Google+

გამოსვლები და განცხადებები

05.03.2013
საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გვიხარია ჩვენი ძველი მეგობრის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ნახვა, რომელიც საქართველოს მრავალი წლის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგული მეგობარია. 

საქართველოში მას, რეალურად, ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან.

ჩვენი დღევანდელი საუბრის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება - მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირსა და ნატო-ს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ და მიუხედავად ჩვენი შიდა განსხვავებებისა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გვსურს ევროპული კურსის გაგრძელება.

გუშინდელი ჩვენი შეხვედრა არ უნდა დარჩეს შეხვედრად.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა რაღაც სახით მაინც აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან.

თუ ჩვენ ახლა ნაკლები სტაბილურობისკენ წავედით ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეექმნა საფრთხე, მაშინ ამის მთავარი გაგრძელება იქნება ის, რომ შეიძლება ჩამოვრჩეთ იმ პროგრესსა და ტემპს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის პროცესში გვქონდა.

ეს არც მთავრობას უნდა სურდეს და, რა თქმა უნდა, არც მე.

ჩვენ ყველანი და პირადად მე დიდი რუდუნებით ვაშენებდით ამას და, რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა არავის სჭირდება. პირიქით, ახალმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. შესაძლოა, ბევრი რამ უკეთესადაც გააკეთოს, რაც გამიხარდება.

ამიტომ ჩვენი ერთობლივი მიმართვა, რაზეც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ჩვენ ერთად უნდა დავეხმაროთ ხალხს, ამისთვის კი ევროპისკენ სვლა ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი ევროპაში, რომელიც ასევე გვატარებს ამ გზაზე და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს.

ამიტომ ვუბრუნდებით ჩვენს წინადადებას. ვფიქრობ, შევთანხმდებით, რომ ერთობლივადაც მივმართოთ ევროპულ ინსტიტუტებს და ორივემ ერთად მოვაწეროთ ხელი - მეც და პრემიერ-მინისტრმაც.

ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია.

ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სახლში და გვსურს ნატო-ში შესვლა.

ჩვენ როგორი განსხვავებული მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს, ყველაფერს გვერდზე გადავდებთ, როდესაც საქმე საქართველოს მომავალს შეეხება, ჩვენს სტრატეგიულ ხედვასა და ინტერესებს.

მსურს დავამატო, რომ ვილნიუსის სამიტი, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაში იმართება, ძალზე  მნიშვნელოვანია და გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ჩავსხდეთ იმ მატარებელში, რომელიც ევროკავშირის წევრობას მოგვიტანს.

საქართველოში ჩვენ გავხსენით აეროპორტები, რომლებიდანაც შეიძლება იაფად ფრენა - მაგალითად, ქუთაისიდან ევროპაში.

ჩვენ ძალიან ახლოს მივედით იმ ეტაპამდე, რომ ქართული პასპორტით უვიზოდ შეხვიდე ევროპაში; ბაჟის გარეშე შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია.

ამიტომ ახლა არის ისტორიული შანსი, რომ ჩვენ ამ მატარებელს არ ჩამოვრჩეთ.

თავის დროს, იმის გამო, რომ საქართველოში 90-იან წლებში იყო არეულობა და სამოქალაქო ომი, ჩვენ ჩამოვრჩით იმ მატარებელს, რომლითაც ლიტვა ჩავიდა ევროპასა და ნატო-ში.

ახლა აღარ უნდა გავებათ იგივე ხაფანგში - ახლა ლიტვა იქ არის და გველოდება შემდეგ სადგურზე.

ვილნიუსის სამიტი, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი რამდენიმე თვე იმით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, რომ ერთმანეთს პრობლემები შევუქმნათ და დავჭამოთ, პირიქით, ყველამ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, რათა ვილნიუსის სამიტზე კარგ ფორმაში ვიყოთ.

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი

მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და პრემიერ-მინისტრის ნაკისრ ვალდებულებას.

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პოზიტიური სიგნალები საქართველოდან იმის თაობაზე, რომ ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი, შეუქცევადი და ერთიანი.

მჯერა, რომ ყველა შიდა პრობლემა გადაიჭრება და წინა პლანზე ეროვნული ინტერესები წამოიწევს.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ საქართველოს მეგობრები.

საქართველოს ჩვენ დავეხმარებით ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც თავად აირჩევს, მათ შორის, ინტერესის, ღირებულებების, ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვიყოთ ერთად.

ნოემბრის დამლევს, სამიტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მიღწევები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დასრულდება მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

წინა კვირას თქვენ გაგაცნეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომლის ეტაპები სამიტამდე გავლილი იქნება.  

თქვენ კარგ გზას ადგახართ, იმედია დროს არ დაკარგავთ, წარმატებას მიაღწევთ და რეალურ შედეგებსაც მიიღებთ.

დიდ მადლობას გიხდით თბილი შეხვედრისა და ამ შესაძლებლობისთვის. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)