Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს მიმართა

გამარჯობა ბატონებო!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენ ქედს ვიყრით ყველა ჩვენი მებრძოლის წინაშე.

ხანდახან ისეც ხდება, რომ ჯარისკაცები იღუპებიან, მაგრამ მათი სიცოცხლეც, მათი სიკვდილიც საქართველოს მარადიული, ეროვნული სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

თავიანთი სიკვდილით, ისინი ერწყმიან ამ მარდაიულ სიცოცხლეს.

მინდა მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს!

მინდა მივესალმო თქვენს ახლობლებს!

თქვენი მისია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ათასჯერ რთულია თქვენი დედების, თქვენი ცოლ-შვილის, თქვენი და-ძმების მისია.

მათ ბევრად უფრო მეტი ნერვიულობა უწევთ, ვიდრე თქვენ, ბევრად მეტ უძილო ღამესთან უწევთ გამკლავება და ბევრად მეტი მოლოდინი აქვთ...

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, რთულია და მინდა დღევანდელი დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მათაც მივულოცო.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

ჩვენი საზოგდაოება ქმნის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო შემდეგ თქვენ - შეიარაღებული ძალები ქმნით და აყალიბებთ ჩვენს საზოგადებას, დაწყებული ყველაზე პატარებით, დამთავრებული საზოგადოების უკვე გამოცდილი და ჭარმაგი წევრებით.

არმია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არც ერთ პოლიტიკოსს, არმიის არც ერთ ცალკე აღებულ თუნდაც ხელმძღვანელ წარმომადგენელს. ის ეკუთვნის ქართულ საზოგადებას.

სამწუხაროა, რომ წელს პოლიტიკოსებმა და მთავრობამ გადაწყვიტეს, სამხედრო აღლუმი არ გამართულიყო.

თუმცა, ჩემო მეგობრებო, ეს ერთი წუთითაც არ აკნინებს თქვენს მნიშველობას; ერთი წუთითაც არ აკნინებს იმ ისტორიულ როლს, რომელსაც ასრულებს ქართული შეიარაღებული ძალები.

ჩვენ გავიზარდეთ წარსული გმირების ისტორიებით. ჩვენ ვიცით 300 არაგველის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, დიდგორში ჩვენი მებრძოლების ისტორია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისტორია წარსულში რჩება; რომ გმირები მხოლოდ წარსულში იყვნენ.

ჩვენი ჯარი არც ერთ გმირს არ ჩამოუვარდება, ჯარი,  რომელმაც 2008 წელს 5 დღის განმავლობაში შეაკავა 100-ჯერ უფრო ძლიერი მტერი.

ეს იყო 5 დღე, რომელმაც მთელი მსოფლიოს გამოფხიზლების საშუალება მოგვცა.

აგვისტოს მეტად მშვიდ პერიოდში, არდადეგების დროს, მოვახერხეთ დაგვეყენებინა ყველა ფეხზე და ყველასთან ერთად, ქართველი ერის ერთიანობით, ჯარის ერთიანობით და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

თითოეული ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს დაიღუპა, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი.

არავის არ ჩამოუვარდება გმირობით მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეული, რომელმაც გენერალ ხრულოვის მოწინავე სატანკო რაზმი გააჩერა, მრავალი საათი მოგვაგებინა და თავად ამ უზარმაზარი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი რუსული არმიის მოქმედი მეთაური დაჭრა და გააძევა საქართველოდან.

დაბოლოს, გიორგი ანწუხელიძე - საქართველოს ეროვნული გმირი. მის გმირობასთან იშვიათად თუ შეიძლება გაავლო პარალელი ჩვენს ათასწლოვან ისტორიაში.

მან უზარმაზარი დიდების შარავადენით შემოსა თავის სახელი, საკუთარი სამშობლო, აღმზრდელი ერი.

გიორგი ანწუხელიძეს მტერი ცემდა და აიძულებდა, მიწისთვის ეკოცნა, მაგრამ მან ქედი არ მოიხარა და დამცირებას სიკვდილი ამჯობინა.

მის წინაშე პირადად მე ვარ ვალში, რადგან მას ასევე აიძულებდნენ ჩემი სახელის შეურაცხყოფას და ამაზეც უარი თქვა.

ის აღარ არის ცოცხალი, მე კი ცოცხალი ვარ და ვიდრე სული მიდგას, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს არ შერჩეთ მისი სისხლი და არ შერჩეთ ქართული მიწის არც ერთი გოჯი.

ჩემო მეგობრებო, საქართველოს შეიარაღებული ძალები არის საქართველოს დამოუკიდებლობის  უმაღლესი გამოვლინება.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დამოუკიდებლობა კი, ჩვენი ერის არსებობის ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა.

დამოუკიდებლობა, დიდი ილიას სიტყვებით, არის ის, რომ „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

საქართველოს აღმშენებლობის ეპოქა ბოლოს დავით აღმაშენებლის დროს გვქონდა და თამარ მეფის ხანამდე გაგრძელდა, ვიდრე მონღოლები არ შემოვიდნენ.

შემდეგ მრავალი საუკუნის განმავლობაში თუკი რამე შენდებოდა საქართველოში, ჩვენი დამპყრობლები, შემოსული იმპერიები აშენებდნენ.

პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ქართველმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ არა მხოლოდ შეუძლია გამაოგნებელი აღმშენებლობა მოკლე პერიოდში, არამედ ის, რომ ეს შეუძლია იმპერიის დახმარების გარეშეც, იმ პირობებში, როდესაც იმპერია, თუნდაც, მომაკვდავი, ფაქტობრივად, ხელს გვიშლიდა.

რაც მთავარია, ჩვენ დავიწყეთ არა მხოლოდ ახალი ქალაქების, სკოლების, საავადმყოფოების, გზების, თეატრების, სტადიონების მშენებლობა, არამედ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, არმიის, პოლიციის, საგადასახადო სისტემის, ადგილობრივი მმართველობის შენება; ჩვენ ერთად მოვსპეთ კორუფცია და, პირველად, ასწლეულების განმავლობაში, კავკასიაში მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა - ჩამოყალიბდა თანამედროვე სახელმწიფო.

კავკასია ყოველთვის ადვილი ლუკმა იყო დამპყრობლებისთვის, რადგან, მიუხედავად ჩვენი, განსაკუთრებით ქართველების და სხვა კავკასიელი ხალხების პიროვნული გამბედაობისა და გამძლეობისა, ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა ის, რომ ჩვენი დამპყრობელი მუდმივად ცდილობდა კავკასიელების ერთმანეთზე გადაკიდებას, ქიშპობისა და შუღლის ჩამოგდებას.

ამიტომ, ნებისმიერი დამპყრობლისთვის, ეს მანიპულაციის წყაროს წარმოადგენდა.

ჩვენ პირველად გავარღვიეთ ეს მოჯადოებული წრე და ქართულმა ერმა შეძლო ჩვენი მტრის ყველაზე ცუდი სიზმრის ახდენა - შექმნა ფუნქციონირებადი სახელმწიფო.

ეს ჩვენთვის არის ახალი.

ჩვენ ახლა ვსწავლობთ იმას, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი მიუხედავად მისი ამბიციისა; სახელმწიფო, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური ძალები, ვიდრე ნებისმიერი არასამთავრობო ჯგუფი ან რელიგიური გაერთიანება... რადგან მხოლოდ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია თანაბრად დაიცვას მისი ყველა მოქალაქე, მათი პოლიტიკური შეხედულებისა და  სხვადასხვა სახის ორიენტაციის მიუხედავად; რადგან მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფა.

მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა, რადგან ჩვენ ეს შევძელით და შევქმენით.

რაც მთავარია, ჩვენს ხალხს გაეხსნა დიდი პერსპექტივა და სწორედ ამ დროს მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა ჩვენს ისტორიაში.

ხშირად, საქართველო დამოუკიდებლობას კარგავდა არა იმიტომ, რომ გარე მტერი ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ის იყო ხოლმე ბევრად ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ვერ პოულობდნენ საერთო ენას.

ჩვენი ფეოდალები და მთავრები მტრებს უფრო ადვილად ეკვრებოდნენ, ვიდრე ერთმანეთთან პოულობდნენ საერთო ენას.

სიძულვილისა და ურთიერთქიშპობის გამო, ზოგჯერ, ჩვენი ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იბრძოდა, ვიდრე გარე დამპყრობელთან.

სწორედ ამიტომ ვკარგავდით ხოლმე დამოუკიდებლობას, სწორედ ამიტომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა 1921 წელს, როდესაც ქართველები შემოუძღვნენ წინ დამპყრობელთა არმიას...

ჩვენი გენერლების დიდი თავგანწირვის მიუხედავად, მეორე მხარესაც ქართველები იყვნენ და ეს ერთობა მოღალატეებმა გატეხეს.

ამის გამო, 2008 წელს მთელი პოლიტიკური კლასი, ქართული საზოგადოება და, რაც მთავარია, თქვენ, ყველანი ერთ მუშტად შევიკარით, მსოფლიო დაგვიდგა გვერდით და ჩვენი დამოუკიდებლობა გადავარჩინეთ.

მაშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ძალა ერთობაშია.

ამიტომ, შეიძლება, ერთმანეთს ვეკამათებოდეთ, მაგრამ დემოკრატიის პირობებში, ეს ნორმალურია.

აქ ვკამათობთ სხვადასხვა შეხედულებებზე, პლატფორმებზე, მაგრამ არ შეიძლება ვკამათობდეთ მთავარ რამეზე - არ შეიძლება ქართველი კაცი საქართველოს ადანაშაულებდეს 2008 წელს ომის დაწყებაში, რადგან მთელი მსოფლიო სხვაგვარად ფიქრობს.

არ შეიძლება ვამბობდეთ, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს, რადგან ამას მსოფლიოში არავინ დაიჯერებს - ამას მხოლოდ რუსეთი, ჩვენი დამპყრობელი აცხადებს.

მსგავსი განცხადებები ძალიან საშიში და სამარცხვინოა, რადგან ისინი ეჭქვეშ აყენებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასაც კი.

მსგავსი განცხადებები გვაკარგინებს პერსპექტივას, ვიყოთ ძლიერი ალიანსის წევრი სახელმწიფო, რასაც თქვენც იმსახურებდით.

ასეთი ტიპის განცხადებები გვაკარგინებს, ჩვენი ძლიერი დემოკრატი პარტნიორების მხარდაჭერას. თითოეული მათგანი კი მხარს გვიჭერს იმისთვის, რომ თავად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის.

და თუ თავადვე შევიტანეთ ეჭვი საკუთარ თავსა და სიმართლეში, მაშინ რაღატომ  გამოიდებს თავს, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა 2008 წელს.

მაშინ, როდესაც რუსებმა გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ თბილისის ცენტრში ხიდის დაბომბვას აპირებდნენ, ამ კაცმა თქვა: „დამიდგით საწოლი ამ ხიდზე, ღამეს იქ გავათევ და გამოაცხადეთ ტელევიზიით, რომ თუ ისინი დაბომბავენ ხიდს, ისინი მოკლავენ ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს“.

თუკი თავად არ ვიქნებით დარწმუნებული ჩვენსავე სიმართლეში, მაშინ, რატომ ჩამოვლენ  საქართველოში მსოფლიოს ლიდერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად? როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს სარკოზიმ, კაჩინსკიმ, იუშენკომ...

ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩემო მეგობრებო...

ჩვენი სამშობლო, ხშირად, კავკასიის ქედთან მიჯაჭვულ ამირანს ჰგავს. ამირანმა მოინდომა გათავისუფლება, ჯაჭვის გაწყვეტა და გამოგვიცხადეს ენერგეტიკული ემბარგო. ჩვენ არ შევეგუეთ და გავაგრძელეთ ბრძოლა.

შემდეგ გამოგვიცხადეს ეკონომიკური ემბარგო; გამოგვიყარეს მოქალაქეები რუსეთიდან - ჩვენ მაინც გავწყვიტეთ ჯაჭვი.

შემდეგ გამოგვიცხადეს ღია ომი - შემოიჭრნენ, დაიწყეს ომი და მოხდა სასწაული - ამირანი არა მხოლოდ არ დასუსტდა და არ ჩაიქნია ხელი, არამედ მოვიკრიბეთ ძალა, საბოლოოდ გავწყვიტეთ ბორკილები და დაიწყო სახელმწიფოებრიობის ყველაზე სწრაფი განვითარება, ყველაზე სწრაფი აღმშენებლობა.

ჩვენ წამოვდექით ფეხზე, გავიმართეთ წელში და მსოფლიო აღფრთოვანებით შემოგვცქეროდა, რომ ამხელა არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველომ ეს შეძლო.

ჩვენს მეციხოვნეს საკუთარი პრობლემების გამო, პრინციპში, არავითარი შანსი აღარ დარჩა, ისევ მიგვაჯაჭვოს კლდეს და ახლა გაჩნდა საფრთხე, რომ თვითონ მივაჯაჭვოთ საკუთარი თავი.  

დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება, თან იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მეციხოვნე - რუსეთი ბევრი (დემოგრაფიული, ენერგეტიკული, ეკონომიკური, პოლიტიკური) პრობლემის გამო, ძალიან სუსტდება და, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, უახლოეს წლებში მას აუცილებლად მოუწევს კავკასიის დატოვება.

რაღა თქმა უნდა, მაშინ მას არც საქართველოსთვის „ეცხელება“.

ძალიან ძნელია საქმის კეთება და ძალიან ადვილია სხვას გადააბრალო ის, რომ საქმე არ კეთდება; ძალიან ძნელია აშენება და ძალიან ადვილია დანგრევა; ძალიან ძნელია სწრაფი განვითარება და ძალიან ადვილია ამ განვითარების შეჩერება; ძალიან ძნელია ძლიერი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ძალიან ადვილია დანებება.

ჩვენ მარტივ გზას არ და ვერ ავირჩევთ, რადგან საქართველოსთვის ეს მარტივი გზა გარდაუვალ დასუსტებას და დაღუპვას ნიშნავს.

ჩვენი ძალა ერთობაშია!

არის ბევრი საკითხი, რომელთა თაობაზეც პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ეთანხმებიან.

არც მე ვეთანხმები საქართველოს მთავრობას ბევრ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად გადადგამს.

ამ შემთხვევაში, ჩემზე დიდი ქომაგი და დამცველი მათ არ ეყოლება და ვიამაყებ მსგავსი ნაბიჯებით.

ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ პროგრესის გაგრძელებაზე, რადგან პროგრესის ალტერნატივა არ არის უკუსვლა და რეგრესი.

სახელმწიფოს ჩამოშლა ნიშნავს ქაოსის წარმოქნას ეკონომიკაში, ქუჩებში, სკოლებში, ადამიანების გონებაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიმართულება უნდა იყოს პროგრესი, თავისუფლება და წესრიგი.

წინა წლებში ჩვენ ძლიერი ინსტიტუტები შევქმენით, რომლებსაც აქვთ სერიოზული სიმტკიცე.

ღმერთი ჩვენ არ გაგვწირავს და ყველაფერი დალაგდება.

იმედია, ეს ინსტიტუები გაძლებს და არ ჩამოიშლება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ შეძელით და მოიგერიეთ, თუნდაც, ის ბოლო შეტევა, რომლის შესახებაც მიყვებოდა გენერალ-მაიორი მილერი.

მართლაც, პირადად ვნახე, როგორ იგერიებდით შეტევას ახალი წლის ღამეს შუკვანის ბაზაზე და ახლა მიყვებოდნენ, თუ როგორ მოიგერიეთ ბევრად უფრო სერიოზული შეტევა ამ რამდენიმე დღის წინათ.

თქვენთან ერთად, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლებში საქართველოს აშენებდა, ვინც შექმნა ახალი ქალაქები, გზები, სკოლები, ახალი სავადმყოფოოები, მაგრამ ყველაზე მეტად მათ, ვინც შექმნა თავდაცვის ახალი სისტემა, შეიარაღების ახალი სისტემები.

ჩვენ სასწაული მოვახერხეთ - ჩვენი იარაღი შევქმენით.

მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სისტემის მაშინდელ მესვეურებს.

მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც საქართველოს აუწყო თავდაცვის სისტემა; მათ, ვის გამოც ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან და ქუჩაში სიარულის არ ეშინიათ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო ვანო მერაბიშვილთან და მის მოადგილეებთან მუშაობა. მათი ტიტანური ძალისხმევის წყალობით, ქართულმა სახელმწიფომ მიიღო ინსტრუმენტი, რომელიც მას გარე მტრებისგან იცავდა და რომელიც შიდა წესრიგს ინარჩუნებდა.

მგონია, რომ ეს სიძნელეები დროებითია, ღრუბლები გაიფანტება და ისეთივე კაშკაშა მზე ამოვა  ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კაბადონზე, როგორც ახლა ავღანეთის ცაზეა.

სიძნელეების მიუხედავად, ყველაზე დიდი დანაშაული იქნებოდა ხელის ჩაქნევა და მოდუნება.

თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ უკან დახევაზე ერთადერთი პასუხი არის გადაჯგუფება და ხელახალი წინსვლა.

ერთადერთი პასუხი მარცხზე არის გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება.

ჩვენ დიდ საქმეს ვემსახურებით და ჩვენი მიზანი კეთილშობილურია.

ჩვენი მიზანი არის პროგრესის გაგრძელება, ჩვენი მიზანი არის თავისუფლების გამტკიცება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ჩვენი მიზანი არის წესრიგის აღდგენა და შენარჩუნება.

მაშინ, როდესაც ასეთი დიდი და კეთილშობილური მიზნები გვაქვს, უფალი არა მხოლოდ არ გაგვწირავს, არამედ განსაკუთრებულ ძალასაც მოგვცემს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ  გასამარჯვებლად.  

ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი განსაკუთრებული ქვეყნის -  საქართველოს მფარველი.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)