Google+

გამოსვლები და განცხადებები

02.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის განახლებულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით ყველას!

ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ქუთაისის წარსულით.

საუკუნეების განმავლობაში ქუთაისი საქართველოს გვირგვინი იყო.

ქუთაისი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თუ გვქონდა საამაყო ქუთაისის აწმყოთი.

აქ მთავარი საამაყო ყოველთვის ხალხი იყო, მაგრამ აქაური საზოგადოება დაჩაგრული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, აქ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა და უმუშევრობის დონეც ძალიან მაღალია.

ამიტომ, პირადად ჩემთვის და, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ეს დღე ახალი ქუთაისის, ახალი იმედის, ახალი მომავლის დაბადების დღეა, რომლის განვითარებას ჩვენ ყველა ერთად უზრუნველვყოფთ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ირწმუნეთ და  ყველა ერთად მოგვყვებით ამ საქმეში.

მინდა ავუხსნა მათ, ვინც ფაქტებს ამახინჯებს და არ უნდა გაიგოს რას ვაკეთებთ დღეს საქართველოში - ვიცით თუ არა რას ვაკეთებთ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით; ვიცით თუ არა რას ვაკეთებთ იმით, რომ ქუთაისს საქართველოს მეორე დედაქალაქად ვაყალიბებთ.   

ყველამ, მათ შორის მეც, კარგად ვიცით რასაც ვაკეთებთ.

დღეს საქართველოში არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გააფთრებით ეწინააღმდეგებიან პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას. არ ვიცი მოისმინეთ თუ არა ეს, მაგრამ მე ბევრჯერ გამიგია.

ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს - საქართველო მარტივად იმართება  ჩრდილოეთიდან, თუკი მას მხოლოდ ერთი ქუჩიდან მართავენ. უფრო მეტიც,  მთელ კავკასიას მართავდნენ არა თბილისიდან, არამედ ამ ერთი ქუჩიდან. საქართველოს დედაქალაქის ამ ერთ ქუჩაზე იყო შეკრებილი ყველა: იმპერატორის წარგზავნილები, სხვადასხვა ემირები, რაიკომისა და „ცეკა“-ს მდივნები... ყველა სახელმწიფო დაწესებულებაც იმ ქუჩაზე იყო.

90–იან წლებში, თითქოს, ისინი ქართველმა ხალხმა გააგდო, მაგრამ ისევ დაბრუნდნენ, იმ ერთ ქუჩაზე გახსნა ყველამ ოფისი და ძველებურად განაგრძეს საქართველოს ძარცვა.

იმ ერთი ქუჩით იმართებოდა საქართველოც და იმ ერთი ქუჩით იმართებოდა კავკასიაც.  

მათ, ვინც იქ ისხდნენ, არც თბილისი ანაღვლებდა და არც დანარჩენი საქართველო - სწორედ ამიტომ შეეძლოთ მათ ჩვენი ქვეყნის დაყოფა ძალიან მარტივად.  

გადავხედოთ რა ვითარება იყო საქართველოში.

ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში - სოხუმში ქართული ენა არ ისმოდა. სიმღერები მუდმივად იწერებოდა ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე და ა. შ. ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, მაგრამ სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდა, თითქოს, ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და დასავლეთ საქართველო კონტროლიდან იყო გასული.

ყველაზე დიდი ისტერიკა ახლა ატეხილია იმაზე, რომ მიწებს ვკარგავთ, არადა ვარდების რევოლუციამდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მიწა გვქონდა დაკარგული, რომელსაც აჭარა ჰქვია.

ამ კუთხეს რუსეთის ჯარები აკონტროლებდა და ლუჟკოვი და მისი მოსკოველი დამქაშები  მართავდნენ.  

დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი – აფხაზეთი და აჭარა დაკარგული იყო.

ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევა, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს იყო, დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია.

აფხაზეთი ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ, ისევე როგორც, აჭარა დავიბრუნეთ გასულ წლებში.

ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკა.

საქართველო იყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად და თითოეული მათგანი სრულიად უნიკალურია.

ჩემი ოჯახი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან არის. ჩემი მენტალიტეტის, ჩემი გულის ძალიან დიდი ნაწილი ეს არის აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო.

ჩემი არსებობის მეორე ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოა.

ორივე მხარეში თავს საუცხოოდ ვგრძნობ: ჩემთვის წარმოუდგენლად კარგი აურაა ანაკლიაში. ის არის ჩემი მიწა და მინდა, რომ იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როდესაც აღარ ვიქნები. ასევეა ჩემი მიწა კახეთში, სადაც სახლი მაქვს და მთელ აღმოსავლეთ საქართველოში.

ასეა ყველა ქართველიც.

ამიტომაა, რომ თბილისი მარტო საქართველოს კი არა, კავკასიის დედაქალაქია.  ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, თბილისი, გარკვეულწილად, სომხეთისთვისაც  უმნიშვნელოვანესი ცენტრია და აზერბაიჯანისთვისაც. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა.

აბა ჰკითხეთ დაღესტანის მრავალრიცხოვან ხალხებს - ინგუშებს, ჩეჩნებს, ოსებს ჩრდილოეთ ოსეთიდან - რას ფიქრობენ ისინი თბილისზე. თბილისი არის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული, კულტურული, ეკონომიკური, ისტორიული ცენტრი ყველა ამ ხალხისთვის.

თბილისის მნიშვნელობა ართუ არ დაკნინებულა, პირიქით, იმის გამო, რომ ახალი კავკასიური პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ხელი გავუწოდეთ ჩვენს კავკასიელ ძმებს; იმის გამო, რომ საქართველო რეგიონის მისაბაძი მაგალითი გახდა, თბილისის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და ისეთი გახდა, როგორიც არ ყოფილა არასდროს.  

ცოტა ხნის წინათ, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა ჩემი ბებიის და, რომელიც ბავშვობაში ქუთაისში ცხოვრობდა. იგი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე და მითხრა: „არ მახსოვს თბილისი ოდესმე ასეთი ლამაზი ყოფილიყო და ბედნიერი ვარ, რომ ამას მოვესწარი“.

გამოსვლისას, ბატონმა ანზორმა ხერხაძემ [ქუთაისის თეატრის მსახიობი] თქვა ქუთაისთან დაკავშირებით.  

სწორედ ეს მიუთითებს იმას, რომ დავითისა და თამარის ეპოქის შემდეგ, არც თბილისში და არც ზოგადად, საქართველოში, ერთბაშად, არასდროს არ ყოფილა ისეთი აღმშენებლობა, როგორიც ბოლო 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. შემდეგი წლების განმავლობაში ამაზე ბევრად მეტი რამ გაკეთდება.

საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და არც შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომ, თბილისს განტვირთვა და დეცენტრალიზაცია სჭირდება. აუცილებელია, რომ გარკვეული ფუნქციები თბილისის გარეთ გავიტანოთ.

აქ უკვე განსაკუთრებული როლი ენიჭება ქუთაისს.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა: ბათუმში გადავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც  ნამდვილი, მოქმედი სასამართლო გახდა.

ამიტომ, რაც არ უნდა თქვან, მათ შორის, ჩვენი მტრების დაკვეთით, 26 მაისს პირველი სესია ქუთაისის პარლამენტში გაიმართება და ამ წლის ოქტომბრიდან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქ სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს.  

რამდენიმე დღის წინათ, კიდევ ერთხელ ვნახე როგორ მიმდინარეობდა პარლამენტის მშენებლობა და არც კი ვიცი როგორ უნდა დაასრულონ სამუშაოები 26 მაისისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ აუცილებლად უნდა დაასრულონ.

ეს შეეხება მთელ საქართველოში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესს.

იცით, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოში დონალდ ტრამპი იყო ჩამოსული, რომელიც მსოფლიოში, უპირველესად კი, ამერიკაში ყველაზე ცნობილი აღმშენებელია. მან მითხრა: „ალბათ, ვერც კი აცნობიერებთ რამდენად დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს თქვენს ქვეყანაში. წლების შემდეგ, როდესაც მთავრობაში ან ამქვეყნად აღარ იქნებით, შესაძლოა, ყოველივე ეს ისე ვერ შეინარჩუნონ, როგორც შექმენით, მაგრამ ვეღარც დაანგრევენ. ამის გარკვეული ნაწილიც რომ დაანგრიონ, ხალხის მახსოვრობასა და ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, რომ თქვენ შეგძლებიათ შენება, ე.ი.თქვენ შეგძლებიათ იყოთ ამაყი, თავისუფალი და წელში გამართული ერი“.

ეს არის ის, რასაც ჩვენი ეპოქა ქმნის. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც მილიარდები დაგვრჩენია ჩემი წინამორბედისგან. ჩემმა წინამორბედმა ისეთი ვალები დაგვიტოვა, რომ აქამდე ვერ ამოვედით მისი ვალებიდან და დღემდე გვიჩივიან სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში.

ისიც დიდი მიღწევა იქნებოდა, რომ მისი მთავრობის მიერ დაწყებული ნგრევა, ჩვენ შეგვეჩერებინა. მაგრამ ჩვენ აღმშენებლობა დავიწყეთ. აი, ეს არის მთავარი, რაც ამ ქვეყანაში შეიცვალა.

თუმცა იმას, რომ ჩვენთან აღმშენებლობა დაიწყებოდა, ვერც მტერი წარმოიდგენდა როდესმე და ვერვ მეგობარი დაიჯერებდა ბოლომდე.

დღეს ეს საქართველოში რეალურად ხდება.

რუსეთში ჰგონიათ, რომ ჩვენ ამერიკელები გვიშენებენ ყველაფერს, თუმცა გარკვეულ ინვესტიციებს დებენ; ბევრი იმაზე ლაპარაკობს, რომ ვალებს ვიღებთ... მაგრამ საქართველოს დღეს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე შევარდნაძის დროს ჰქონდა ერთიან ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში.

ისინი იღებდნენ ვალებს და მიჰქონდათ სახლში. ჩვენ კი ამდენი დოვლათი შევქმენით და ამის მიუხედავად, უფრო ნაკლები ვალი გვაქვს, ვიდრე იმ პერიოდში გვქონდა და კიდევ უფრო ნაკლები გვექნება მომავალში.

თუკი ვალს ვიღებთ, ფულს ქვეყნის განვითარებისთვის ვხარჯავთ, შემოსავლის ახალ წყაროდ ვაქცევთ და შემდგომი პროგრესისთვის ვიყენებთ, ანუ თანხას საქართველოს გამდიდრებას ვახმართ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, ვამაყობ იმით, რომ საქართველოს კაპიტალიზაცია, ე.ი.  ერთიანი ეროვნული პროდუქტი, დაახლოებით, ოთხჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ არის ასახული ყველა ოჯახის შემოსავალზე, მაგრამ ამისკენ მივდივართ.

ჩვენ ვმუშაობდით არა ცალკეული ადამიანების გამდიდრებაზე, არამედ საქართველოს გამდიდრებაზე.

ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ საქართველოში აღარ არის კორუფცია; ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ საქართველოში არის ეფექტიანი, ძალიან მარტივი სახელმწიფო აპარატი.

ხშირად გვაკრიტიკებენ: რა დროს ფასადები და შენობებიაო... მაგრამ ორი დღის წინათ აქ ამერიკული ინვესტიციის შედეგი გავხსენით. როგორც ამ ამერიკელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ მისი მეუღლე წარმოშობით აქედან არის, მას აქეთ გამოხედვაც არ უნდოდა. როდესაც აქ ჩამოვიდნენ, იმდენად გაოცდნენ, რომ ფულის ჩადებაც გადაწყვიტეს.

ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ბიზნესის დაწყებისა და საკუთარი წარმოების გახსნის სურვილი. მით უმეტეს, როდესაც ქუჩები გალამაზდა და განათდა, გზები დაიგო და სიმშვიდე და წესრიგი დამკვიდრდა, ყოველი ქართველი გახდეს პოტენციური მეწარმე, პოტენციური ბიზნესმენი. ჩვენს გარეშე საქმეს არავინ გააკეთებს.

დღეს ქუთაისობას ვზეიმობთ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ქუთაისში ყოველი დღე ზეიმი არ არის. შესაძლოა, ეს ბევრ ადამიანს აღიზიანებდეს კიდეც, რადგან ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა.

გარეთ ქალბატონი მოვიდა და მითხრა: ყველაფერი ძალიან კარგია, რასაც აკეთებთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მოგვხედეთ გაჭირვებულ ქუთაისელებსო.

ძალიან კარგად მესმის ამ ქალბატონის, მაგრამ, მინდა ვთქვა, მთავრობას შეუძლია დააგოს გზები, მოგცეთ კარგი განათლების მიღების საშუალება, ჩამოგიყვანოთ განსწავლული უცხოელები, გავაკეთოთ საუკეთესო საავადმყოფოები, ყველა ადამიანი დავაზღვიოთ, გავაკეთოთ შენობის ფასადები, შენობებიც კი ავაშენოთ, მაგრამ ამ შენობების შევსება უკვე მეორე ეტაპია და საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს.

რეალურად მდიდარი და ბედნიერი საქართველოს აშენებას შევძლებთ მხოლოდ საკუთარი შრომითა და საზოგადოებისა და მთავრობის ერთად დგომით - მთავრობა, როგორც ხალხის და საზოგადოების სამსახურში და საზოგადოება, როგორც საკუთარ თავში, ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში დარწმუნებული ერთიანი ორგანიზმი.

სექტემბერში აქ დიდ აეროპორტს ვხსნით და, სხვათა შორის, ბათუმის, მესტიის, თბილისის მგზავრებს გადმოვიბირებთ, რადგან აქედან შესრულდება რეისები ქუთაისი–მიუნჰენის, ქუთაისი–დუბლინის, ქუთაისი–დუბაისა და სხვა მიმართულებით.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგი ადგილი წყალტუბო იყო - მაცადეთ კიდევ  2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ შემდეგ ევროპის საუკეთესო ადგილად გადავაქცევთ.

ნახეთ, ტურისტული ობიექტების როგორი არაჩვეულებრივი ქსელი გვექნება ქუთაისის გარშემო.

წყალტუბოს აღდგენით სამუშაოებს ორ თვეში ვიწყებთ, მაგრამ ამას მოყვება ვანის უმნიშვნელოვანესი გათხრები.

თქვენ იცით, რომ საუცხოოდ გავაკეთეთ პრომეთეს მღვიმე, რომლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, დავამთავრეთ სათაფლიას კეთილმოწყობა - ბოლო შტრიხები ამ დღეებში გაკეთდება, მომავალ წელს საირმის რეაბილიტაცია დასრულდება, მალე გზასაც დავამთავრებთ და საირმიდან აბასთუმანში გადავალთ, რადგან აბასთუმანიც ამ სისტემის ნაწილია, ისევე, როგორც ახალციხე იქით...

ქუთაისი, მართლაც, საქართველოს ცენტრია ყველა თვალსაზრისით და სწორედ ეს არის პარლამენტის აქ გადმოტანის იდეოლოგია.

იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს უფრო წარმომადგენლობითი, ის უნდა იყოს მთელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და არა ერთი ქუჩისა და მის გარშემო არსებული რამდენიმე ჩიხის სტრუქტურა, რომლის კომიტეტების ფორმირება დაჯგუფებების, უბნებისა და მენტალიტეტის მიხედვით ხდებოდა.

ახლა პარლამენტი საქართველოს შუაგულში გადმოდის, დეპუტატებიც მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან და ყველა, მათ შორის, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, არა დამახინჯებული, არამედ სწორი წამომადგენლობა შეიკრიბება.

მთელი მსოფლიოს ზღვის მიმართულებით ვითარდება და 2050 წელს მოსახლეობის 80 პროცენტი იცხოვრებს ზღვასთან.

იცით, რომ აიეტის ხანიდან, ძველი მოგზაურები ზღვიდან მდინარით შემოდიოდნენ ქუთაისში, მაგრამ ახალი ავტობანით, პრაქტიკულად, საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდება უახლოეს საზღვაო კურორტებსა და პორტამდე მისასვლელად.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი გამარტივდება.

როდესაც ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ უახლოეს წლებში ქუთაისიდან მესტიამდე გვირაბის მშენებლობა უნდა დავიწყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მესტიაშიც, დაახლოებით, ერთ საათში უნდა შეგვეძლოს ჩასვლა.

აქედან გამომდინარე, ქუთაისი იქნება ეკონომიკის, ინდუსტრიის, ტურიზმის ცენტრი. ქუთაისი საუკეთესო ადგილი უნდა იყოს არა მხოლოდ საცხოვრებლად დასავლეთ საქართველოში, არამედ ერთ–ერთი ყველაზე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ცენტრი ევროპის მასშტაბით.  

ჩემო მეგობრებო, ყოველივე ეს კეთდება თქვენთვის ყველასათვის.

სექტემბერში ვხსნით ბაგრატის ტაძარს, რომლის რეკონსტრუქცია ზუსტად იმ პროექტით განხორციელდა, რომელიც „იუნესკომ“ გვირჩია.

ჩვენთვის ის ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი - ბატონმა ანზორმა სწორად თქვა: ბაგრატის ტაძარი არის საქართველოს ერთ მუშტად შეკვრის, გაერთიანების, გაძლიერების და მსოფლიო რუკაზე შეუქცევადად დამკვიდრების, ანუ ჩვენი დაწყებული საქმიანობის სიმბოლო.

მახსოვს, 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს წალენჯიხიდან წამოვედი და ღამის გათევა ამ მოედანზე მოგვიწია. მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა, ასფალტი კი ისეთი აყრილი იყო, რომ ავტობუსიდან ფეხის გადმოდგმა ჭირდა. ტელეეთერში მთელი ღამე შანშიაშვილი ლაპარაკობდა, ციოდა და ძალიან ცუდი განწყობა გვქონდა... თუმცა ერთი რამ ვიცოდით ზუსტად: ამაზე უარესი აღარაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად დავიწყებდით ამ მდგომარეობიდან ამოსვლას და ეს ადგილი მთლიანად შეიცვლებოდა.

აქედან ყველა ქუთაისის განათებულ ქუჩებში გავისეირნებთ და ვნახავთ როგორ შეიცვალა ეს ადგილი.

ეს არის პასუხი შეკითხვაზე: რისთვის მოხდა ვარდების რევოლუცია?

ბნელი წარსული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ გონებიდან მთლიანად არ უნდა ამოვშალოთ, რათა ის ხალხი ოდნავადაც ვეღარ ჩაერიოს თქვენ ბედის გადაწყვეტის საქმეში.  

რა თქმა უნდა, ისტორია ვარდების რევოლუციით არ დაწყებულა, მაგრამ საქართველოს აღმშენებლობის თანამედროვე ეპოქა ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. ცალ–ცალკე არავინ არაფერს არ წარმოადგენს.

ეს ეპოქა 2003 წლის იმ ნოემბრის ღამით დაიწყო, როდესაც ქუთაისში დავბანაკდით და ვთქვით: კმარა, არავის არაფრით არ ჩამოუვარდებით და ჩვენ გვინდა ნორმალური ცხოვრება!

განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი მრავალსაულუნოვანი ისტორიით, ჩვენი ქრისტიანული წარსულით, მაგრამ უახლესი ისტორიაც მეამაყება!

რა თქმა უნდა ვამაყობთ ჩვენი ქრისტიანული სიმბოლოებით.

რა თქმა უნდა ვამაყობთ ჩვენი წარსულის გმირებით, რომლებიც ჩვენთვის, უდავოდ, მისაბაძი მაგალითია, მაგრამ როგორც დღეს ქუთაისის ახალგაზრდა მერმა და ამ ქალაქის ყველაზე დამსახურებულმა, შედარებით ხნიერმა წარმომადგენელმა თქვა: წარსულის ქალაქიდან ქუთაისი მომავლის ქალაქად გარდაიქმნა.

გაუმარჯოს ჩვენს მომავალს!

გაუმარჯოს ქუთაისს! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)