საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
მინდა ყველა სამინისტროში მივიდე და ყველა დარგობრივი სამინისტროს სხვადასხვა ქვეგანყოფილების, სამმართველოს, დეპარტამეტის, უწყების ხელმძღვანელს შევხვდე. მსურს მათთან კონკრეტულად ვილაპარაკო იმ თემებზე, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია, დაახლოებით, 5-6 პროცენტი. თუ გავითვალისწინებთ რეგიონში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობას, ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია.
იმედია, რომ მომავალი წლიდან განვითარების იმ ძველ ტემპს დავუბრუნდებით, რომელმაც ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა გვაქციოს ევროპულ სინგაპურად.
ეს მრავალწლიანი პროცესია, მაგრამ ეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის პირობებში, ამ ინვესტიციების მეშვეობით კი ჩვენი ეკონომიკის, განათლებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციის პირობებში საქართველო ყოველწლიურად მიუახლოვდება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლებს.
სინგაპურიზაცია ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ხალხის ბევრად მეტ კეთილდღეობას, რაც საშუალებას მოგვცემს, მართლაც მკვეთრი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის და იმისათვის, რომ ამ რეგიონში სანიმუშო ქვეყნად ვიქცეთ.
ყოველივე ეს ჩვეულებრივი მუშაობით არ გამოვა და თავისთავად არ განვითარდება.
გუშინ თქვენ მოისმინეთ ჩემი შენიშვნები, რომლებიც გამოვთქვი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის მისამართით.
ერთი რამ უნდა გავითავისოთ - ჩვენი მუშაობა იზომება არა იმით, ვაშავებთ ან ვარღვევთ თუ არა რომელიმე ფორმალურ კანონს ან პროცედურას, არამედ იმით, რას ვაკეთებთ ყოველდღიურად იმაზე უკეთესს, ვიდრე ვაკეთებდით გუშინ, ვმუშაობთ თუ არა იმაზე აქტიურად, ვიდრე ვმუშაობდით გუშინ.
სხვადასხვა კაბინეტებში ჩვენ არ გვჭირდება სკამის გამთბობი ბიუროკრატები და სივრცის შემვსები ადამიანები. ჩვენ გვჭირდება პროაქტიული, გულანთებული პატრიოტები, პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე ახალი იდეებისა და თემების შემოთავაზებაზე, ინვესტორების მოზიდვასა და მუშაობის გააქტიურებაზე ფიქრობენ.
როდესაც შენთან ინვესტორი მოდის და გეუბნება, ამდენი ინვესტიცია მაქვს ჩასადები და დამეხმარეო, სამი თვის შემდეგ კი არ უნდა პასუხობდე, ეს მე არ მეხებაო, არამედ უნდა დაურეკო და შეხვდე. მხოლოდ ასე შეიძლება საქართველო დაადგეს სინგაპურიზაციის გზას.
ეს მარტო ფორმალური პროცედურების შესრულებით არ ხდება. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავიცვათ კანონი, მაგრამ როდესაც ინვესტორს ფულის ჩადება სურს და დახმარებისთვის მოგმართავს, სამი თვის დაგვიანებით არ უნდა ეუბნებოდე: ეს მე არ მეხებაო. შენ გქვია ეკონომიკის მინისტრი და შენ გეხება ეკონომიკის განვითარება. შენ ეს ინვესტორი გულში უნდა ჩაიხუტო, ხელით უნდა ატარო, ყველგან უნდა მიიყვანო, ყველა კარი გაუღო და ყველა გზა ასწავლო; შენ თვითონ უნდა რეკო ყველგან და კარები უმტვრიო ყველა უწყებას. ეს შეეხება მერიას, გამგეობას, კერძო ბიზნესებს. საქმე თავადვე უნდა მიიყვანო ბოლომდე. სხვანაირად საქმე ადგილიდან არ დაიძვრება. ერთ ადგილზე ჯდომით ვერაფერს გახდები.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვჭირდება პროაქტიული მუშაობა, იმ პირობებში, როდესაც საქართველო გადადის კონსტიტუციის ევროპულ მოდელზე, რაც თავისთავად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას, იმ პირობებში, როდესაც გადავდივართ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე უფრო ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე, ჩვენ გვჭირდება არა ჩინოვნიკები, არამედ ძალიან შემოქმედებითად მოაზროვნე ხალხი.
სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმის გამოც არის მთავარი მიმართულება, რომ რეალურად ძალიან მარტივად შეიძლება სოფლის მეურნეობის წილის გაორმაგება შიდა ეროვნულ პროდუქტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამით უახლოეს წლებში ჩვენი ერთიანი შიდა პროდუქტის, ე.ი. თითოეული მოქალაქის შემოსავლის ზრდის უზრუნველყოფა, ბევრად უფრო ადვილი იქნება.
სოფლის მეურნეობაში არის დიდი რეზერვი, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დარგი დღესდღეობით ჩამორჩენილია, მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი ძალზე დაბალია. ამ სფეროს წამოსაწევად, აუცილებელია, ყველა დიდ სოფელში იყოს სწავლული აგრონომი. ამ პროგრამაზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა.
გთხოვთ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. მე მაინტერესებს თემები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციას შეეხება. წელს ჩვენ 122 ტრაქტორი და 25 კომბაინი შემოვიყვანეთ. შარშან ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს მაჩვენებელიც უნდა გავაორმაგოთ. საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად უნდა იზრდებოდეს უახლესი წლების განმავლობაში ჩვენი სასოფლი-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. ეს ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ ამ 25 პროცენტში საამაყო არაფერია. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი უნდა ორმაგდებოდეს.
ინვესტიციები განახლდა, მაგრამ არ არის საკმარისი, არადა ძალიან კარგი პერსპექტივებია. ახლა მთელი რიგი ინვესტორები არიან ჩამოსული, რომლებიც ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორის გამო მზად არიან საქართველოში ჩადონ ფული.
რა ხდება ქართული ზეთის წარმოებასთან დაკავშირებით? მზესუმზირის მწარმოებლები ბათუმთან უნდა ყოფილიყვნენ კოოპერაციაში და კახური მზესუმზირისგან ზეთი უნდა გაეკეთებინათ. როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამ პროექტის განხორციელებისას...
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი
გარკვეული პრობლემები მართლაც შეიქმნა ჩვენი ფერმერებიდან გამომდინარე, რომელთაც ვერ განჭვრიტეს ამ პროექტის ხანგრძლივობა. ეს გრძელვადიანი პერსპექტივა იყო მათთვის, რომ ყოველწლიურად ჰქონოდათ სტაბილური შემოსავალი. მათ პირველივე წელს, გარკვეულწილად, დამალეს მოსავალი და სრული რაოდენობა არ ჩააბარეს საწარმოს, რადგან ფასების კონიუქტურა შეიცვალა. როგორც ვიცი, ეს იყო ფიჩერსული გარიგება და მათ წინასწარ განსაზღვრულ ფასად უნდა ჩაებარებინათ მოსავლის 30 პროცენტი. ამიტომ საწარმომ მზესუმზირის დიდი ნაწილი უკრაინიდან შემოიტანა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
კომპანიამ "ქარვა", რომელიც აწარმოებს ზეთს, გადაწყვიტა პირველი აგვისტოდან დაიწყოს ახალი ზეთის ქარხნის მშენებლობა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
კი, მაგრამ, ახალი ზეთის ქარხანას ვაშენებთ და ჯერ ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა მზესუმზირის მწარმოებელსა და ზეთის ქარხანას შორის. ჩვენ სპეციალურად ჩავიყვანეთ ფერმერები ბათუმში, ვაჩვენეთ ქარხანა, რომლის მესვეურებთან უნდა დაემყარებინათ ურთიერთობა და ამის ნაცვლად, ალბათ, რაიმე შუამავლების ჩარევის და გარიგებების გამო, მოხდა ის, რომ საწარმოს ისევ უცხოურ ნედლეულზე უწევს მუშაობა. მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, ყოველდღიური ურთიერთობა უნდა გვქონდეს მათთან. რაღაც მომენტში, კონტროლი შევასუსტეთ და კოორდინაცია დავკარგეთ. შესაძლოა, ეს მზესუმზირა ორმა მწარმოებელმა გაყიდა უფრო ძვირად, მაგრამ დანარჩენებმა ვერაფერი გაახერხეს. ამიტომ არის საჭირო ყოველდღიურად ავუხსნათ ყველას, რომ ეს მათივე ინტერესებს შეესაბამება და მათი ოჯახების კეთილდღეობას ემსახურება.
ჩვენი ქვეყანა ახლა გამოდის დამპყრობლის დამოკიდებულებისგან. ეს ყველა მიმართულებით ასეა. მაგალითად მოვიყვანოთ ტურისტული სექტორი. რუსეთს ჭირდებოდა კონკრეტული კურორტები, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ. ამიტომ, კონკრეტულ ადგილებზე თქვეს: აქ იქნება კურორტები, დანარჩენი ჩვენ არ გვაინტერესებსო. ასევე იყო სოფლის მეურნეობაშიც. სხვაგან ვერსად ვერ იყიდდნენ ჩაის, ციტრუსს, კონკრეტული ტიპის ღვინოს და ა.შ. და ამოტომ აქ უნდა ყოფილიყო ეს კულტურები. ზეთის ხილი მათ არ უნდოდათ და ამიტომ ეს ხეები ამოიძირკვა 30-იან წლებში და მათ ადგილზე დარგეს ციტრუსები და ჩაი. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გადავეწყოთ ჩვენი ინტერესების შესაბამის სისტემაზე და არა ყოფილი იმპერიის ინტერესების შესაბამისზე, მით უმეტეს, ის დიდი ხანია, რაც საკუთარ ბაზარზეც აღარ გვიშვებს. ის, რასაც ახლა თქვენ სოფლის მეურნეობის სფეროში ახდენთ, ფართო პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობისაა და რეალურად დეკოლონიზაცია ხდება. ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ბუნებრივ ნიშას მსოფლიო ბაზარზე. ეს კულტურები ტრადიციულია იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოთა იმპერიის მოთხოვნებს ერგებოდა.
ჩვენ შარშან ამოვქაჩეთ ყურძნის მოსავალიც და მანდარინის მოსავალიც, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მანდარინის ხარისხი არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ამიტომ შემოსატანია ახალი ჯიშები. ძალზე მნიშვნელოვანია, რასაც ამ მხრივ, აჭარაში აკეთებთ. 5 ჰექტარზე გაშენებული იქნება სამი ახალი ჯიში და ამ ჯიშებს ამ ადგილიდან გავატანთ ფერმერებს. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი კონკურენტი მეზობელ სოფელში მყოფი მწარმოებელი კი არა, მსოფლიო ბაზრის სტანდარტებია. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვახდენდეთ დივერსიფიცირებას.
დღეს აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ექსპორტის მესამე მიმართულება, აზერბაიჯანის და თურქეთის შემდეგ, არის ამერიკა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის. ეს არის უკიდეგანო ბაზარი. საკმარისია, კარგად ვისწავლოთ ამ ბაზრის სხვადასხვა ნიშების გამოყენება, პრობლემა აღარ გვექნება. ამ თემაზე დღეს ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაგვიტარეს სემინარი, რადგან ჩვენმა ბიზნესმენებმა დილის 9 საათზე გაღვიძება არ იკადრეს. თუ ისე გინდა ცხოვრება, როგორც შუა საუკუნეებში ფეოდალები ცხოვრობდნენ, ან მე-19 საუკუნეში ჩვენი თავადები, თუ გინდა, რომ 21-ე საუკუნის ლუარსაბ თათქარიძე იყო, მაშინ ბიზნესი არ გამოგივა. მაგალითად, ჩინელი ბიზნესმენი 7 საათზე დგება და ღამის 12 საათამდე მუშაობს. ეს შეეხება სახელმწიფო აპარატსაც. ბიზნესმენების საყურადღებოდ ვამბობ, თუ გვინდა, რომ ფული ვაკეთოთ და შემოსავალი გვქონდეს, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. თუ 9 საათზე არ გინდა გაღვიძება, რომ შენთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გაიგო, როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი შენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზარზე და ისევ საკუთარ ჯიბეზე იზრუნო, მაშინ სალაპარაკოც არაფერია. კულტურის შეცვლა სჭირდება ბიზნესსაც და თითოეულ ჩვენგანსაც. რუსეთს 250 მილიონ დოლარიანი ბაზარი აქვს, ამერიკას ორნახევარ მილიარდიანი, თანაც ამერიკელი ხალხი ათასჯერ უფრო კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ და ამერიკაში საქართველო იციან ყველგან თანაც უფრო უკეთ, ვიდრე სხვა ქვეყნები. გამოვიყენოთ ეს! ჰილარი კლინტონი ქართულ ღვინოს სვამს, ჯონ მაკკეინი ბოთლით დადის და იძახის, რომ ეს არის თავისუფლების ღვინო. ეს დიდი რეკლამაა. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ამაში რაღაცნაირად ჩავებათ, ჩვენ კი ნელ-ნელა მივჩანჩალებთ იმ იმედით, რომ იქნებ რუსეთმა როდესღაც გაგვიხსნას ბაზარი, შემდეგ კი, როგორც მოლდოვას, ისევ დაგვიკეტოს. მოლდაველებს მთელი ღვინო გადაუსხეს და დაუნგრიეს ღვინის მრეწველობა. ბევრად უკეთესი ბაზრებია, თუკი მათ კარგად ათვისებას შევძლებთ.