Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.05.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯიფ თაიფ ერდოღანი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

 მოგესალმებით!

6 წლის წინათ, როდესაც რეჯიფ თაიფ ერდოღანი პირველად ესტუმრა საქართველოს გასამხნევებლად, მიამბო რას ეუმნებოდა მას ბებია ბთუმის შესახებ - ეს არის ქალაქი თეთრი მარმარილოს კედლებით, ყველაზე ლამაზი და ბრწყინვალე მთელ შავი ზღვისპირეთში.

მაშინ ბათუმი შორს იყო ამ დახასიათებისგან, მაგრამ დღეს ეს ქალაქი ხდება ისეთი, როგორიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბებიას და იმ მრავალ თაობას ახსოვს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ქალაქთან საზღვრის ორივე მხარეს.

დღეს ვათვალიერებთ ყველაზე ბრწყინვალე სასტუმროს მთელ შავი ზღვისპირეთში და ეს არის ჩვენი ურთიერთობისა და თანამშრომლობის დიდი სიმბოლო.

6 წლის წინათ, როდესაც რეჯიფ თაიფ ერდოღანი ჩვენთან ერთად საბაჟოზე იყო, მან თქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. მან სიტყვა შეასრულა.

მან ასევე თქვა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობა იქნებოდა. ეს დაპირებაც შესრულდა.

მან თქვა, რომ გვექნებოდა ერთობლივი აეროპორტი და ესეც შესრულდა.

ბათუმის აეროპორტი თურქულ-ქართული აეროპორტია საქართველოს ტერიტორიაზე.

მან თქვა რომ ხალხი დაუბრკოლებლად ივლიდა და ჩვენს საზღვარს ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი კვეთს.

ჩვენ სასაზღვრო პუნქტებს ვაერთიანებთ და ჩვენს მოქალაქეებს ახალი წესების მიხედვით შეეძლებათ მიმოსვლა საზღვარგარეთის პასპორტების გარეშე.

უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ ლიდერთან მქონია ძალიან კარგი ურთიერთობა, საქართველო ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს, მაგრამ მთელი ევროპისა და რეგიონისთვის მაგალითია თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა.

არასდროს მსმენია, კონკრეტული საკითხები ამდენად სწრაფად გადაეწყვიტოს ვინმეს და ამდენად ეფექტიანად თანამშრომლობდეს ორი ქვეყნის მთავრობები, როგორც ეს თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ხდება.

ამაში უდიდესი დამსახურება სწორედ თურქეთის პრემიერ-მინისტრს აქვს.

ამ სასტუმროს ავტორი ნურეთინ ჩარმიკლია, რომელიც თურქეთის დიდი პატრიოტია. იგი წარმოშობით ლაზია. ის მეუბნებოდა, რომ ერთადერთი რამ, რასაც ბავშვობაში საქართველოდან ხედავდა, იყო საბჭოთა სასაზღვრო პროჟექტორი.

მართალია ეს საზღვარი უკვე გახსნილია, მაგრამ როდესაც ამ სასტუმროში პირველად შემოვედით, უკვე დაჟანგული და მწობრიდან გამოსული პროჟექტორი ნურეთინ ჩარმიკლის გადავეცი, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის სახელით.

ნურეთინ ბეიმ საქართველოსთვის უდიდესი რამ გააკეთა - როდესაც იგი საქართველოში შემოვიდა (ამისკენ თურქ ბიზნესმენებს პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა მოუწოდა), მაშინ არავის არ სჯეროდა, რომ ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა ჰქონდა.

დღეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე-11 ადგილზეა; ”ტრანსფერენს ინტერნეიშენალისა” და სხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით კი, პირველ ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.

ომისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა წელს სოლიდურად იზრდება.

ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეწიოთ თურქეთის ეკონომიკას, რომლის ზრდის მაჩვენებლები დღითიდღე მატულობს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თურქეთის მთავრობა აჩვენებს, რომ რა კრიზისიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, თუ მთავრობა ძლიერია, არა მარტო ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხრივ, ვითარების გაუმჯობესება და წინსვლა შესაძლებელია. თურქეთი კი უკვე სტანდარტებს ქმნის მთელი რეგიონისთვის.

ამ მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ჩვენ მივესალმებით თურქული ბიზნერსის შემდგომ ინტერესს ჩვენს ქვეყანაში.

2 წელიწადში ბათუმში უფრო მეტი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, ვიდრე მსოფლიოს დიდ მეგაპოლისებში. ბათუმში ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ბათუმი იქნება განსაკუთრებული ქალაქი და ჩვენი ერთიანობის სიმბოლო.

ეს უბრალოდ ქართული ქალაქი კი არა, ყველა ეთნიკული ჯგუფის თანაარსებობის ბრწყინვალე სიმბოლოა.

ბათუმში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური, კათოლიკური და გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები.

ნურეთინ ჩარმიკლინს თანამშრომლობისთვსი დიდ მადლობას ვუხდი.

საქართველოში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ცოცხალი ადამიანის სახელი ერქმევა ქუჩას - რამდენიმე წლის წინათ, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ამერიკის პრეზიდენტის სახელი დავარქვით.

ბათუმის ქალაქის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას ნურეთინ ჩარმიკლის სახელი დაერქვა, რადგან ამ ადამიანმა პირველმა ირწმუნა და შექმნა განვითარებისა და თავისუფლების შუქურა. ამას ბევრი სხვა საქმე მოჰყვა, რის შედეგადაც ათასობით ბათუმელი საქმდება, ათასობით ოჯახი იმართება წელში.

მიხარია, როცა აქ დასაქმებულ ახალგაზრდებს ვუყურებ - ენებსა და პროფესიას ეუფლებიან, კვალიფიკაციას იმაღლებენ. ეს გზა პირველმა გაკვალა საქართველოს დიდმა პატრიოტმა, თურქეთის გამოჩენილმა მოქალაქემ, ჩვენმა დიდმა თანამემამულემ და ჩვენი ქვეყნის ქომაგმა ნურეთინ ჩარმიკლიმ.

გუშინ ჩვენ ერთად ვიყავით ანაკლიაში და, პრაქტიკულად, ვქმნით საფუძველს, რომ ანაკლიაში ასეთივე დიდი ტურისტული კომპლექსი აშენდეს. ანაკლიაც უნდა გახდეს ქართული წარმატებისა და თურქულ-ქართული თანამშრომლობის სიმბოლო. ვიმედოვნე, ბატონი პრემიერ-მინისტიც დაგვიჭერს ამ საქმეში მხარს და წაახალისებს, როგორც თავის დროზე ნურეთინ ბეი წაახალისა ამ სასტუმროს ასაშენებლად.

როგორც ჩვენი მადლიერების დიდი სიმბოლო მინდა გადავცე ქუჩის აბრა, რომელზეც მისი გვარია დაწერილი.

დიდ მადლობას ვუხდი თურქეთის პრემიერ-მინისტრს.

დღეს მან დიპლომატიური გმირობა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში შევა. ვიცი, რომ იგი ძალზე დაღლილია და ვნერვიულობდით, იმის თაობაზე, მოასწრებდა თუ არა ბატონი ერდოღანი დღეს აქ ჩამოსვლას. თითოეული ჩვენგანის ბედი დამოკიდებულია რა მოხდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

პატარა ქვეყნებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლისა და გადარჩენის საკითხია.

ერდოღანი იძახდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ ირანთან მოლაპარაკების შანსი არის, მაგრამ მისი არ სჯეროდათ. ის ჩავიდა თეირანში და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ვითარება შემოაბრუნა.

ეს ნამდვილი დიპლომატიური გარღვევა და დიპლომატიური გამარჯვებაა ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, თურქეთისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის.

სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა რეჯიფ თაიფ ერდოღანს, ის მხოლოდ ამით დაიმსახურებდა მთელი მსოფლიოს ქებას, მაგრამ დღეს ყველა ვდგავართ აქ, როგორც ჩვენი ერთიანობის, თანამშრომლობის, ხალხთა შორის დაახლოების, კედლების რღვევისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების სიმბოლო.

ბათუმში, რა თქმა უნდა, თურქული ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.

ეს არის მშვიდობა ირანსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, მაგრამ ეს არის მშვიდობა საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ამ რეგიონში ვართ. იგი უდიდეს საქმეს აკეთებს, თურქეთისთვისაც, საქართველოსთვისაც და მთელი რეგიონისთვის.

ყოველივე ამისთვის, განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის მსურს ჩემს დიდ მეგობარს, პირადად ჩემთვის მისაბაძ ადამიანს რეჯიფ თაიფ ერდოღანს გადავცე საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო ოქროს საწმისის ორდენი, რომელიც საქართველოში მოპოვებული ბაჯაღლო ოქროსგან არის გაკეთებული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)