Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.07.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ბარონესა ქეთრინ ეშტონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას, მივესალმები ევროპის საგარეო საქმეთა კომისარს, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამასთან დიდი პატივი, რომ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დღეს ჩვენს რეგიონში პირველი ვიზიტისთვის ბარონესა ქეთრინ ენშტონმა სწორედ საქართველო შეარჩია.

ეს მოედანი არის თანამედროვე საქართველოს და იმის სიმბოლო, რასაც დღეს აქ ვიწყებთ.

ჩვენ დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე, რასაც მოყვება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და, ვიმედოვნებთ, მთლიანად უვიზო მიმოსვლა.

ბათუმი იყო საქართველოს ყველაზე ჩაბნელებული, ყველაზე უიმედო, შავი ზღვის ყველაზე უპერსპექტივო, ყველაზე კრიმინალური, ყველაზე უუფლებო და უკანონობით მოცული ქალაქი.

დღეს კი ის მთელი შავი ზღვისპირეთის ყველაზე ჩქარა განვითარებადი და  ყველაზე წარმატებული ქალაქია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ინვესტიცია იდება, ვიდრე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში (ბათუმში ორნახევრიდან სამ მილიარდამდე აღწევს ინვესტიციები).

ეს არის ქალაქი, რომელიც რამდენიმე წელიწადში იქნება ბარსელონას, ნიცას, კანისა და რამდენიმე სხვა ევროპული ქალაქის კონკურენტი.

თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ აქ მოვედით გადათხრილი გზებით, ასევე ხედავთ, რომ ეს მოედანი არის დაუმთავრებელი, ისევე როგორც საქართველოს რეფორმებია  ჯერჯერობით დაუმთავრებელი; ისევე როგორც დაუმთავრებელია ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ამ ადგილზე 1 მარტს დაიდო პირველი ქვა და დაიწყო მშენებლობა. 2010 წლის 1 მარტამდე აქ არაფერი არ იყო და ნახეთ, როგორი მოედანი აშენდა. 

აი, ასე სწრაფად შენდება საქართველო.

ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო, მაგრამ დაკარგული დროის ანაზღაურებას ვცდილობთ.

საქართველო კი არ მიდის ევროპისკენ, საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილია და უბრუნდება ევროპულ ინსტიტუტებს.

ევროპა აქ იმ ეპოქაში დაიწყო, რომელსაც მიეკუთვნება კოლხთა ლეგენდარული დედოფალი მედეა და ოქროს საწმისის ხანა.

მე-12 საუკუნემდე საქართველო ვითარდებოდა ისეთივე ტემპით, როგორითაც ვითარდებოდა ევროპის წამყვანი ქვეყნები. მთელ რიგ შემთხვევებში საქართველო ბევრად უსწრებდა კიდეც მათ.

თამარ მეფის ეპოქაში ჩვენ გვქონდა მაგნატარტას მსგავსი დოკუმენტი, რომელიც დემოკრატიის პირველი ჩანასახი იყო.

ჩვენ გვქონდა უნიკალური ძეგლები, რომელთა მხოლოდ ნაწილია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ნაწილი საზღვარგარეთ დარჩა.

შემდეგ ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ჩამოშორდა ევროპული გაერთიანების გზას.

თუმცა ჩვენს ქვეყანას არასდროს დაუკარგავს ევროპული მრწამსი, ევროპული ორიენტაცია, ევროპული ინსტიქტი.

ქართველების მთავარი ინსტიქტი არის ევროპული. ჩვენი ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციის, რეფორმებისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის მთავარი მიზანი ევროპული სახელმწიფოს შექმნაა - პირველი ასეთი სახელმწიფოს შექმნა კავკასიის ისტორიაში.

ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ბევრ რამეში გვინდა თქვენი დახმარება.

უდავოა, რომ ევროპაშიც არის ბევრი პრობლემა, მაგრამ გვსურს ვიყოთ ევროპის ნაწილი და მონაწილეობა ჩვენც მივიღოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

რა თქმა უნდა, ამისათვის ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ გვინდა, რომ ეს გზა მარტო კი არა, თქვენთან ერთად გავიაროთ.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში.

თავისუფალი ბათუმის სიმბოლო არის მომავალი თავისუფალი აფხაზეთის,  თავისუფალი ცხინვალის და ერთიანი და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოს იმედი.

"თავისუფლება დღეს ჩვენი" - სიტყვები ჩვენი ჰიმნიდან, ჩემი და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობის ყველა წევრისა და თითოეული ჩვენი წარმომადგენლის მთავარი მამოძრავებელი პრინციპია. 

ჩვენ ამ თავისუფლებას ვერავინ ვაღარასდროს ვერ წაგვართმევს.

იზრდება ახალი თაობები, რომლებსაც ვერავინ ვეღარ დააბრუნებს მონობაში. მათ ვერავინ ვეღარ ჩამოაცილებს თავის ისტორიულ გზას, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა.

კიდევ ერთხელ მსურს მოგესალმოთ.

ეს რთული პროცესია, ჩვენი მოქალაქეები ამ პროცესის შედეგებს დაინახავენ ნელ-ნელა. შედეგების ნაწილს დაინახავენ ახლავე, ნაწილს შესაძლოა ათწლეულები, მინიმუმ წლები დასჭირდეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა მოვესწრებით.

 

ქეთრინ ეშტონი:

ბატონო პრეზიდენტო მინდა ავღნიშნო, რომ მართლაც მშვენიერი დღე არის.

თქვენ შესანიშნავად ხედავთ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი და მომავალი.

ეს ყველაფერი ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი. აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ ევროპის კავშირის სახელით მოლაპარაკებები დავიწყო საქართველოს ასოცირების  ხელშეკრულების თაობაზე.

მე ავირჩიეს თქვენი ქვეყანა და ძალიან გახარებული ვიყავი, რომ თქვენთან ყოფნის შესაძლებლობა მომეცა.

მე მაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვხატო ევროკავშირის დიდი ერთგულება საქართველოსადმი, საერთოდ, კავკასიის რეგიონის მიმართ.

მსურს მკაფიოდ გამოვხატო ჩემი მიზნები იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხელთ მაქვს.

ევროპის მეზობელი ქვეყნები გახლავთ ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ყველამ ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული მიმართულება - თქვენ აღმოსავლური მეზობლური კონტაქტების გაფართოებისკენ გაქვთ აღებული გეზი, რასაც დიდად ვაფასებთ.

ევროპასა და მის აღმოსავლეთ მეზობლებს შორის, განსაკუთრებით, კავკასიის რეგიონთან, რომელიც ძალზე სწრაფად ვითარდება, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ჩვენი მიზანიცაა. 

სწორედ ამას ეძღვნება დღეს დაწყებული მოლაპარაკებები. ჩვენ გვსურს იგივე შევთავაზოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს. აღნიშნულ ქვეყნებში მსგავსი მოლაპარაკებები ხვალიდან დაიწყება. 

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს შეთანხმება იქნება საკმაოდ ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული. ეს აუცილებელია, რათა დამყარდეს თავისუფალი ურთიერთობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ღრმად მჯერა, რომ ევროკავშირი და საქართველო სულ უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს ურთიერთობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დაეხმარება თქვენს ქვეყანას შეინარჩუნოს სტაბილურობა, დაძლიოს სიღარიბე და განავითაროს და გააღრმავოს კავშირი ევროპასთან. 

ეს მოლაპარაკებები ყოველ მხრივ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ევროკავშირისათვის ეს გარკვეული გამოცდაც არის, რათა საბოლოოდ და რეალურად მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის არეალს საქართველოში.

ყოველივე ამას განსაზღვრავს ის, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ჩვენს მიერ დასახული მთავარი რეკომენდაციების შესრულების მხრივ, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი უსაფრთხოებს თვალსაზრისით, ასევე იმ უთანხმოებების დასაძლევად, რომლებიც დღევანდელ რეალობაშია. 

მინდა გითხრათ, რომ ევროპა კვლავაც გააგრძელებს თქვენს დახმარებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დღესაც ვსაუბრობთ, მაგრამ საქართველოს შეუძლია გააღრმავოს და გააგრძელოს დემოკრატიული ცვლილებები, რაც მას გაცილებით დიდ წარმატებას მოუტანს და მის აყვავებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ გვსურს, მოგილოცოთ, ადგილობრივი არჩევნები წარმატებით ჩატარება. სწორედ ამ არჩევნებმა გვიჩვენა რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული ეუთოს გადაწყვეტილებების შესრულების მხრივ.

გისურვებთ, რომ საკმაოდ შინაარსიანი იყოს კონსტიტუციური რეფორმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების არ აღიარებას.

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

ჩვენ პრობლემების დიპლომატიური მეთოდებით გადაუჭრის მომხრე ვართ.

მივესალმებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აქვს. 

აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არის უამრავი და მრავალფეროვანი იარაღი, რათა პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი მისიაც სწორედ ამას ემსახურება და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ძალისხმევას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატუს-კვოს კონსოლიდაციას განვითარების საშუალება  არ მივცეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოც მიიჩნევს ევროპას, როგორც სანდო პარტნიორს. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო ამ ძალისხმევის გაძლიერებას.

ორივე მხარემ უნდა მივიღოთ გარკვეული სარგებელი იმ თანამშრომლობისგან, რომელიც ჩვენს შორის დამყარდა. დღეს კიდევ უფრო მყარი საფუძველი ჩავყარეთ საქართველოსა და  ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცებისთვის.

ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

ეს თქვენთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც. საქართველოს სტაბილურობა და განვითარება ევროკავშირის სტაბილურობისა და უფრო მეტად განვითარების საწინდარია.

ჩვენ ვფიქრობთ დავაჩქაროთ მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილით ვაპირებთ მოვეპყრათ იმას, რომ ამ მოლაპარაკებისგან მდგრადი და ხელმოსაჭიდი შედეგები მივიღოთ, როგორც საქართველოს ისე ევროპის ხალხებისთვის.

 

რატი მუჯირი, საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის ჟურნალისტი:

"ბარონესა ეშტონ, ეკონომიკური დახმარებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გარდა, არის ერთი საკითხი, რაც ქართველებს განსაკუთრებით აინტერესებს. ეს არის უსაფრთხოება - ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის რეჟიმში... თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად, რა შეიცვლება ამ ხელშეკრულებით საქართველოსთვის უსაფრთხოების მხრივ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ერთი კითხვა ბატონ პრეზიდენტს. რას ელის კონკრეტულად ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით?"

 

ქეთრინ ეშტონი:

"უამრავი მიმართულებით არის ცვლილებები მოსალოდნელი. უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები საქართველოს საშუალებას მისცემს ისე განავითაროს ეკონომიკა, რომ თქვენი ქვეყანა აყვავდეს და სტაბილურობა განმტკიცდეს. ამის ნიშნები უკვე თვალნათლივ ჩანს მარტო ბათუმის მაგალითზეც კი. როდესაც მშვიდობა და უსაფრთხო გარემო გაქვს ხალხი გაცილებით მეტად არის ჩართული ბიზნესში. გაცილებით ფართოვდება თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ ეკონომიკური მონაპოვარი ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ასევე აისახება სტაბილურობაზე,  განათლებაზე.  განათლება არის შანსი შემდგომი თაობებითვის. გაღრმავდება პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცდება. ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ ისწავლონ და თავისუფლად გადაკვეთონ საზღვრები, იმოგზაურონ და ერთმანეთს დაელაპარაკონ პოლიტიკური საკუთრების თაობაზე... მშვიდობის თავისთავად ხელს უწყობს სტაბილურობას. ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ვიცით. ამიტომ გვსურს, რომ საქართველო მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში იყოს ჩვენთან."

 

მიხეილ სააკაშვილი:

"რაც შეეხება კითხვას რას შეცვლის ეს ხელშეკრულება. წელს უკვე ძალაში შევა ვიზების გამარტივების საკითხი. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელი რიგები საელჩოებში აღარ იქნება და ასევე გაიაფდება ვიზები ევროპაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ქართველი ბრუნდება საქართველოში, ვიდრე მიდის. საქართველო ამით არის უნიკალური, რომ ახალგაზრდობა არ მირბის ქვეყნიდან. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვაქვს მიგრაციის პოზიტიური ბალანსი. იმედი მაქვს ამის შემდეგ დავაკმაყოფილებთ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას და ორ წელიწადში, თუ კარგად ვიმუშავებთ, გვექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან. მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს ბატონი ჰიუ მინგარელი, რომელიც ჩვენი ძველი პარტნიორი და მეგობარია და რომელმაც კარგად იცის ეს რეგიონი.  ეს კონკრეტული შედეგებია და ძალზე მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად ბევრად მეტი ინვესტიცია შემოვა საქართველოში, მეტი ადამიანი დასაქმდება, რადგან თავისუფლად გავალთ ევროპულ ბაზრებზე. თავისუფალი მიმოსვლა ნიშნავს, რომ ხალხს ექნება თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ეს თავითავად ნიშნავს, ბევრად მეტ ტურისტს, ევროპაში სასწავლებლად ბევრად მეტი სტუდენტის გასვლას, გვექნება უფრო მეტი ურთიერთობა განათლების, კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. უფრო ადამიანურად ვიცხოვრებთ და  საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იქნება იზოლირებული - პოლიტიკურად ჩვენ სწრაფად განვიცდით ინტეგრაციას (თუნდაც ამ კვირის მაგალითით შეგიძლიათ იმსჯელოთ, ფაქტობრივად, იყო საერთაშორისო  აქტიურობის "ფესტივალი") - არა მარტო პოლიტიკოსები და დეპუტატები, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები, არამედ   თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს რომ ის თავისუფლად  გადაადგილდება. ხალხი კარგად უნდა გრძნობდეს თავს და ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა.

2008 წლის შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია  ევროკავშირში, აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ ამას მხოლოდ  მივესალმებით.

 

ირაკლი მეტრეველი, სააგენტო ფრანც-პრესი:  "ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო ეშტონ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა პერიოდი დასჭირდება მოლაპარაკებებს? და კიდევ, ჩვენ ვიცით, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ შეიძლება თუ არა მიიყვანოს საქართველოს სრულ ევროკავშირში ინტეგრაცის პოზიციამდე?  

 

მიხეილ სააკაშვილი:

"ვფიქრობ, მე უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას, ჩვენ ვსწავლობთ როგორ უნდა მივიდეთ ევროპასთან და არ ვჩქარობთ.

 

ქეთრინ ეშტონი:

"ეს მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი, ორი ან სამი წელი  გაგრძელდება. ეს მზაობაზეადამოკიდებულია. ჩვენ ბევრ მოლაპარაკებაში მიგვიღია მონაწილეობა და გვაქვს ამის გამოცდილება და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწარაფად განვითარდეს ეს პროცესი. მთავარია, არა მოლაპარაკებების დაჩქარება, არამედ ის, რომ საქმე კეთდებოდეს. პროცესის დაჩქარება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად დიდ ძალისხმევას გამოიჩენს საქართველო ყველა მიმართულებით. ფაქტობრივად, ეს საქართველოს მომავლისთვის კეთდება. სხვადასხვა ქვეყნებთან ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ  საქართველოსთვის ეს არის მოგზაურობა, რომელიც ახლა იწყება. მისი არსი არის არა ის, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ არამედ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს თავისი ქვეყნით, ამაყობს  იმ მომავლით, რომელიც ქვეყანას დასახული აქვს."

 

მიხეილ სააკაშვილი:

"მე უფრო კონკრეტულ პერიოდს ვერ დავასახელებ, რადგან ქალბატონმა ეშტონმა ამაზე უკვე ისაუბრა, მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ორივე მხარე რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. ეს რა თქმა უნდა ტექნიკური პროცესია, რომელიც შეიძლება იყოს მოსაწყენი და დროში გაწელილი. თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ ვიყოთ მოქნილი, არ ვუღალატოთ პრინციპებს და ჩვენს სულისკვეთებას. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ ვიცით, რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია, რადგან არ გვინდა დავუბრუნდეთ ძველ სისტემას. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა ამ რეგიონში, ჩვენი სურვილია გავხდეთ ამგვარი პარტნიორობის მოდელი. ეს ძალზე დიდი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე. როგორც უკვე მოგახსენეთ ცვლილებები ორივე მხარეს არის საჭირო და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესია. მაგალითად 70-იან წლებში ჩვენ ვიყავით ღატაკი ქვეყანა და ევროპელი ტურისტები უფრო საბერძნეთში მიილტვოდნენ, სადაც დაირწა ევროპული ცივილიზაციის აკვანი, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს შესახებ ბევრი რამ ითქვა და აქ 5 მილიოზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. ეს არის ჩვენი დიპლომატების მუშაობის შედეგი. ამ თუნდაც "მოსაწყენი" მოლაპარაკებების შედეგი ის არის, რომ ჩვენი ინტერესებით ერთმანეთს, ჩვენს მეზობლებს ვუახლოვდებით. გადაწყვეტილებები, ძირითადად, ზეცაში მიიღება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ჩვენც დიდი პოტენციალი გვაქვს. დიდი მადლობა."

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)