ჩვენ მართლაც ბევრი საერთაშორისო დახმარება მივიღეთ და ბევრი კრედიტი შემოვიდა.
თუმცა ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ვალის რაოდენობა ბევრად ნაკლებია ერთიან ეროვნულ შემოსავალთან, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანაში და ამ მხრივ კარგი მდგომარეობა გვაქვს.
ამას უნდა მოვეპყროთ დიდი პასუხისმგებლობით.
ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებოდით, შემოსულ ფულს რომ არ გავფრთხილებოდით. ბასილიას დროს (იგი ამერიკაში დაიჭირეს და ახლა მისი გადმოცემის პროცესი მიმდინარეობს) უზარმაზარი თანხა შემოდიოდა მსოფლიო ბანკიდან, რათა სიღარიბის დონე შემცირებულიყო, მაგრამ ეს ფული იხარჯებოდა გაზეთების გამოშვებაზე, სხვადასხვა ოფშორულ ზონებში არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნაზე, ხალხის აქეთ-იქით უაზრო სიარულზე. იმავე წლებში, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველოში სიღარიბე არა მხოლოდ არ მცირდებოდა, პირიქით, სულ უფრო იზრდებოდა. უამრავი ფული გაქრა ასე.
ეს ეტაპი გავიარეთ.
მეორე საფრთხე იყო ის, ეს ფული რომ შეგვეჭამა და პოპულისტური მიზნით დაგვერიგებინა სოციალურ დახმარებების სახით, შემწეობები გაგვეზარდა და ა.შ. ეს რომ გაგვეკეთებინა ისევ ცარიელ-ტარიელი დავრჩებოდით. შემდეგ მოგვადგებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფულის დაბრუნებას მოგვთხოვდნენ.
მთავარი, რაც, ვფიქრობ, სწორად გავაკეთეთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ, პოლიტიკოსების მხრივ ზემოქმედებისა და პოპულისტური გამონათქვამების მიუხედავად, ეს ფული განვითარებაში ჩავდეთ.
მხოლოდ მსგავსი გადაწყვეტილება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შთამომავლობას ვალები არ დავუტოვოთ. ეს ვალები რეალური ეკონომიკით უნდა იყოს გარანტირებული.
როდესაც ფული იდება საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, გზებში, სახელმწიფო აპარატის ისეთ მოდერნიზაციაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ფული იდება ინვესტიციების შემოსვლაში, რათა საქართველო გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რომ ფული იდება ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ეს არის საქართველოს მოდერნიზაციის ისტორიული პროცესი.
ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა თანამედროვე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა. ამაზე დიდი კოშმარი არ არსებობს. თბილისის ზოგიერთ რაიონში გარკვეული საათების განმავლობაში მოდის წყალი, ქუთაისში - სამ დღეში ერთხელ, არის სოფლები, რომელთა მოსახლეობა მეზობელი რაიონებიდან ეზიდება წყალს.
ბათუმის კანალიზაციისა და წყალსადენის სისტემა მეფის დროს იყო გაკეთებული. მთელი კურორტები აშენდა, საიდანაც ფეკალური მასები ჩადის მდინარეებში, ტბებში, ზღვაში. ასე იყო, მაგალითად, ქობულეთში. ყოველივე ამის გამოსწორება მართლაც ისტორიული ამოცანაა.
ზოგიერთები იმაზე ფიქრობენ, ვინ, რომელ თანამდებობას დაიკავებს 2013 წელს. პირადად მე სულ არ მაინტერესებს ვინ, სად იქნება ჩემი ჩათვლით.
ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვამაყობ, რომ 2013 წელს ყველა ქალაქში წყალი იქნება მუდმივად - რასაც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს; საქართველოს 80 პროცენტი ისარგებლებს ბუნებრივი გაზით; ყველგან იქნება კარგი კომუნალური სისტემა; ყველას ექნება მუდმივი დენი და ინდივიდუალური მრიცხველი; ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში იქნება კარგი გზა და სატრანსპორტო ინფრასრუქტურა.
ეს არის ისტორიული გარღვევა მოდერნიზაციის მიმართულებით.
ამას ვახერხებთ იმის მიუხედავად, რომ 2008 წლიდან ყველას ჩამოწერილი ვყავდით.
როცა ევროკავშირის შეკრებებზე ვკამათობდით, ჩვენი მეგობრებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, ჩამოიშლებოდა. რუსეთის ზემოქმედება, ოკუპაციის პირობებში ყოფნა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამის თქმის საფუძველს ყველას აძლევდა. ჩვენი მეგობარი ლეხ კაჩინსკი ამბობდა, რომ საქართველო, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე ადვილად გამოდის ამ სიტუაციიდან.
უწინარესად ეს მოხდა იმის გამო, რომ მანამდე განვახორციელეთ რეფორმები და ასე თუ ისე მწყობრად ჩამოყალიბებული სახელმწიფო აპარატი გვაქვს. ეს აპარატი ბევრად უფრო უარესია, ვიდრე ვისურვებდი, რომ გვქონდეს, მაგრამ ყველაზე კარგია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. შესაძლოა, მხოლოდ ესტონეთს ჰქონდეს ჩვენზე უკეთესი სახელმწიფო აპარატი. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და ყოველდღიური მუშაობის შედეგი. ამ მხრივ მოდუნება არ შეიძლება, რადგან პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრი გვაქვს.
მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო აპარატი ელექტრონულ მმართველობაზე გადაგვყავს და დოკუმენტებით ხელში აქეთ-იქით სიარული, პრაქტიკულად, შეწყდება. ჩვენ აღარ ვივლით ბუღალტერებივით დიდი პორტფელებითა და ყურში გარჭობილი ფანქრებით.
ეს იმას ნიშნავს, რომ გაყალბების სისტემა თითქმის გამოირიცხება. სახელმწიფო აპარატი იქნება სრულიად გამჭვირვალე.
ელექტრონული მმართველობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფო მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი.
ყველა გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება კომპიუტერის მეშვეობით. ახალი, გამარტივებული საგადასახადო კოდექსის პირობებშიც კი, უნდა ვკითხოთ ეკონომიკის სამინისტროს რისი გამარტივება შეიძლება კიდევ უფრო მეტად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი შეცდომა ან მათი შეცდომის ბოროტად გამოყენების საშუალება.
ყველა უნდა იყოს საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ანგარიშვალდებული.
გუშინ შეხვედრა გვქონდა სასჯელაღსრულები სამინისტროში და იქ ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ორგანიზებული დანაშაული დავამარცხეთ.
საქართველოს აღარ მართავენ კანონიერი ქურდები და რაღაც კლანები. ამის ყველაზე კლასიკური ნიმუში არის ეს შენობა, რომელიც, რატომღაც ეკუთვნოდა ნუგზარ შევარდნაძეს. იგი მართავდა საქართველოს ეკონომიკის დიდ სფეროს, იჯდა ამ უზარმაზარ შენობაში და ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა თუ მას არ ჩააყენებდა საქმის კურსში. ბიძამისი ყოველ დღე ჩამოივლიდა კრწანისის გზაზე, უყურებდა მისი ძმიშვილის შენობას და ვითომც არაფერი...
ის ხალხი, რომლებიც დღეს ტელევიზიით აცხადებენ იმის შესახებ, რომ საქართველოში კიდევ არის ელიტური კორუფცია, სწორედ ამ შენობაში დარბოდნენ და "საქმეებს" აკეთებდნენ. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა კორუფციის ფაქტები აღარ განმეორდეს.
ორგანიზებული დანაშაული საზრდოობს ფარული ეკონომიკით.
ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ეკონომიკა საქართველოში "გათეთრდა" და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ქურდთან გასარჩევიც არაფერია.
ქურდი სარეველასავით ცუდ გარემოში "ხარობს". თუ რაიმე გაქვს დასამალი, სიმართლეს ვერ აღწევ და სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, მაშინ ამ სივრცეს ავსებს ქურდი. სიბნელე არის ქურდისთვის და სწორედ შავი და ფარული ეკონომიკა არის ქურდებისთვის კარგი საფუძველი.
საქართველოში 80 პროცენტი იყო ფარული ეკონომიკა, ამიტომ ქვეყანას 80 პროცენტით მართავდნენ ქურდები.
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლომდე "გათეთრდა" და გამჭვირვალე გახდა. როდესაც ყველაფერი გახდება კომპიუტერიზებული, ეს იქნება მაფიოზური, შავი ეკონომიკის კუბოში ჩარჭობილი ბოლო ლურსმანი.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან საგადასახადოს უფროსები ქართული გამოცდილების შესასწავლად.
დღეს ვლაპარაკობდით სწორედ იმ საკითხზე, რომ მოლდაველები და უკრაინელები ჩამოდიან, განვითარებადი ქვეყნებიდან გვსტუმრობენ საგადასახადო სისტემის ხელმძღვანელები, რათა შეისწავლონ და გაიზიარონ ქართული გამოცდილება.
ამ მხრივ, ჩვენ მოსალოცად გვაქვს საქმე.
გვაქვს თუ არა საქმე კუდის ყავარზე გასადებად და თვითკმაყოფილებისთვის? - ეს ასე არ არის.
პირადად დავიწყე თურქეთის პრემიერმინისტრთან იმაზე მუშაობა, რომ ამ ქვეყანასთან აღარ გვქონდეს ერთი საბაჟო იქით და მეორე-აქეთ, რიგები და უხეშობა.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ევროპაში - ევროპაში ინტეგრაცია უნდა თურქეთსაც და ჩვენც, ერთი ფანჯრის პრინციპი უნდა მოქმედებდეს და მანქანები უნდა გადიოდნენ დაბრკოლების გარეშე. ვალეში პირველ ასეთ პუნქტს, როგორც იქნა, ვხსნით.
ასე უნდა გავაკეთოთ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. წინ რთული მოლაპარაკება გველოდება. მე უკვე მაქვს სომხური მხარის თანხმობა და იგივეს უნდა მივაღწიოთ აზერბაიჯანის მხარესთან, რათა ჩვენი სისტემების ინტეგრირება მოვახდინოთ.
ჩვენი მოქალაქეები არ უნდა იტანჯებოდნენ - ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა უნდა იყოს ადვილი, რათა ეკონომიკა, ტვირთი და ხალხი მოძრაობდეს.
იცით, რომ ჩვენ ახლა ვარემონტებთ სარფის საბაჟოს და მალე გვექნება ულტრათანამედროვე საბაჟო-გამშვები პუნქტი. კარგად მესმის, რომ ხალხი გადადის, ყიდულობს იქ პროდუქციას და გადასახადის გადაუხდელად ცდილობს გადმოკვეთოს საზღვარი.
ასეთი არის 300-400 კაცი, მაგრამ ამ საზღვარს ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი კვეთს.
თქვენ შექმენით სისტემა, რომელიც ადამიანის გაწვალებაზეა ორიენტირებული - საზღვარზე გადმომსვლელი ყველა ადამიანი გაყავთ და უჩხრეკენ ჩანთას.
თქვენ ალბათ ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ და მინდა გკითხოთ, მათ შორის, საშემოსავლო სამსახურის უფროსს, სად გინახავთ, რომ ყველა ტრანსპორტს აჩერებდნენ და ყველა ტურისტს სათითაოდ ჩხრეკდნენ?
კონკრეტული მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ახლა ბათუმში ტურისტების ბუმია - ჩამოდიან ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, თურქეთიდან. ძალიან ბევრია უკრაინელი ტურისტი. ახლა გამოჩდნენ დიდი რაოდენობით აზერბაიჯანლები, სომხეთის უამრავი მოქალაქე ჩამოდის.
სამი დღის წინათ იქ პირველად ჩამოვიდნენ ესპანელები. ჯერ თურქეთის საბაჟომ აცდევინა, შემდეგ აქეთ იცადეს საათნახევარი, ხოლო შემდეგ ყველა სათითაოდ ჩამოსვეს ავტობუსიდან და და გაატარეს სკანერზე.
ნიკა (გილაურს მიმართავს), რამდენჯერ ხარ ირლანდიაში ნამყოფი და რამდენჯერ გაუხსნიათ იქ შენთვის ჩანთა? - თითქმის არც ერთხელ!
აბა ჩვენ რატომ ვიქცევით ველურებივით?
ეს არ ეხება მარტო ესპანელებს. მე კონკრეტულად ვინმეს კი არ ვუფრთხილდები. ის ესპანელი აქ მოდის, რათა დახარჯოს ფული. მათ უნდა იცხოვრონ სასტუმროში, რომელიც ბიზნესმენის აშენებულია და, რომელსაც, თავის მხრივ, სურს ამოიღოს ჩადებული ფული, რათა კიდევ ერთი სასტუმრო ააშენოს, ახალი ხალხი დაასაქმოს. ანუ ის ესპანელი მოდის ჩვენს დასასაქმებლად და ჩვენს გასამდიდრებლად - ეს ერთი. ეს მადარდებს ყველაზე მეტად!
მეორეც - ის ესპანელი მეორედ აქ აღარ ჩამოვა, ამის გარანტიას მოგცემთ.
საბაჟოს თანამშრომლებს ათასი ლარი აქვთ სარფში. ამ ათასლარიან თანამშრომელს, იქ რომ დგას, რა უჭირს, რომ ტურისტი და სავაჭროდ წასული ადამიანი ერთმანეთისგან განასხვაოს?
მაგალითად, ჩემმა მეგობარმა 200-დოლარიანი ბინოკლი უყიდა შვილს. გადმოვიდა საზღვარზე, ყველა ჩანთა გაახსნევინეს, უპოვეს ბინოკლი, ნახეს, რომ ახალი იყო და მოსთხოვეს დროებითი განბაჟება. ასეთი არის საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე. ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა ეს საზღვარი აქედან, ალბათ, ერთი პროცენტიც არ იყო, ვინც ხელის მოსათბობად წავიდა თურქეთში. ისინიც მიხვდნენ, რომ ამით ფულს ვეღარ იშოვი.
იმის ნაცვლად, რომ ტვინი გავანძრიოთ, თვალი გავახილოთ, რაღაც ახალი შევიტყოთ და გავიგოთ, რატომ გგონიათ, რომ ჩვენი მოქალაქეებს უნდა ავკიდოთ მთელი ტვირთი.
ვუბრუნდები იმ თემას, რომელზეც ყველა სამინისტროში ქადაგად ვარ დაცემული.
დავიმახსოვროთ ერთი რამ, ჩვენი მოქალაქეები არ არიან ჩვენი მსახურები, ისინი არ არიან ჩვენი დაქვემდებარებული პირები და თქვენ არ ხართ მათი უფროსები. არც მე ვარ მათი უფროსი და არც თქვენ.
თქვენ თქვენი თანამშრომლების უფროსები ხართ ერთი კარგი საქმის კეთებაში - თქვენი ხალხის სამსახურში.
კარგია, რომ ხელმძღვანელობის დონეზე ხარისხი გაუმჯობესდა. კარგად მახსოვს ის ხელმძღვანელი, ნოღაიდელი რომ მფარველობდა. ასეთი ხალხი არც ამ მაგიდასთან ზის და, იმედია, არც სხვა დონეზე აღარ არის. მათ შავ-ბნელ, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებში გადაინაცვლეს.
ძალიან კარგია რომ შემცირდა კორუფცია, რომ იზრდება შემოსავალი, მაგრამ გთხოვთ, რომ აქ იყოს ისეთი მომსახურება, როგორიც არის ირლანდიასა და საფრანგეთში და არა, როგორც რომელიმე ფეოდალურ ქვეყანაში.
მე მინდა, რომ საქართველო იყოს სინგაპურისა და ირლანდიის მსგავსი. სინგაპურზე უკეთესიც იქნება, თუმცა ამას ათწლეულები დასჭირდება. ის, რომ ყველფერს თავის წესი აქვს, მოქალაქეს, რომ არ უნდა ამცირებდნენ, ადვილი რომ უნდა იყოს დეკლარაციის შევსება, გადასახადის გადახდა, ბიზნესის კეთება, რომ არ უნდა ამცირებდნენ მოქალაქეს, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.
თუ მსგავსი ფაქტი კიდევ ერთხელ განმეორდება, სარფის საბაჟოს ახლადდანიშნულ უფროსსაც მისი წინამორბედების გზას გავუყენებ.
ტვინის განძრევა დავიწყოთ და მოქალაქეების დამცირებას და შეურაცხყოფას, ნერვების მოშლას და პრობლემების შექმნას თავი დაანებეთ. ხელები შორს საქართველოსა და უცხოეთის პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქეებისგან!
ეს არის პირველი პრინციპი.
რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესიც უნდა გააქტიურდეს.
ყველა ბიზნესმენი წუწუნებს იმის თაობაზე, რომ არ აძლევენ სესხს. არადა შავი ზღვის ბანკი 8 პროცენტად იძლევა სესხს. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.
არაბეთში ვიზიტის შედეგად, საქართველოში მეცხვარეობა გადარჩა და დიდი პერსპექტივაც გაუჩნდა. მარტო ამიტომ ღირდა, თუნდაც, ყოველი შაბათ-კვირა რომელიმე არაბულ ქვეყანაში გაგვეტარებინა.
აპრილში, ჩემი ამერიკაში ყოფნისას, აშშ-ს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს და ვაჭრობის მინისტრს მოველაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ ისინი ჩვენს ბიზნესმენებს ასწავლიდნენ იმ საგადასახადო შეღავათების გამოყენებას, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ.
თავისუფალი ვაჭრობა უკვე გვაქვს თურქეთთან, თუმცა ჯერ კიდევ დასახვეწია, გვაქვს ასევე დსთ-ს ქვეყნებთან, ერთი ახირებული ქვეყნის გამოკლებით, ამ საკითხზე ვმუშაობთ ევროპასთანაც.
ამერიკიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები და სამდღიან სემინარებს ატარებდნენ. პირველ დღეს მათ სემინარზე არავინ არ მივიდა - ვიფიქრეთ, რომ დილით გაღვიძება დაეზარათ, მეორე დღეს დელიკატურად გადაიტანეს დღის სამ საათზე, თუმცა არც მეორედ მივიდნენ.
ამის მერე კიდევ იტყვიან, რომ პროდუქციის გატანა უჭირთ.
აშშ-ს ღვინის ბაზარი 12-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის ბაზარი, აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი არიან ჩვენს მიმართ, ყოველ შემთხვევაში, მთავრობის დონეზე ნამდვილად.
ერთი მეღვინე მაიც მისულიყო ამ სემინეარზე და ეკითხა როგორ უნდა შეეღწია ამ ბაზარზე. ალბათ, რომელიმე პლაჟზე არიან. ბოლოს და ბოლოს, ჩამოსულიყო ან ვინმე გამოეგზავნათ.
ეს პრობლემა არის. ბევრ სახელმწიფო მშენებლობას ვაკონტროლებ, მაგრამ უმჯობესი ბიზნესმა აშენოს. თუმცა, დაკვირვებული ვარ, როდესაც სახელმწიფო აშენებს რაიმეს, უფრო სწრაფადაც შენდება და უფრო იაფადაც. ეს ნორმალური არ არის - ყველა ქვეყანაში ეს სხვაგვარადაა.
არ შეიძლება, სახელმწიფო აპარატი უფრო დახვეწილი იყოს, ვიდრე ბიზნესი. როგორც წესი, სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს პატარა და, როგორც წესი, უფრო არაეფექტურია, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესი - ის საკუთარი ჯიბისთვის მუშაობს.
მათაც მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ჩვენ მათთვის ყველაფერს ვამარტივებთ.
ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით პირველ ადგილზე გავედით მსოფლიოს მასშტაბით. ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ ყოველივე ეს არ გამოვიყენეთ, არაფერი არ გამოვა.
სირცხვილია, როცა შედიხარ ლიგაში, სადაც პირველ ადგილს იკავებს სინგაპური, შემდეგ ჰონკონგი, აშშ, ინგლისი, ნორვეგია, დანია და საქართველო, რომელსაც მოყვებიანს ისლანდია, ფინეთი იაპონია, გერმანია და ა.შ. და ვცხოვრობდეთ როგორც ის ქვეყნები, რომლებიც 137 ადგილის ქვემოთ არიან.
ჩვენ, როგორც მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ მაჩვენებლისთვის მიგვეღწია, დანარჩენი უნდა გააკეთოს ბიზნესმა. მათ, ამ მხრივაც, სჭირდება გამოფხიზლება.
იმედია, გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას.
იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს მუდმივად მზარდი, ჩქარი ნაბიჯებით წინ მიმავალი, ხალხი საქმდებოდეს, სოციალური დაცვის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს, მეტი შემოსავალი იყოს, გავძლიერდეთ და განვვითარდეთ, ძლიერის პოზიციიდან მოვახერხოთ ყველა მთავარი ამოცანის შესრულება, ჩვენ გვჭირდება ყველა სექტორის გაძლიერება, მათ შორის, კერძო სექტორის.
სანამ სარფის საბაჟოზე თქვენ გყავთ პიტეკანტროფი, რომელიც იმ ტურისტს ჩხრეკს, რომელსაც სურს დღეში 2-3 ათასი ევრო დახარჯოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და მოფერების ნაცვლად, ეუბნება წადი აქედანო, საქმე არ გამოვა. ამ საბაჟოზე ყოველ ცვლაში აკეთებენ ამას.
ჩვენ უმეტესობა კარგი თანამშრომლები გვყავს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გვარცხვენენ.
პირადად მივედი ამ საბაჟოზე ბევრჯერ, თუ საჭირო გახდება იქ გადავსახლდები - ისედაც ძალიან მომწონს ბათუმი. მაგრამ პრობლემა არის ამ სამინისტროში. აქ, მე-16სართულზე არის პუნქტი, რომელიც ყოველივე ამას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ არ სთხოვთ პასუხს.
ამასთან დაკავშირებით, მინდა მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნა მოგცეთ.
გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი რეფორმები, ამ მხრივ, გაგრძელდება და დაიხვეწება.
მსურს მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი შინაარსიანი შეხვედრისთვის.
ახლა კი, მსურს, დამსახურებული თანამშრომლები დავაჯილდოვო.