Google+

გამოსვლები და განცხადებები

08.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის პორტში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით ყველას.

მიველსამები ოთხი წლის წინათ აქ დაღუპულთა ოჯახის წევრებს: 22 წლის ზვიად ბარბაქაძის დედას - ქალბატონ მთვარისას; 21 წლის თემურ ფიჩხაიას დედას - ქალბატონ ეთერს; გელა ჯიქიას მეუღლეს - თამილა ლაგვილავას; 21 წლის ზვიად ჩიჩუას დედას  - ნარგიზა სალუქვაძეს; 23 წლის ზვიად დათუაშვილის მამას - ბატონ რეზოს...

ძალიან კარგად მახსოვს ოთხი წლის წინანდელი ღამე.

მაშინ ყველანი თბილისში ვიყავით და თვალს ვადევნებდით ამ ბარბაროსულ, უპრეცედენტო თავდასხმას ჩვენ ქვეყანაზე, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მაშტაბით, სისასტიკით, ვერაგობით...

მაშინ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის სადაზვერო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ რუსეთიდან ორი სტატეგიული ბომბადმშენი აფრინდა ღამის დაბომბვების განსახორციელებლად.

მანამდე, ომის პირველი დღეებში იმის გამო, რომ ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა ჯერ კიდევ გამართული იყო - ჯერ კიდევ გვქონდა ჭურვები და რაკეტები და რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ, ასევე იმის გამო, რომ დღის პირობებში რუსმა მფრინავებმა უარი თქვეს დაბომბვებზე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გამოეშვათ ის თვითმფრინავები, რომლებიც ღამის ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი.  

ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ეს თვითმფრინავები თბილისის დასაბომბად მოდიოდა. ჩვენ გვქონდა საჰაერო დაცვის სისტემები თბილისის გარშემო. ერთი თვითმფრინავი, მართლაც, წამოვიდა თბილისზე, თუმცა ჩამოვაგდეთ.

ჩვენ ჩამოვაგდეთ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი! მანამდე არც ერთ ქვეყანას არ ჩამოუგდია ის და მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა ისტორიის განმავლობაში.

მეორე ბომბადმშენმა მოაღწია ფოთამდე, ჩამოაგდო აქ ბომბი და გეზი ბათუმისკენ აიღო. ჩვენ  ბოლო წუთს მოვასწარით, რომ ბათუმის პორტსა და აეროპორტში დენის გათიშვა.  განათებული ტრასა მათ პორტისა და აეროპორტის ტერიტორია ეგონათ და იქ ჩამოაგდეს ბომბი...

მაშინ აქ 10 ადამიანი დაგვეღუპა, 80-მდე ადამიანი კი, დაშავდა.

ფოთის პორტში გმირი თანამშრომლები გვყავდა.  

საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდებოდა მომარაგება; მაშინ, როდესაც გზები გადაჭრილი იყო, საჰაერო სივრცე კი - ჩაკეტილი და ელემენტარული სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტის წინაშე ვიდექით,  ამ ღირსეული და განსაკუთრებული ქალაქის პორტის გმირი თანამშრომლები, ჩვეულებრივ გამოვიდენ ღამის ცვლაში და სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფდნენ იმას, რომ სახელმწიფო არ გაჩერებულიყო.

ეს ადამიანები ნამდვილი გმირები იყვნენ, რადგან გმირობა სხვა არაფერია, თუ არა მსგავსი მოქმედება.

როგორი სულისკვეთებით უნდა გაეზარდა დედას შვილი, თუ არა ამ სულისკვეთებით!  

თითოეული მათგანი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაუდგა გვერდით საკუთარ  სამშობლოს და მტერმა მიზანს ვერ მიაღწია.

მტრის მიზანი ძალიან კონკრეტული იყო - დაეკნინებინა საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა; ჩაეკეტა სატრანზიტო და სატრანსპორტო გზები, მათ შორის, ეს არტერია - ფოთი; დაემხო საქართველოს მთავრობა და ფიზიკურად გაენადგურებინა ქვეყნის ლიდერები; შეეცვალა საქართველოს დემოკრატიული წყობილება; შეეჩერებინა მისი სვლა ევროპული ინსტიტუტებისა და ნატო-სკენ.

ამ მიზნებიდან დამპყრობელმა ვერც ერთს ვერ მიაღწია და მან ჩვენზე უკეთესად იცის, რომ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი არ შერჩება.

მან ჩვენზე უკეთესად იცის ის, რომ თუ საქართველო ბოლომდე გაიმართა წელში, განვითარდა ისე, როგორც ამას ვგეგმავთ, შევიდა ყველა წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტსა და ორგანიზაციაში, მას მოუწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და აქედან თავისი ჯარების გაყვანა.

აი, ეს არის დღევანდელი ვითარების ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა - საქართველოს მთელი პროგრესული, დემოკრატიული სამყარო უდგას გვერდით.

ჩვენ დაგვეხმარა ევროპა და ამერიკა ომის დღეებში.

ჩვენ დაგვეხმარა ეს ქვეყნები ომის შემდეგაც. მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა, თითქოს, წელში უნდა გადამტყდარიყო,  ჩვენი ძალებითა და უცხოური დახმარებით შევძელით წელში გამართვა.

ჩვენ გვეხმარებიან ისინი დღესაც, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

როდესაც გამოცხადდა, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ორგანიზაციის გაფართოებას მიეძღვნება, აღინიშნა ისიც, რომ ერთ-ერთი პირველი კანდიდატი არის საქართველო.

ისინი გვეხმარებიან დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვასა და მომზადებაში ისე, როგორც არასდროს და საქართველოს აქვს სრულიად ნათელი პერსპექტივა.

ჩვენმა მტერმა მის მიერ განხორციელებული აგრესიის ლეგალიზება ვერსად ვერ მოახერხა მსოფლიოში.

იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თვითმფრინავები მაშინ ფოთისკენ წამოვიდა და ეს მხოლოდ გასულ წელს გავიგეთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციის "ენვერი" შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ რუსეთის ჯაშუშური ქსელი. რუსეთის სამხედრო დაზვერვას მაშინ სწორედ ეს ხალხი აწვდიდა ინფორმაციას გემების გადაადგილებისა და სამუშაო ცვლების შესახებ, ასევე ტვირთებისა და მათი შემოსვლის დროსთან დაკავშირებით.

იმ სტრატეგიულ ბომბადმშენს, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ეს ბარბაროსული აქტი ფოთის მშვიდობიან პორტში, ქართველების ამ ჯგუფმა მისცა ზუსტი კოორდინატები.  

სამწუხაროდ, ასეთი ქართველებიც არსებობენ.

რადგან ამ თემას შევეხე, მინდა ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით - ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი ქართველის პოლიტიკოსისგან და მათ მედიასაშუალებებით მოვისმინე.

მოვისმინე სწორედ იმ დღეებში, როდესაც ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, რათა ერთად მივაგოთ პატივი ჩვენ დაცემულ გმირებს, ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, როდესაც ოჯახებს, რომლებიც დღეს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან, მოუშუშებელი ჭრილობა აქვთ და გლოვობენ ამ ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებიდან სრულიად უდროოდ წასვლას.  

დღეს დილით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალა, რომელმაც დაბომბა ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოიჭრა და ფეხქვეშ გათელა ჩვენი სოფლები და ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თურმე, ლეგალურად შემოვიდა. რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე, თურმე, სრულიად კანონიერად მოქმედებდა!

იმ ხალხს, ვინც ამას ამბობს, ელემენტარული ღვთისნიერება, იოტისოდენა წესიერება მაინც არ უნდა გააჩნდეს?!

ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ ყველაფერი იფიქრონ - ფიქრს მათ ვერავინ აუკრძალავს, მათ შეუძლიათ თქვან ის, რაც სურთ, რაგინდ ამაზრზენიც არ უნდა იყოს მათი აზრი, მაგრამ ნუთუ სოლიდარობის პატარა გრძნობა და უნარი მაინც არ გააჩნიათ, რომ გაიზიარონ საყოველთაო ტკივილი და დღეს მაინც არ ილაპარაკონ ამის შესახებ?! მაშინ, როდესაც ყველანი გაჩერებული უნდა ვიყოთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენს დაცემულ თანამოქალაქეებს, ჩვენს მებრძოლებსა და მშვიდობიან ხალხს.

ერთია, გეზიზღებოდეს მთავრობა და მეორეა, ამართლებდე აგრესიას შენი ქვეყნის წინააღმდეგ - შენი ქვეყნის დაპყრობისა და განადგურების მცდელობას.

არც ერთი კანონი არ კრძალავს საქართველოში ასე ფიქრს და ასე ლაპარაკს, მაგრამ არც ერთი კანონი არ გვიკრძალავს ჩვენც, გამოვხატოთ ის, რასაც ამ ხალხის შესახებ ვფიქრობთ.

ყველაზე დიდი პარადოქსი კი, ჩემო მეგობრებო არის ის, რომ დღეს იმ ომის მთავარმა ინიციატორმა და დამნაშავემ ვლადიმერ პუტინმა სრულიად ნათლად თვითონ  განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა და ამზადებდა შეიარაღებულ რაზმებს ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული ტერიტორიის შიგნით.

ეს არის საერთაშორისო აგრესიის კლასიკური სამართლებრივი განმარტება.

მაშინ, როდესაც ეს კაცი გამოდის და აღიარებს, რომ ეს მან ჩაიდინა, არიან ქართველი პოლიტიკოსები და რუსული ფულით დაფინანსებული მათი მედიასაშუალებები, რომლებიც ამ ფაქტის გარშემო თესავენ გაურკვევლობას, ქმნიან დაბნეულობას და სვამენ ერთი და იმავე შეკითხვას: ბოლოს და ბოლოს, მაინც ვინ დაიწყო ეს ომი?

მინდა მივმართო ამ კაცს  და ამ ხალხს: თვითონ პუტინმა თქვა დღეს ის, რომ მან დაიწყო ომი და რომ ამით ამაყობს კიდეც!

იქნებ გადახედოთ მთელი ამ ისტორიების თქვენეულ ვერსიებს  და მოაგროთ იმას, რაც თავად პუტინმა განაცხადა.

მე ძალიან კარგად მესმის ის, თუ რატომ დაგეგმა პუტინმა ჩვენს წინააღმდეგ ომი. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ 2005-06 წლებში ნათელი გახდა, საქართველომ განახორციელა ისეთი რეფორმები, რომელთა შესახებ შემდეგ მათ მოუწევდათ თქმა, რომ, ამ მხრივ, ყველამ უნდა მიბაძოს საქართველოს. როგორც ეს წინა თვეში გამოუვიდა მედვედევს.  

ვერავის წარმოედგინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე შესაძლებელი იყო კორუფციის დამარცხება, პოლიციის იესეთი რეფორმის განხორციელება, როგორც ჩვენ გავაკეთეთ...

მათ ვერ აიტანეს ასლან აბაშიძის გაგდება და მათთვის აჭარის წართმევა...

გასაგებია, რომ ეს მათ ვერ აიტენეს და ისიც ვიცი, რომ არიან საქართველოში პლიტიკური ძალები, რომელიც ვერ გვიტანენ ზუსტად იმავე მიზეზით, რომ კორუფცია დავამარცხეთ და სულ სხვა პოლიცია შევქმენით...

ბოლოს და ბოლოს, ძველი პოლიციელები გავუშვით ქუჩაში და მესმის, რომ ისინი ვერ გვიტანენ; მესმის, რომ ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები ვერ გვიტანენ; მესმის, რომ ასლან აბაშიძის გაშვებაც არ მოეწონა ბევრს და გუშინწინ ისიც გამოაცხადეს, ბოდიში უნდა მოვუხადოთო ასლანს...

ისიც შეიძლება გავიგო, რომ, შესაძლოა, უბრალოდ არ მოგწონდეს და თვალში არ მოგდიოდეს არც მთავრობა და არც სააკაშვილი, მაგრამ წყალსაც წავუღივართ მეც და ყველა...  ამ ხალხს მინდა მივმართო: არ უნდა იყოს განსხვავება პუტინსა და თქვენს შორის? ის პუტინია, მაგრამ თქვენ ხომ ქართველები ხართ?

როგორ შეიძლება იყოს გაურკვევლობა და დაბნეულობა იმის თობაზე, თუ ვინ დაბომბა ჩვენი სახლები,  ჩვენი ქალაქები, ეს პორტი; თუ ვინ გამოაძევა ჩვენი ხალხი და ვინ ყრიდა ამ ათწლეულების განმავლობაში?

არ შეიძლება იყოს დაბნეულობა და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის; არ შეიძლება იყოს გაურკვევლობა, დაბნეულობა და ორაზროვნება წარსულსა და მომავალს შორის; არ შეიძლება იყოს გაურკვევლობა, დაბნეულობა და ორაზროვნება თავისუფლებასა და მონობას შორის!

ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ერმა ეს ყველაზე კარგად იცის და არასდროს არ მიიღებს იმას, რომ ვინმემ დაბნეულობა, გაურკვევლობა და ორაზროვნება შეიტანოს ამ საკითხებთან დაკავშირებით.  

ის გააგრძელებს თავის სვლას, რადგან ამ ბიჭებს აქ თავი იმისთვის არ გაუწირავთ, რომ  მეორე წუთში ვიღაც მოვიდეს და თქვას: ეს ყველაფერი სისულელე იყო და მოდით დავბრუნდეთ უკან, რადგან სწორედ იქიდან წამოსვლის გამო გვსჯიან.

თუ დანარჩენმა მსოფლიომ, რომელიც ასე გვიჭერს მხარს, არ დაინახა, რომ ჩვენ თვითონ  გვინდა თავისუფლება, რატომ ამოგვიდგება მხარში? ისინი მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ გვიცხადებენ, რომ თავად გვინდა ეს!

სწორედ ის იმსახურებს პატივისცემას, რომ ეს პატარა, მრავალჭირნახული, ათასგვარ უბედურებაგამოვლილი, უძველესი, ქრისტიანული კულტურის მქონე, ცივილიზებული ერი ასე ამაყად, თავაწეული იბრძვის თავისფლებისა და მისი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

ამიტომ, უკან დასახევი გზა არ არსებობს! არ არსებობს ორაზროვნება და გაურკვევლობა!

ჩვენი დაწყებული საქმე - ავაშენოთ მშვიდობიანი, გამარჯვებული საქართველო - აუცილებლად გაგრძელდება.  

პუტინი სწორედ იმიტომ გამოვიდა აღიარებითი ჩვენებით, რომ მთავარ მიზნებს ვერ მიაღწია. ე.ი მან ძალიან კარგად იცის, რომ გამარჯვებული არ არის.

თუმცა ჩვენი საბოლოო გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორედ ის, რაც მათ ყველაზე მეტად არ სურთ - შევქმნათ ნორმალური, ადამიანური საზოგადოება, ავაშენოთ ახალი ქალაქები.

ამ ბიჭების სახელზე ფოთი ისე უნდა განვავითაროთ, რომ საუკეთესო ქალაქი გახდეს და  მე სიტყვას გაძლევთ, ეს ასეც იქნება!

უნდა ავაშენოთ ახალი ქალაქები, გავაფართოვოთ არსებული პორტი, გავაფართოვოთ არსებული რკინიგზა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, შევქმნათ ისეთი რამ, რომ ყველა აღფრთოვანდეს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რომ 4 წლის წინათ საქართველომ ტყუილად არ შეინარჩუნა თავისუფლება.

ჩვენზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ერები მათ ორ-სამ დღეში გაასწორეს მიწასთან.

ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა გავბედეთ და ახლა ჩანს, რომ ეს ამად ღირდა.

ჩვენ მაინც ავწიეთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა და ახლა გამოჩდა, რომ მთელი მსოფლიო დღესაც ამიტომ გვიჭერს მხარს.

საქართველო იმიტომ არის მისაბაძი მაგალითი, რომ ჩვენ მაშინ არ დავხარეთ ეს დროშა და არ ჩავაბარეთ მტერს.

ინგლისის ლორდთა პალატაში დებატები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მაგალითზე უნდა ესწავლათ. რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ ისე არ ვცხოვრობთ, როგორც ცხოვრობს ინგლისი, მაგრამ ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ამ სიმდიდრეს.

რასაკვირველია, ჩვენთან ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, მაგრამ სხვების პატივისცემას იწვევს სწორედ ის, რომ საქართველომ ასე ამაყად აწია თავი. ეს არ მოხდებოდა, ისევ რომ მონობაში გადაგვეცა საუთარი თავი, როგორც ეს მათ სურდათ.

მტერმა ვერ გვაჯობა ვერც ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგოებით, ვერც პროვოკაციებით, ვერც ომით და ახლა თავად მივიდეთ და ჩავბარდეთ?!

რომელ წიგნში და ჩვენი ისტორიის რომელ ფურცელზე წერია ქართველების ასეთი საქციელი?!

ჩვენ ყოვენთვის გვყავდა შადიმანები, მაგრამ ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, მერაბ კოსტავას და სხვა დიდი გმირების ერი და ყოველთვის დავრჩებით გმირების ქვეყნად.

ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენი გმირების დაწყებულ საქმეს და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდი მადლობა! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)