძალიან ღია დისკუსია გვქონდა. 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან გაგრძელდეს იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა საქართველოს მთავრობაში.

ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი.

რეალურად, ევროპის რადარებზე საქართველო იმ მასშტაბით, როგორც  ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა.

ამიტომ ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რაზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ -   საქართველოს მოქალაქეებს ქართული პასპორტებით შეეძლოთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა, საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან - ჩვენი პროდუქცია დაბრკოლებების გარეშე, ბევრად უფრო თავისუფლად შევიდეს ევროპულ ბაზარზე და ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის გამარტივდეს, ქართული განათლების სისტემა დაიხვეწოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ვმუშაობთ და, პრაქტიკულად, ბოლო ეტაპზე ვართ გასული.  

ჩვენ ახლა სწორედ ამისკენ მივდივართ და, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები.

იცით, რომ გასულ წელს შვეიცარიის შუამავლობით რუსეთთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში მისი წევრობის შესახებ.

მინდა, რომ  ევროპის კავშირსაც ვუთხრა მადლობა, რომ ისინიც დაგვეხმარნენ ამ ხელშეკრულების გაფორმებაში.

ეს არის პირველი ხელშეკრულება, როდესაც რუსეთმა, პრაქტიკულად, იურიდიულად აღიარა საქართველოს საერთაშორისო საზღვრები იმ გაგებით, რომ უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საერთაშორისო მონიტორინგი (ამის თაობაზე გუშინ გამოცხადდა). უკვე შერჩეულია ჯგუფები, რომელმაც უნდა განახორციელოს მონიტორინგი და განახორციელებენ სწორედ ფსოუსა და როკის გვირაბზე გამავალ საქართველოს საზღვრებზე.

აქაც ევროპის კავშირმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ძალიან პრინციპული და ღირსეული პოზიცია დავიკავეთ რუსეთთან მიმართებაში.

მინდა ამაზეც გითხრათ მადლობა თქვენ, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, მაგალითად, მართლსაჯულების შესახებ.

დაუსჯელობის სინდრომი არავის არ უნდა ჰქონდეს - არც წინა მთავრობას და არც ახალ მთავრობას. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა.

თუმცა მთავარია, რომ მართლსაჯულება არავინ გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან მაშინ ჩვენ მთავარ რაღაცებს დავკარგავთ.

არ მინდა საქართველო რაიმე სახით უკან დავხიოთ იმ დიდი მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩემი ცხოვრების მიზანია - ეს არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

ჩვენ არ გვსურს, რომ საფრთხეები შეიქმნას ვილნიუს სამიტისთვის, რადგან ეს იქნება ჩემი ბოლო სამიტი პრეზიდენტის რანგში.

არ მინდა, სამიტზე ჩავიდეთ ისეთი პოზიციით, რომ პრობლემები შეგვექმნას.

ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რათა პრობლემები გამოვრიცხოთ და მოვნახოთ დიალოგის შესაძლებლობა. პრობლემები, რომ არის, ვფიქრობ, ამას ყველანი ვაღიარებთ, ამიტომ, ეს არის ის, რაზეც აუცილებელია ერთობლივი მუშაობა.

დიდი მადლობა.

 

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში  შტეფან ფულე:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

ქალბატონებო და ბატონებო!

მოხარული ვარ იმით, რომ თბილისს კვლავ ვსტუმრობ და პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი.  

თქვენს ლამაზ ქვეყანაში ისევ დავბრუნდები, ბათუმში უკვე რიგით მეათე კონფერენციაში მივიღებ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს შევხვდები. 

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უფრო აქტიურ პროცესშია. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან შედეგს უნდა მივაღწიოთ.

ეს საკითხები წვლილს შეიტანს იმაში, რომ ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილმა სამიტმა  წარმატებით ჩაიაროს. ასევე შემიძლია დავადასტურო ის, რაც პრეზიდენტმა თქვა ასოცირების ხელშეკრულებასა  და მისი ეკონომიკური ინტეგრირების ნაწილთან დაკავშირებით.

მე და პრეზიდენტს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა და ბევრი განსხვავებული თემები  განვიხილეთ: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, მნიშვნელოვანი რეგიონალური და გლობალური საკითხები, ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ  ჩვენი  საერთო ღირებულებების ფარგლებში. კერძოდ, დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემაზეც.

ამ თვალსაზრისით, ხაზგასმით აღვნიშნე ისაც, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონსტრუქციულ კოჰაბიტაციას და ურთიერთპატივისცემას; ქვეყნის საკეთილდღეოდ პარტიული ინტერესები გვერდზე უნდა გადადოთ, რადგან ეს კეთილდღეობით აღსავსე პლურალისტური საზოგადოების შექმნის ერთადერთი გზაა.  

საქართველოს მმართველობის სტილის გარდასაქმნელად და იმას, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ სარგებელი ნახოს, დრო სჭირდება.  

ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მივესალმები პარლამენტის ინიციატივას, რომლის თანახმად, თანამშრომლობა, პარტიული გამყოფების მიუხედავად, კარგია.

იმისათვის, რომ საქართველოს გარდაქმნა ნამდვილ წარმატებად გადაიქცეს, ჯერ კიდევ საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საზოგადოების პოლარიზება ავირიდოთ თავიდან.

ევროკავშირი სრულად სცემს პატივს ქართველი ხალხის არჩევანს და მთავრობის ვალდებულებას იმოქმედოს წარსულის ნებისმიერი დატოვებული მემკვიდრეობის დასაძლევად.

ჩვენ გვჯერა რომ ეს სრულ ურთიერთშეთანხმების ფარგლებში მოხდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ევროპულ ღირებულებებთან და აჩვენებს რომ მართლმსაჯულება თავისუფალი და დამოუკიდებელია ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან.

უდანაშაულობის პრეზუმფციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა დაუსჯელობის სინდრომი დაუშვებელია.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, პატივი სცენ სახელმწიფო  ინსტიტუტებს და თავი შეიკავონ მათი პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენებისგან.

დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო.

 

შეკითხვები:

სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი2, ნინო სამყურაშვილი:  მსურს შეკითხვა დაგისვათ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იგი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, თუმცა ბოლო დროს საკამოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსების წარმომადგენლებისგან კეთდება სკეპტიკური განცხადებები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებდით. ვგულისხმობ, კოაბიტაციის ნაკლებობას და ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას. მაგალითად, ესტონეთის პრეზიდენტმა, „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა: საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, ჩვენ არ ვართ სულელები...  როგორია თქვენი მოლოდი და თქვენი პოზიცია ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ამ კონტექსტში.

მეორე შეკითხვა შეეხება არჩილ კბილაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიღო მან საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილება ციხის წამების კადრების ავტორთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ლაპარაკია დღეს მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით...  როგორია თქვენი შეფასება?   

შტეფან ფულე: ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. ეს იქნება სამიტი, რომელზეც ვვარაუდობთ ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერას ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორთან, უკრაინასთან.  გარკვეული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეც შეიქმნას იგივე სამიტის ფარგლებში. პირველად ხდება, რომ ძლიერი ინსტრუმენტი შემოდის ამ არეალში ორივე ქვეყნის გარდაქმნისთვის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის გარდაქმნისთვის. ასე რომ, მოლოდინი მართლაც დიდია. ახლა, რაც შეეხება საქართველოს პროგრესს. შეხვედრისას, მე და პრეზიდენტმა ეს საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ჩამოვყალიბდებით იმ ორ თუ სამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ღიად რჩება ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. ასევე პროგრესს მივაღწევთ სამოქმედო გეგმის იმ ნაწილში, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციას შეეხება. ვნახოთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით სამიტის დროს ამ საკითხებთან მიმართებაში. ამჟამად, ევროკავშირი შეფასების პროცესშია და, შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში საქართველოში მისიაც გამოგზავნონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავიგოთ ერთი რამ: ერთადერთი გზა, რომლითაც  ვილნიუსის სამიტზე წარმატება გარანტირებული შეიძლება იყოს, არის ის, რომ ქვეყანა იქ ჩავა არა როგორც სუსტი, არამედ როგორც ძლიერი დემოკრატია. ჩვენ ასევე განსაკუთრებულად ვაკვირდებით კოჰაბიტაციის პროცესს. ახლახან, მისასალმებელ სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწოდება გავაკეთე. ჩვენ მაქსიმალურად გეხმარებით ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. პრეზიდენტი ასევე მიესალმება იმ სამუშაოს, რომელსაც ასრულებს ევროკავშირის მრჩეველი სამართლებრივი და კონსტიტუციური რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან ერთად  გამოვხატე ჩემი პოზიცია  ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავებასთან დაკავშირებით. მისასალმებელ სიტყვაში აღვნიშნე, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. პირობები უნდა შეიქმნას თავისუფალი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი პროცესების წარმართვისთვის, რათა ადამიანის ყველა უფლება გარანტირებული იყოს. როგორც აღვნიშნე, ვიმედოვნებ, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო ჩავა როგორც უფრო ძლიერი დემოკრატია.

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელსაც დღეს და წინა დღეებში ყველა განიხილავდა. კონკრეტულად, ეს არის ბედუკაძის საკითხი, რომელმაც თვითონ აწამა, თავად გადაიღო ფირზე და თავადვე იყო პროდიუსერი და რეჟისორი. შემდეგ, პროკურატურამ, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადა. დღეს გაირკვა ძალიან საინტერესო დეტალი, რასაც მე დიდი ხანია ვამბობ, რადგან ინფორმაცია მქონდა ამის შესახებ: 2011 წლის ზაფხულში ეს ფირები კონკრეტული ჯგუფის, თუ ადამიანის (არც თუ ღარიბის) შეკვეთით გადაღებული, რადგან ამაში დიდი ფული იყო გადახდილი, აღმოჩნდა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არაღარიბი ადამიანის ხელში შემდგომი პოლიტიკური გამოყენების მიზნით. დღეს მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ეს ფირები გადაეცა გარკვეულ ჯგუფებს 2011 წლის აგვისტოში - ორი თვით ადრე, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებდა, რომ ის საქართველოს ხელში ჩაგდებას აპირებს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობდა 90-იან წლებში რუსეთში კომპრომატებისა და სხვადასხვა მეთოდებით ძალაუფლების ხელში ჩაგდება ან ძალაუფლების მქონე ადამიანების მოშორება... შინაგან საქმეთა მინისტრისგან დღეს ჩვენ ასევე გავიგეთ და ეს არ არის დამთხვევა, რომ თურმე, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის გამოძიება, რომელიც ამ ჩანაწერებთან ერთად ოქტომბერში ქართული საზოგადოების არჩევანის ერთ-ერთი მთავარი მოტივი გახდა, ჩიხში შევიდა. ეს არის პატარა ბავშვის მკვლელობა, დიდი ტრაგედია, რომელიც არჩევნების წინა ღამეს მოხდა და ოპოზიციამ  მაშინვე ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. ეს არის ორი მთავარი რამ, რითაც ეს ჯგუფი მთავრობაში მოვიდა და ამ ორ მთავარ რამეზე ამ ბოლო დღეებში თქვა უარი - პირველი, ბედუკაძის საკითხყველამ იცით რაც წარმოიქნა და მეორე, რაფალიანცის საქმეს აღარ იძიებენ. ესტონეთის პრეზიდენტმა ილვესმა თქვა, რომ ევროპელები არ არიან სულელები: ხომ არ ჰგონია მთავრობას, რომ ჩვენ ევროპელები სულელები ვართო. ეს მოვისმინე გუშინ თუ გუშინწინ. მინდა დავსვა შეკითხვა:  ხომ არ ჰგონია ვინმეს მთავრობაში, რომ ქართველი ხალხი სულელია? ახლა სრულიად ნათელია, რომ კბილაშვილმა თვითონ  მიიღო გადაწყვეტილება, დაახლოებით, ისეთივე ზღაპარია, როგორც ის, რომ შემთხვევით, მუდმივად პოულობენ კასრებში ახალ ვიდეო ჩანაწერებს. მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, პრემიერის დავალებით, დღესვე შეუძლია წამოჭრას ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მას დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ეს არ არის რაღაც თამაშები, გააკეთონ ეს და დავაკმაყოფილებთ. ოღონდ, იმედია, ბატონი კბილაშვილი და იგივე ბედუკაძე, მოყვებიან რამდენად და როგორ  გაიყიდა, რატომ იყო ეს დანაშაული დაფარული ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ არიან მისი შემსრულებლები ასე წახალისებული - ფინანსურადაც და იურიდიულადაც.

ახლა რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა ფულემ ახსენა - ვანო მერაბიშვილის დაკავება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ისმის ყველგან. ამ შემთხვევაში ჩემთვის როგორც პრეზიდენტისთვის არ არის ნორმალური ვითარება. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მაგრამ როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი იმ ბრალდებით იმყოფება საპატიმროში, რომელიც მას ახლა წაუყენეს, რა თქმა უნდა, შეკითხვები გაჩნდება. უფრო სერიოზული ბრალდება რომ წაეყენებინათ, შესაძლოა, სხვაგვარად შეგვეხედა საქმისთვის. უდავოა, რომ შეკითხვები გაჩნდება, ასევე, მეორე მინისტრთან დაკავშირებითაც, რომელსაც ბრალი ვაშლის თლისთვის ჰქონდა წაყენებული... ამაზე ჩვენ ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ, რადგან ჩემი მთავრობის მიმართაც იყო პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე დამოუკიდებელი არ იყო. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საქართველოში არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა პატიმრობაში რაიმე სახის მოტივით. თუმცა კი იყო  მომენტები, როდესაც ამის დიდი საფუძველი გვქონდა. არასდროს არც ერთი ლიდერი ჩვენ არ დაგვიპატიმრებია! ეს ხომ  ფაქტია? ყველამ ამ ფაქტიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ.

ტელეკომპანია მაესტრო, ანა ლაპიაშვილი: ბატონო კომისარო, გასაგებია, რომ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინია. ეს მოლოდინი დიდი იყო ახალი ხელისუფლებისა და მისი წინამორბედი მთავრობის მხრიდანაც. ბევრი სამუშაო შესრულდა და მთავრობა აცხადებდა იმას, რომ ყველაფერს აკეთებდა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა, ამავე დროს, გაჩნდა შეკითხვები და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალ ხელისუფლებას დასავლეთი რთულად ენდობა. რამდენად არის შანსი, რომ ამ ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, მომავალი განვითარებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხი დადგეს. ვგულისხმობ,  ხელშეკრულების ხელმოწერას. მეორე მხრივ, თქვენ წინა ვიზიტისას ისაუბრეთ ტრანსპოტთან დაკავშირებით და განაცხადეთ, რომ ევროპამ საზღვრები არ უნდა შემოფარგლოს და ამ თვალსაზრისით ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისათვის, რომ ავიახაზებთან დაკავშირებით  ახალი ეტაპი დაიწყოს.

ბატონო პრეზიდენტო, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით დაკავშირებით გკითხავთ. თქვენ არაერთხელ გიხსენებიათ, რომ ეს რკინიგზა მნიშვნელოვანია ევროპასთან დასაკავშირებლად. თქვენს განცხადებას მარაბდა-კარწახის ორგანიზაცია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის შეშფოთება, რომელიც თქვენ გამოთქვით მისი მშენებლობის შენელებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. თქვენ ახალქალაქში ბრძანდებოდით. ამ განცხადების საპასუხოდ, რაიმე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ და გაქვთ თუ არა ისევ ის აზრი, რომელიც მანამდე გქონდათ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით?

შტეფან ფულე: თქვენ დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგით. ეს მოხდა აქ, თბილისში, როდესაც არაფორმარლური შეხვედრა გვქონდა აღმოსავლეთის პარტნიორების ტრანსპორტის მინისტრებთან ევროკავშირის ტრანსპორტის კომისიის ვიცეპრეზიდენტის სიიმ კალასის ხელმძღვანელობით. მაშინ, დიალოგის ფარგლებში, ყველა მინისტრმა მკაფიოდ გამოხატა, რომ ერთ-ერთი მიზანი ვილნიუსის სამიტზე არის ტრანსპორტის სფეროში ინტენსიური თანმშრომლობა, რადგან ამას უდიდესი სარგებელი  მოაქვს როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. იმ სამუშაოებზე დაყრდნობვით, რომელიც თბილისში ამ შეხვედრის შედეგად შესრულდა, შეხვედრა წევრ ქვეყნებს შორის ახლა უკვე ფორმალურ გარემოში უნდა  გაიმართოს, რომელზეც ტრანსპორტის საკითხებს დაეთმობა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ოქტომბერში შედგება და დავსახათ ინიციატივებისა და იმ ტრანზიტული მოძრაობის კონკრეტულ გეგმას, რომელიც ევროკავშირს ევროპის ამ ნაწილთან დააკავშირებს.  ვიმედოვნებ, რომ მომგებიანი პროექტების დიდი სია გამოჩნდება, რასაც კომისია, EBRD და EBI -ის ერთად, მხარს დაუჭერს. როგორც უკვე ვთქვი, ასოცირების ხელშეკრულებასთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესთან ერთად, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მიზანი ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაა, რადგან ეს ყველასთვის მომგებიანია. თუმცა ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ. სექტემბერში ერევანში გვექნება არაფორმალური მინისტერიალი და ამჯერად, ყურადღებას გავამახვილებთ განათლების სფეროზე. ვილნიუსის სამიტის შემდეგაც, ვაპირებთ, ახალი სექტორები განვიხილოთ.

მიხეილ სააკაშვილი:  მე მოვისმინე მთავრობის რეაქცია. სამწუხაროდ, მიწევს იმის კონსტატირება, რომ მთელი რიგი ინფრასტრუქუტრული პროექტები საქართველოში მთლიანად შეჩერებული ან ძალიან შენელებულია. ისიც მოვისმინე, ინფრასტრუქტურის მინისტრს ათქმევინეს, რომ ლაზიკას მშენებლობაც გრძელდება. არადა ის წარწერებიც კი მოხსნეს, სადაც ლაზიკა იყო ნახსენები. პირადად ჩავედი და ვნახე. ეს ტელევიზიით არც კი გაშუქებულა. რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქს, ვინაიდან აქ აზერბაიჯანული ფული იყო ჩადებული, შენებლობა კი არ შეჩერდა, როგორც ეს ლაზიკა შემთხვევაში მოხდა, არამედ მკვეთრად შენელდა. ეს მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო წელს. ერთ-ერთი პროექტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ინიცირებაზეა ლაპარაკი და ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს. ზუსტად ასევე, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა იყო ჩემი საყვარელი პროექტი. ისე ემთხვეოდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს უნდა გამეხსნა. პირველ მატარებელში  მემანქანესთან ერთად უნდა ჩავმჯდარიყავი და თავად უნდა მემართა, ისევე, როგორც თვითმფრინავებით ვხსნიდით აეროპორტებს... მატარებლის ტარებასაც ვსწავლობდი. ეს მატარებელი უნდა გასულიყო წელს, მაგრამ ვერ გავა კიდევ 2 წელი. პირადად ვიყავი იმ გვირაბის მშენებლობაზე და ვერ მომატყუებენ. სამწუხაროდ, ისიც აღმოვაჩინე, რომ მრავალ მუშას თვეების განმავლობაში არ მიუღია ხელფასი. შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ მათ, ეს ფირები Facebook-ის ჩემს გვერდზეც დევს და ყველას შეუძლია ნახოს. ეს გვირაბი შარშან, რომ არ გაგვეჩერებინა, დავამთავრებდით კიდეც. წელს გვეუბნებიან: თუ წელს დაიწყება მშენებლობა, დაწყებიდან 456 დღეში დამთავრდებაო. აბა გადათვალეთ, ეს როდის არის. იმ პირობებში, როცა ზამთარში კლიმატური პირობების გამო ვერ ვმუშაობთ, ეს მოხდება მომავალ წელს, არამედ შემდეგ წელს. და ეს იცით რას ნიშნავს ქართულ ეკონომიკის ენაზე? ეს ნიშნავს იმას, რომ ლაზიკის პორტით და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით მომავალ წელს ავღანური ტვირთების გადმოზიდვის შედეგად უამრავ ბიზნესის შექმნას ახალქალაქსა და სამეგრელოში, ასი ათასობით ადამიანის ირიბად და ათი ათასობით ადამიანის პირდაპირ დასაქმებას ან სარგებელს, ხაზი გადაესვა. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ლაზიკაში სახელი არ მოეწონათ და სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. ამის გამო სამეგრელო და გარშემო რეგიონები, პრაქტიკულად, მშიერი დატოვეს, მათ შორის, იმერეთის დიდი ნაწილი და გურია. ეს პროექტი მორგებული იყო, მათ შორის, აფხაზეთზეც და მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქს აზერბაიჯანული ფული მაინც მოდის, მაგრამ იმის გამო, რომ აპირებენ ხარჯის გადახედვას (აზერბაიჯანულ ფულზეა ლაპარაკი!), მოხდა მრავალთვიანი ჩავარდნა. კლიმატური თუ სხვა პირობების გათვალისწინებით, რკინიგზა, რომელსაც აქვს უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა, წელს ვეღარ გაიხსნება. ღმერთმა ქნას, მომავალ წელს გაიხსნას, მაგრამ როგორც ვატყობ, ამას კიდევ ორი წელი სჭირდება. ამასობაში, ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას - როგორ არ ვიფიქრო, რომ ამ ორ მოვლენას შორის არ არის კავშირი? ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით საქართველოს მსოფლიო ბაზარზე გასვლის, ევროპაში გასვლის უზარმაზარი შესაძლებლობები ეხსნება და აფხაზეთის რკინიგზის კომერციული მნიშვნელობა ნულს უტოლდება. ეს არ შეესაბამება მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც უნდა, რომ ყარსი-ახალქალაქი მოკლას და გახსნას აფხაზეთის რკინიგზა. სულელი აქ მართლაც არავინ არ არის. ძალიან  კარგად ვხედავ რა თამაშიც მიდის. არ მგონია, აქ მხოლოდ ეკონომიკური მოტივაცია იყოს ჩადებული. ამას ძალიან ზუსტი პოლიტიკური მოტივაცია. ზოგადად, ყველა კონტაქტის მომხრე  ვარ. მომხრე ვარ, სომხურმა ტვირთმაც იმოძრაოს საქართველოს გავლით, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საქართვეო-აზერბაიჯანის ურთიერთობისთვის სტრატეგიულად დიდი პრობლემების შემქმნელია. ეს სულ სხვა ქვეყნის ინტერესია.  მიმაჩნია, რომ წელს შანსი უკვე დავკარგეთ, მაგრამ მომავალ წელს ერთობლივი ძალებით, ეს რკინიგზა ყველამ ერთად უნდა დავამთავროთ. იმის თქმა, რომ ეს მე მიხარია, არ შეიძლება - ეს არის ჩემი პროექტები, ჩემი „შვილები“. ვის შეუძლია თავისი შვილის ზრდის შეჩერება, ან შეიძლება ვინმეს შვილის წარუმატებლობა უხაროდეს? როგორ უნდა მიხაროდეს, როდესაც ეს არის ჩემი პროექტები და საქართველოს პროქტები, ძალიან მნიშვენლოვანი სტრატეგიული მემკვიდრეობა და ვაპირებდი, საქართველოსთვის დამეტოვებინა. ჯიბრში ჩადგომას, ახლა ჯობს, ხელი გაანძრიონ, 9 საათზე არ დაიძინონ, იმუშაონ და ამუშაონ, რათა ქვეყანა და ეკონომიკა არ იყოს დაპაუზებულ მდგომარეობაში.  

შტეფან ფულე: ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს კოჰაბიტაციის მნიშვნელობას. კოჰაბიტაციისა, რომელიც სრულ ურთიერთპატივისცემაზე იქნება აგებული არა პარტიის, არამედ საქართველოსა და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ვემადლიერებით  პრეზიდენტს. მასთან ძალზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. უპირველესად, ჩვენ განვიხილეთ  ევროპული ფასეულობები, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის საფუძველი. მეორე, აუცილებელია წარსულის საკითხებზე მუშაობა, რაც ასევე ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს და, ამასთან, დავრწმუნდეთ, რომ გამოცდილების საფუძველზე მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)