მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ, რათა ვეღარავინ ვერასდროს დაგვაბრუნოს უკან
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით თქვენ და თქვენი სახელით მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს ვიტალი კლიჩკოს.
ამას წინათ, უკრაინაში ვიყავით, იქ რაღაც დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე. თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია, როგორი აღფრთოვანებით გველაპარკებიან საქართველოში წინა წლებში განხორციელებული რეფორმების თაობაზე.
ამ შეხვედრაზე მოსული იყო უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი - ერთ-ერთი იმ სამთაგანი, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა „ბელავეჟსკაია პუშჩაში“.
ლეონიდ კრავჩუკი მოულოდნელად მოვიდა, ადგა, სიტყვა მოითხოვა და თქვა: ბოლო ამ წლების განმავლობაში, როდესაც სადღაც ქუჩაში მეცემოდა ხოლმე ვინმე და მეტყოდა, რა უბედურება დამატეხე თავს, რატომ დაშალე ეს აწყობილი ქვეყანაო, მე ვეუბნებოდი: „შეხედეთ საქართველოს - აი, ასეთი ქვეყნები რომ გაჩნდა, მხოლოდ ამიტომ ღირდა ის საზიზღარი ქვეყანა დაშლილიყო და ახალი ქვეყნები წამოსულიყო.
მაშინ კრავჩუკმა მითხრა: ძალიან გთხოვ, ახლა სიბერე არ გაგვიმწაროთო და დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო.
სიმბოლური იყო ის, რომ 2012 წელს საქართველო პირველად გადავიდა იმ ზღვარს, რომელიც გვქონდა 1989 წელს და რომელშიც დაბრუნებას გვიქადდნენ - 89 წელს საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე დიდი ერთიანი ეროვნული პროდუქტი და ჩვენი ხელმძღვანელობით, 2012 წელს საქართველო გადაცდა ამ ზღვარს.
უკან დასაბრუნებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს, არაფერი აღსადგენი ჩვენ არ გვჭირს და ჩვენ იქ არაფერი არ დაგვრჩენია, როგორც ჩვენ მოგვიწოდებენ, ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ, რათა ვეღარავინ ვერასდროს დაგვაბრუნოს უკან.
თქვენ იცით, რომ ამ კვირების განმავლობაში ისევ დიდი რაოდენობით შემოდის ნარკოტიკები. კარგად მახსოვს, ვანო მერაბიშვილი ადრე ამბობდა ხოლმე: ყველაფერს რაღაცას ვუშველით, მაგრამ ნარკომანია როგორ დავამარცხოთ, არ ვიციო. რამდენიმე წლის შემდეგ, მანვე თქვა: აი, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ნარკომანია პრაქტიკულად დავამარცხეთო.
ახლა მიყვებოდნენ, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობით შემოვიდა ნარკოტიკი, რომელსაც „კროკოდილი“ ჰქვია. თურმე, ამ „კროკოდილს“ დამახასიათებელია ის, რომ მისი გამოყენების შემდეგ, გგონია რომ მიდიხარ წინ და სინამდვილეში იწყებ სიარულს უკან.
ქართული პოლიტიკური კლასის სერიოზული ნაწილი აშკარად რუსეთიდან შემოტანილი ამ უბედურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება - გოგი ოჩიაურს მინდა დავეთანხმო.
ჩემო მეგობრებო,
იმ რთულ დროს, როდესაც ახალი ამბები დაპატიმრებების, არჩეულ ორგანოებში შეჭრის, ზეწოლის და მუქარების შესახებ ქვეყნის ყველა კუთხიდან ვრცელდება, როდესაც ჩვენს პრინციპებსა და მეგობრებს უტევენ, ძალიან მიხარია, რომ ყველას ერთად გხედავთ.
რა შევქმენით ჩვენ? საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით პოლიტიკური ერთობა.
ჩვენ ხომ გვასწავლიდნენ, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ერთად დგომა, ქართველები ყოველთვის ღალატობენ ერთმანეთს, ქართველები მტერს უფრო შეეკვრებიან, ვიდრე ერთმანეთს... ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ნაციონალური მოძრაობის ჯგუფი და მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან პატარა გამოანკლისების გარდა, ვერ გაგვტეხა ვერც საგარეო აგრესიამ და ვერც საშინაო ხრიკებმა.
ისინი, ვისაც ახლა გადაწყვეტილი აქვს ჩვენი განადგურება, როგორც თავად ამბობენ, სურთ სათითაოდ გამოგვიჭირონ საკრებულოებში, სადარბაზოებში და აღმოგვიჩინონ ნარკოტიკები და იარაღები, ოჯახებში შემოგვივარდნენ, დაატერორონ ჩვენი ოჯახის წევრები, აუცილებლად ჩაფლავდებიან, რადგან ისინი ვერასდროს ვერ იქნებიან ერთიანი. ჩვენი ძალა ერთობაშია!
იმ ხალხს, ვისაც დევნიდნენ, ანადგურებდნენ და ავიწროებენ ეს ახლადგამოჩეკილი მონადირეები, მინდა ვუთხრა: შეხედეთ ამ დარბაზს, როგორც არასდროს მიხარია, რომ აქ შეკრებილს გხედავთ, როგორც ერთიან, შეკრულ ოჯახს, რადგან ჩვენ ვიყავით ერთიანი, ვართ ერთიანი და აუცილებლად უნდა დავრჩეთ ერთად.
ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს იმდენად ძლიერია, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი კავშირისა და ერთიანობის განადგურება. ის, რაც ჩვენ გვაკავშირებს, არის ჩვენი ერის მომავლის საერთო რწმენა, ჩვენი დემოკრატიის ურყევი რწმენა.
გუშინ საქართველოს სამართლებრივ ლექსიკონში ერთ-ერთი ახალი ბრალდება გაჩნდა - თქვეს, რომ ჩვენი მთავრობის ყოფილი წევრი დასაპატიმრებელია მისი ინტელექტის გამო და მისი გარეთ სიარული არ შეიძლება.
თუ ამ ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ, მომავალში დღევანდელი მთავრობის არც ერთ წევრს არ ემუქრება დაპატიმრება.
დღეს აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მორიგი პოლიტიკური სიტყვა წარმოვთქვა და ახლანდელ მთავრობას შევუტიო. ამ მთავრობის მისამართით სათქმელი ბევრი იქნებოდა და ჩვენ ეს ყველამ ვიცით.
ამ თვენახევრის განმავლობაში ამ მთავრობას უფრო მეტი შეცდომა ჰქონდა, ვიდრე ჩვენ 8 წლის განმავლობაში და მათი ჩამოთვლა რომ დამეწყო არ იქნებოდა სწორი.
განსხვავება იყო ერთი - ჩვენ ვიცოდით საით მივდიოდით.
ბევრი იქნებოდა სათქმელი იმ საარჩევნო დაპირებების თაობაზე, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლიდან, პრაქტიკულად, 2 საათში პირდაპირ ოცნების სასაფლაოზე მოისროლეს.
ასევე ბევრის თქმა შეიძლება ყოველდღიურ შეტევებზე აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით; ჩვენს დაკითხულ და დევნილ მეგობრებზე, ამ რეპრესიებზე...
ეს არის ხალხი, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ.
მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, ჩვენ ყველამ ერთად - სწორედ ამ ადამიანებთან ერთად შევქმენით ბოლო წლებში თანამედროვე სახელმწიფო საქართველოში, კავკასიაში, ევროპის ამ ნაწილში და ჩვენ ამას ვერავინ ვერასდროს ვერ წაგვართმევს!
ამიტომ, ვფიქრობ, დღეს უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ ამ მთავრობის არაადეკვატურ და მომავლისთვის ძალიან დიდი საფრთხისშემცველ ქცევაზე, არამედ იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მათგან განსხვავდება.
მათ მოიპოვეს რიცხობრივი უმრავლესობა, მაგრამ მინდა ბატონ გოგი ოჩიაურს გამოვეხმაურო. შეიძლება პარლამენტში მსხდომ ხალხს, შესაძლოა და, რა თქმა უნდა, აქვს კიდეც წარმოუდგენლად მეტი ფული, უფრო მეტი ხმა და მეტი ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ თავადაც უჭირთ ეს გაითავისონ, რადგან ისინი არ არიან მთავარი უმრავლესობა. მეც ასე ვფიქრობ, რადგან მთავარი უმრავლესობა, მორალური, ზნეობრივი, სიმართლის უმრავლესობა ვართ ჩვენ და ასეთებად უნდა დავრჩეთ.
ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სვლა; ამიტომ, როდესაც ხარ ზნეობრივი უმრავლესობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა სიმართლე. ჩვენ გაგვისწრო ძალამ, რომელიც არ იღებს დემოკრატიული თამაშის არც ერთ წესს და მუდმივად შეტევის ქვეშ ვიმყოფებით.
როდესაც ამ პარტიული კონფერენციისთვის ვემზადებოდით, ბევრმა ჩვენგანმა იკითხა: არის ახლა სიმართლის თქმის მომენტი? ხომ შეიძლება სიმართლე ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ?
ამაზე უკეთესი მომენტი სიმართლის სათქმელად არ არსებობს!
მსოფლიოს გარშემო პოლიტიკოსები და ჩვენ ვიცით, ბევრი ჩვენგანი მუდმივად საზოგადოების აზრის გამოკითხვას.
მსოფლიოს გარშემო პოლიტიკოსები კვლევებს აკვირდებიან და ფოკუს ჯგუფებს იყენებენ იმისთვის, რომ გაიგონ რა უნდა ითქვას და რა არა; რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა.
მეც ვაკეთებდი ამას.
ახლა კი აღარ მსურს ამის გაკეთება. მე მინდა ვთქვა რას ვემხრობით ამ ოთახში და მის გარეთ: პარტიაში და პარტიის ფარგლებს გარეთ - ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებას სულ უფრო მეტად აღარ მოსწონს ეს მთავრობა და ეს გარდაუვალი პროცესია.
როგორც ლინკონმა თქვა, შეიძლება, ვიღაცეები მოატყუო ერთი პერიოდი, ცოტა ხანი, შესაძლოა, მთლიანად მოატყუო პატარა ჯგუფი, მაგრამ დიდ ჯგუფს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ ვერ მოატყუებს.
თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავიწყებთ იმ ხალხის დარწმუნებას, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ მისცა ხმა იმის მოლოდინით, რომ ახალი მთავრობა ჩაიჭრება, რადგან ჩვენ, როგორც ქართველი პატრიოტები, არ შეიძლება გვახარებდეს ვინმეს, თუნდაც, ამ მთავრობის მარცხი; თუნდაც ის, რომ კისერი წაიტეხოს, რადგან თუ ისინი ამ ტემპით წაიტეხენ კისერს, როგორც ისინი ახლა აკეთებენ წარმატებით, ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჩვენ დავბრუნდებით და ვიტყვით, თუ რას ვემხრობით საკმაოდ თავდაჯერებულად; დავბრუნდებით იმისათვის, რომ იმ ხალხთან გვქოდნეს დიალოგი, რომელმაც ხმა არ მოგვცა ჩვენი შეცდომების გამო, თუმცა კი მაინც ემხრობიან ჩვენს მთავარ პრინციპებს და რომელსაც მოსწონს მთლიანობაში ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი ჩვენი ფასეულობებით.
ჩვენი მთავარი პოლიტიკური პრინციპი კი არის ის, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც თანმიმდევრულად, ბოლომდე მიყვება ევროპული, ევროატლანტიკური მოდერნიზაციის გზას.
ჩვენ პატრიოტები ვართ და ეს არის ყველაზე პატრიოტული პარტია საქართველოში.
როდესაც მე მეუბნებიან, რომ არ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა - საქართველო უმნიშვნელო ქვეყანაა, თავის დროს ეს რომ დავით აღმაშენებლს ეთქვა, ქვეყანა აღარ გვექნებოდა.
ამას წინათ ერთმა ძალიან ცნობილმა არაბმა მოაზროვნემ მითხრა შეწუხებულმა: ახლანდელი თქვენი მთავრობა ამბობს, რომ საქართველო უმნიშვნელო ქვეყანაა, ჩვენ კი თანდათან დავიწყეთ გათავისება რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ხართ რეგიონში. თავის დროს, სინგაპურის შემქმნელს რომ ეთქვა ეს უმნიშვნელო ქვეყანააო, ვერავინ გაიგებდა თუ იყო სინგაპურიო.
ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რა მნიშვნელობის ქვეყანას წარმოვადგენთ, რომ საქართველო ახლა არ ცხოვრობს როგორც წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მიმართულება და მტკიცედ უარვყოფთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოსკენ.
ესენიც ამბობენ, რომ ევროკავშირი და ნატო კარგია, მაგრამ მხოლოდ თქმა არ კმარა - თუ შენ გინდა ევროკავშირი და ნატო, რუსეთის ჯაშუშები უნდა ისხდნენ ციხეში და არ უნდა გამოუშვა გარეთ როგორც პოლიტიკური პატიმრები!
თუ შენ გინდა ევროკავშირი და ნატო, ის ფანატიკოსები, რომლებიც შეიჭრნენ ტელევიზიაში და ცემეს ჟურნალისტები, თუნდაც ის ჟურნალისტები, რომლებიც არ იზიარებდნენ სამთავრობო კურსს, არ შეიძლება გამოვაცხადოთ წამებულებად და, ამავე დროს, დაიჭირო ისინი, ვინც შექმნა ახალი ევროპული ინსტიტუტები, ვინც გაათავისუფლა საქართველო კორუფციისგან, ვინც საქართველო დააყენა თანამედროვეობის რელსებზე.
ყოველივე ეს ერთდროულად არ ხდება. შენ ან ხეთაგურს, გვარამიას, დამენიას, ნიკა გილაურს ატარებ ცხვარივით აქეთ-იქით დაკითხვაზე, ე.ი. არ სცემ არაფერს პატივს - არც შენს ინსტიტუტებს, არც შენს ქვეყანას; ან ვანო მერაბიშვილს ედავები სისულელეს ანდა მიისწრაფვი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ.
ორივე ერთად არ ხდება.
ჩვენ ავაშენეთ საუკეთესო იუსტიციის ცენტრი ყვარელში - მოსამართლეებისა და პროკურორების გადამზადების ცენტრი. თუმცა რისი სწავლებაც შეგვეძლო ამ ცენტრში ამერიკელებისა და ევროპელების დახმარებით, ახალი მთავრობის წარმომადგენლებს არ აინტერესებს.
ამ ცენტრში უმაღლესი კლასის აღჭურვილობა იყო, მიდიოდნენ ბაკალავრები კარგ პირობებში და ვასწავლიდით მათ. ეს ცენტრი იყო ქართული სახელმწიფო აპარატის ნიშანი, როგორც იუსტიციის სახლები და სხვა დანარჩენი.
გუშინწინ ვნახე, რომ ამ ახლადაშენებული ცენტრის ფოიეში დამწყები პროკურორებისა და სტაჟიორების ნაცვლად, ძროხები შეეშვათ და ეზო, რომელიც დიდი რუდუნებით მოვაწესრიგეთ, მთლიანად გადამჭმული იყო.
აი, ეს არის დღევანდელი რეალობა, მაგრამ მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს მართლაც ძალიან მაწუხებს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირსა და ნატოზე, არ შეიძლება სტალინის ძეგლი აღადგინო გორსა და ალვანში.
ვიცი, რომ არაპოპულარულია არის ამის თქმა, რადგან ზოგიერთ ჩვენს ამომრჩეველს სტალინი კარგი კაცი ჰგონია - ბაბუაჩემი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, სტალინსაც კარგ კაცად მიიჩნევდა ბოლო დღემდე.
ერთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა მხარდამჭერმა მითხრა: ყველაფერში გიჭერდით მხარს, მაგრამ სტალინი არ უნდა აგეღოთო.
ჩემო მეგობრებო,
მინდა გითხრათ, რომ არ შეიძლება ერთნაირად სცემდე პატივს ილია ჭავჭავაძესა და იოსებ სტალინს; არ შეიძლება ერთდროულად მოგწონდეს წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც იყო უდიდესი მოღვაწე ჩვენი ეკლესიის და ნამდვილად დიდი ქართველი და ეს საბჭოთა მოღვაწეები...
ჩვენ ახლა პოლიტიკურ რინგზე ვიმყოფებით. პირადად მე ბევრი ორთაბრძოლა მომიგია, მაგრამ წამიგია კიდეც. ვიცი, რომ წაგება და მოგება ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.
ჩვენ აუცილებლად წარმოვდგებით ფეხზე და აუცილებლად გავიმართებით წელში ჩვენს ქვეყანასთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, არც მე ვაპირებ კრივის ხელთათმანები სადმე ჩამოვკიდო ან კარადაში დავმალო, რადგან მეც მინდა ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი.
ჩვენი მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. ბოლო რაუნდს ჩვენ და ქართველი ხალხი ერთად მოვიგებთ.
მე თქვენთან ვარ და ერთ-ერთი თქვენგანი ვარ!