Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.01.2012
მიხეილ სააკაშვილი: რუსთავი საერთაშორისო მასშტაბით  წარმატების ეტალონად უნდა ვაქციოთ

მოგესალმებით ყველას.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქ მოსვლა კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც ვთხოვე.

დღეს საშუალება მქონდა რუსთავის სხვადასხვა ადგილები მომევლო და უდიდესი ოპტიმიზმის გრძნობა დამეუფლა.

ქალაქი, რომელიც, პრაქტიკულად, უიმედოდ ითვლებოდა, არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ, არამედ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც, ჩვენს თვალწინ ცოცხლდება და მართლაც საინტერესო ადგილი ხდება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რუსთავში რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული და განცვიფრებული წავიდნენ აქედან. შესაძლოა, მათი  შთაბეჭდილება ცოტა ზედაპირული იყო, მაგრამ პროგრესი აშკარად შეიმჩნევა - ფასადები შეღებილია, გზები ყველა მიმართულებით კარგად გაკეთდა, განათებები დამონტაჟდა,  ახალი ნაგებობები აშენდა...

ყოველივე ამისთვის სერიოზული სამუშაო შესრულდა და ეს სერიოზული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრესის წყალობით მოხდა.

ქალაქში, სადაც მოსახლეობას წყალი დღე-ღამის განმავლობაში 2 საათით მიეწოდებოდა, მთელ რიგ შემთხვევებში კი ორ-სამ დღეში ერთხელ ჰქონდათ, ახლა თითქმის ყველგან  24 საათიანი გრაფიკი მოქმედებს. ეს არის წარმოუდგენლად დიდი პროგრესი.

საქართველოს არც ერთ სხვა ადგილზე მსგავსი პროგრესი დროის ასეთ მოკლე პერიოდში არ მიღწეულა.

ქალაქში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 30-40 პროცენტამდე იყო, ამ მხრივაც პროგრესი გვაქვს. ამას წინათ, თუ არ ვცდები, შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ჩაატარა კვლევა და შედეგების მიხედვით უმუშევრობის ეს მაჩვენებელი, ბოლო კვლევის მიხედვით, 10 პროცენტამდე ჩამოვიდა.

ეს მართლაც ძალიან დიდი პროგრესია.

ქალაქში, რომლის მოსახლეობა 100 ათასზე ოდნავ მეტია, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 15-20 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ერთი მხრივ, ეს არის შედეგი, რომლითაც შეგვიძლია, გარკვეულწილად, კმაყოფილიც ვიყოთ.  

დღეს რუსთავის რამდენიმე უბანსა და ეზოში მოსახლეობას შევხვდი და განსაკუთრებით ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გასაგონად მინდა ვთქვა - გამიჩნდა განცდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და უფრო მეტად უნდა იკონტაქტოს ხალხთან, თითოეული ადამიანის დონეზე.

2008 წლის ომის შემდეგ, აქ 5 ახალი ქარხანა გაიხსნა. ეს მეტად უსიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა საქართველოს დამპყრობლისთვის და განადგურების მსურველისთვის.

აქ არიან ქართული ცემენტის ქარხნის „ჰაიდელბერგ ცემენტის“ წარმომადგენლები. ეს ქარხანა 2008 წელს ამუშავდა. საწარმოში ახლა 535 ადამიანია დასაქმებული. გასულ წელს, მისი არსებობის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ცემენტი [608 ათასი ტონა] აწარმოა. ამდენს საბჭოთა კავშირის დროსაც არ აწარმოებდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ გაქვთ მთავარი პრობლემა - თქვენი კომპანია ძალიან ნელა ზრდის წარმოებას.

საქართველოში მშენებლობის ზრდის ტემპი ორმაგად და სამმაგად უსწრებს მოთხოვნის დაკმაყოფილების იმ შესაძლებლობას, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ქარხნები სათანადო დატვირთვით ვერ მუშაობს, ცემენტის შემოტანა უცხოეთიდან გვიწევს.

აუცილებელია, რომ ახალი საწარმოო სიმძლავრეები გაიხსნას და ამოქმედდეს. ეს ძალზე პრინციპული საკითხია.

ჩემი ვარაუდით, საქართველოში უახლესი 2-3 წლის განმავლობაში, მშენებლობა კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი კვადრატული მეტრზე გაიშლება.

შენდება ახალი ქალაქები. მაგალითად, ლაზიკა ნახევარმილიონიანი ქალაქი უცბად ვერ აშენდება, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათასკაციან ქალაქს საკმაოდ მოკლე პერიოდში ავაშენებთ - იმაზე უფრო ადრე, ვიდრე წარმოგიდგენიათ. იქ ასევე შენდება უზარმაზარი პორტი.

ასევე ვაშენებთ კურორტებს: წყალტუბოში ვიწყებთ წარმოუდგენელ მშენებლობას; კახეთის რეკონსტრუქციაზე მარტო წელს 120-130 მილიონ ლარს ვხარჯავთ. პრაქტიკულად, ეს ახალი მშენებლობის წამოწყებაა.

ქუთაისში წარმოუდგენელი მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისში არასდროს არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ახლა შენდება.

ბათუმის ფართობი ამ წლებში მიმდინარე მშენებლობების შედეგად სამჯერ იზრდება.  პრაქტიკულად, იქაც ახალი ქალაქი შენდება.

რაც შეეხება გზებს, ვაშენებთ რუსთავი-თბილისის ავტობანს. ძირითადი ავტობანი და ბევრი სხვა რამ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, რამდენი საწარმოც არ უნდა შექმნა, ცემენტზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება მზარდი.  ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა თქვენთან, შეიძლება, გაორმაგდეს. ეს რუსთაველებისთვის დამატებით 500-600 სამუშაო ადგილია,  თუნდაც ამ სიმძლავრეების გათვალისწინებით.

მახსოვს, როდესაც რამდენიმე წლის წინათ აზოტის ქარხნის საკითხზე დავიწყეთ მუშაობა, 500 კაცი ძლივს იყო დასქმებული, რომელიც თვეობით არ იღებდა ხელფასს. ახლა იქ 2 ათას 360 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 850 ლარია. სამუშაო ადგილების რაოდენობა საწარმოს გაფართოების პირობებში [2012 წელს კარბამიდის წარმოების დაწყება იგეგმება] კიდევ გაიზრდება.

პროდუქციის გასაღების პრობლემა ქარხანას არ აქვს და მისი 85 პროცენტი ექსპორტზე გადის.

აზოტის ქარხნის პროდუქციით ასევე ისარგებლებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც - 30 ლარიანი ვაუჩერის სანაცვლოდ, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სასუქის მიღებას, ისინი რუსთავის აზოტის ქარხნიდანაც შეძლებენ.

რაც შეეხება ლითონკონსტრუქციის ქარხანას, უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, ამ საწარმოშია დამზადებული. სხვათა შორის, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობდა, ჩემი პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ ადგილობრივი მასალა გამოგვეყენებინა.

ამავე ქარხნის მასალით აშენდა ბათუმის საბაჟო ტერმინალი და იუსტიციის სახლი. ესენი თქვენი გაკეთებულია, მაგრამ ახლა ლაზიკისთვის მინდა გარე განათება დაგიკვეთოთ. ახალი ქალაქის პროსპექტის განათება ძალიან რთული  მეტალოკონსტრუქციის სანათებით არის დაგეგმილი.

ბევრმა თქვა, რომ სანათების შეკვეთა უცხოეთში მიგვეცა, მაგრამ პირადად მე, ამას კატეგორიულად არ დავეთანხმე. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს კონსტრუქცია მარტივი არ იყოს, მაგრამ რუსთავის ლითოკონსტრუქციების ქარხანას უკვე იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, რომ აუცილებელია ეს თქვენ გააკეთოთ. ვფიქრობ, ამასაც წარმატებით გაართმევთ თავს.

ახლა საწარმომ ახალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა და ინდუსტრიულ ამწეებს უშვებს.  ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ინდუსტრიული თუ სხვა მიმართულების ამწეები ჩვენ მუდმივად შემოგვაქვს. მომავალში შესაძლებელი იქნება საპორტო ამწეებიც აქ დამზადდეს. თუ სხვადასხვა კომპანიასთან [სიმენსი, შროდერი და სხვ.] კოოპერაციით, რეალურად გაზრდით წარმოებას, შესაძლოა, ათასამდე ადამიანი დაასაქმოთ.

თუმცა, საამისოდ, სერიოზული გადაიარაღებაა საჭირო, რადგან შეკვეთები მუდმივად გექნებათ. საქართველო თქვენთვის ინდუსტრიული ჰაბი გახდება და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის პოტენციალის გათვალისწინებით, ამ წარმოებას დიდი პერსპექტივა აქვს.

ასევე საუკეთესო გამოხმაურება აქვს „ჯეოსტილის“ მიერ გამოშვებულ არმატურას. დასაწყისი ძალიან კარგი გაქვთ, რადგან ხალხი უკვე პრიორიტეტს თქვენს მასალას ანიჭებს და არა უცხოეთიდან შემოტანილს. ვფიქრობ, ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქარხანას, რომელიც ნულიდან შეიქმნა უკვე 600 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მახსოვს, როდესაც ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა, მაშინ იქ ვიყავი, მაგრამ მთავარი ის იყო, შემდეგ რა მოხდებოდა. მართლაც კარგად განვითარდა ყველაფერი, რადგან ამ საწარმოს წყალობით 600 ოჯახს აქვს შემოსავალი და ხალხს თვალები გაუნათდა.

ძალიან კარგი რამ მოხდა.

6 ათასი ადამიანი დასაქმდა ავტომანქანების ბაზრობაზე. ე.ი ის ხალხი, რომლებიც ადრე მუდმივად ბირჟაზე იდგა, ახლა მუშაობს და თითო მანქანიდან, დამატებით, 100-მდე აშშ დოლარი რჩებათ.

დეკემბერში 5 ათასამდე მანქანა გავიდა რეექსპორტზე, თანაც, მუდმივად იზრდება ტემპი.  აი რამდენად დიდი ცენტრი გახდა ადგილი, რომელიც სპეციალურად შევარჩიეთ - რუსთავის შესასვლელი. ეს არის მთავრობის პოლიტიკა.

გასულ წელს ქვეყანას ამან რამდენიმე ათეული მილიონის შემოსავალი მისცა და 6 ათასი ადამიანი დაასაქმა. აი, რას ნიშნავს ინდუსტიული და სავაჭრო პოლიტიკის ერთად შეხამება.

ინდუსტრიული პოლიტიკის არსებული კადრები თქვენმა საწარმოებმა კარგად გამოიყენა. მინდა გითხრათ, რომ აქ კიდევ ბევრი სპეციალისტია.

ამ ხალხის გადამზადებაში ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ჩავდებთ, რათა კონკრეტული პროფესიული ორიენტაცია მივცეთ და თავად მოგაკვლიონ.

კადრებით ჩვენ მოგამარაგებთ, რადგან ხალხი დასასაქმებლად მზად იქნება. ბევრად მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს დასაქმება.

ჩვენ შეგვიძლია უმუშევრობა ნულამდე დავიყვანოთ.

სხვათა შორის პოლიციაში და რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში, სადაც ხელფასებს უხდიან, კადრების ნაკლებობა გვაქვს, ხალხი ვერ მოგვყავს, რადგან ინდუსტრიულმა საწარმოებმა წაიყვანეს.

ცოტა ხნის წინათ, ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა უმუშევრობა ჯერ კიდევ არის, მაგრამ ხალხი, ძირითადად, იმას ჩივის, რომ  დაბალი ხელფასი აქვს.

თუ უმუშევრობას დავძლევთ, ხელფასების ზრდაზე გადავერთვებით და თანდათან ამასაც მივაღწევთ. ეს დიდი პროგრესია და ამას მიაღწიეთ თქვენ.

რუსთავში, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ პროგრესი აშკარად შეიმჩნევა და ეს პროგრესი უნდა გაათმაგდეს. თქვენთან ერთად ამასაც შევძლებთ.

ვაგონშემკეთებელი ქარხნის შეკვეთებთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ მართალია, ყველაზე დიდი დამკვეთი საქართველოს რკინიგზა არის, მაგრამ, ამას გარდა, არის შეკვეთები სომხეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებიდან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ წელს ჩვენს რკინიგზას თურქეთის რკინიგზის ქსელს ვუერთებთ და მომავალი წლიდან ამ შეკვეთებს, პრაქტიკულად, რეგულარული ხასიათი ექნება. ჩვენ გავხდებით ევროპული რკინიგზის ნაწილი.

ჩვენ ჯერ კიდევ მიკრო დონეზე ვაზროვნებთ და ჩვენი ბაზარი მხოლოდ რეგიონის მასშტაბით წარმოგვიდგენია. რეალურად, ძალიან დიდი, მსოფლიო ქსელის ნაწილი ვხდებით.

ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ გლობალურად და, უპირველესად, ეს მთავრობას შეეხება. უნდა გავითავისოთ, რომ დიდ, კონკურენტულ ბაზარზე გავდივართ, სადაც ჩვენი პატარა ქვეყანაც დაიმკვიდრებს ადგილს.

სინგაპურიზაციას ტყუილად კი არ ვახსენებ - მოსახლეობის რაოდენობით ერთი და იგივე მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ, ტერიტორიულად, სინგაპური ჩვენზე გაცილებით პატარაა.

სინგაპურმა ყველაფერი ვაჭრობით და ბიუროკრატიის გამარტივებით დაიწყო - პრაქტიკულად, გააკეთა ყველაფერი ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ოღონდ უფრო ეფექტიანად და  ბევრად უფრო სწრაფად. ამის შემდეგ შექმნა დიდი ინდუსტრიული სიმძლავრეები.

საქართველოს ნამდვილად შეუძლია შექმნას დიდი ინდუსტიული სიმძლავრეები. წინა წლებში მხოლოდ იმაზე ვიყავით ორიენტირებული, რომ იმის ნაწილი მაინც გადაგვერჩინა, რისი ძარცვა და ნგრევა საბჭოთა დროს დაიწყეს. ვცდილობდით ამ საწარმოების რეანიმაცია მოგვეხდინა, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი რაღაცის გაკეთებაც შეიძლება, მათ შორის, თქვენს სფეროშიც.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლა ინდუსტრიულ დიზანის ახალ კათედრას ვქმნით. ამასთან დაკავშირებით, ძალიან ცნობილი იტალიელი დიზაინერიც გვყავდა ჩამოყვანილი და უკვე  ვმუშაობთ ტექნიკური აღჭურვის, დიზაინისა და კადრების მომზადების მიმართულებით.

რაც მთავარია უნდა გავიდეთ ახალ ბაზრებზე, რისთვისაც აუცილებელია სწორი მარკეტინგი.

ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით - სახელმწიფოს ფუნქციაა თქვენი ლობირება.

თქვენ იმაზე ბევრად მეტი შეკვეთის შესრულება შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ეს რაც შეეხებოდა დასაქმებას.

მინდა ინფრასტრუქტურის საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

წელს რუსთავში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი კეთდება, შენდება სპორტული კომპლექსი, იგება გზები და ეწყობა ეზოები, იგეგმება სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, უმჯობესდება წყლის მიწოდება იქ, სადაც ეს ჯერ არ გაუმჯობესებულა, მიმდინარეობს სახურავებისა და ლიფტების შეკეთების სამუშაოები და ხორციელდება ბევრი სხვა რამ... 

საბოლოოდ, ეს უნდა იყოს ძალიან კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. მას უნდა დაუბრუნდეს  ინდუსტრიული ცენტრის ფუნქცია და აქ ცხოვრება უნდა იყოს პრივილეგია. 

რუსთავი ძალიან შეიცვალა გარეგნულად, მაგრამ ცვლილება ხარისხობრივადაც უნდა დაეტყოს.

კარგად უნდა განვაზოგადოთ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში - აქ ბევრად მეტი გაკეთდა, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ რაც უფრო მეტი კეთდება, მით უფრო კარგად ჩანს რამდენი რამ არის გასაკეთებელი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროგრესი აქ უკვე ხელშესახებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული ნახტომის გაკეთებაც შეიძლება წინ.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, თქვენი - ბიზნესმენების და აქ არსებული საწარმოების ლობირება, რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ მდგომარეობა და არავინ არ შეგიშალოთ ხელი.

ადრე იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ზოგიერთები მუშაობაში ხელს გიშლიდნენ - გაფიცვებისა და საბოტაჟის ორგანიზებაც სცადეს და ბაზრების მონოპოლიზაციის  მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ თქვენთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით (ეს უფრო ადვილია) თუ გარეთ, ხელოვნური ბარიერები მოგიხსნათ.

მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს ქალაქი წარმატების ეტალონად ვაქციოთ არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ამის გაკეთება შესაძლებელია.

ხალხი დღეს იმედის თვალით შემოგვყურებს, ეს ხალხი უკვე ხედავს გარკვეულ პროგრესს და გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდა - ამის იმედი ადრე, პრაქტიკულად, დაკარგული გვქონდა და მათ ბევრად მეტი ზრუნვა, სითბო და ყურადღება სჭირდება.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)