Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს შეხვდა

მოგესალმებით.

ქართველმა ხალხმა ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ, ქვეყნის მასშტაბით, ხმათა 67 პროცენტზე მეტი აიღო.

ეს ნდობა ემყარება იმას, რომ ხალხს დანაპირებს შევუსრულებთ.           

ძალიან მომწონს, რომ ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა. მომწონს, ის, რომ თბილისის მერი, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, არჩევნების დასრულებისთანავე გადავიდა 120 დღიან პროგრამაზე, რათა დაპირებები მხოლოდ წინასაარჩევნო სიტყვებად არ დარჩნილიყო. ამის ისტორიული პრეცედენტები ჩვენს ხალხს წინა, ბნელი დროიდან ახსოვს.

რეგიონებშიც ძალიან ბევრი მერი, გუბერნატორი მუშაობს აქტიურად არჩევნების შემდეგ. გარკვეულწილად, არჩევნები, შესაძლოა, შემაყოვნებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორიც ყოფილიყო აღმშენებლობის ბევრი პროგრამის განხორციელებისთვის, რადგან არჩევნებს გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები აქვს.   

დღეს ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ. ახალი ეტაპი არის ის, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. გვაქვს ძალზე დიდი საგარეო გამოწვევა, რომელიც უკვე საშინაოდ იქცა - ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია დაუნდობელი მეზობელი ძალის მიერ.

მეორე გამოწვევა ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებაა. საქართველოში ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს. ფასები იზრდება, რაც ყველაზე მეტად გაჭირვებულებს აზარალებს. ნაკლები ნუგეშია ის, რომ ფასები იზრდება არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. შესაძლოა, ამერიკელისთვის, გერმანელისა და იაპონელისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტების 10 პროცენტით გაძვირება ცხოვრების მთავარი საზრუნავი არ იყოს, მაგრამ იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს პროდუქტები ყოველდღიური გამოწვევა და ყოველდღიური ბრძოლის საკითხია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს; რა თქმა უნდა, გაზრდილი ფასების შემცირების არავითარ ჯადოსნურ ინსტრუმენტებს არ ვფლობთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და პროდუქტები შემოვიტანოთ. ამ თემაზე ყველა შესაძლო იმპორტიორთან პირადად მქონდა საუბარი - ჩვენ ველაპარაკებით უკრაინელებს, სხვა რეგიონალური სახელმწიფოების წარმომადგელებს, მსოფლიო ბაზარზე ვეძებთ სხვა შემომტანებს. შესაძლოა, ბევრი რამ ადრეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგალითად, ხორბალი ბევრად ნაკლები ღირდა სამი თვის წინათ და წინმსწრებად უნდა შეგვეძინა მეტი, რათა მეტი მარაგი აგვეღო. უნდა გაგვეთვალისწინებინა ისიც, რომ მისი ფასი არ შემცირდებოდა, მაგრამ ახლა, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ.

მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს არის ის, რომ ჩვენი ხალხი მეტად დასაქმდეს და მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს.

შემთხვევით არ მიხსენებია მდიდარი ქვეყნები - მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ და არ ანაღვლებთ მოიმატებს თუ არა ფასი, მაგალითად, რძის პროდუქტებზე 10-15 პროცენტით. მაგრამ თუკი ყოველდღე იბრძვი იმისათვის, რომ ბავშვებს რძე მოუტანო, ეს ძალზე რთულია.

დასაქმებულ ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს. როდესაც დარწმუნებული ხარ მომავალ დღეში, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისა და უკეთეს მომავლის რწმენაც გაქვს.

ამ მხრივ, ძალზე დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.

ყოველივე ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია მოდერნიზაციისა და საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის გზით. საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის მთავარი ძალა დღეს „ნაციონალური მოძრაობაა". საქართველო მოდერნიზაციის ცენტრია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და უფრო ფართო რეგიონალური მასშტაბით.

ეს ჩემი სიტყვები აღარ არის. თქვენ იცით, რომ  ქართულ რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანაში დებატები მიმდინარეობს.

არ ვიცი ეს უნდა მახარებდეს თუ არა (ვფიქრობ, რუსეთის მოდერნიზაცია ცუდი არ უნდა იყოს), მაგრამ რუსეთი ჩვენგან იღებს მაგალითს.  ერთხელ, შევადარე კიდეც ჩვენი ურთიერთობა იმ მოსწავლეებს, რომელთაგან ერთ-ერთი ხუთოსანი მოსწავლისგან ჩუმად იწერს საკონტროლოს. ჩვენ ამ საკონტროლოს კარგად ვწერთ, ხოლო გადაწერილი ვერსიაში ბევრი შეცდომაა. ჯობდა ჩვენს გვერდით დამსხდარიყვნენ, გვეთანამშრომლა და ერთად გვესწავლა. ისიც ფაქტია, რომ როდესაც მაგალითს შენი მტრისგან იღებ, ე.ი. ეს მტერი ძალიან მაგარია.

უდავოა, რომ მათ სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვთ.

დებატები იმართება უკრაინაში, მოლდოვაში, შუააზიასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში - საქართველო გახდა რეფორმებისა და სერიოზული, პოზიტიური ცვლილებების ბრენდი.

საქართველოში ინტენსიურად დაიწყო შემოსვლა უცხოურმა ინვესტიციებმა, გააქტიურდა შიდა ბიზნესსექტორიც.

თქვენ იცით, რომ ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონა გამოვახცადეთ და სასტუმროების მშენებლობა უახლოესი კვირების განმავლობაში დაიწყება. ლევან ვარშალომიძესთან ერთად საგანგებოდ ვარჩევთ ამ სასტუმროებს და ერთ წელიწადში საშუალო ზომის 30 სასტუმრო აშენდება. ეს მაშინ, როდესაც ადრე 3-4 წელიწადში ერთი სასტუმროს აშენებაც დიდი მოვლენა იყო.  

უკვე არის ხალხი, კონკრეტული ინვესტორები კონკრეტული გეგმებითა და შესაბამისი თანხით. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის სწორი კურსი.

30 სასტუმროს მშენებლობა, თუნდაც ცალკე აღებულ ქობულეთში, დამატებით ათასობით დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს.

ადრე ეს ვერ მოხერხდა, რადგან შემოვლითი გზის მშენებლობას ახლა ვიწყებთ და იმ ადგილიდან ბათუმის ცენტრამდე 15 წუთის სავალი იქნება. წელს აჭარაში ტურიზმის  არნახული ბუმი იყო და წლის დამლევამდე დამსვენებელთა რაოდენობა, შესაძლოა, მილიონამდეც ავიდეს.

საქართველოს ამ კუთხეზე მთელი მსოფლიოს პრესა წერს და ახლახან ერთ-ერთმა მთავარმა ამერიკულმა გაზეთმა ბათუმი შეადარა, ერთდროულად, ნიცას, მაიამის და, თუ არ ვცდები, ბარსელონას. ამას ემატება მთელი რეგიონალური ინფრასტრუქტურა, ანაკლია, მესტია. ორი დღის წინ „ბიბისი" გადმოცემდა, რომ მესტია ბევრად სჯობს ალპებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის და დასაქმების პერსპექტივა.  

საქართველოში ინვესტორთა შემოსვლა ნიშნავს ქვეყანაში ფულის შემოდინებას. ფულის შემოდინება ნიშნავს ასევე პროდუქციის გაძვირებას. ე.ი. ეს ნიშნავს ინფლაციას და დარტყმას უფრო დაუცველი მოსახლეობის ჯიბეზე. სწორედ აქ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფოს როლი. ჩვენ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ახალი, ძალიან კარგი მინისტრი გვყავს, რომელიც არ ესწრება დღევანდელ საბჭოს, რადგან პოლიტსაბჭოს წევრი არ არის.  

ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხს მუდმივად ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის მაკროეკონომიკური წარმატება - ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ფინანსური მდგომარეობა არა მარტო არ უნდა გაუარესდეს, არამედ უნდა გაუმჯობესდეს კიდეც. არ იყოს დიდი ნაპრალი ხალხის მდგომარეობებს შორის. ამას სოციალისტური მეთოდებით ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მიზანმიმართული და ზუსტად განსაზღვრული პოლიტიკის გატარებით, ყველაზე უფრო დაუცველების დასაცავად.  

სიღარიბის დაძლევის ყველაზე კარგი საშუალებაა განათლება. დიმიტრი შაშკინმა რეფორმების განხორციელება უნიკალურად დაიწყო. შემდეგი ეტაპი უფრო რთულია, რადგან ერთია ქირურგიული ოპერაცია და მეორეა ავადმყოფის რეაბილიტაცია. საქართველოში ყოველთვის იყვნენ კარგი ქირურგები, მაგრამ ყოველთვის რთულად მიმდინარეობდა შემდგომი მკურნალობის პროცესი - ავადმყოფები ხშირად, პოსტოპერაციულ სტადიაზე იღუპებიან. ასევეა განათლების რეფორმაშიც. ჩვენ კარგი ოპერაცია ჩავატარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ ისე არ განვითარდა, როგორც ვგეგმავდით. ბოლოს, ლოტოტრონისა და მსგავსი შეცდომების გამო, კინაღამ, სისხლის მოწამვლისა და განგრენის ტოლფასი შედეგი მივიღეთ.  

ახლა უფრო რთული რაღაცეების კეთება, სწორედ, შემდგომი ეტაპების კარგად განხორციელება ვისწავლეთ. ინგლისურის მასწავლებელთა პროგრამას მთელი მსოფლიო შენატრის; ახლა ვმუშაობთ ბათუმში დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შექმნის პროექტზე, რომლის განსახორციელებლად ასობით მილიონი დოლარი უნდა მოვიზიდოთ.

ჩვენ განსხვავებული შესაძლებლობები გვჭირდება, რათა უბრალოდ დილომიანი უმუშევრები კი არა (ხშირად გვსმენია, სამდიპლომიანი ადამიანი ტაქსზე არ უნდა იჯდესო),  კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანები უნდა გვყავდეს, რომლებიც ისხდებიან ბათუმში, ჩხოროწყუში, სიღნაღში, თელავსა და ოზურგეთში და კონკურენციას გაუწევენ მათ, ვინც მუშაობს ლოსანჟელესში, სანფრანცისკოსა და ტოკიოში. ამის შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის მეორე საკითხი, რომელიც მოდერნიზაციის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ასევე დემოკრატიზაცია.

თქვენ იცით, რომ პარლამენტში განიხილება საკონსტიტუციო რეფორმა. უახლოეს პერიოდში ეს რეფორმა  ბოლომდე იქნება მიყვანილი,  თუმცა ქაღალდზე მიღებული რეფორმის შემდგომ განხორციელებას წლები დასჭირდება.  

ერთი გაგებით, ჩვენ ბევრად რთულ სისტემაზე გადავდივართ, ვიდრე დღეს გვაქვს. ეს იქნება  რამდენიმე სახელისუფლებო ცენტრზე დამყარებული სისტემა. ყველაფერი აღარ იქნება კონცენტრირებული ერთ ცენტრში და ერთ ხელში.

ეს სისტემა მოითხოვს ბევრად უფრო დახვეწილ პოლიტიკურ კულტურას. ეს ცვლილებები ჩვენ 6-7 წლის წინათ რომ გაგვეხორციელებინა, ბევრ კლანს მივიღებდით, რომლებიც ხელისუფლებისთვის იბრძოლებდნენ. პოლიტიკური პარტიების უმეტესობა მაშინ მთლიანად იყო კორუმპირებული, პარლამენტში იყო აბსოლუტური დომხალი, ბევრი ჩვენგანი ვეტერანი პარლამენტარია და კარგად გვახსოვს როგორ იყიდებოდა კანონები 500 ლარად. მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ ვცვლიდით.  

იმ პარლამენტს რომ დაეკომპლექტებინა მთავრობა, კატასტროფას მოვაწერდით ხელს.

დღეს ბევრად დახვეწილი პოლიტიკური სისტემა გვაქვს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა. ჩვენ გვყავს ერთდროულად პოლიტიკური პარტნიორები და ოპონენტები, რომლებიც იზიარებენ მთავარ საკითხებს, მაგრამ ძალიან მწვავედ გვაკრიტიკებენ სხვა საკითხებში. ეს მათ სიძლიერეზე მიანიშნებს, რადგან შეუძლიათ თამაშის ერთი წესით იმოქმედონ. ეს მათ აძლევს შანსს რომ მოგვიგონ. როდესაც შენ ჭადრაკს თამაშობ, ხოლო მოწინააღმდეგე შაშს გეთამაშება, ვერასდროს ვერ მოგიგებს. მაგრამ ჭადრაკის თამაში მანაც თუ ისწავლა, ეს სხვა მდგომარეობაში გაყენებს. ამით მოწინააღმდეგესაც უჩნდება მოგების რეალური შანსი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ.  ჩვენ ბევრი რჩევა მივიღეთ, თავად ვარ ბევრ ორგანიზაციაში ნამყოფი, ბევრი თქვენგანი დადის და მათ ელაპარაკება, მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვესმოდეს - ყველას რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ჩვენ ნაცვლად ვერავინ ვერ ააშენებს. საბოლოოდ, ჩვენზე უკეთესად არავინ არ იცის რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ადრეც ბევრი რჩევა მოუციათ, რომელთაგან ყველა რომ გაგვეზიარებინა, საქართველო აქამდე აღარ იარსებებდა. უთქვამთ კიდეც, რომ მართალი ვიყავით.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა ჭკვიანური რჩევის გაზიარება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს, მით უმეტეს, ისეთი ხალხი, რომელსაც გაუხარდება, თუ საქართველო ხვალ საერთოდ აღარ იქნება რუკაზე და არ შეაწუხებს ზედმეტი პრობლემებით.  ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ხალხიც არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უნდა გავიაზროთ ყველა სხვა ქვეყნის დადებითი გამოცდილებაც და ყველა სხვა ქვეყნის შეცდომებიც.   

არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორიც დღეს მოლდოვაშია. თითქოს ყველა საერთაშორისო რჩევა და ნორმა გაითვალისწინეს, მაგრამ უკვე ერთი წელია ხელისუფლება არის მთლიანად პარალიზებული. ეს იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად ერთი ხმა აკლიათ. საბოლოოდ, მათ დაითხოვეს პარლამენტი.

აი, კლასიკური მაგალითი იმისა, რა შეიძლება მოხდეს საერთაშორისო წესების დაზეპირებითა და დაზუთხვით, საკუთარი გამოცდილების გაუზიარებლობის პირობებში.  იქ ძალიან კარგი ხალხია და ძალიან გვიყვარს, მაგრამ ლადო ვარძელაშვილი და მისი ხალხიც იყო  და თავად ნახეთ რას ნიშნავს, როდესაც სისტემის ჩამოყალიბებაში უშვებ შეცდომას. ეს მთელი ცხოვრება მიგყვება. თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და კანონის უზენაესობას აშენებ, ამ პრობლემას აწყდები. 

ამიტომ, ახლა, მთავარია, ჩვენ არ მოგვივიდეს შეცდომები და ვიცოდეთ, რა არის ყველაზე კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.

თქვენ იცით, რომ მთავრობის დაკომპლექტებას პარლამენტი საკუთარ თავზე იღებს. ჩვენ  გვირჩევდნენ, რომ პრეზიდენტი, ლამის, ინგლისის დედოფლად გვექცია, მაგრამ ეს ჩვენთვის მიუღებელია - არ შეიძლება იმ ქვეყნის პირველი პირი და იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელი არ იყოს ძლიერი და ეფექტური, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ რომ ისეთი გეოგრაფია გვქონდეს, როგორიც, მაგალითად, ახალ ზელანდიას აქვს, ამაზე შეიძლება გვეფიქრა-კიდეც.

რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, ბევრი ისეთი შეცდომები ჰქონდათ, რომ ახლა სხვაგვარი რეფორმების განხორციელებას ცდილობენ. ჩვენს სიტუაციაში  მსგავსი შეცდომების გამეორება არ შეიძლება - არ შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტის ნიველირება მოვახდინოთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ რჩევას ბოლომდე ვერ გავიზიარებთ.

ამავე დროს, იცით, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტობის ორვადიან შეზღუდვას ითვალისწინებს და ამ შეზღუდვას პატივს ნამდვილად ვცემთ. პირადად მე ამ შეზღუდვას პატივს ვცემ. ჩვენი საერთო თვალსაზრისია, რომ კონსტიტუციური  ცვლილება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მორგებული რომელიმე პერსონალურ ხელისუფლებაზე. კონსტიტუციური მოდელის ამ პრინციპით გადაწყობა დაუშვებელია. ეს არის ყველაზე უკანასკნელი, რაც შეიძლება გვსურდეს. სწორედ ამიტომ ხდება ხელისუფლების გადანაწილება სხვადასხვა ჯგუფებს შორის და საბოლოოდ, ამიტომ აღარ იქნება ერთი ისეთი მმართველი, როგორიცაა დღეს პრეზიდენტი.

თქვენ იცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას მუდმივად ფართო კონსულტაციებით ვიღებთ. ბევრ თქვენგანს ჩემზე ხმაც აუწევია, არ დამთანხმებია, უმცირესობაში აღმოვჩენილვარ, აზრი შემიცვლია და გადაწყვეტილება ერთად ჩამოგვიყალიბებია. ჩემ ნაცვლად, ცოტა უფრო გაუტანელი, თვითდაჯერებული და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა მიიღებდა და არავის რჩევას არ გაითვალისწინებდა, რადგან დღევანდელი კონსტიტუცია ამის საშუალებას იძლევა.

ჩვენ ვიღებთ მოდელს, რომელიც ამის შესაძლებლობას არავის აღარ მისცემს. ამგვარად, რეალურად, დემოკრატიულ მოდელს ქვეყანაში ყველა პატივისცემით მოეკიდება.

ღმერთმა არ ქნას, მოლდოვასავით შეცდომა მოგვივიდეს, ავყვეთ იმას, ვინც რა გვითხრა, მივიღოთ ყველაფერი, რასაც შემოგვთავაზებენ და შემდეგ ვიყოთ პარალიზებული.

ღმერთმა არ ქნას, ეს როდესმე მოხდეს.

უპირველეს ყოვლისა, დავეყრდნოთ ჩვენ გამოცდილებას და ჩვენი ხალხის რწმენას. საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი ხალხის და ქართველი ერის გადასაწყვეტია.

მსურს, ყველა პოლიტიკურ პარტიას  მოვუწოდო: ნუ გაქვთ ზედმეტად ცუდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ნუ გგონიათ, რომ თქვენი ხალხი არ არის მოწოდების სიმაღლეზე!

ჩვენს ხალხს პოლიტიკურ ნებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ მოახვევს თავს. ხალხმა ეს მაშინ აჩვენა, როდესაც კვლავ ერთად ჩავკიდეთ ხელი ჯაჭვში. თუკი დღეს ამ გუმბათის ქვეშ ვლადიმერ პუტინის რომელიმე მარიონეტი არ ზის, რეალურად, უმაღლესი პოლიტიკური სიმწიფის მქონე ხელჩაკიდებული ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ჩვენმა ხალხმა ეს აჩვენა ყველა პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა მას, მათ შორის, უცხო ძალები, ხელოვნურად ახვევდნენ თავზე თვითმკვლელობის სცენარს. რეალურად, მან ყველა მომენტში დაამუხრუჭებინა ამ ძალებს. საბოლოოდ, სწორედ ჩვენი ხალხი მიიღებს ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის მნიშვნელოვან ყველა გადაწყვეტილებას. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მოერგება არა ვინმეს პოლიტიკურ კარიერას, დაწინაურებას, ადგილის შენარჩუნებას, გადარჩენას ან სხვა მატერიალურ თუ პოლიტიკურ სარგებელს, არამედ ჩვენი ხალხის ინტერესებს.

ჩვენ ვიკრიბებით, რადგან ყველა გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვიღებთ. აქ არიან გუბერნატორები და განვიხილავთ რეგიონებში წამოჭრილ საკითხებს, ასევე საკითხებს, რომლებიც შეეხება დღევანდელ დღეს და მომავლის ხედვას. ორიენტირებული უნდა ვიყოთ დღევანდელი პრებლემების გადაჭრაზე, მაგრამ ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ საერთო სტრატეგიული ხედვა გვაქვს თუ საით მიდის საქართველო.

საქართველოში ვახორციელებთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რეფორმას, უკვე მოგახსენეთ მოდერნიზაციისა და კონსტიტუციის თაობაზე.

მნიშვნელოვანია საქართველოს დეცენტრალიზაცია. საქართველოში ჩნდება მართვის სამი ცენტრი: თბილისი, ბათუმი, სადაც უკვე გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლო და ქუთაისი, სადაც განთავსდება პარლამენტი და მთავრობის წარმომადგენლობა, რადგან ჩვენი მთავრობა მუდმივად უნდა იყოს მობილური.

მცირერიცხოვანი მოსახლეობისა და პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყანაში, რომელსაც აქვს  კარგი გზები, სადაც ვაშენებთ კარგ აეროპორტებსა და ჩქაროსნულ რკინიგზებს, მთავრობას არ უნდა უჭირდეს იყოს ერთდროულად ყველგან და იმუშაოს ყველა საქმეზე.  ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დინამიკა.

თავდაპირველად, ჩვენი მუდმივი გადაადგილება ბევრს აღიზიანებდა. ამბობდნენ: ტყეშელაშვილი ხან აქ არის, ხან იქ; უგულავა ხან ბენზინგასამართ სადგურზე დგას, ხან პურს აცხობს. ჩემზე, საერთოდ, ანეგდოტები დადის: სააკაშვილმა ვიღაცას ჩაუქროლა და ფილტვების ანთება დაემართაო...

მთელი ჩვენი მთავრობა ასეთია.

ნიკოლაიშვილი სამჯერ უფრო"რეაქტიულია", ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. როდესაც ნიკოლაიშვილზე და მის  ტემპებზე ვლაპარაკობთ, მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ერთი კვირის თუ 10 დღის წინ, გომბორის გზის მშენებლობით დავინტერესდი და მიპასუხა: ძალიან მალე - ერთ კვირაში დასრულდებაო. ეჭვი გამიჩნდა, რადგან ძალზე მძიმე სამუშაოა და კომუნისტებმა რამდენჯერაც დაიწყეს, ვერც ერთხელ ვერ დაამათავრეს. კომუნისტებს არ ვედრებით, რადგან ბევრ საქმეს მათზე უკეთესად ვაკეთებთ, მაგრამ მაინც დავეჭვდი.  დავჯექი მანქანაზე და წავედი. როდესაც ვნახე გულზე შემომეყარა - იმ გზას დამთავრების არაფერი არ ეტყობოდა. დათო ტყეშელაშვილმა იცის, დავურეკე რამაზს და მაგრად ვეჩხუბე:  შევარდნაძე ხო არ გგონივარ კაბინეტიდან რომ არ გადიოდა, ვერ წავიდოდი, საკუთარი თვალით ვერ ვნახავდი და ვერ გაგდავამოწმებდი? ვის ატყუებ, მინდა ვიცოდე სიმართლე. რასაც ვხედავ, ეს გზა ოთხ თვეში თუ დამთავრდება. ასეც უნდა გეთქვა და ამას გავიზიარებ-თქო. რამაზმა მითხრა: თავს მოვიკლავ ერთ კვირაში დამთავრდებაო. ყველა მეუბნება, რომ ამ გზის მშენებლობა გუშინწინ დამთავრდა, მაგრამ ხვალ-ზეგ მაინც წავალ და ვნახავ.

ასეთია ჩვენი ტემპები. ამას ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იჯერებს.

ის 6 ათასი სახლი რომ ავაშენეთ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ჯერ დიდხანს იბურდღუნეს მერაბიშვილი რა შუაშიაო, მაგრამ მივანდეთ იმას, ვინც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გააკეთებდა.

მეორე მხრივ, გაზაფხულზე გამოგვეცხადა ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და გვკითხა, როგორ დაგეხმაროთ სახლების აშენებაშიო. რაზეც დიდი მადლობა გადავუხადეთ და ვუთხარით, რომ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. მათ რომ დავლოდებოდით,  ეს ხალხი მთელი ზამთარი ღია ცის ქვეშ იქნებოდა.

ამიტომ უნდა ვიცოდეთ ისინი რას გვირჩევენ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ.

ჩვენ ბევრი რამის გაკეთება უკეთესად შეგვიძლია.

ჩვენ ძალიან მობილური მთავრობა ვართ და ჩვენი მთავრობა ამ ტემპით უნდა აგრძელებდეს მუშაობას. დეცენტრალიზაცია ამისთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია, რადგან არ შეიძლება გაგრძელდეს ისე, როგორც ადრე იყო - თბილისის ერთ ქუჩაზე წყდებოდა ყველაფერი. ერთ ქუჩაზე შეიკრიბებოდა ხალხი, რომელიც  გააგდებდა  ან დაუჩოქებდა ვიღაცას; გალანძღავდნენ, დაეტაკებოდნენ ან ესროდნენ ერთმანეთს; აქ მთავრობას ამხობდნენ, დანარჩენი ქვეყანაში კი, ქეიფობდნენ; აქ პოლიტიკოსები ერთმანეთს ელაზღანდარებოდნენ, ქვეყნის სხვა ნაწილში ომი იყო; აქ ჩვენ, რამდენიმე ოჯახს უნდა გადაგვეწყვიტა პრობლემა და ღირსება დაგვებრუნებინა, დანარჩენი ხალხი სულ სხვა პრობლემებით ცხოვრობდა და საერთოდ არ აინტერესებდა ამათი ე.წ. ღირსების საკითხი. ეს დრო დამთავრდა.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ პატარა ქვეყანაში პოლიტიკას მთელი ქართველი ხალხი აკეთებს. ახლა ეს უნდა გაფორმდეს გეოგრაფიულადაც.

ასე რომ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმაც უნდა განვახორციელოთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში.

განათლების დეცენტრალიზაცია. როდესაც ბათუმში ახალი უნივერსიტეტის შექმნასა და სხვა რეგიონალური უნივერსიტეტების გაძლიერებაზე ვლაპარაკობ, უნდა ითქვას, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის დეცენტრალიზაციაა.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ გიგი [უგულავა] იყო  [სტრუქტურების] თბილისიდან გატანის ყველა პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს არის  სახელმწიფოებრივი ხედვა. ეს თბილისისთვისაც უკეთესია, რადგან დედაქალაქს თავკომბალას როლი აღარ ექნება - ვერავინ იფიქრებს: ყველაფერი აქ არის თავმოყრილი და გავლანასაც უფრო კარგად მოვახდენო.  

მადლიერი ვარ იმისა, რასაც ახლა პარლამენტი აკეთებს. მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის, უპირველეს ყოვლისა, დათო ბაქრაძის, პალიკო კუბლაშვილის, მიშა მაჭავარიანის, გიგი წერეთლის თითოეული იმათგანის, ვინც იარა და შეხვდა ხალხს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში. მართლაც სერიოზული ინტერაქცია მიდის თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ვუხსნით ხალხს, არამედ ხალხისგანაც  ვიღებთ ინსტრუქციებს. შემდეგ ვახსენებთ, რომ ესა თუ ის საკითხი შესრულდა.

ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური სხეული. შეგვიძლია ვიკამათოთ, რასაც ხშირად ვაკეთებთ-კიდეც, შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოებისადმი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს და მომავლის ხედვა შესთავაზოს საკუთარ ქვეყანას.  

ჩემო მეგობრებო, ეს საკითხი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო გამოწვევების გათვალისწინებით; ასევე იმ მხრივ, რომ გვაქვს ევროპული, მაგრამ ერთიანი და თავისუფალი კავკასიის კონცეფცია - იმ კავკასიისა, რომელმაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია ტალღები, არა იმიტომ რომ მე ვთქვი. ეს იდეა არც ჩემი მოგონილია და არც რაღაც მოკლე ახირება. ეს არის ის, რაც დიდი ხანია ჩვენში მწიფდება, რადგან მართალია, მწარე, მაგრამ ისტორიული, უახლესი გამოცდილება მივიღეთ. ამ კონცეფციის ლიდერები ჩვენ უნდა ვიყოთ, მთელ ამ სივრცეში კონსოლიდაციის ლიდერები ჩვენ უნდა ვიყოთ.

არაფერი ისეთი წარმატებული არ არის, როგორც თვითონ წარმატება. საქართველო დღეს ყალიბდება წარმატებულ ქვეყნად.

აღმშენებლობა, ნებისმიერ რეიტინგზე მყარი არგუმენტია -  გილაურმა სხვადასხვა რეიტინგების მონაცემები მოიტანა. ვთქვათ, რომ 107 ადგილიდან ჩამოგვწიეს 37-ზე, 37-დან გადავედით 21-ზე, 21-დან მეხუთეზე. ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ როდესაც ხალხი უყურებს იმას, რომ ბათუმის ცაში ცათამბჯენები იმართება; როდესაც ხალხი უყურებს იმას, რაც საქართველოს ყველაზე მიყრუებულ და მივიწყებულ ადგილებში ხდება; როდესაც ხალხი უყურებს იმას, რაც დღეს ჯავახეთში ხდება, უკვე ბევრს ნიშნავს. მაგალითად, ბევრი თბილსელი ჯავახეთს საერთოდ არ იცნობენ, რადგან იქ ჩასასვლელად ექვსი საათი იყო საჭირო. მალე იქ ჩასასვლელად საათი და 20 წუთი დაგვჭირდება და ყველანი ერთად მიკლუხო-მაკლაისა და კოლუმბის მსგავსად, აღმოვაჩენთ საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს და ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ კუთხეს. არადა თაობები გაიზარდა ისე, რომ ჯავახეთზე არაფერი არ ჰქონდათ გაგონილი.

ხალხისთვის თვალსაჩინოა ის, რაც ჯავახეთში ხდება - ჯავახეთში შენდება ყველაზე დიდი და ლამაზი სადგური. მართალია, თავად სადგურის არქიტექტურა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალქალაქში, რომელიც ახალი გზებით თბილისთან ძალიან ახლოს იქნება, უზარმაზარი, ტექნიკურად სრული, რამდენიმეასეულ-მილიონიანი კონსტრუქცია გვექნება.

ხალხისთვის თვალსაჩინოა ის, რაც ხდება სვანეთში; ის, რაც ხდება ანაკლიაში; ის, რაც ხდება ახლა თელავში, განსაკუთრებით გომბორის გზასთან; ის, რაც ხდება მიწის დამუშავების თვალსაზრისით; ის, რაც ხდება რთველში, რომელმაც, ფაქტობრივად, უმტკივნეულოდ ჩაიარა და უკვე ვეღარც ვამჩნევთ. არადა ადრე ეს იყო დიდი, საშინელი პროცესი - კბილის ექიმთან ვიზიტის მსგავსი, ნებისმიერი მთავრობისა და მინისტრისთვის. ყოველ შემოდგომით ახლოვდებოდა ეს უბედურება და თავსატეხი. ვერც კი გავიგეთ ისე წარიმართა ყველაფერი.

რა თქმა უნდა, კახელ გლეხს უფრო მეტი ფული უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ღვინოს უკეთესად უნდა ვყიდდეთ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. ახლახან ამერიკაში ვიყავი და დავრწმუნდი, რომ ჩვენ ღვინოს კიდევ ასხამენ გულუასდროინდელი სერთიფიკატებით ნიუ-იორკის გარეუბანში. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ, თურმე, კიდევ ხდება მსგავსი რამ. მაგრამ რეფორმა ამ მიმართულებითაც ხორციელდება.

რა თქმა უნდა, გამოწვევები და პრობლემები კიდევ ასჯერ მეტია.

ჩემი სათქმელი, პრაქტიკულად, გითხარით. ამიტომ, სამუშაო დღის წესრიგზე გადავიდეთ და გთხოვთ, თავისუფალი დისკუსია გავხსნათ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)