Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

მოგესალმებით.

დღეს ბრიუსელში საბოლოოდ მოეწერა ხელი და გამოცხადდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია.

ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე გარკვეული ვადა - თვეები და წლები, რამდენიმე წელი დაგვჭირდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს უკვე  შესაძლებლობა მიეცემათ აქ ბევრი საწარმო გახსნან და დაასაქმონ ხალხი.  

რა პრობლემებიც არ უნდა იყოს ევროპის ბაზარზე, ჩვენი ეკონომიკისთვის განვითარების დონის მიხედვით, ევროპა ძალზე მიმზიდველი ალტერნატივაა.

 ამგვარად,  ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც იმიის დამსახურებაა, რომ საქართველომ რეფორმები სწორი მიმართულებით განახორციელა.

იმედია, გაზაფხულზე დავიწყებთ მოლაპარაკებას უვიზო მიმოსვლის თობაზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის მიღება უკვე გამარტივებულია.

მთავარი, რაც წელს მოხდა არის ის, რომ საერთო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ევროპა  შემოტრიალდა საქართველოსკენ.

როდესაც 2004 წლის იანვარში, ინაუგურაციაზე ევროკავშირის დროშა ავაფრიალეთ,  უკლებლივ ყველას დამცინავი რეაქცია ჰქონდა.

ზოგიერთს დაუჯერებელად მიაჩნდა, ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოება, მაგრამ ჩვენთვის ეს ორგანიზაცია, მართლაც, იდეალი იყო. ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი სისტემა და გვსურს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატია ავაშენოთ.

ჩვენ მაშინ არც კი ვოცნებობდით, რომ საქართველოს როდესმე მაინც მიიღებდნენ, მაგალითად, ევროკავშირში. მახსოვს, ევროპელების უმეტესობა მაშინ ამბობდა, რომ გეოგრაფიულად, საქართველო არ არის ევროპა და არის რაღაც სხვა  განვითარება, სხვა სივრცე, სხვა გავლენის სფერო.

წლევანდელი წლის დამდეგს ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გახდებოდა რეალური თემა, ვიტყოდი, რომ ეს, უბრალოდ, სასურველი მოსაზრებაა, მაგრამ რეალობასთან ახლოს არ არის-მეთქი.

ყველა სამიტსა და შეხვედრაზე, სადაც ბოლოს ვიყავი, ყველგან ერთი და იგივე ისმის: საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

ეს თქვა ნიკოლა სარკოზიმ აქ, თავისი ისტორიული გამოსვლის დროს. ეს გამოსვლა  ისტორიული იყო იმიტომ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მომავლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ქვეყანაა.

ეს სიტყვები და მოტივაცია ნიკოლა სარკოზიმ გაიმეორა მარსელშიც, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, რომელსაც ევროკავშირის ძირითადი ლიდერები ესწრებოდნენ.  მან განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

სხვათა შორის, სხვა ევროპელი ლიდერები, მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამას მუდმივად იმეორებენ.

ევროკავშირში, ბრიუსელში დამკიდრდა არა მხოლოდ ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, არამედ ის, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო უნდა იყოს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი.

ეს საქართველოსთვის, მართლაც, წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალებაა.

ეს არის ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნების ხორცშესხმის დასაწყისი.

ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრობდნენ საქართველოში ათეულობით და ასეულობით თაობები და სამწუხაროდ ვერც ერთი მათგანი ვერ მოესწრო ამ მიზნის ასრულებას.

ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი, რომ ამ საკითხის შეუქცევადად გადაწყვეტას ამ თაობამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და დღევანდელმა დიპლომატიამ მიაღწიოს.

ეს მართლაც ძალიან დიდი შანსია თითოეული ჩვენგანისთვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომის შემდეგ არა მხოლოდ არ შესუსტდა საქართველოს პოზიციები, მით უმეტეს, არ მოხდა საქართველოს იზოლაცია, რის მიღწევასაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი ცდილობდა (ყველა რესურსს იყენებდა ჩვენი დისკრედიტაციისათვის, დასუსტებისათვის, იმისთვის, რომ  შიგნიდან ძირი გამოეთხარა, ხოლო გარეთ ბოლომდე შეერყია პოზიციები), მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი მიიღო.

ყოველივე ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ათასგვარი  ხრიკების მიუხედავად, ვვითარდებოდით, წელში ვიმართებოდით, რეფორმებს ვახორციელებდით და  მთელი რეგიონისთვის მისაბაძ მაგალითად ვიქეცით.

ამის დამსახურებაა, რომ ევროპაში ჩვენს მიმართ ახალი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა.

ამიტომ, დღეს მივაღწიეთ არა მარტო მორიგ დიპლომატიურ გამარჯვებას, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, ჩვენი არსებობისთვის განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესის და ჩვენი ერის ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისი.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)