Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი რიყეზე რონალდ რეიგანის ქანდაკების გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

მოგესალმებით ყველას,

აქ თბილისის ულამაზეს ადგილზე - რიყეზე მივესალმები დამსწრე აუდიტორიას, ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს, რეიგანის ცენტრის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს.

ვფიქრობ, დღეს ჩვენი საზოგადოების ძალზე მცირე ნაწილს, ძირითადად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ რატომ ვხსნით რონალდ რეიგანის ქანდაკებას, რატომ ვხსნით მას თბილისში და რატომ რიყეზე.

ხშირად ამბობდნენ, ამ დიდი მოღვაწის პატივისცემა გვსურდა, მისი ქანდაკება  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეგვეძლო დაგვედგა.

მსურს, ისტორიულ ჭრილში შევხედოთ ამას და გავიხსენო რეიგანის სიტყვები: „გულის სიღრმეში ვიცი, რომ ადამიანი ფუნდამენტურად დადებითი მოვლენაა და სიმართლე და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.“

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ფასადზე გამოსახულია შოთა რუსთაველის ციტატა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“

ჩვენ ახლა ბარათაშვილის ქუჩაზე, ბარათაშვილის ძეგლთან, ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ნიკოლოზ ბარათაშვილმა თქვა: „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.

მინდა რონალდ რეიგანის ციტატა წავიკითხო: „მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, თქვან, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ ბოლომდე მივიყვანეთ ეს რბოლა; რომ ჩვენ მომავალ თაობებს შევუნარჩუნეთ თავისუფლება და არ დავკარგეთ გამარჯვების რწმენა“.

რეიგანის გზავნილი საქართველოში არასდროს არ ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს არის.

ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის ლიდერმა საბჭოთა კავშირის დაშლა, რაშიც უდიდესი წვლილი რონალდ რეიგანს მიუძღვის, „მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკური ტრაგედიად“ შეაფასა.

რამდენიმე დღის წინათ, ჩვენგან ჩრდილოეთით ევრაზიული კავშირი შეიქმნა, რასაც ისინი, ცალსახად უწოდებენ საბჭოთა კავშირის ახალ ვარიანტს.

რუსეთის მართმადიდებელმა ეკლესიამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიას და, მათ შორის, საქართველოს, ისტორიული რუსეთის შემადგენელი ნაწილი უწოდა და სურს, რომ  უკან - რუსეთში დაბრუნდეს.

რეიგანმა მათ ხელიდან გამოგლიჯა ეს ნაწილი, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავისუფლების იდეაც.

დღეს ხორციელდება ისტორიული რევანშის მცდელობა იმის წინააღმდეგ, რაც რონალდ რეიგანმა გააკეთა - მათ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს.

ჩვენ აქ ვდგამთ რონალდ რეიგანის ქანდაკებას, როგორც განსხვავებას ჩვენსა და მათ ფასეულობებს შორის.

ამას არავის ჯიბრზე არ ვაკეთებთ.

თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს იდეა, იდეოლოგია, მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია არის თავისუფლება და თუკი ოდესმე ვინმე იცავდა თავისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ეს რონალდ რეიგანი იყო და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები.

დღეს აქ იმყოფებიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები - ამერიკის ორივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათი მთავარი ღირებულებები და ფასეულობები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

მაშინ, როდესაც აქედან 40 კილომეტრის დაშორებით, ენგურის ხიდზე, ანაკლიის პლაჟზე, ახალგორისა და ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიებზე „ბერლინის“ ახალი მინი-კედლები აშენდა, ჩვენ, როგორც არასდროს, გვახსენდება რეიგანის მოწოდება: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი“, ასევე, პრეზიდენტ კენედის გამონათქვამი: “Ich bin eine Berliner” (მე ვარ ბერლინელი);  და გვახსენდება დღევანდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამონათქვამი „არ იქნება არავითარი გავლენის სფერო“.

ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ, როგორც დიდი ბერლინის კედელი შემოეფშვნა ხელში მაიორ პუტინს, რომელიც მაშინ გერმანიაში იმყოფებოდა, ისე დაენგრევა დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობას ახალგორის, ანაკლიის, ენგურისა და სხვა ახალი ხელოვნური კედლები.

საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს. საქართველოს თავისუფლების იდეა კი მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გავრცელდება.

რადგან, რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობაც არ უნდა გამოცხადდეს საბჭოთა კავშირის აღსადგენად, საბოლოოდ, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს და საბჭოთა კავშირის აღდგენის ყველანაირი  მცდელობა დღევანდელ რუსეთს, რომელიც ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, შემდგომ დესტაბილიზაციამდე, დაშლის პირას მიიყვანს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც ჩვენს ქვეყანას ეხება და რეიგანის გზავნილი საქართველოში არასდროს არ ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს.

საქართველოში მრავალი თაობა ებრძოდა ოკუპაციას, მრავალი თაობა იბრძოდა თავისუფლებისთვის და კარგად მახსოვს ხევსურების წერილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიწერეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა ეს წერილი უპასუხოდ დატოვა. ეს მოხდა გასული საუკუნის 20-იან წლებში.

პირველი პრეზიდენტი, რომელიც ბოლომდე, ამომწურავად გამოეხმაურა ჩვენი მებრძოლი ხალხის მოწოდებას, იყო რონალდ რეიგანი. იმ პერიოდში, ე.ი. უახლოეს წარსულში ეს ძალზე აქტუალური იყო საქართველოსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და აქტუალური იქნება  მომავალშიც.

ეს არ არის უბრალოდ ქანდაკება, ეს მიმდინარე პროცესის ნაწილია. თავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის.

დღეს ჩვენ ვარდების რევოლუციის 8 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს არ არის წარსულში მომხდარი მოვლენის წლისთავი. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა რეფორმებისთვის  და  ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი, საბჭოთა კომპლექსებისგან გათავისუფლებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

ის, ვინც ფუნდამენტურად  ებრძვის ვარდების რევოლუციის იდეას, საბჭოთა კავშირში ჩვენს  დაბრუნებას ცდილობს, მიგვათრევს უკან, საიდანაც ჩვენმა ქვეყანამ თავი უკვე დააღწია.

ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში მენტალიტეტის უზარმაზარი  ცვლილება მოხდა, საგრძნობლად შეიცვალა საზოგადოებრივი ურთიერთობები, გარემო, არქიტექტურა, ხალხის მოქმედებისა და ჩაცმის სტილი და, რაც მთავარია, აზროვნება.

საქართველოში ნამდვილი მენტალური ტრანსფორმაცია მოხდა, რაშიც, რა თქმა უნდა, ყველა თაობამ შეასრულა საკუთარი როლი, მაგრამ ქართველ ახალგაზრდობას, (20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე ვსაუბრობ) ვერასდროს ვერავინ ვეღარ დააბრუნებს უკან, რადგან ეს არის თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული, თავისუფალ გარემოში გაზრდილი და თავისუფლებაზე შეყვარებული თაობა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ამერიკელ სტუმრებს. მ

ინდა ვთქვა, რომ რონალდ რეიგანმა 20 წლის წინათ საბჭოთა იმპერა დაანგრია და ასობით მილიონი ადამიანი გაათავისუფლა. საქართველოს თავისუფლება, ასევე, მისი მიღწევაა. ჩვენი ქვეყანაც იგივე იდეების მატარებელია და იგივე იდეოლოგიის მომხრე, რომელსაც რონალდ რეიგანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფრთხილდებოდა და საკუთარი მოღვაწეობით ანმტკიცებდა. ჩვენ კარგად ვიცით რა მოგვიტანა მან ჩვენ და რას მოგვიტანს მომავალშიც. სწორედ ამიტომ იმსახურებს იგი ადგილს საქართველოს გულში, თბილისის ცენტრში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)