Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულელებს ტყიბულქალაქობა მიულოცა

ჩემო საყვარელო ტყიბულელებო!

დღეს ტყიბულის თბოელექტროსადგური გავხსენი. ამაზე ყველა ვოცნებობდით და ეს ოცნება აგვისრულდა. მინდა ყველას მოგილოცოთ.

დღეს მე სამკერვალო ფაბრიკაშიც ვიყავი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რომელიმე იქ მომუშავე ქალბატონს რაიმე დავამადლო - ის  ყოველ დილას ადრიანად იღვიძებს,  ტრანსპორტში 2 ლარს იხდის, ორმოცი წუთის განმავლობაში მგზავრობს, საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს, შემდეგ ისევ 2 ლარს ხარჯავს ტრანსპორტში და დაღლილი უბრუნდება ოჯახს. ჩვენ ყველანი ვალში ვართ ამ ქალბატონების წინაშე. ყოველთვიურად მათ100, 200, 300, ლარი შეაქვთ ოჯახში და ამით მაინც ეხმარებიან თავიანთი ოჯახის წევრებს. სიმწირის მიუხედავად, ეს თანხა მაინც შვებაა მისი შვილებისთვის, მშობლებისა და მეუღლისთვის.

ძალიან კარგია, რომ ეს ფაბრიკა გაიხსნა. მისი მშენებლობა ჩვენ 2008 წელს, ომამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყეთ. როდესაც გვბომბავდნენ, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა ბედი ეწეოდა ჩვენ მიერ წამოწყებულ პროექტებს, ამ ფაბრიკას, გზებს და ა.შ. ხომ არ გამოიწვევდა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისა და არსებული დადებითი ტენდენციების შეჩერებას თუნდაც ჩვენზე ასჯერ უფრო დიდი ქვეყნის აგრესია, სიძულვილი და ბომბები. 

ამ ფაბრიკისა და სხვა ობიექტების გახსნა არის ჩვენი პასუხი მტრისა და დამპყობლის მიმართ - ფაბრიკა, რომელიც ომის წინ დავიწყეთ, გაიხსნა; ტექნიკური სასწავლებელი, რომელის მშენებლობა ომამდე დავიწყეთ, გახსნილია და იქ უკვე ამზადებენ მაღაროელებს. უკვე ფუნქციონირებს თბოელექტროსადგურიც, რომლის მშნებლობაც ასევე ომამდე დაიწყო...

ახლა სამჯერ უფრო დიდ მაღაროსა და თესს ვაშენებთ, რომელიც არა მხოლოდ ტყიბულს, არამედ მთელ რეგიონს უზრუნველყოფს მუდმივი დასაქმებით.

გპირდებით, რომ ჩვენი პროგრამის თანახმად, ტყიბული 100 პროცენტიანი დასაქმების ქალაქი იქნება და თითოეული ოჯახის ყველა წევრი დასაქმდება.

არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ადამიანი დილით იღვიძებს და არსად არ აქვს წასასვლელი. არაფერია იმაზე შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი, როდესაც შვილი მშობელს კანფეტის ყიდვას სთხოვს და მას კი 5, 10, 15 ლარი არ აქვს ბავშვის სურვილის  შესასრულებლად. 

ჩვენ მდიდარი ქვეყანა არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა, რომ რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ყველამ ვიცით, რომ ტყიბული მართლაც მომაკვდავი ქალაქი იყო. თქვენი თანამოქალაქეები და თანასოფლელები წინა წლებში (ზოგიერთი დღესაც) ლუკმა-პურის  ძიებაში იყვნენ და  ელიავას ბაზრობაზე ცდილობდნენ 5-7 ლარის შოვნას.

საჩხერლები, ტყიბულელები, ჭიათურლები, სამტრედიელები ნებისმიერი სამუშაოს გასაკეთებლად მზად იყვნენ. მათ აღარც კვალიფიკაცია ჰქონდათ, რადგან ხალხის გადამზადება არ ხდებოდა.

მიხარია, რომ დღეს ტყიბული ის ქალაქია, რომელშიც ტყიბულელები ბრუნდებიან. ეს არის განსაკუთრებული ღირსების მქონე ქალაქი. ტყიბულელების დაბრუნება იმის ნიშანია, რომ ქალაქს სიცოცხლე დაუბრუნდა.

არასდროს დამავიწყდება, როდესაც ტყიბულში მოქმედება დავიწყეთ, ორი წლის შემდეგ აქ ქუჩაში მოვდიოდი და დედასთან ერთად მომავალი პატარა გოგონა დავინახე, რომელსაც ხელში ვიოლინო ეჭირა. მე მასთან მივედი და გამოველაპარაკე. იმ პირობებშიც კი მშობლები ცდილობდნენ ყველაფრით უზრუნველეყოთ შვილები, განათლება მიეცათ მათთვის, რათა არ დაეტოვებინათ ქალაქები და სოფლები და აქაურობა აეღორძინებინათ.

აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ორატორული ხელოვნებით მოვიწონო თავი. მსურს, ერთი რამ გითხრათ: ეს არის ბუნებისგან დაჯილდოებული ადგილი, აქ ცხოვრობს ძალიან ნიჭიერი, ინტელიგენტი, განათლებული, შრომისმოყვარე ხალხი და საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები. აქ ნამდვილი ღირსების მქონე საზოგადოება ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს, ლუკმაპური ძნელი მოსაპოვებელია, ძალზე პატარა მიწა გვაქვს, ზოგჯერ კლიმატური პირობებიც არ გვიწყობს ხელს და მაღაროში მუშაობა ძალიან ძნელია, ის მაინც მუშაობს და 1000 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

დღეს თესში 150 ადამიანი დასაქმდა, სამკერვალოში, დაახლოებით - 200 ადამიანი და კიდევ რამდენიმე ასეული დასაქმდება. ტექნიკურ სასწავლებელში ასობით ახალგაზრდა მიიღებს იმ ცოდნას, რომლის საშუალებითაც მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეძლებს. სკოლები კომპიუტერებით არის აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან.

ჩვენ დავიძვრენთ თავს სიღარიბიდან და ამას ყველანი ერთად შევძლებთ.

ტყიბულში არის დიდი ოლიმპიური კომპლექსი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმუმ, მომავალი წლის დამლევამდე აქ სპორტის სასახლე და დიდი ოლიმპიური აუზი ავაშენოთ. ამას ყველა ერთად გავაკეთებთ - აქ ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობები უნდა შეიქმნას, რათა მოსახლეობა აქედან აღარ წავიდეს.

აქ შესანიშნავი ბუნებაა, გარშემო უნიკალური კურორტებია. აქ არის შაორის წყალსაცავი, ტყიბულის წყალსაცავი. ამ მადლიან მიწაზე ბევრი სხვადასხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოდის. მათ, ვისაც ჰიბრიდული სიმინდის მოსავალში არ გაუმართლა, სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს, რათა ხელი არ ჩაიქნიოს, ექსპერიმენტი გააგრძელოს და საკუთარ ოჯახს შემოსავალი შეუქმნას.

მთავარია ის, რომ ყოველივე ამის სული და გული თქვენ ხართ.

დღეს ტყიბულქალაქობაა. აქამდე ნამდვილად არ გვეზეიმებოდა.

შევარდნაძის დროს რამდენჯერმე სცადეს აღნიშვნა, მაგრამ საზეიმო მიზეზი არ არსებობდა: არ იყო გზა, დენი, ფული, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რაც მთავარია, უმუშევრობა და უპერსპექტივობა სუფევდა.

დღესდღეობით, ამ საკითხთაგან ნაწილი უკვე გადაწყვეტილია და დარჩენილი საკითხების მოგვარების რეალური იმედიც გვავქვს.

არ ვამბობ იმას, რომ დღეს ჩვენ თავი უნდა მოვიწონოთ და მთავრობამ იზეიმოს, მაგრამ გვიხარია ერთმანეთის ნახვა. თქვენ უნდა იზეიმოთ, თქვენ უნდა გფენდეთ ნათელს ის მზე, რომელიც დღეს აქ ანათებს.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაული.

ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაული დასაქმებული ტყიბულელების ნახვაა, იმ ტყიბულელებისა, რომლებიც თავს არ ზოგავენ, სწავლობენ დასაქმებისთვის.

შეძლებისდაგვარად, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი რამ მივიყვანოთ ბოლომდე - ტყიბულში იყოს ასპროცენტიანი დასაქმება, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, კარგი საცხოვრებელი პირობები, რათა ჩვენ ბავშვებს, ჩვენ ახალგაზრდობას სწავლის, გართობის, ვარჯიშის, დასვენების შესაძლებლობა მივცეთ და იამაყონ იმით, რომ აქაურები არიან. ეს ასეც იქნება და ყველაფერი შესრულდება.

ნურავინ იტყვის, რომ მე „ერთაოზ ბრეგაძე“ ვარ, რომ ჩვენ მეოცნებეები ვართ. ჩვენ ყველანი ვართ ისეთი მეოცნებეები, რომლებსაც ყველაზე თამამი ოცნებები აუხდებათ. 

აქ რომ მოვდიოდი პატარა ილია ისაკაძეს გამოველაპარაკე. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ოცნება, ჩემი ოცნება, თქვენი ოცნება, ჩვენი ოცნება, მიზნები და ამბიციები აუცილებლად ასრულდება და ტყიბული საბოლოოდ გაიმართება წელში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)