მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა
მოგესალმებით ყველას!
ეს იდეა - საქართველოში დაფუძნდეს კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოება, ეკუთვნის გიორგი ვაშაძეს და პროექტის განხორციელების მამოძრავებელი ძალაც იყო გიორგი.
ვფიქრობ, ეს მეტად კეთილშობილური საქმეა.
იცით, რომ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ილიამ თქვა: „ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა“.
დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება დღეს - სანთელი დღეს კომპიუტერია ჩვენთვის.
ილიას ეკუთვნის ეს სიტყვებიც: „ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედ დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის, ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია...“
7 მილიარდიან სამყაროში ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 5 მილიონზე ცოტა ნაკლებია.
რით შეგვიძლია თავის შენარჩუნება? რით შეგვიძლია ფონს გასვლა? რით შეგვიძლია წარმატების მიღწევა? – მხოლოდ ცოდნით! ამას ილია ჭავჭავაძე პასუხობს.
როდესაც სკოლებში კომპიუტერიზაციის, ინგლისური ენის სწავლების, ფილმებზე სუბტიტრების დადების პროგრამები დავიწყეთ, ბევრი ადამიანი აპროტესტება და ამბობდა: რა დროს ესაა, ხალხს უჭირსო...
თუმცა მხოლოდ კომპიუტერი არ კმარა, თუ კომუნიკაციის ენა - ინგლისური არ იცი, იმ კომპიუტერშიც ვერ შეძლებ ინფორმაციის მოძებნას.
რა თქმა უნდა, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ყოველდღიური ბრძოლა არსებობისათვის მწვავედ დგას, თუმცა ეს აღარ არის 2003 წელი, როდესაც ხალხი მართლაც შიმშილობდა.
ამას ისევ ილია ჭავჭავაძე პასუხობს: „რასაკვირველია ეს დიდ საქმეთ კი არა, მცირე საქმეთაც არ ეჩვენებათ იმ პირთ, რომელნიც ყოველ საზოგადო საქმეს თვალებ ახვეულსავით უცქერიან და იძახიან, რომ წერა-კითხვის გავრცელება ხალხს სარგებლობას არას მოუტანსო, ხალხს ჯერ კუჭი უნდა გავუძღოთ და მერე წიგნი ვასწავლოთო.“
ზუსტად იგივეს თქმა შეგვიძლია ვთქვათ კომპიუტერისა და ინგლისური ენის შესახებ.
როგორი საინტერესო თაობა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემქმნელი ჯგუფი და რამდენად მიესადაგება ის დღევანდელ დისკუსიებს! თუმცა სრულიად სხვა კონტექსტში, რადგან მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და ამის შანსიც არ ჰქონდა.
ილია ჭავჭავაძემ ურთულეს პირობებში დაიწყო ერთიანი ქართული მენტალიტეტის ჩამოყალიბება.
პრაქტიკულად, მან დაიწყო საქართველოს კუთხეების, განსხვავებული ადგილების, სხვადასხვა ნიშანთვისებების შეგროვება და ერთ ერად ჩამოყალიბება და ძალიან რთულ პერიოდში ხელახლა მოახდინა კონსოლიდაცია.
მაგალითად, ჩვენი საბაჟო ტერმინალები, სადაც ტვირთი გადის სწრაფად, დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძეს ძალიან მოეწონებოდა, რადგან იგი ძალიან ბევრს წერდა თავისუფალ ვაჭრობაზე. წერდა იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარზე ტვირთი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადიოდეს.
1900 წელს "ივერიაში" ილია ჭავჭავაძის დიდი სტატია გამოქვეყნდა ეკონომიკური თავისუფლებისა და პროტექციონიზმის შესახებ.
იგი ასევე ძალიან ბევრს წერდა ქართულ ღვინოზე.
აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში, სოფელ ქინძმარაულში მაქვს ვენახი. იმ ღვინის გემო, რომელიც ჩემს ვენახში დაკრეფილი ყურძნიდან არის დაწურული, ერთი ერთში ჰგავს იტალიური ღვინის „სასიკაიას" გემოს - ძალიან ძვირფასი ღვინოა და მისი ერთი ბოთლის ფასი რამდენიმე ასეული ევროდან იწყება და რამდენიმე ათასამდე ადის. მე მხოლოდ ერთი-ორჯერ მაქვს გასინჯული.
რამდენიდე წლის წინათ რუსებმა შარი მოგვდეს, რომ ღვინის ნაცვლად საწამლავს ვყიდდით. რა თქმა უნდა, ჩვენი ღვინო საწამლავი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ქართული ღვინის ხარისხი და გემო ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე დღეს.
დიდი მადლობა რუსეთს, რომ უკეთესი ღვინის გამოშვება გვაიძულა.
სწორედ ამაზე წერდა ილია ჭავჭავაძე და დეტალურად განიხილავდა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა უკეთესი ღვინო, რათა ბაზარზე უპრობლემოდ გასულიყო.
ეს სტატია რომ წაიკითხოთ, გეგონებათ, რომ ის ამ პერიოდშია დაწერილი დღევანდელი მეღვინეების მისამართით.
ღვინის თავდაპირველმა პატრონმა რაიმე ხეირი ნახოს, შეუძლებელია. აკი ვამბობთ, ჯერ მთელი ჩვენი ზრუნვა, ჩვენი მეცადინეობა იმას უნდა მიემართოს, რომ ეს გამძლეობა მიეცეს ჩვენს ღვინოსა, და სხვა ყოველი ადვილია. ამბობენ, ყველაზედ უწინარეს ფული არის საჭიროო საქმის დაწყებისათვის. ჩვენ ეს აზრი შეცდომად მიგვაჩნია. ფული, როგორც ყოველივე ეკონომიური ძალ-ღონე, ისეთი თვისებისაა, რომ თვითონ ეძებს საქმეს, თვითონ მიეზიდება საქმისაკენ, რადგანაც უქმად დება ეწინააღმდეგება ეკონომიურს ბუნებას ყოველი ეკონომიურის საგნისას და მაშასადამე ფულისაც.
ნახეთ, რას წერს ილია ჭავჭავაძე: ღვინის თავდაპირველმა პატრონმა რაიმე ხეირი ჰნახოს, ჯერ მთელი ჩვენი ზრუნვა, ჩვენი მეცადინეობა იმას უნდა მიემართოს, რომ გამძლეობა მიეცეს ჩვენს ღვინოსა და სხვა ყოველი ადვილია. თუ ჩვენს ღვინოს გამძლეობა გემოსი, ფერისა და სუნისა არ მიეცა, თუ რაც სიკეთე ბუნებრივი აქვს, ის არ მიჰყვა ბაზრამდე, მსმელამდე, მხარჯავამდე, ბაზარი სხვა ქვეყნებისა ჩვენთვის უქმი ნატვრა იქმნება. ამბობენ, ყველაზედ უწინარეს ფული არის საჭიროო საქმის დაწყებისათვის“...
მე კიდევ მივმართავ მეღვინეებს, როგორც ილია წერს: „ფულზედ ნუ ჰფიქრობთ, ოღონდ თითონ საქმეს საიმედო საფუძველი დაუდეთ და ფული თითონ მოგნახავთ“.
აბსოლუტურად ზუსტი დახასიათება არის იმისა, რაც ხდება.
მე კარგად მახსოვს, როცა დავიწყეთ ღვინის ხარისხზე ზრუნვა, აქ იყვნენ მეღვინეები და გვეუბნებოდნენ: ერთი მილიონი ბოთლი მაქვს კიდევ გასატანი, ეს გაგვაყიდინეთ და როგორც კი ფული შემოგვივა, საქმეს მივხედავთო.
ეს ერთი მილიონი ბოთლი, თითქმის, სულ შეღებილი სითხე იყო.
დღეს ეს ასე აღარ არის, დამთავრდა!
ჩვენ ვიწყებთ სრულიად სხვანაირად ამ ღვინის გამოშვებას.
ძალიან საინტერესო დებატები იმართებოდა მაშინ რელიგიურ თავისუფლებაზე, ქალთა უფლებებზე. ამ თემაზე ილია ჭავჭავაძე ბევრს წერდა და ძალიან სწორად.
ხალხი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თუ ვინმე მდიდარი არ არის, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ზუსტად შეესაბამება ილია ჭავჭავაძის სტატიის დასათაურებას "უმეცრების ფართი-ფურთი". ძალიან საინტერესოდ წერდა ამ საკითხებზე ჯერ ილია ჭავჭავაძე და შემდეგ იაკობ გოგებაშვილი.
ილია ჭავჭავაძე წერდა "წოდება თანასწორობის შესახებ": ერის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით ერთი წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითვლის“, - ილია თავს ესხმის მათ, ვინც ამბობს, რომ მხოლოდ ეს წოდება უნდა იყოს და ყველა დანარჩენი უნდა გაემიჯნოს ყველაფერს.
ამას ჩვენს ენაზე მერიტოკრატია ჰქვია - დაწინაურება ნიჭის და შრომისმოყვარეობის, შრომის უნარის მიხედვით.
ვეღარ ეღირსებიან ისინი იმას, რომ საქართველო რამდენიმე ოჯახმა გაინაწილოს საქართველო. საქართველო იმართება და წინ უნდა წავიდეს ყვარელიდანაც, ჩხოროწყუდანაც, ბათუმიდანაც, ქუთაისიდანაც, მომავალში სოხუმიდანაც და ა.შ. რა თქმა უნდა თბილისიდანაც და მისი ყველა უბნიდან - გლდანიდანაც, ვარკეთილიდანაც, ვაზისუბნიდანაც...
იქიდან მოდის ახლა ყველაზე საინტერესო, წინწასული ახალგაზრდობა და ახალი თაობა.
იაკობ გოგებაშვილი მოქალაქეთა თანასწორობას სტატია მიუძღვნა 1880 წელს და წერს: ტომობრივი განსაკუთრებულობა ახშობს უმაღლეს და უკეთილშობილეს გრძნობებს და იწვევს გათიშვას იქ, სადაც უნდა მეფობდეს მჭიდრო და ნაყოფიერი სოლიდარობა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი ერებს შორის. პირიქით განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებებს სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთგამოვლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისთვის ერთსულოვან ბრძოლას“... მერე ვიწრო რასობრივ განსაკუთრებულობას გმობს და ა.შ.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, კარგად გახსნილი ტერმინი, რომელიც არის გამოსახული ჩვენს გერბზე – ძალა ერთობაშია!
დღეს მთავარი გარანტი იმისა, რომ ძველი მენტალიტეტი არასდროს აღარ დაბრუნდება, ჩვენი პოლიტიკური ნებისა და ჩვენი საზოგადოების მყარად ჩამოყალიბებული არჩევანის გარდა, არის განათლება, განათლება და კიდევ უფრო მეტი განათლება.
ეს არის ცხოვრების გაადვილების გზაც.
დღეს აღმოვაჩინე, რომ არ მაქვს ელექტრონული პირადობის მოწმობა. ბათუმში დილით მივედი გადავიღე სურათი, გადავიხადე ფული და ვინაიდან მეჩქარებოდა ვთხოვე ყვარელში გამოეგზავნათ. ასეც მოხდა, მაგრამ ეს ასე გაკეთდა, არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისთვის, არამედ გაკეთდება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
საქართველოში დღეს არის თანასწორობა და საქართველოში ყველა თანასწორია კანონის წინაშე იმის მიუხედავად, ვის რამდენი ფული აქვს და ვინ რომელ ქუჩაზე ცხოვრობს, რომელი უბნის წარმომადგენელია და რომელ ოჯახს მიეკუთვნება.
მე მაქვს ნანახი წერილი, რომელიც 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დასავლეთ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაუგზავნა ამერიკის კონგრესს და მსოფლიოს პარლამენტებს. წერილში აღწერილი იყო ჩვენი ქვეყანა, ნათქვამი იყო ისიც, რომ, დაახლოებით, ხუთნახევარი მილიონი ადამიანი ვართ, კარგი ბუნება და მიწა-წყალი გვაქვს და მთავრდებოდა დაახლოებით, ასე მთავრდებოდა: ამხელა მსოფლიოს არაფერი გიჭირთ, რომ პატარა საქართველო შეინახოთო.
მაშინ ძალიან მიამიტები ვიყავით და გულწრფელად გვჯეროდა, რომ თუ ამ წერილს გააგზავნიდი, მთელი მსოფლიო აუცილებლად დაირაზმებოდა ჩვენს დასახმარებლად.
მსგავსი ილუზია დღეს აღარ გვაქვს და არც იმის გვჯერა, მხოლოდ ბორჯომითა და ჩაით ვირჩენთ თავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ "ბორჯომიც" და ქართული ჩაიც ძალიან მომგებიანი პროდუქტებია, თანამედროვე მსოფლიოშიც.
ამ დღეებში სხვათაშორის მიდის პროპაგანდა, რომ ჩვენი პროდუქცია Online – Amazon-ზე გავყიდოთ. რამდენიმე თქვენი თანამშრომელი ამას ჯიუტად იმეორებდა და ამბობდა, რომ ჩურჩხელა გაიყიდა ამაზონზე; იმასაც ამბობდა, რომ ახლა ჩიჩილაკიც უნდა გავყიდოთო.
კარგია თუ გაიყიდა, მიხარია, მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ - Amazon-ზე გაყიდული ჩიჩილაკითა და ჩურჩხელით საქართველოს ვერ გაამდიდრებთ.
საქართველოს სწორედ იმისთვის სჭირდება წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებთან, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა არის ყველაზე აქტუალური, რისი გაკეთება, რა სერვისის შეთავაზება და რომელი წარმოების აწყობა შეგვიძლია იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ და შესაბამისად წარვსდგეთ მსოფლიო ბაზრებზე.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავისი ნიშის მოპოვება ყველა ამ მიმართულებით.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ოდესმე სამხედრო წარმოებას ააწყობდა. ყველა გაოგნებულია იმით, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ნულიდან დაიწყო არტილერიის, საფრენი აპარატების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ანტისატანკო ნაღმებისა და სხვადასხვა იარაღების ცეცხლის ელექტრონული მართვის სისტემების გამოშვება. ბოლოს გამოვუშვით სამგზავრო თვითმფრინავები...
ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი ერი და ძალიან დიდი პერსპექტივაც გვაქვს ამ მიმართულებით.
ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სადაც "ინტელმა" ქარხანა გახსნა და „Police Pad“-ები დააპატენტა. ეს არის ქართული პროდუქტი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
თანამედროვე ტექნოლოგიები ქვეყნის მმართველობაშიც უნდა დავნერგოთ, მაგალითად, ღილაკზე თითის დაჭერით უნდა შეგვეძლოს ნებისმიერი მინისტრის დანახვა და მასთან გასაუბრება 3D გამოსახულების ფორმატით.
ყოველივე ეს იმისთვის იქნება საჭირო, რომ უფრო ეფექტიანნი ვიყოთ.
თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან მობილურია, ხელისუფლების წევრები მუდმივად დადიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან. სულ მალე საკანონმდებლო ორგანოც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, ქუთაისში გადავა.
სრულყოფილი და უწყვეტი კავშირის დამყარება ქვეყნის მასშტაბით, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეგვეძლება. უახლესი ტექნოლოგიის დანერგვის პრეცენდენტი უკვე გვაქვს "მომავლის კლასების" სახით.
"სმარტბორდებისა" და მაგიდებზე დამონტაჟებული სენსორული კომპიუტერების გამოყენება მოსწავლეებმა მშვენივრად აითვისეს. უნდა გვესმოდეს ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით დიდ თანხას დავზოგავთ.
ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ყვარელში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოში, სიღნაღში, ჩხოროწყუში, ხაშურში და ა.შ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები და საშუალებები გაუჩნდეს მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად.
კომპიუტერები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დანარჩენ მსოფლიოს დავუკავშირდეთ.
ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი და ცოდნისკენ მიდრეკილი ერი.
ჩვენ მოვახერხეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომლის ფარგლებშიც ასობით მასწავლებელი ქართულს ასწავლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ეს პროგრამა XIX საუკუნეში ილიას მიერ განხორციელებული რეფორმის ანალოგია XXI საუკუნის კლასიკური ფორმით.
ამას გარდა, ორი ათასზე მეტი ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვიყვანეთ, რომლებიც ინგლისურ ენას ასწავლიან - ესეც საერთო პროგრამის ნაწილია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მოვიშოროთ და მსოფლიოს უმაღლესი რანგის ქვეყნად გადავიქცეთ.
საქართველოში უკვე მრავალი რამ გაკეთდა. ეს ახალი პროგრამა კი, ქართულ სოფლებს უფრო მეტად განვითარების საშუალებას მისცემს.
მაგალითად, სოფელ ვეჯინში ან გავაზში მცხოვრები ადამიანი ისევე უნდა იყოს კომპიუტერულ ქსელში ჩაბმული, როგორც სანტა ბარბარაში, სანტა მონიკაში ან სინგაპურის ნებისმიერ დასახლებულ ცენტრში მცხოვრები ადამიანი.
უახლოეს მომავალში, საქართველოს სოფლების 80 პროცენტი ინტერნეტიზირებული იქნება, ამას გარდა თბილისი და ბათუმი მთლიანად დაიფარება უკაბელო ინტერნეტით - WI-FI სისტემით.
2015 წელს, ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმის თანახმად, სკოლის მოსწავლეების თუ 100 პროცენტი არა, 90 პროცენტს მაინც ექნება პერსონალური კომპიუტერი.
ამ მაჩვენებლით, ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ.
ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა ყველა მოქალაქის ძალისხმევა, რადგანაც ეს არის საშვილიშვილო საქმე.
სწორედ ამიტომ, მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, ვუერთდები კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას.
საერთო მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ენთუზიაზმი და იდეალისტი საზოგადოება, რომელიც ტექნოლოგიურ ცოდნას კიდევ უფრო მეტად გაიღრმავებს.
გმადლობთ!