Google+

გამოსვლები და განცხადებები

05.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,

ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ აქ, საქართველოში. თქვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მეგობარი იყავით.

ჰილარი, ქართველი ხალხის სახელით მადლიერება მსურს გამოვხატო იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხში შეიტანეთ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ გამოიჩინეთ.

ქალბატონებო და ბატონებო,

თუ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფად მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალისხმევისა და მათი სიმამაცის დამსახურებაა.

მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა  მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური იყო ჩვენი გადარჩენისა და წარმატებისთვის.

მინდა მივესალმო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას  ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის მუდმივ დახმარებას ჩვენი რეფორმების პროცესში, იმას, რომ პერმანენტულად გმობდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ასიათასობით დევნილი ადამიანი საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდეს. 

ამ ამერიკულმა პოლიტიკამ ქართულ დემოკრატიულ გამოცდილებას მისცა გამოწვევების დაძლევისა და შთამბეჭდავი შედეგების მიღწევის საშუალება.

ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, პრინციპებს, თავისუფლების სიყვარულს და მკაფიო საერთო ინტერესებს.

მდივანი კლინტონის ვიზიტი და სტრატეგიულ ქარტიასთან დაკავშირებული დისკუსიები, რომლებიც დღეს გაიმართა,  არის შემდეგი საფეხური ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე.

ეს დისკუსიები ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრის შედეგია.

ისინი დაგვეხმარა იანვარში დაგეგმილი მიზნების განხორციელებაში.

უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა სწორ გზას ადგას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი წინსვლის სიმბოლოა სანაპირო დაცვის ხომალდის გადმოცემის დღევანდელი ოფიციალური ღონისძიებაც. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესი უკვე დაწყებულია და  ახლა ის რეალური და კონკრეტულია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ვალდებულება იკისრა და დღეს ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც განვიხილეთ, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ.

მივესალმები ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლებიც უზრუნვეყოფს ჩვენი დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადობას. 

ჩემი მთავრობის მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა ამ ოქტომბერში.

ქართული საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ ურყევია - ეს მათ გამოხატეს ვარდების რევოლუციის დროსაც და მის შემდგომ პერიოდშიც. ასე რომ, მჯერა, ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას გამოხატავს.

მივესალმები იმასაც, რომ ასე სწრაფად გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივანო, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ჩემი მთავრობის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც უმცირესობას შეეხება და ღია, დემოკრატიული და მრავალეთნიკური საზოგადოების ჩამოყალიბებას უკავშირდება.

ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობა სულ უფრო მეტად ღრმავდება. აშშ-ში ბევრი ქართველი მოგზაურობს, რომელთა შორის, ბევრი სტუდენტიცაა. ჩვენ ჩამოვიყვანეთ 1000 ამერიკელი პედაგოგი, რომელიც ქართველ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის.

ასევე მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყნის საქმეებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობასა და ჩართულობას უზრუნველყოფს.

იანვარში პრეზიდენტმა ობამამ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პერსპექტივა ახსენა.

მივესალმები იმ კონკრეტულ პროცესს, რომელიც იანვრის შემდეგ დაიწყო - დღეს უკვე მიმდინარეობს დიალოგი მაღალ დონეზე. ეს საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც ქართული და ამერიკული ბიზნესების ორმხრივ ინტერესს შეესაბამება.

საბოლოოდ, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ადმინისტრაციისა და პირადად თქვენი ძალისხმევისთვის ტრანსატლანტიკურ ალიანანსშიჩვენი ინტეგრაციის გადამწყვეტ საკითხში.

ნატო-ს ბოლო სამიტი, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა, საქართველოსთვის უზარმაზარი, წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

შემუშავებული კომუნიკე; 28 მოკავშირისა და 4 ასპირანტი ქვეყნის შეხვედრა,  რომლის დროსაც საქართველო გააერთიანეს სამ დასავლეთ ბალკანურ ქვეყანასთან ერთ ჯგუფში;  ასევე, გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებული თქვენი სიტყვები... ყოველივე ამან ყველას დაანახა, რომ საქართველო ახლოსაა ევროატლანტიკური მიზნების მიღწევასთან.

ამისთვის რეფორმების საკითხში ჩვენ ინერციის შენარჩუნება გვჭირდება და იმის იმედიც გვაქვს, რომ ჩვენი მოკავშირეებიც შეასრულებელ ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ორივე მათგანი შესრულდება და ყოველივე ეს თქვენი დიდი მეგობრობის დამსახურებაც იქნება.

დიდი მადლობა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)