Google+

გამოსვლები და განცხადებები

18.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთელებს ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება მიულოცა

ფოთისთვის ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი დღეა.

ეს არის ფოთის თავისუფალი ზონის იდეა, რომელიც რეალურად ისხავს ხორცს და შინაარსით ივსება.

ამ ქარხანასთან და მის მისადგომთან ერთად, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ეს ნიშნავს 1500 დასაქმებულ ფოთელს, რაც ეტაპობრივად დაიწყება დღევანდელი დღიდან.

ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ 3-4 მსგავსი საწარმო  და ფოთში, სუფსასა და მის გარეშემო უმუშევრობის პრობლემა საერთოდ აღარ იქნება.

ვიცი, რომ დღესაც, მაგალითად, სუფსიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ზაფხულობით თურქეთში მიდის სამუშაოდ.

მაგრამ ფოთში არის გადამზადების ცენტრი, ასეთივე ცენტრები არის გურიაშიც, სადაც ხალხს იმ პროფესიების ათვისებაში დავეხმარებით, რომლებიც ამ ქარხნებში სამუშაოდ არის საჭირო.

ამ ქარხნის გარდა, აქ იხსნება მეტალოკონსტრუქციის ქარხანა; ასევე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ დამატებით კიდევ 4 თუ 5 ქარხნის გახსნაზე, რის შემდეგაც ფოთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი გახდება.

ამ დონის ქარხნების აშენება, მილიარდიანი ინვესტიციით, ნიშნავს იმას, რომ ფოთი უკვე ხდება ინდუსტრიული ცენტრი.

ყოველივე ამას ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით - ჯერ მივიღეთ კანონი, შემდეგ ფოთში შევიყვანეთ მაღალი წნევის ბუნებრივი გაზის მილი და ეს ამ ქალაქში არც ერთი მთავრობის პირობებში არ გაკეთებულა.

ამას თითქმის სამი წელიწადი და ძალიან დიდი ინვესტიცია დასჭირდა, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ.

აქეთ გზებიც მოსაყვანია... რა თქმა უნდა, პარალელურად ფართოვდება კომუნიკაციები, უკვე მოვიდა რკინიგზაც... ფოთში შენდება დიდი აეროპორტი, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება, რასაც მოჰყვება ფოთის პორტის შემდგომი გაფართოება და ინტენსიურობის გაზრდა.

ამავე დროს, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ ქალაქ ლაზიკას, რომელთან დაკავშირებითაც უამრავ მოსაზრებას გამოთქვამენ.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელება, ჩადებულ თანხასთან შედარებით ოთხმაგ შემოსავალს მოგვიტანს, რომელსაც დანარჩენ საქართველოზე გადავანაწილებთ.

ეს ვინმეს აკვიატება კი არა, პერსპექტიული პროექტია. გვინდა, რომ ჩავდოთ თანხა და ბევრად მეტი ფული ამოვიღოთ.

აქ, სწორედ ლაზიკას ტერიტორიაზე, ანაკლია-ყულევის ზონას შორის არის ერთადერთი ყველაზე ღრმა კანიონი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის სიღრმე 20 მეტრია.

ამას გარდა, შავ ზღვაზე არის მხოლოდ ერთი ასეთი პორტი, ეს არის კონსტანცა - არც ნოვოროსიისკს, არც ოდესას, არც ილიჩოვსკს, არც ტრაპზონს, არც ოჩამჩირეს, არც შავი ზღვის აუზის ნებისმიერი სხვა პორტს აქვს ამ ადგილის მსგავსი პარამეტრები.

ამ პორტის განვითარებისთვის ჩვენ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ვდებთ, ეს პორტი კი ააშენებს ქალაქს და უახლოს წლებში რამდენიმე მილიარდიან შემოსავალს მოგვიტანს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ იმას კი არ ვხარჯავთ, რაც არ გვაქვს, არამედ ვდებთ მინიმალურ ინვესტიციას, მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად, რათა ბევრად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ბევრად მეტი ადამიანი გამდიდრდეს და, რა თქმა უნდა, შეიქმნას პორტის სასაწყობე მეურნეობები, წარმოებები, რომლებიც ერთ ზონაში მოიყრის თავს და თავისთავად უზრუნველყოფს ქალაქის შექმნას.

ეს არის ძალიან კონკრეტული ბიზნესგეგმა, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზეა გათვლილი.

ამ გეგმის განხორციელებას - ლაზიკის მშენებლობას ჩვენ უახლოეს დღეებში ვიწყებთ და ეს მხოლოდ გააძლიერებს ფოთს.

ფოთი ხდება ინდუსტრიული ზონა.

აქ იყო სრულიად გამოუყენებელი ტერიტორია - ეს იყო სამხედრო პოლიგონი და ნახეთ, როგორი საწამო იქმნება ახლა.

ნახეთ, ყულევის ტერმინალი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დროს აშენდა.

ნახეთ, ქალაქი ანაკლია, რომელიც წელიწად-ნახევარში, პრაქტიკულად, ცარიელ ადგილზე აშენდა. ის, ვინც ახლა დაგვცინის, ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიდეს ექსკურიაზე და საკუთარი თვალით ნახოს ყველაფერი.

ანაკლიის გაგრძელებაზე აუცილებლად აშენდება ლაზიკის პორტი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ამას მოჰყვება ქალაქის მშენებლობაც.

ჩვენი არაოკუპირებული ტერიტორიის არც ერთი კვადრატული მეტრი არ დაგვრჩება აუთვისებელი. 

აფხაზეთში, ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩენილი ჩვენი თანმემამულეებისთვის, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი სიმბოლო - ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, ყოველივე ამას აქვს გადამწყვეტი, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიის რეინტეგრაციისა და საქართველოს დეოკუპაციისთვის.

ყველაფერი ერთ სისტემაშია მოქცეული და ჩვენ ნამდვილად ვიცით რასაც ვაკეთებთ.

ამ ქვეყანაზე მუდმივი არავინ არის და ყოველივე ეს ნამდვილად არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას ან მთავრობას.

ეს არის გრძელვადიანი, მრავალწლიანი გეგმებია და, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს იმის მიუხედავად, თუ ვინ მიიღებს ამ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, მათ შორის, მეც, შემდგომი წლების განმავლობაშიც გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგემების განსახორციელებლად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიის ან ერთი მთავრობის საკუთრება - ეს კეთდება სრულიად საქართველოსთვის და ნიშნის მოსაგებ თემად არ უნდა იქცეს.

ნაციონალური იდეა უნდა იყოს ის, რომ შენი ქვეყნის სანაპიროს ეს ნაწილი განვითარდეს და თითოეულმა ადამიანმა, საქართველოს მცხოვრება, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მიიღოს მეტი სარგებელი.

ნებისმიერი პოლიტიკური თუ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, მსგავს თემებთან დაკავშირებით ყველა უნდა შევთანხმდეთ.

ეს პროცესი მალე ჩაივლის და აღმშნებლობა გაგრძელდება ზუსტად ისევე, როგორც მანამდე მიმდინარეობდა, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი გაკვეთილია.

მინდა აღგითქვათ ყოველგვარი მხარადჭერა და ფოთელებს ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი რამ არის ფოთისთვის.

ამ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, იქ, სადაც ადრე იყო ჭაობი, დღეს 1500 სამუშაო ადგილი გაჩნდა; გაჩნდა ინდუსტრია, გაჩნდა პერსპექტივა და ე.ი. გაჩნდება განვითარება და მეტი კეთილდღეობა ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის.

ჩვენ უკვე ყოველ დღე ვხსნით რაღაცას ახალს, დასრულებულ ობიექტს.

ოთხი დღის წინათ თელავის განახლება დასრულდა, შემდეგ ყვარლის, თუმცა ახალი იქაც ბევრია გასაკეთებელი; გუშინ გურჯაანში გავხსენით მთელი რიგი ობიექტები, ახლა ახალ მშნებლობას ვიწყებთ, ხვალ ახალი ქალაქის მშენებლობას ვიწყებთ, ამ დღეებში ისევ  დასრულებულ ობიექტებს გავხსნით ფოთში...

დაწყება და დასრულება ერთმანეთს ენაცვლება და ორივე ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს.

დასრულებულის გახსნა მსიამოვნებს იმიტომ, რომ ჩვენი დაპირებები სრულდება, თუმცა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს ახლის დაწყება, რადგან ეს არის მომავლის პერსპექტივა, ახალი  სიცოცხლე, მათ შორის, მიტოვებული ადგილებისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მიწებისთვის, ჩვენი ქალაქებისთვის, ე.ი. ჩვენი ხალხისთვის.

ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და ჩვენთან ერთად აშენებს ახალ საქართველოს.

გმადლობთ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)