Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას ინიციატივებსა და ახალ პროექტებზე ისაუბრა

ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის!

გადავწყვიტე გლდანის სკოლების პედაგოგებს შეგხვედროდით, რადგან, ჯერ ერთი, ყველაზე მეტი სკოლა ამ რაიონშია, ხოლო მეორეს მხრივ, მინდოდა, რომ გარეუბნების (ჩემთვის ეს ისეთივე ცენტრალური უბნებია, როგორც ყველა დანარჩენი) პრობლემებზე გვესაუბრა და ამასთან დაკავშირებით, თქვენთვის ჩემი გეგმები გამეცნო.

ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ ეს ცენტრი ძალიან კარგად ფუნქციონირებს - გადამზადება აქ სხვადასხვა განხრით მიმდინარეობს და დღეში 500-მდე პედაგოგი მოდის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ასევე იცით, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირება რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პედაგოგთა 10-მა პროცენტმა ატესტაცია უკვე გაიარა და იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ეს პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

ვფიქრობ, შემდეგ 3-4 წელიწადში უფრო მეტი მასწავლებელი გაივლის ატესტაციას, რადგან სერტიფიცირებული პედაგოგები უფრო ადვილად მოახერხებენ თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

იცით, რომ გარკვეული საფეხურების გადალახვის შემდეგ მასწავლებელთა ხელფასებს  ემატება 125 ლარი, 200 ლარი და მთელ რიგ შემთხვევებში, ანაზღაურება 1000 ლარამდე ადის. ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომელთა ანაზღაურება, დანამატების გათვალისწინებით, 1300 – 1500 ლარს აღწევს.

მინდა გაგაცნოთ ძალზე მნიშვნელოვანი, ახალი ინიციატივა. დღესდღეობით, აუცილებელია ხალხის მომზადება ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკისა და სხვა ტექნიკურ დარგებში. ახალგაზრდებს მოვუწოდებთ კიდეც, რომ სწავლა ამ მიმართულებებით განაგრძონ და ამისათვის წახალისების პრგრამაც გვაქვს შემუშავებული, რადგან თუკი საქართველოში ეს დარგები არ განვითარდება, დასაქმების პრობლემა მუდმივად გვექნება.

ამიტომ,  ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ფიზიკის იმ მასწავლებლებს, რომლებიც უნარ-ჩვევების გარდა, ტესტირებას ამ საგნებშიც გაივლიან, ხელფასი 75 ლარით გაეზრდებათ.

ამით ჩვენ მივიღებთ, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ სოციალურად უფრო დაცული და განვითარებული საზოგადოება გვეყოლება.  

ჩვენ ძალიან ბევრ ფუნდამენტურ საკითხს უნდა გადავხედოთ.  

ახლა, მაგალითად, 150-ზე მეტი საავადმყოფო შედის მწყობრში. ჩვენ უამრავი კარგი ექიმი გვყავს, რომლებიც უნდა გადავამზადოთ, რათა კიდევ უფრო აიმაღლონ კვალიფიცია.

ამავე დროს, სამედიცინო უნივერსიტეტში მიღების ბარიერი უნდა ავწიოთ და პირობები უფრო მკაცრად უნდა განვსაზღვროთ. რა თქმა უნდა, პროფესორებიც უკეთესად უნდა მოემზადონ, რადგან ახალ საავადმყოფოებში საერთო მომზადების მაღალი დონე გვჭირდება.

უპირველესად, ჩვენი ექიმები უნდა გადავამზადოთ, რადგან ეს გადამწყვეტი საკითხია. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ექიმების უმუშევრობა არ დავუშვათ, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა შესრულდეს პაციენტების ელემენტარული მოთხოვნები - ექიმმა სწორად დასვას დიაგნოზი და სწორად წარმართოს მკურნალობის პროცესი.

ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული - სკოლაც, ბავშვებიც, ექიმიც, ინჟინერიც, მშენებელიც, პოლიტიკოსიც და ამ პროფესიის ხალხის კვალიფიკაციაც.

საქართველოს 10 ქალაქში ინგლისურის,  კომპიუტერისა და პროფორიენტაციის კურსებს ვხსნით დამატებით. ასეთი ცენტრები იხსნება ისეთ ქალაქებში, სადაც სოციალურად მძიმე ფონია შექმნილი, მაგალითად, ხაშურში, გორში, ჭიათურაში, ზესტაფონში და დასავლეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

ჩვენი ხალხი, ზოგადად, ძალიან ნიჭიერია. ჩემთვის ბევრის მანიშნებელია ისიც, რომ პედაგოგები აქ ხშირად დადიან და სწრაფად ითვისებენ სიახლეებს.

ამას გარდა, მინდოდა თქვენთან გლდანის რაიონის პრობლემებზე მესაუბრა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გავხსენით განახლებული აღმაშენებლის გამზირი. თბილისის ცენტრი წარმოუდგენლად ლამაზი ხდება - რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები, გმირთა მოედანი, ძველი თბილისი და მაგალითად, რიყე, რომელიც მსოფლიოში, მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი ხდება.

გუშინ გვყავდა ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციის 8 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა. მათ თქვეს, რომ თბილისი ყოველ წელს გამაოგნებლად იცვლება, თუმცა ამ ხალხს მხოლოდ თბილისის ცენტრი აქვს ნანახი.

რა თქმა უნდა, გლდანიც ძალიან შეიცვალა. კარგად მახსოვს რა მძიმე მდგომარეობაში იყო აქაურობა - ერთ დროს მუხიანში მქონდა ბინა და საკრებულოს თავმჯდომარეობის წლებშიც ხშირად დავდიოდი აქ. მარტო ის კმარა სათქმელად, რომ აქამდე ვერც მოხვიდოდი.  ეს საქართველოდან გამოყოფილი ცალკე „კუნძული“ იყო, ნაგვის დიდი გროვით.

მას შემდეგ, აქ გზა გაკეთდა, წყალგაყვანილობა გაუმჯობესდა, გამწვანდა, პარკები მოეწყო... თუმცა არის დარჩენილი ადგილები, სადაც პატარა დეტალები ჯერ კიდევ გამოსასწორებელია და მიხედვა სჭირდება.  

წელს გლდანში უკლებლივ ყველა სკოლის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. ვიცი, რომ ერთ დროს, სკოლებში რემონტი გაკეთდა, მაგრამ გამოუცდელობისა და სიჩქარის გამო, ზოგი რამ მოუწესრიგებელი დარჩა. წელს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას.

მთავარი და გადამწყვეტი, რაც აქ უნდა შეიცვალოს, ეს არის ხალხის დასაქმების საკითხი. თბილისის ზოგიერთ გარეუბანში უმუშევრობის დონე 30 პროცენტს აღწევს.

ბევრი ვიფიქრე რა და როგორ უნდა გაკეთდეს და, ვფიქრობ, გლდანში და თბილისის რამდენიმე  გარეუბანში ეს საკითხი უშუალოდ ჩემი პირადი პატრონაჟის ქვეშ უნდა ავიყვანო. უნდა დავიწყოთ ყველა ასაკის ადამიანთა მასშტაბური გადამზადება მათი შემდგომი პროფესიული ორიენტაციისა და საკუთარი საქმის პოვნის მიზნით.

ხშირად ადამიანს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ზოგს უნივერსიტეტი და ტექნიკური სასწავლებელი აქვს დამთავრებული, მაგრამ სახლში ზის და არაფერს აღარ ეძებს. უკვე შეჩვეულია, რომ ეს ასეა, რადგან, მაგალითად, 10 წელია სამსახური არ ჰქონია. პატარა შემოსავალს თუ გამოკრავს ხელს, თორემ, სხვა მხრივ, მას საქმე აღარ აქვს.

პროფესიული ორიენტაცია ჩვენ სწორედ ამის გამო შემოგვაქვს.

ამას წინათ, აქ რამდენიმე ადამიანთან ერთად მოვედი ღამის 4 საათზე (საკრებულოში ჩემი ყოფნის დროს ღამით ფანრებით გვიწევდა სიარული, ახლა კი ღამით განსაკუთრებულად კარგად არის გლდანი განათებული) და ტექნიკური სასწავლებლის ასაშენებლად ადგილი შევათვალიერეთ. დიმიტრი შაშკინთან ერთად, გადავწყვიტე, რომ აქ აშენდეს დიდი ცენტრი, რომელშიც გაერთიანდება სპორტკომპლექსი, საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ.

ვაპირებ, რომ საკუთარ კონტროლზე ავიყვანო ეს სასწავლებელი და შეთავსებით მისი ხელმძღვანელი (კონსტიტუცია ამას არ უკრძალავს პრეზიდენტს, მაგრამ ამ ცენტრს ფორმალურად სხვა დირექტორიც ეყოლება) გავხდე. ჩვენ ავიყვანთ ათასობით ადამიანს და თითოეული მათგანის კარიერას ჩვენი ეგიდით გავაკეთებთ. ამით ვეცდებით ამ ხალხს დასაქმებაში შევუწყოთ ხელი და წარმატების მიღწევის საშუალებას მივცეთ.  

ამის გაკეთებას ვაპირებთ აქ.

ამჟამად, ჩემთვის მთავარია, რომ შევქმნათ გადამზადებისა და დასაქმების სერიოზული ცენტრი და მთელი მთავრობა ჩავრთო იმაში, რომ აქაური საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც, გამოვიყვანოთ უიმედობისა და უპერსპექტივობის მდგომარეობიდან.

აი, ეს არის ჩემი გეგმა.

თუკი ამასთან დაკავშირებით გაქვთ მოსაზრება და შეგიძლიათ რაიმე მირჩიოთ, მაგალითად, როგორ გავაკეთო ეს, რა შეიძლება ვასწავლოთ ხალხს და რომელი პროფესია იქნება  მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, სიამოვნებით მოგისმენთ. აქ სწორედ იმისთვის მოვედი, რომ თქვენგან რჩევა მივიღო.

ამ ცენტრის პროექტი უკვე გვაქვს, მშენებლობას ამ თვის ბოლომდე დავიწყებთ და 5 თვეში გავხსნით კიდეც.

ამ სასწავლებელში ყველა ასაკის ადამიანი უნდა იყოს, რადგან ახალგაზრდების განვითარების სწრაფი ტემპიც აუცილებელია და ხანდაზმულთა გამოცდილებაც, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.

მაგალითად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ კანკავა, დაახლოებით, 60 წლისაა. იგი მსოფლიო მასშტაბის გამოგონების ავტორია - მან გამოიგონა ახალი ბეტონი, რომელიც წარმოუდგენლად აუმჯობესებს მშენებლობის ხარისხს. 25-30 წლის ვერც ერთ ახალგაზრდას ასეთი გამოგონებისთვის გამოცდილება არ ეყოფოდა. ვახტანგ კანკავას მსგავსი სპეციალისტები, რა თქმა უნდა, რამდენიმე ადგილზე ერთად უნდა დავასაქმოთ, რომ სხვებს ასწავლონ. ამ თაობის ადამიანებს განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება აქვთ.   

გადამზადების ცენტრები ქუთაისში, ტყიბულში და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილზე გავხსენით. ვაკვირდები, რომ ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები, განსაკუთრებით, ტექნიკურ სფეროებში, ასაკოვანი ხალხია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და, შესაბამისად, ახალგაზრდა  გამოცდილებას ვერც მიიღებდა. ამ მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა 90-იან წლებში. ამიტომაც ვთქვით, იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ახალ თანამშრომლებს 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადს არ გადავახდევინებთ. ამისთვის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საგანგებოდ ვუხსნით, რომ მართლაც ძალიან ბევრი კომპეტენტური ადმიანია, რომლის ცოდნა გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს. უბრალოდ, ფსიქოლოგიური პრობლემა შეიქმნა და იმის გამო, რომ ეს ხალხი 15 წლის განმავლობაში უმუშევარი იყო, მათ ცოდნაში ეჭვი შეაქვთ.

დაკვირვებული ვარ, რომ ფიზიკოსები ცხოვრებაში ბევრად მეტს აღწევენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები. ასე, რომ საქართველოშიც დგება ფიზიკოსების ეპოქა.

საქართველო ამ რეგიონის გზაგასაყარზე მდებარეობს და გლობალური მოთამაშე გახდა. ისეთი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები აპირებენ აქ ჩამოსვლას, რომ, სამწუხაროდ, ალბათ, ჩვენი ბავშვების უმრავლესობამ არც იცის რუკაზე ამ ქვეყნების არსებობა. თუ ჩვენ გვსურს, რომ სინგაპურის მსგავსი ქვეყანა გავხდეთ, გლობალურად უნდა ვიაზროვნოთ. სინგაპური ჩვენზე ბევრად უფრო პატარა ქვეყანაა ტერიტორიით, მაგრამ ის არა მარტო იმ რეგიონის ცენტრია, არამედ მთელი სამყაროსი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მსოფლიოში ცენტრალურ როლს ვასრულებთ, მაგრამ საამისოდ, მსოფლიოს უნდა ვიცნობდეთ.

ჩვენ გეოგრაფები და კარტოგრაფებიც გვჭირდება. სხვათა შორის, "გუგლის" რუკაზეც კი გაგვიჭირდა საქართველოს დატანა, რადგან სპეციალისტები არ გვყავდა. სანამ ენთუზიასტების ჯგუფი არ შეიკრა და დღე და ღამე არ გაასწორეს, ამ რუკამ არ იმუშავა.

ჩვენ წლები დავკარგეთ. არადა, გახსოვთ ალბათ, რომ, ერთ დროს, უნივერსიტეტში ყველაზე კარგ და პრესტიჟულ ფაკულტეტად  ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტს მიიჩნევდნენ. 

ჩვენ დავიწყეთ, შევქმენით და ახლაც ვქმნით თბილისის ცენტრს, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს არც ერთი დასაკარგი ნაწილი, არც ერთი დასაკარგი ტერიტორია, არც ერთი დასაკარგი და მისატოვებელი ადგილი არც თბილისის და ქვეყნის მასშტაბით.

ყველაზე მეტი ხალხი თბილისში ცხოვრობს ე.წ. გარეუბნებში. აქ, შესაძლოა, სოციალურად ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია ხალხი, რადგან ბინები უფრო იაფი ღირს, ინფრასტრუქტურა უფრო გვიან გაკეთდა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მონდომებული ადამიანები სწორედ აქ არიან. ყველაზე მეტად თქვენ გადალახეთ გაჭირვება. თქვენზე გადაიარა უშუქობამ, უწყლობამ, უპერსპექტივობამ, უმუშევრობამ, მაგრამ ყველაფერი, რაც არ კლავს, აძლიერებს.

ახლა დადგა დრო, რომ მეც და მთავრობაც, მთელი რესურსებით, გარეუბნებზე გადმოვერთოთ. თუმცა ადრეც ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამაზე.

ძალიან ვამაყობ აღმაშენებლის გამზირით. მე იქ დავიბადე და არა მხოლოდ ჩემი ბავშვობიდან, არამედ 200 წლის განმავლობაში არ ყოფილა ეს ქუჩა ისეთი ლამაზი, როგორიც ახლაა.

ძალიან ვამაყობთ რიყით, მთაწმინდით, რუსთაველის გამზირით, ვაკე-საბურთალოს რაიონით, ძალიან კარგი საქმე კეთდება ორთაჭალაში, ავლაბარში - ყველგან გარშემო, მაგრამ ხალხის ძირითადი რაოდენობა სწორედ აქაა და მოვლაც ყველაზე მეტად, ალბათ, მათ სჭირდებათ.

შეხვედრა გლდანიდან დავიწყე და ნახავთ როგორ აქტიურად ავმუშავდებით ყველანი.

აქ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.   

დანაშაული ჩვენ ნულამდე დავიყვანეთ, ბევრი რამ გამოვასწორეთ, მაგრამ ამ უბნის მთავარი დაავადება უმუშევრობაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს დავძლევთ, მაგრამ საამისოდ თქვენი დახმარება, თქვენი გაგება და ენთუზიაზმი მჭირდება.

იგივეს ვეუბნები ნაძალადევს, იგივეს ვეუბნები სამგორის რაიონს, ვარკეთილს, ვაზისუბანს, აფრიკას, ლილოს და ყველას დანარჩენს, რომლებიც მუდმივად მეორე პლანზე იყო გადაწეული.

პირველად, მუხიანში რომ მოგვცეს ბინა, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი საბჭოთა პერიოდში კი. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს რა განცდა დაგვეუფლა მეც და დედასაც - გვეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა.

ეს ნამდვილად აღარ არის ასე, მაგრამ ბევრი რამ კიდევ უნდა გაკეთდეს. მსოფლიოს ყველა  განვითარებულ ქვეყანაში ყველაზე კარგი ადგილი საცხოვრებლად, გარეუბანია.

ზუსტად ასე უნდა შევქმნათ თბილისიც, მით უმეტეს, რომ  აქვე ახლოს, პარალელურად, „ახალი თბილისის“ რაიონის მშენებლობა იწყება, სადაც კომერციული და ადმინისტრაციული აქტიურობა გადმოდის. თუმცა უკვე დასახლებული რაიონების კეთილმოწყობაც უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი ერთად გაკეთდეს. ერთის მშენებლობა მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით. აღმშენებლები და მშენებელები კი ყველა ასაკის გვჭირდება.

სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ტექნიკურ სკოლას და ამ პროექტს მე ჩავუდგები სათავეში; ჩვენ ვაკეთებთ სპორტულ კომპლექსებს, ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურაზე, ვაგრძელებთ კადრების გადამზადებას.

ეს პროგრამა 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს, რადგან 2015 წელს, სოციალური პარამეტრებით, ეს საუკეთესო ადგილი უნდა იყოს თბილისსა და საქართველოში. ამას ყველანი ერთად მივაღწევთ.

დღეს ამის სათქმელად მოვედი თქვენთან. ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და მინდა დისკუსია და დიალოგი უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში გავაგრძელოთ.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)