Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები ევროპის კავშირის დელეგაციას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის ხელმძღვანელობით.

ჩვენთვის ევროკავშირი არის ბევრად უფრო ღრმა თემა, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი.

ეს არის ჩვენი ფუნდამენტური პოლიტიკური არჩევნის, ჩვენი ფასეულობების, იმ ღირებულებების საკითხი, რომლებსაც ეფუძნება ქართული საზოგადოება.

ჩვენ ვართ უძველესი ევროპული და ქრისტიანული ქვეყანა, მრავალკულტურული, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური საზოგადოებით.

ერთი მხრივ, ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ, რელიგიათაშორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ისტორია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი საზოგადოების ახალ ეტაპზე ძალიან სწრაფი ტემპით წავიდეთ ჩვენი ევროპული სახლისკენ.

მთავარი ფასეულობები, რომლებსაც ეფუძნება ევროპა, ეს არის თავისუფლება, დემოკრატია და  თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, არაკორუმპირებული გარემო და ფულის გამიჯვნა პოლიტიკისგან, ხალხის ნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი და არა მოსყიდვაზე, დაშინებაზე ან სხვა მექანიზმებისა და მანიპულაციების გამოყენებაზე.

ყოველივე ეს არის ის, რაც წარმოადგენს ქართული ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველს.

ჩვენ ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს. მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხში, წინასწარი სამუშაოები გავწიეთ და უკვე ამ ხელშეკრულების გაფორმების გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას.

ჩვენ წინ წავიწიეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში, რაც ნიშნავს იმას, რომ იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში, უვიზო მიმოსვლა გვექნება ევროკავშირთან.

ჩვენ ვაფორმებთ ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან...

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევძლოთ შემდგომ ეტაპზე უკვე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით.

რა თქმა უნდა, ეს არის შემდგომი ეტაპი - პირველი ეტაპი დღეს არის თავისუფალი ვაჭრობა და მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა.  

საქართველოს ოქტომბერში წინ აქვს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიწვევთ მაქსიმალური რაოდენობის ევროპელ დამკვირვებელს, ევროპარლამენტის, ევროკავშირის დამკვირველებს.

საქართველოში უკვე მუშაობს პრესის მონიტორინგის ევროკავშირის მისია.

ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა საქართველოში ჩაატაროს კვლევები, საზოგადოებრივი გამოკითხვები, არჩევნებზე ხმების დათვლისას, საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

ჩვენი საარჩევნო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, გახსნილი, თავისუფალი და სუფთა ყველანაირი მანიპულაციებისგან - მოსყიდვისგან, ფულისგან, მით უმეტეს, უცხოეთიდან შემოსული ფულის გავლენისგან, რათა ქართველმა ერმა გამოხატოს თავისუფალი ნება და შევძლოთ შემდგომი მხარდაჭერის მიღება ევროპისგან; ასევე ჩვენი შემდგომი ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება.

დღეს ჰერმან ვან რომპოის ჰქონდა ძალიან საინტერესო მოლაპარაკება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და აქ, ჩვენთან.

ახლა შემოგვიერთდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი. საშუალება გვექნება, ვანო მერაბიშვილი გავაცნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრიც ჩავრთოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში.

კიდევ ერთხელ მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჰერმან ვან რომპოის იმისათვის, რომ ევროკავშირის სახელით, მათ შორის, ბოლო სამიტზე რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ხმამაღლა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ნათელი განცხადება გააკეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.

მან მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც არ არის შესრულებული და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

ამ განცხადებით მან ევროპის ძალზე მნიშვნელოვანი, მყარი პოზიცია გამოხატა, რომელიც არ იცვლება და რომელსაც ვერაფერი ვერ გამოუთხრის ძირს - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება და საქართველოს ევროპული არჩევანი.

მისი მხრიდან ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი.

მინდა ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა მას.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

ამ რანგში ეს ჩემი პირველი ვიზიტია - მე აქ 2008 წელსაც ვიყავი, მაგრამ მაშინ სხვა თანამდებობა მქონდა.

ერთმანეთს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში - ბრიუსელში, ვარშავაში, სეულში, ჩიკაგოში და ბოლოს და ბოლოს ვხვდებით აქ, თქვენს დედაქალაქში.

როგორც ყოველთვის, დღესაც გავცვალეთ შეხედულებები და მინდა შემდეგი განცხადებები გავაკეთო.

პირველი - ჩემთვის ნათელია ის შესანიშნავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მოდერნიზაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც 20 წლის წინათ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

აშენდა ახალი და უფრო ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუციები; საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურება ბევრად გაუმჯობესდა; თქვენი უდიდესი ძალისხმევით ბიზნესის წარმოება და ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ქმნის განსხვავებას არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოსთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. საქართველო ბევრისთვის სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სხვაგანაც.  

მეორე - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ბევრს მივაღწიეთ. ასოცირებული წევრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მყარად მიიწევს წინ.

ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის შესახებაც დიალოგი დაწყებულია, ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ეს სამუშაოები კვლავაც გრძელდება, რაც იმის დასტურია, რომ დაწყებული საქმისა და  რეფორმების ბოლომდე მიყვანით, საქართველოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ხანგრძლივი დროით იქნება გარანტირებული.

რაც უფრო მეტი რეფორმა განხორციელდება საქართველოში, მით უფრო მეტ დახმარებასა და მხარდაჭერას აღმოუჩენს ევროკავშირი თქვენს ქვეყანას.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პირადი წვლილი ამ საქმის მხარდაჭერასა და წინ წაწევაში მომავალშიც გადამწყვეტი იქნება.

მესამე - აშკარაა და ჩვენ დღესაც ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას და განაგრძოს წინსვლა და განვითარების გზა.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ რეფორმების გზაზე მიაღწია.

მე მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომ მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ პოლიტიკურ კულტურას და დებატებს კონკრეტულ საკითხებზე.  

სამართლიანი კონკურენცია და ზოგადი მონაწილეობა არჩევნებში საფუძველი იქნება იმისა, რომ ლეგიტიმურობა გარანტირებული იყოს.

ამ მხრივ, მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილის მიზანს, საარჩევნო პროცესი გახსნილი იყოს დამკვირვებლებისთვის.

ოპოზიციასთან შეხვედრისას, ზუსტად იგივე ვთქვი.

დემოკრატიის შენებას სჭირდება პასუხისმგებლობით აღსავსე მოთამაშეები პოლიტიკური გამყოფის ყველა მხარეს.

მეოთხე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი მისწრაფება, იმ ფასეულობების შეინარჩუნებაა, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება - დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა.

საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

აღმოსავლეთ პარტიორობის შემდეგი სამიტი ლიტვაში, 2013 წელს გაიმართება და ვარშავის  სამიტის მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.

ამას გარდა, ეს იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ის, რომ ევროკავშირის ურთიერთბა მის აღმოსავლელ მეგობრებთან, მათ შორის, საქართველოსთან, ძალზე მნიშვნელოვანია.

დაბოლოს, მე პრეზიდენტთან საუბრისასაც ხაზგასმით განვაცხადე, რომ ევროკავშირი ძლიერად არის დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში.

შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ევროკავშირი შეინარჩუნებს მთავარ როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებასა და მონიტორინგის მისიაში.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ასევე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ და რუსეთმა უნდა იპოვონ გზები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

ამის ერთ-ერთ მთავარი ნაბიჯი იქნება ის, რომ მხარეები შეთანხმდენენ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.

ასევე, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს კონსტრუქციული როლი იმასთან დაკავშირებით, რომ გზა გაუხსნა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად.

ეს შემთხვევა იმის მანიშნებელია, რომ ამ საქმეში პროგრესი შესაძლებელია, თუკი ორივე მხარეს აქვს ამის პოლიტიკური ნება.  

ამას გარდა, პრეზიდენტი გავამხნევე, ახალი პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები ეძებოს და ძალისხმევა არ დაიშუროს მორიგებისა და კონფლიქტების  მოგვარებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან.  

ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირისთვის საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის თქვენი პროგრესი ღირებულია და მხარს ვუჭერთ მას.

მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ იგივე კურსი.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)