Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

ჩემო დებო და ძმებო გილოცავთ დღევანდელ დღეს.

გილოცავთ ჩვენი დაპირების შესრულებას.

დღეს ბედნიერი და ისტორიული დღეა მთელი საქართველოსთვის.

საქართველოში ბოლო ეპოქებსა და საუკუნეებში აშენდა სამი მნიშვნელოვანი გზა.

პირველი გზა ეს იყო სამხედრო-ქართული გზა, რომლის მიზანი საქართველოსა და კავკასიის თავისუფლების მოსპობა, დამონება, დაკაბალება და კოლონიზაცია იყო.

მეორე გზა როკის გვირაბზე გავიდა, რომლის მისია და ფუნქცია საქართველოს ამ და დანარჩენ რეგიონებს შორის იმ საუკუნოვანი კავშირის ჩაჭრა იყო, რომელიც ოდითგანვე გვქონდა; ისტორიული კავშირი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აერთიანებდა ამ გზის შედეგად დაზარალდა და განადგურდა.

ეს არის მესამე, როკის გვირაბისგან სრულიად განსხვავებული გზა, რადგან ეს არის საქართველოს გაერთიანების, საქართველოს ერთ მუშტად შეკვრის, საქართველოს საბოლოოდ გათავისუფლებისკენ მიმავალი გზა.

გილოცავთ ამ გზის გახსნას, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!

არის დიდი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.

ერთმა სახელმწიფომ ააშენა როკის გვირაბი და სამხედრო ქართული გზა, მეორე კი დაგვეხმარა ამ გზის მშენებლობაში, ე.ი. საქართველოს გაძლიერებაში, მისი განთავისუფლებისა და გაერთიანებისკენ მიმავალი გზის მშენებლობაში.

თუმცა ეს მხოლოდ დახმარებაა.

საქართველოს გათავისუფლება და მისი გაერთიანება ყველა ჩვენგანის ერთად გასაკეთებელი საქმეა. ეს ყველა ჩვენგანის ხელით არის შესაქმნელი.

ამ დღეებში ინტენსიურად დავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - მალე ვარდების რევოლუციის მეშვიდე წლისთავია და მინდა საკუთარი თვალით ვნახო თუ რა შეიცვალა საქართველოში, რა გაუმჯობესდა, რა კეთდება და კიდევ რა არის გასაკეთებელი.

რამდენიმე დღის წინათ ვიყავი სოფელ შამგონაში, იქიდან საკუთარი თვალით ვხედავდი აფხაზეთს - ჩვენ მშობლიურ მიწას, რომელიც გველეშაპის კლანჭებიდან უნდა გამოვიხსნათ და გავათავისუფლოთ.

რა თქმა უნდა, მე ვარ ახაზეთის შვილი!

ამას წინათ, სამეგრელოში, აბაშისწყალში წარმოუდგენელი სილამაზის ხეობაში ვიყავი. ამ ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში, ამ ხეობასა და ნოქალაქევის უძველეს ციხეს შორის ჩემი წინაპრების ნასახლარია. ჩემი გული იქ სხვაგვარად ძგერს.

რა თქმა უნდა, მე ვარ სამეგრელოს შვილი!

გუშინ კახეთში ვიყავი. ალაზნის ველზე, როგორც ყველა ქართველი, ვგრძნობდი, რომ ვარ კახეთის შვილი!

მაგრამ დღეს ვარ ჯავახეთში და მსურს ვისაუბრო ჯავახეთის ორ მკვიდრზე - ნინოწმინდის პოლიციის უფროსზე, მაიორ არსენ კარაპეტიანზე და ახალქალაქის პოლიციის უფროსზე, პოლკოვნიკ სამველ პეტროსიანზე.

ჯავახეთის ეს ორი მკვიდრი, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოში მივლინებით პარიზში იმყოფებოდნენ. მათ შემთხვევით ისარგებლეს და ოჯახებიც წაიყვანეს. შემდეგ, საქართველოში დიდი ომი დაიწყო. მათ არ ჰქონდათ ბილეთის გადასაცვლელი ფული, მაგრამ პარიზის სომხურ სათვისტომოში მივიდნენ და ბილეთის გადასაცვლელად და საქართველოში დასაბრუნებლად ფული ისესხეს. 8 აგვისტოს საღამოს ოჯახებთან ერთად ისინი უკვე აქ, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში თავის პოსტებზე იყვნენ.

აი, ვინ არის საქართველოს დიდი პატრიოტი.

მინდა პატივი მივაგო მათ და ჯავახეთის თითოეულ მკვიდრს, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგნენ და საქართველო აქ დაიცვეს - დიდი მადლობა ძმებო!

ეს მიწა საქართველოშია მხოლოდ იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში ადგილობრივმა ქართველებმა და სომხებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს, იარაღი აიღეს და ჯავახეთის ყოველი კვადრატული მეტრი დაიცვეს, რათა ის საქართველოს სხვა მიწებივით ჩვენი ქვეყნის მიღმა არ აღმოჩენილიყო.  

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ის, რომ ჩვენ ერთად შევინარჩუნეთ ჯავახეთი საქართველოსთვის.

ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც - ჩვენ ერთად გავაძლიერებთ და გავაერთიანებთ ჩვენს საქართველოს და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

საქართველოს ერთობა, საქართველოს ძლიერება არა ტანკების, რაკეტების, ან ავტომატების რაოდენობაში, არა, თუნდაც, ეკონომიკურ ზრდაში (თუმცა ეკონომიკური ზრდა ძალზე მნიშვნელოვანია), არამედ ჩვენს ერთობაშია.

რა თქმა უნდა, მე ვარ აფხაზეთის შვილი, სამეგრელოს შვილი, კახეთის შვილი, ქართლის შვილი, სხვა რეგიონების შვილი, მაგრამ ამ ისტორიულ დღეს, მინდა, ამაყად განვაცხადო: ჩემს ძმებთან სამველ პეტროსიანთან და არსენ კარაპეტიანთან ერთად, მე ვარ ჯავახეთის და ე.ი. ჩვენი საქართველოს, ჩვენი ერთიანი სამშობლოს შვილი!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

უკან თქვენ ხედავთ ახალქალაქის გზას. ეს გზა, ეს რკინიგზა ხუთჯერ-ექვსჯერ მეტ ადამიანს დაასაქმებს, ვიდრე ასაქმებდა რუსეთის სამხედრო ბაზა.

ეს გზა არის ჩვენი შემაერთებელი ევროპასთან. ამ მატარებლით, აქედან ლონდონამდე სამ დღეში ჩავალთ. ეს არის გზა, რომელიც მოიტანს სიმდიდრეს, კეთილდღეობას, ჩვენი ბავშვების განათლებას, უკეთეს ჯანდაცვას და, რა თქმა უნდა, უკეთეს მომავალს.

ამ საავტომობილო გზას მე ოთხი წლის წინათ დაგპირდით და ეს გავაკეთეთ.

ორი წლის წინათ, მე დაგპირდით, რომ ამ რკინიგზას ავაშენებდით - ამასაც ჩემი პრეზიდენტობის ვადაში დავასრულებთ, რადგან მადლიერი ვარ თქვენი. თქვენ მაგრად დადექით, ყველაზე შრომისმოყვარე, კეთილგანწყობილი და საიმედო ხალხი ხართ აქ.  

დიდი მადლობა.

წინ მომავალი გამარჯვებებისკენ!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)