Google+

გამოსვლები და განცხადებები

30.05.2010
საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

დღეს ლამაზი დღეა საქართველოში, რადგან დღევანდელი არჩევნებით საქართველოში დემოკრატიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ამ არჩევნებს ძალიან ინტენსიურად აკვირდებიან ჩვენი მეგობრებიც და ჩვენი მტრებიც,  მაგრამ ჩვენს ხალხთან შედარებით, ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ჩვენმა ხალხმა საოცარი მოწიფულობა გამოიჩინა და ერთი არგუმენტიც კი არ დაუტოვა მათ, ვინც ამბობდა: ხალხი არ მოდის არჩევნებზე, თორემ სხვა შედეგი გვექნებოდაო.

დღეს იყო ხალხის რეკორდულად მაღალი აქტივობა. მე მინდა ჩვენგან, თქვენი სახელით ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა და დარწმუნებული ვარ ამას დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან.

ჩვენგანაც და დანარჩენი სუბიექტებისგანაც ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის მხოლოდ ერთ მოქმედ პირს საქართველოში - ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას, ქართველ ხალხს.

საბოლოო შედეგი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაუჭირა ხალხის იმავე რაოდენობამ, რამდენმაც - 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ოთხი წლის წინანდელ ადგილობრივ არჩევნებზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს ჩვენი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა და ეს არის მნიშვნელოვანი.

გილოცავთ ამას თითეულ თქვენგანს!

თუ ოთხი წლის წინათ გიგის შემთხვევაში ეს მხარდაჭერა ეფუძნებოდა იმედს, დღეს ეს ეფუძნება იმას, რაც გაკეთდა და რაც უნდა გაკეთდეს საქართველოში. ეს მოსალოციცაა და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან მოლოდინი უფრო მეტია და უფრო მეტი შრომა გველოდება წინ.

ვიმედოვნებ, რომ ხმათა დათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგით, იმედები გაგვიმართლდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს.    

ეს არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ცალკეული გამონაკლისების გარდა - ადრინდელისგან განსხვავებით, ყველამ საოცარი მოწიფულობა გამოავლინა. ჯერ კიდევ შორს ვართ იმისგან რაც უნდა იყოს, რასაც ჰქვია ნამდვილი კორექტულობა, აზრთა ჭიდილი, საარჩევნო კამპანია, როგორც უნდა იყოს განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, როგორსაც ჩვენ ვაშენებთ, მაგრამ, ამ მხრივ, წინ გადავდგით ნაბიჯი. წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი ხალხთან იყო ბევრად უფრო კონკრეტული, ბევრად უფრო საგნობრივი, შედარებით ნაკლები იყო ლანძღვა, მათ შორის პრეზიდენტისაც - ლამის "მიტოვებულად" ვიგრძენი თავი.

ეს რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ პატივს სცემ შენს ამომრჩეველს - ამომრჩეველს თავს კი არ უნდა მოახვიო საკუთარი ინტერესები, არამედ მისთვის საინტერესო საკითხებზე უნდა ილაპარაკო. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ.  

ოთხი წლის წინათ, მე-19 საუკუნის შემდეგ პირველად, პრივილეგია მქონდა წარმედგინა თბილისის პირველი არჩეული მერი (თუმცა გიგი უგულავა აქამდეც არჩეული მერი იყო, თუმცა საკრებულოს მიერ).  

დღეს, იმედი გვაქვს, ხმების დათვლის შემდეგ, პრივილეგია გვექნება, პირველად ისტორიაში, წარვადგინოთ პირველი, თან ხალხის დიდი მხარდაჭერით, პირდაპირ არჩეული მერი.

გიგი უგულავამ საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან და ჩვენს აქტივისტებთან ერთად ბრწყინვალე წინასაარჩევნო კამპანია წარმართა. იგი დღე და ღამე ხალხთან დადიოდა, უხსნიდა მათ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში.

უდავოა, რომ ხალხის არჩევანის განმაპირობებელი იყო თავად გიგი უგულავა და მისი პიროვნება, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმან, რაც ბოლო ოთხ წელიწადში გაკეთდა. ამდენი რამ საქართველოს დედაქალაქში, რაიონებსა და სოფლებში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), საქართველოს ისტორიის არც ერთ ცალკე აღებულ პერიოდში არ გაკეთებულა. ეს, უპირველესად, ჩვენი ხალხის და შემდეგ ამ ადამიანისა და ჩვენი გუნდის ერთიანობის დამსახურებაა.

ჩვენი ძალა ერთობაშია. ამ შედეგს მივაღწიეთ იმით, რომ ჩვენი ამოცანები პიროვნულ ინტერესზე მაღლა დავაყენეთ.

არ არის მართალი, რომ საქართველოს მტერი ყოველთვის დააქუცმაცებს, რომ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება - პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთობით საქართველო აშენდება.

ჩვენ ამ მშენებლობას ბოლომდე მივიყვანთ.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს დიდი უფლება ჩაერიოს  ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში, მინდა ამ გადმოსახედიდან წარმოგიდგინოთ ბრწყინვალე თბილისელი, ნამდვილი პატრიოტი, ძალიან ქმედითი ადამიანი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გიგი უგულავა!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)