Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.06.2011
მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მეზღვაურებს მიმართა

მოგესალმებით.

დღეს არის მეზღვაურთა საერთაშორისო დღე.

ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, აქაური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და  აქაური ოჯახების მთავარი მარჩენლი ახლაც და გასული ათწლეულების განმავლობაში არიან და იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც სხვადასხვა დროშის ქვეშ დაცურავდნენ მსოფლიო ოკეანეში.

ახლა რამდენიმე ათასი ქართველი სხვადასხვა ქვეყნის გემებზე მისდევს მეზღვაურის ძალზე რთულ პროფესიას. მრავალი თქვენგანი ეუფლება ამ პროფესიას აქ, ბათუმში და ოცნებობთ და გეგმვათ მოიაროთ და ნახოთ მსოფლიო, თქვენი შრომით ხელი შეუწყოთ თქვენს ოჯახებს, თქვენს ქალაქს და თქვენს ქვეყანას.

ჯერ კიდევ 60-იან,70-იან,80-იან წლებში მეზღვაურები იყვნენ ის ხალხი, რომელმაც ნახა მსოფლიო.

სამწუხაროდ, აფხაზეთი ოკუპირებული იყო ჯერ არაფორმალურად, ხოლო შემდეგ -  ფორმალურად...

მაგრამ, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის სწრაფი განვითარება ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ფეოდალური რეჟიმის დამხობის შემდეგ, სწორედ, იმით იყო  განპირობებული, რომ აქაური საზოგადოების დიდ ნაწილს ნანახი ჰქონდა როგორ ფუნქციონირებს თავისუფალი ეკონომიკა და რას ნიშნავს თავისუფლების პირობებში შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა.

ჯერ კიდევ 70-იან წლებში მეზღვაურებს ურიგებდნენ ბონებს და ამ ბონებით მათ პარალელური ეკონომიკა შექმნეს.

დღესაც, მაგალითად, ის ბინები, რომლებიც ბათუმში იყიდება, პატარ-პატარა მაღაზიები, რომლებიც აქ იხსნება იმ მეზღვაურთა დამსახურება, რომლებიც თავის არც თუ დიდი შემოსავლის ერთ ნაწილს ახმარს საკუთარ ოჯახებს და საკუთარ ქალაქს.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალზე სარისკო პროფესია.

ეს კარგად გვიჩვენა, განსაკუთრებით, ბოლო მოვლენებმა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ.

ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ თქვენ მომზადებული იყოთ ძალიან კარგად.

კორუფციული გარიგებები და სექტორის არაეფექტიანი გამოყენება, წარსულს ჩაბარდა.

ახლა ჩვენ მკაცრად მოვკიდეთ ხელი სტანდარტებს, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ იმას, რომ ყველა პროცედურა შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო ნორმებთან, დავიცვათ ეს ნორმები, რათა არავინ, არასდროს აღარ დააყენოს ეჭვქვეშ თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი დიპლომი, თქვენი სერთიფიკატი; თქვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ აირჩიონ ეს პროფესია და წარმატებას მიაღწიოს.

ეს არის რომანტიკული პროფესია და, ამავდროულად, ძალიან საჭირო.

ეს არის გაბედული ადამიანების პროფესია, რომელზეც უკვე ბევრი ბავშვი ოცნებობს.

ამავე დროს, ეს არის ძალზე განვითარებული, ინტელექტუალური და საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანების პროფესია.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)