Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.07.2011
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

უპირველეს ყოვლისა, მსურს მივესალმო პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის, რომელიც ძალიან სასურველი სტუმარია საქართველოში.

მინდა აღვნიშნო, რომ იგი  არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ან ოფიციალური პირების სტუმარია, არამედ მთელი ქართველი ხალხის, ვინაიდან, თუკი ევროპასა და  მსოფლიოში არსებობს ყველაზე პროპოლონური ხალხი, ამ ტიტულზე სწორედ ქართველ ხალხს  შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს.

ვფიქრობ, ჩვენი ისტორიითა და  ურთიერთობით  ეს არაერთხელ დავამტკიცეთ.

საქართველო განვითარების ძალზე საინტერესო ეტაპზეა. ომისა და მეზობელი ქვეყნის მიერ ჩვენი ტეროტირიის ოკუპაციის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი განვითარება მოვახერხეთ.

პროგრესის თვალსაზრისით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო კორუფციასთან  ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ქვეყანაა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი სახელმწიფო ვართ. ევროკავშირის გამოკვლევების თანახმად კი, ისლანდიის შემდეგ, ჩვენ მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში.

რა თქმა უნდა, ქართული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია ამ რეგიონის ქვეყნებისთვის.

ამავდროულად, დიდი აღფრთოვანებით ვადევნებთ  თვალს პოლონეთის განვითარებას.

მინდა ვთქვა,  რომ ევროპის ქვეყნებს შორის მსოფლიო კრიზისს ყველაზე კარგად პოლონეთმა გაუძლო და ეს სწორედ პოლონეთის დღევანდელი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების პირველი შედეგი იყო. ჩვენ კი ამ რეფორმებს დიდი ყურადღებით ვსწავლობთ.

ასევე, არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო იმ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო, რომელიც პოლონეთმა ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში გადადგა, პირადად პოლონეთის პრეზიდენტის ძალისხმევის გამო, ევროპაში პოლონეთის რეპუტაციის ამაღლებისა და პოზიციის გაძლიერების საქმეში.

ძლიერი პოლონეთი  - ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი წევრი - გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში  ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროატლანტიკური ასპირაცია აქვს.

ვფიქრობ, ახლა პოლონეთის  პრეზიდენტისა და მისი დღევანდელი მთავრობის ძალიან საინტერესო მოქმედების შედეგად, საშუალება გაჩნდა, პოლონეთი მართლაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს.  

დიდი ინტერესით ველოდებით სამიტს, რომელიც სექტემბერში ვარშავაში გაიმართება, რომელზეც, იმედია, გამოხატავენ ამ რეგიონის ქვეყნების შემდგომი ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული მომავლის პერსპექტივის ნებას.

დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს პოლონეთის ურთიერთობას უკრაინასთან და მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა, რომელსაც პოლონეთი უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამყარებს, ძალზე მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი კიდეც, რომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ბელარუსში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, ისიც კარგად ვიცით, რომ იმის მტკიცება, თითქოს რუსეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ბელარუსი -  აბსურდია. რუსეთისგან განსხვავებით, ბელარუსი არ ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ბელარუსთან   იზოლაციის პოლიტიკის წარმოება კი, როგორც ეს ხდება-ხოლმე, არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ბელორუსიის სუვერენიტეტი დასრულდეს და ქვეყანა მოექცეს რუსეთის დღევანდელი მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ. ეს  დაუშვებელია და კონტრპროდუქტიული ევროპის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს არის ძალიან ნიჭიერი ევროპელი ერი და მსგავსი შედეგი საზიანო იქნება მთელი რეგიონისთვის. მიმაჩნია, რომ, როგორც არასდროს, აუცილებელია დიალოგის წარმოება და ყველა იმ საკითხზე ღიად საუბარი, რომელიც ყველა ჩვენგანის დიდ ინტერესს და, ამავდროულად, შეშფოთებას იწვევს.

მსურს, მადლობა გადავუხადო პოლონეთს იმ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ ყველა საერთაშრისო ორგანიზაციაში აღმოგვიჩინა და პოლონელ ხალხს ვუთხრა: მათ საქართველოში ელიან.

ერთ-ერთ გვერდზე, რომელიც ფეისბუქზე ჩემი სახელითაა გახსნილი, მყავს ასობით ათასი პოლონელი მეგობარი. ვფიქრობ, არ ვარ ერთადერთი, ვისაც პოლონეთში მეგობრები ჰყავს და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, ჩემნაირი ქართველი ძალიან ბევრია.

მინდა, ბატონ კომაროვსკის საჩუქრად გადავცე წიგნი, რომელიც პოლონეთში გამოიცა. სხვათა შორის, ვარშავაში ის ერთ-ერთი "ბესთსელერია"  და საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნის სახელწოდებაა „გაუმარჯოს!"  

ეს საქართველოს შესახებ ახალი პოლონური წიგნია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წიგნის საინტერესო შინაარსი, არამედ ის, რომ იგი პოლონეთში კარგად იყიდება. ეს უტყუარი ნიშანია იმისა, თუ რა ინტერესი და რა სიმპატია აქვთ ამ ქვეყანაში საქართველოს მიმართ.

ეს ქართველების მისალმება და ყველაზე შესაფერისი სიტყვაა, რომელიც თქვენს მიმართ თამამად შეიძლება წარმოითქვას.  

ამიტომ, მსურს არა მარტო წიგნი გისახსოვროთ, არამედ გითხრათ კიდეც -  გაუმარჯოს ჩვენს დიდ მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტს.

გმადლობთ.

 

პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი:

ძალზე მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელიც ამ ორ ერს აკავშირებს.

დიდი მადლობა წიგნისთვის, მას აუცილებლად წავიკითხავ.

საქართველოსა და პოლონეთს შორის სიმპატიის საფუძველი არა მარტო ისტორიული წარსულია, არამედ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული თანამშრომლობაც, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა.

სითბო და სიყვარული, რომელიც ჩვენს ხალხს შორის არის, დიდი ტრადიციის მატარებელია და მრავალწლიანი ისტორია აქვს. ეს მომავალშიც ასე იქნება.

ჩვენ ვაჟკაცური ერის შვილები ვართ.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო  უნდა გავამყაროთ და განვავითაროთ. ყოველივე ამის საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ მოხდეს საქართველოს  ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ  საქართველო ამ ოჯახის წევრი გახდეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვარშავაში სექტემბერში გაიმართება. საქართველოსთვის ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა,  მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისა.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიეთობას, ჩვენ იმ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, რომელშიც  ჩვენი თანამშრომლობა აქტიური არ იყო, მაგალითად, ეკონომიკურ სფეროში.

ხვალ საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი.

უკვე დადგა დრო, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს - დავიწყოთ ერთობლივი ბიზნესის კეთება და გავააქტიუროთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა.

საქართველოში ინვესტორები უნდა ჩამოვიდნენ  და ინვესტიციები შემოიტანონ. ქართველი ინვესტორებისთვის კი, ჩვენი კარი ღიაა.

პოლონეთი დიდადაა დაინტერესებული საქართველო გაძლიერდეს და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს. საამისოდ ჩვენ რეკომენდაციებსაც მოგაწვდით.

საქართველოს განვითარების სწორი გზა აქვს არჩეული და ქვეყნებს შორის მეგობრობა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს.  

ლიკა ბერაია, ტელეკომპანია "იმედი":

პოლონეთი უკვე გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. რა შეუძლია მას, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას , ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? ზოგადად, როგორ აფასებთ იმას, რომ რუსეთს ამ ხნის განმავლობაში აქვს ოკუპანტის სტატუსი?

ბრონისლავ კომაროვსკი:                                      

პოლონეთი არ არის ზესახელმწიფო და არც აპირებს იყოს. ჩვენ შეგვიძლია ეფექტიანი ვიყოთ იმ თვალსაზრისით, რომ გავზარდოთ შანსი საქართველომ უსაფრთხო ადგილი იპოვოს მსოფლიოში - ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. სწორედ ეს იქნება პოლონეთის წვლილი რეგიონალური პოლიტიკის მხარდაჭერის მხრივ.  

 

პოლონელი ჟურნალისტი; შეკითხვა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი:

ომის შემდეგ საქართველომ სწრაფი განვითარების თვალსაზრისით, მართლაც,  წაროუდგენელი ნაბიჯები გადადგა. დღეს ჩვენ რთული ვითარება გვაქვს - ჩვენი მეზობელი პრაქტიკულად არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს, მთავრობას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.  ჩვენს, 5 მილიონზე უფრო მცირერიცხოვან ქვეყანაში, 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში მოვახერხეთ ის, რომ საქართველო სწრაფად განვითარებულიყო. ბათუმი თითქმის საერთოდ აღარ ჰგავს იმ ქალაქს, რომელიც სამი წლის წინათ იყო. ერთ წელიწადში ბათუმი სინგაპურს დაემსგავსება, ვიზუალურად მაინც. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ ქალაქში და საერთოდ საქართველოში სინგაპურზე მეტი საინეტერესო რამ ხდება. საქართველომ განახორციელა ძალიან სწრაფი რეფორმები და შეძლო სიტუაციის შემობრუნება. ვფიქრობ, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება.

რაც შეეხება საქართველოში ოპოზიციასთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე. ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე გულზე, მაინცდამაინც, არ მეხატება. ეს საკითხი  დეპუტატთა რაოდენობის  გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პირიქით, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით მოხდა... ამიტომ თუ თქვენ დეპუტატთა რაოდენობას შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით, რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. მიგვაჩნია, რომ იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დემოკრატია ჩვენთვის ერთგვარი დაცვაა. ჩვენ გვაქვს პლურალისტული მედია, ამიტომ ქართველები უცხოურ ტელევიზიებზე დიდად არ არიან დამოკიდებული. აქ, ადგილზე შეგიძლია ნებისმიერი მასობრივი ინფორმაციის საშუალების ნახვა. ჩვენ გვყავს კარგად განვითარებული პოლიტიკური კლასი, რაც ასევე სერიოზული დაცვაა იმისათვის, რომ საქართველოს შიგნიდან დესტაბილიზაცია ვერ მოხდეს. მართლაც, მიმაჩნია, რომ ჩვენ გავხდებით ამ რეგიონის ჰაბი, ცენტრი, ვაჭრობის, რეფორმების, განვითარების - ვიზუალურადაც და ხარისხობრივი თვალსაზრისითაც. პოლონეთს დიდი როლის შესრულება შეუძლია, რადგან მას, როგორც არასდროს და არავის, ესმის ჩვენი. პოლონელებს ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს მასობრივი დეპორტაცია - საქართველოში კი, მასობრივად და ძალიან ორგანიზებულად, დეპორტირებულია მოსახლეობის ათი პროცენტი, მათ შორის, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. პოლონელებს ძალიან კარგად ესმით რას ნიშნავს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებში რეფორმების განხორციელება. საქართველოსა და პოლონეთს შორის, ყველა დონეზე  არსებობს გარკვეული ”ქიმია”. ჩემთვის ამ ”ქიმიური ფორმულის” შემადგენლობა ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ ის პირადად გამომიცდია ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. ეს "ფორმულა" ვრცელდება ყოველდღიურად პოლონელებსა და ქართველებზე, როდესაც ისინი ერთად ურთიერთობას იწყებენ. ახლა აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ პრეზიდენტს, მთავარია, ”ქიმიური ფორმულებიდან” ძალიან პრაგმატულ და კონკრეტულ საკითხებზე გადავიდეთ. მართლაც, კონკრეტულად უნდა ვიმუშაოთ პოლონური კომპანიების შემოყვანაზე აქ, მათ შორის, საქართველოდან ოპერირებადი მულტინაციონალური კომპანიების აქტიურად ჩართვაზე პოლონეთის მიმართულებით. მართლაც, შევქმნათ ამ რეგიონზე გასვლის ლოგისტიკური ცენტრი პოლონელებისთვის, რადგან, ვფიქრობ,  მათ მართლაც აქვთ საშუალება, რომ საქართველოს სინგაპურიზაციაში  (ეკონომიკურს ვგულისხმობ, თორემ ჩვენ ევროპა ვართ) გადამწყვეტი როლი შეასრულოს და აქედან ოპერირება მოახდინოს ძალიან საინტერესო რეგიონის: შუა აზიის, კასპიის, მთლიანად ჩრდილო ჩინეთის და ასევე, სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებით. ამ მხრივ,  ვიმედოვნებთ, პოლონეთი იქნება, უპირველესად, საქართველოს მეგობარი და ლობისტი - როგორც ყოველთვის. ეს იქნება ძლიერი პოლონეთი, რომლის სიტყვასაც მოუსმენენ და რომლის აზრსაც გაითვალისწინებენ. ეს არის ჩვენთვის პოლონეთის პოლიტიკის ახალი ასპექტი. მიმაჩნია, რომ ახალი წარმატებები, რომელიც ამ ქვეყანას [პოლონეთს] და მის პრეზიდენტს აქვს, ბოლო თვეების განმავლობაშია მიღწეული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)