Google+

გამოსვლები და განცხადებები

27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული პროგრამის” ეთნიკური უმცირესობისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისება” პირველი შედეგი

 

 

"მოგესალმებით ყველას ამ ლამაზ დარბაზში!

 

ბევრი თქვენგანი ალბათ ნამყოფია აქ ადრე, რადგან ჩვენ სკოლებიდან ძალიან ბევრ ექსკურსიებს ვმასპინძლობთ.

დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.მნიშვნელოვანია ყველა ის დღე, როდესაც რაღაცას ჩაიფიქრებ, დაგეგმავ და მერე ის ზუსტად ისე ახდება.

ბევრი შიდა დისკუსიის გავლა მოგვიხდა იმისათვის, რომ გარკვეული კორექტირებები შეგვეტანა ეროვნული გამოცდების პროგრამაში,

განსაკუთრებით გვემუშავა იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.წელს ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. თუ შარშან სპეციალური კვოტით, მხოლოდ სამი ადამიანი ჩაირიცხა, წელს 294.  აქედან სახელმწიფო  200 სტუდენტს დააფინანსებს.

ამას გარდა, არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც ქართულ ენაზე ჩააბარეს საგნები. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველო ცალკე აღებული არ ეკუთვნის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ეთნიკურ ოსებს, ეთნიკურ ქართველებს,

საქართველო ეკუთვნის ყველას ერთად, საქართველო არის თქვენი და ყველასი, ვისაც ის უყვარს და ვისაც მისი წარმატება და მომავალი უნდა.

მეც ვიყავი აბიტურიენტი და თავის დროზე ვაბარებდი მოსკოვში საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში, მაინტერესებდა საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, თუმცა დღეს ყველას ვურჩევ სხვა ფაკულტეტზე ჩააბაროს. დღეს ეს უკვე აღარ არის მოდური პროფესია, თუმცა მაშინ ეს იყო ძალიან მაგარი. როცა ჩავედი მოსკოვში, იქ მითხრეს, რომ ეთნიკურ ქართველებს ამ ინსტიტუტში არ იღებდნენ, თუ მაინცდამაინც მინდოდა იქ ჩარიცხვა, უნდა გადამეხადა ქრთამი.  მე ვერ ვიტყოდი უარს ვერც ჩემს ეროვნებაზე, ვერც ქრთამს ვერ გადავიხდიდი, ამას ჩემი ოჯახი არ დაეთანხმებოდა. იმ დროიდან მეზიზღება კოპუფცია და ეთნიკური დისკრიმინაცია, თუმცა არა მარტო ამ ფაქტის გამო, რადგან მე დავიჩაგრე. 

ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, წესიერებით, პატრიოტიზმით, შრომისუნარიანობით და არა რელიგიით და ეთნიკურობით.

საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ბევრია ქართველი მუსულმანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების და კარიერის მიღწევის საშუალება.

ჩვენ აქ გვესწრება დიმიტრი შაშკინი, მისი სახელიც და გვარიც რუსული წარმოშობისაა. მისი მამა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული წევრი. ის არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს - განათლების სამინისტროს ხელმძღვანელი.

იმედი მაქვს, რომ გავა დრო და მის მოღვაწეობას ისტორიკოსები შეაფასებენ როგორც მნიშვნელოვანი  ქართველი ეროვნული მოღვაწის საქმიანობას. შემდეგში ის სხვა თანამდებობებსაც დაიკავებს, საქართველოში დღეს არის სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს შაშკინიც, ყურბანოვი და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ჩვენ შევქმენით ისეთი სიტუაცია, როცა ქართველი ხალხი აღიქვამს თავის თავს, როგორც ერთიანს მთლიანს.   

როდესაც ოკუპანტები ახალგორში შემოვიდნენ  და ხალხს უთხრეს რომ მოვიდნენ მათ გასათავისუფლებლად, შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველები ახალგორიდან გამოვიდნენ ეთნიკური ოსები.

მე ბევრჯერ მომიყოლია მაგალითი ჯავახეთზე, როდესაც ხალხი გადაუდგა ტანკებს და განაცხადეს "მოახსენეთ მოსკოვში, რომ ჩვენ ვაპირებთ თქვენთან ბრძოლას, ჩვენ ყველანი ვართ ეთნიკური სომხები."

ეს ძალიან მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა შემოსული ოკუპანტებისთვის.

ძალიან კარგად ვიცი, რამდენი აზერბაიჯანული, ოსური და აფხაზური წარმოშობის ოფიცერი და სერჟანტი მსახურობს ჩვენს შეიარაღებულ ძალებში.

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველო არის მხოლოდ ქართველების, მაშინ ჩვენ ვართ 4 მილიონზე ცოტა. თუ ვიტყვით, რომ საქართველო არის ყველასი, ვისაც ის უყვარს, მაშინ ვიქნებით 11-12 მილიონი.

განათლების სისტემა, რომელშიც თქვენ შედიხართ,  საგანმანათლებლო რევოლუციის პირობებში არსებობს.

გუშინ შევხვდი პედაგოგებს და ვესაუბრებოდი განათლების თემებზე. კომპიუტერი და ინგლისური არის მთავარი პირობები იმისთვის, რომ დღეს მსოფლიოში მიაღწიო წარმატებას.

ინგლისური არის გასაღები დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სპეციალისტმა მიიღოს ახალი ცოდნა, გაიგოს რა არის ახალი მსოფლიოში.  

ჩვენ ჩამოგვყავს რამდენიმე ათასი ინგლისური ენის მასწავლებელი.

ყველა მასწავლებელს, რომელიც ჩააბარებს ინგლისურს და კომპიუტერს მინიმალური ხელფასი ექნება 500-600 ლარი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაში.

ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ უცხო ენების ინსტიტუტი განვითარდეს.

დღეს თარჯიმნები არ გვყავს საქართველოში. ამას წინათ, ვუსმენდი ჩემი გამოსვლის სინქრონულ თარგმანს, სადაც ვთქვი, რომ გენერალ პეტროუს მოსწონს ქართველი ჯარისკაცები(საუბარია ნატოს სარდლობის ხელმძღვანელზე ავღანეთში)თარჯიმანმა გადათარგმა - პენელოპა კრუზს ძალიან მოწონს ქართველი ჯარისკაცები. ეს სასაცილოა, აი, რა მდგომარეობაშია ენების შესწავლა.   

ქართული ენა ძალიან რთული ენაა, თქვენ ამის სწავლა შეძელით. მე მახსოვს ჩემი საარჩევნო მიტინგები 2004 წელს, მარნეულში და მსგავს რეგიონებში მიხდებოდა რუსულ ენაზე გამოსვლა.

ახლა ადგილობრივ არჩევნებზე კი, უკვე უმრავლესობას ესმოდა ქართული ენა.აქ, ამ სასახლეში ექსკურსიაზე აზერბაიჯანიდან მოსულ ყველა ბავშვს ესმოდა ქართული.

საქართველო ვერ იარსებებდა, რომ არ იყოს ამ მრავალი სხვადასხვა კულტურის შენარევი.

გუშინ მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ქართული ცეკვები უნდა შევისწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევისწავლოთ ქართველი სომხების, ქართველი აზერბაიჯანელების ცეკვები. ჩვენ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ისეთი უმაღლეს სასწავლებლები შევქმნათ, რომლებიც უმუშევრებს კი არ გამოუშვებს, არამედ ხალხს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმუშავებს, მაგრამ არ დაჭირდება არსად წასვლა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა სტატისტიკით, საქართველოში შემოდის გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გადის.

ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიური ცენტრი,სასურველია თბილისის გარეთ, მოხდეს კონსოლიდაცია საუკეთესო საინჟინრო კადრების, რომ აქ სასწავლებლად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ჟენევაში მსოფლიო მასშტაბით ახლა ტარდება დიდი ექსპერიმენტი, ამ დარბაზში, ამას წინათ დავაჯილდოვე ქართველი ინჟინრების დიდი ჯგუფი, რომლებიც მასში მონაწილეობენ.

ამ ხალხის ბაზაზე უნდა შევქმნათ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ცენტრი.

სახელმწიფო იმისთვის არის, რომ ნიჭიერ ადამიანს გაუხსნას გზა.

ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ წინა წლებში. ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი იქნა გამოუყენებელი. ძალიან ბევრი უაზრო პროგრამა დაფინანსდა, მაშინ როცა, ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა და აღმოჩენა დარჩა შეუმჩნეველი. ბათუმში შენდება ახალი სასტუმრო და ზღვის წყლით ხდება სასტუმროს კონდიცირება.ეს ზოგავს ელექტროენერგიის 90%-ს. ეს ტექნოლოგია გამოგონებულია ქართველი ინჟინრის მიერ 80-იანი წლების შუაში. მაშინ ამას ყურადგება არ მიექცა, მერე გერმანელებმა დააპატენტეს, ახლა კი ჩვენ ვიყიდეთ ეს გერმანელებისგან და გადავიხადეთ დიდი ფული. არ ვიცი, სად იმყოფება დღეს ის ინჟინერი, მაგრამ მას რომ ამაში ფული არ აუღია ეს ვიცი, ასეთი რამ არ უნდა დაუშვას ქართულმა სახელმწიფომ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო, დღეს ჩვენ  გვაქვს მრავალეთნიკური ქართული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ.

მიხარია, რომ 300 ადამიანმა ჩააბარა ამ პროგრამით, ეს საქართველოს საკეთილდღეოდ დიდი გამარჯვებაა.    

მომავალ წელს მსურს თქვენი რიცხვი გაიზარდოს. ჩემი სურვილია ბევრად მეტმა ჩააბაროს და იგრძნოს რომ საქართველო მათი სამშობლოა და საქართველოში მათ ექნებათ ბრწყინვალე მომავალი, არ არსებობს ბარიერი, რომელიც მათ დაუდგებათ წინ თავიანთი თავის რეალიზაციისთვის ჩვენი ქვეყნის და თქვენი ოჯახების საკეთილდღეოდ.

დღეს აქ შეგკრიბეთ 60 ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად ჩააბარა გამოცდები. მათ მინდა საჩუქრად  გადავცე კომპიუტერები.

წარმატებას გისურვებთ სწავლაში."

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)