მიხეილ სააკაშვილი: ”მშვიდობა ერთადერთი მიზანია, ხოლო პოლიტიკური დიალოგი - ერთადერთი გზა მის მისაღწევად”
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 47-ე კონფერენციაზე სიტყვით "ნატო-ავღანეთის" თემის განხილვისას გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს და სხვადასხვა ქვეყნის 350 მაღალი რანგის პოლიტიკოსს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
პატივცემულო სტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მონაწილეებო!
ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიომ ისწავლა, რომ ისტორია არ დასრულებულა 1989 წელს და ვითარება დღესაც რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრაგიკულზე.
ცივი ომის ბნელმა პერიოდმა დაგვიტოვა დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტების სერია, იმ კონფლიქტებისა, რომელიც ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
დღეს ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, რომ ამ კონფლიქტებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გლობალური გავლენა და რომ სტაბილურ ქვეყნებს არ შუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი უსაფრთხოება მაშინ, როდესაც მათ საზღვრებს მიღმა არასტაბილური მდგომარეობაა.
ჩვენ, ქართველებმა, გამოვიარეთ გაურკვევლობის პერიოდები და კარგად გვესმის, რომ ყველა დიდ და პატარა ქვეყანას, სტაბილურობის შესაქმნელად, კოლექტიური პასუხისმგებლობა გვაქვს იქ, სადაც ის არ არის. სწორედ ამიტომ გავგზავნეთ თითქმის ათასი ჯარისკაცი ჩვენი მეგობრების დასახმარებლად ავღანეთში, აისაფის მისიის ყველაზე სახიფათო წერტილში. ჩვენი ჯარი განლაგებულია ჰელმანდის პროვინციაში და შევთავაზეთ, რომ მომავალში დამატებით ქვედანაყოფს გავგზავნით. გვსურს, კიდევ გავზარდოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ ავღანელ ხალხს მშვიდობის დამყარებაში; რათა ტერორისტებს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს ქვეყანა საკუთარ ბაზად გამოიყენონ.
საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობა 4 მილიონ 700 ათასია და რომლის ტერიტორია ჯერ კიდევ ნაწილობრივ ოკუპირებულია, ასეთი ძალისხმევა ხაზს უსვამს ჩვენს მიზანს, ვისარგებლოთ არა მარტო საერთაშორისო უსაფრთხოებით, არამედ უზრუნველვყოთ ის.
ჩვენ ასევე შევთავაზეთ პრეზიდენტ კარზაის ექსპერტების გაგზავნა პოლიციის რეფორმირებისთვის. "ტრანსპარენსი ინტერნეიშენელის" თანახმად, საქართველო ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ სახელმწიფოდ იქცა, უპირველესად კი, იმ ცვლიებების გამო, რომლებიც ძალოვან უწყებებში განვახორციელეთ.
იქ იმყოფებიან არტილერიის სპეციალისტები, რომლებიც ავღანელ სამხედროებს ასწავლიან. ჩვენ ასევე შეგვიძლია მათ ეკონომიკური რეფორმის დაგეგმვაში დავეხმაროთ. მსოფლიო ბანკმა, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ სახელმწიფოდ დაასახელა, მაშინ, როდესაც მას საკმაოდ გაურკვეველი წარსული ჰქონდა.
ბატონებო და ქალბატონებო, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენი რეგიონის მომავლისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. ქვეყნები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ საბჭოთა კავშირის შემდგენლობაში იყვნენ, შეიძლება განვსაზღვროთ როგორც კრიზისის ან ე.წ. გაყინული კონფლიქტების ადგილი და, ამავდროულად, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობის არეალი.
ჩვენ, ქართველებმა, 2008 წელს ვნახეთ, როგორ შეიძლება გაყინული კონფლიქტი ძალიან სწრაფად მწვავე ომში გადაიზარდოს. ახლაც, არ შემიძლია საკმარისად არ გავამახვილო ყურადღება იმ საფრთხეზე, რომელიც არსებული დაძაბულობიდან მომდინარეობს ჩემს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა.
ძალზე საინტერესოა საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ჩვენ დღეს ვლაპარაკობდით კიბერუსაფრთხოებაზე. 2008 წელს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სამხედრო ძალადა კიბერთავდასხმა ერთდროულად გამოიყენეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ყველა ჩვენი ვებგვერდი დაბლოკილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს და დღესაც ამტკიცებენ, თითქოს საქართველო დაესხა მოულოდნელად თავს რუსულ პოზიციებს. მაგრამ, მანამდე, საქართველოში ყველა ინტერნეტსაიტზე განახორციელეს თავდასხმა. ასევე მოხდა ბევრი სხვა რამ.
მინდა, ერთი მარტივი გზავნილი გადმოგცეთ - კარგად ცნობილი უცხო ქვეყანა სამხედრო ძალების კონცენტრირებას განაგრძობს და ამ ფაქტის იგნორირება მომავალში კატასტროფამდე მიგვიყვანს.
სამხრეთ კავკასია ერთადერთი ალტერნატიული გზაა, რომლითაც ევროპა შუა აზიის ენერგორესურსებით მარაგდება, ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მარშრუტს აისაფის მისიისთვის და ეს არის რეგიონი, რომლის ხალხიც ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფის.
ამას გარდა, ეს არის რეგიონი, სადაც იარაღის კანონმა ბევრჯერ გაიმარჯვა და ყოფილი იმპერია კარგად ცნობილ - "დაყავი და იბატონე"-ს პოლიტიკას მიმართავს. ახალი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიკისროთ. ის, რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში 2008 წელს, იყო ოკუპაცია, მაგრამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ შეძლეს ქართული დემოკრატიის მოკვლა. ქართული დემოკრატია კი ყველაზე წარმატებულია. ამას ყველა აღიარებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი. მათ ვერ შეძლეს ენერგომარშრუტების გადაკეტვა, პირიქით, მას შემდეგ დაიწყო ახალი მილსადენების მშენებლობა და პროექტების განხორციელება. დაიწყო ალტერნატიული ენერგომარშრუტების შექმნის პროცესი და ვერ მოახერხეს სხვების დაშინება. ხალხმა დაინახა, რომ თუ ეს ქვეყანა გადარჩა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვებს უფრო მეტი შანსი ექნებათ, რადგან ჩვენ ყველაზე პატარა ერი ვართ, რომელიც მაშინ ყველაზე დაუცველი ჩანდა რეგიონში.
მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული რჩება. ჩვენ გვყავს ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდნენ, რაც ძალზე სამწუხაროა.
ჩემი მთავრობა ვალდებულებას იღებს, ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას დაძაბულობის განსამუხტად და ხანგრძლივი, სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ მრავალეთნიკური, წარმატებული სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით.
ხალხს შეუძლია ჩაერთოს სახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში. არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შევიმუშავეთ ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის მშვიდობიან ჩართულობას ითვალისწინებს იმ ხიდების მშენებლობაში, რომლებსაც დღეს მათი ლიდერები, წარსულში კი კომუნისტები და მათი მემკვიდრეები ანადგურებდნენ. ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მიზეზად ის, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საკუთარ თავზე უფრო მეტი ვალდებულება ავიღეთ, როგორც განსაზღვრულია ამ დოკუმენტში და ევროკავშირის მონიტორინგის მნიშვნელოვან მისიასთან თანამშრომლობის მხრივ. ამ მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა ჩვენს პოლიტიკას ცალმხრივი კონსტრუქციულობა უწოდა. შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პირობა დავდე, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ დაპირებას, რომელიც საქართველოს კანონიერი ვალდებულებაა, თან ახლდა მოწოდება დიალოგისკენ.
თქვენთან იგივე დაპირების გასამეორებლად მოვედით. მშვიდობა ერთადერთი მიზანია, ხოლო პოლიტიკური დიალოგი - ერთადერთი გზა მის მისაღწევად. მაგრამ როგორ უპასუხა მეორე მხარემ ჩვენს მოწოდებას? სამწუხაროდ, ამ დრომდე არ უთქვამს უარი იმ სტრატეგიული მიზნებისკენ სწრაფვაზე, რომლებსაც 2008 წელს ვერ მიაღწია. მათ უარი თქვეს ძალის გამოუყენებლობაზე და განაგრძობენ სამხედრო ძალების კონცენტრირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლოს განაცხადეს ტაქტიკური რაკეტების, მძიმე არტილერიის განლაგების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებას და სხვა დოკუმენტებსაც. ამას გარდა, საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არა მარტო ჩემს ქვეყანას.
ბატონებო და ქალბატონებო, ევროპისა და ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ის ხალხი შეკრიბოს, ვისაც სჯერა სამხედრო ძალის უზენაესობის ამ პატარა რეგიონში, რომელსაც დიდი რეზონანსის გამოწვევა შეუძლია.
თქვენი დახმარებით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, რომ რეგიონი, რომელსაც დომინირების მოძველებული ლოგიკა ახასიათებს, თანამშრომლობისა და პროგრესის სივრცედ ვაქციოთ. ის, რაც საფრთხის წინაშეა, უფრო მეტია, ვიდრე პატარა ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობაზე, ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განვითრებაზე ოცნებობს და უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული სამხრეთ კავკასია.
საფრთხის წინაშეა ევროპა - ერთიანი და თავისუფალი, რომელსაც ასეთი არსებობის საშუალება ცივი ომის დასრულების შემდეგ მიეცა. საფრთხის წინაშეა ევროპის ენერგოუსაფრთხოება და ავღანეთის მისიის ალტერნატიული მარშრუტი. არავის არ აქვს უფლება მონოპოლია მოიპოვოს ამ მარშრუტზე და მიეცეს იმ ხალხის დაშანტაჟების საშუალება, რომელსაც ავღანეთის მისიაში მონაწილეობა სურს ამ ქვეყნის დასახმარებლად.
დროა, დავივიწყოთ იდეა, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტები ჩიხია და უპირატესობის მიღწევა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება.
დაბოლოს, მინდა პატივი მივაგო რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნას, რომელიც თქვენთან ერთად ჩემი მეგობარიც იყო. მე მას დიდი ხანი ვიცნობდი, 2008 წელს როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ, იგი ბოლო რეისით ჩამოფრინდა. მას მიაჩნდა, რომ ვალდებული იყო მსოფლიოსთვის სიმართლე ეთქვათ. ეს იყო ძალიან კარგი ადამიანი. ის წარმოადგენდა სიმბოლოს თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად იდეალისტიც და პრაგმატული, ეფექტური პოლიტიკოსიც. თუ ევროპაში რამდენიმე ქვეყანა ემხრობა ამ მოსაზრებას, მათგან ერთ-ერთი ჩემი ქვეყანაცაა. თუ ჩვენ გადავრჩებით და განვითარებას გავნაგრძობთ, მომავალიც გვექნება. ჰოლბრუკმა, როგორც იდეალისტმა, ამაში დიდი წვლილი შეიტანა.
არ არსებობს ნამდვილი კონფლიქტი რეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მაშინ, როდესაც გაქვს საკუთარი ინტერესი და, ამავდროულად, ხარ იდეალისტი. ჰოლბრუკი ჩემთვის იყო იდეალისტიც და საერთაშორისო დიპლომატიც. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნას.