Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.01.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

პატივცემულო პრეზიდენტო, პატივცემულო გენერალურო მდივანო, ასამბლეის პატივცემულო წევრებო!

მსურს მივესალმო და მადლობა მოვახსენო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმისათვის, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ორგანიზაციისათვის მიმემართა.

მთელი ისტორიის განმავლობაში, ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში დიდ დახმარებას უწევდა.

მაშინაც კი, როდესაც ადამიანის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა, ასამბლეას საქართველო უყურადღებოდ არ მიუტოვებია, პირიქით, ის ყოველთვის ჩვენი პარტნიორი იყო და ესმოდა, რომ საქართველოში ძირეული ცვლილებების განხორციელების დღე ოდესმე დადგებოდა.

მე ამაყი ვარ, რომ ერთი წლის წინათ, ეს დღე, ბოლოსდაბოლოს, დადგა.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ასამბლეა დაგვეხმარა მუდმივად დაგვემკვიდრებინა ადგილი ევროპელი ერების დიდ ოჯახში.

ამ დიდი ტრიბუნიდან, ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის არამარტო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრების გარანტი იყოს.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა პირველად ამ დარბაზში გაგვეხმოვანებინა.

დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს.

ეს გარდაქმნები, უწინარეს ყოვლისა, იმის გაცნობიერებას მოითხოვს, თუ ვინ ვართ ჩვენ და იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ ვიცოდეთ, რისი აშენება გვსურს.

ეს გარდაქმნები ჩვენივე სისუსტეებისა და სიძლიერის გულწრფელად შეფასებას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა, მტკივნეული რეალობის წინაშეც აღმოვჩნდეთ.

ეს ის გარდაქმნებია, რომლებსაც შედეგები მოჰყვება.

ერთი წლის წინათ, ქართველი ხალხი თავისუფლების დასაცავად გამოვიდა, მაგრამ, იმავდროულად, ისინი თავიანთ მომავალსაც იცავდნენ.

იმ მომავალს, რომელიც ყალბ დაპირებებზე, საყოველთაო უძლურებასა და სახელმწიფოს დეზინტეგრაციაზე აგებული აღარ იქნება, როგორც ეს საქართველოს ახლო წარსულში იყო.

იმ მომავალს, რომელიც განცალკევების პოლიტიკაზე, სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ქურდობასა და საზოგადოების სოციალურად ღარიბი ფენის უგულვებელყოფაზე არ იქნება დამყარებული.

ხმებმა, რომლებმაც მშვიდობიან ვარდების რევოლუციას უნიკალური ძალა მიანიჭა, ის ხმებია, რომლებიც დღეს საქართველოს წარმატებისკენ მოუწოდებს.

დღეს წარმატება დემოკრატიის ახალი წესების, პრინციპების დანერგვას და დაპირებების შესრულებას ნიშნავს.

თუკი ვარდების რევოლუციის მუხტი ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას, ეს თავისუფლების გამოძახილია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდი ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

ეს ხმა არამარტო საქართველოდან, არამედ უკრაინიდანაც გვესმის.

ბატონი ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვება ამის ნათელი მაგალითია.

ვარდების რევოლუცია ჩემი სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, მაგრამ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე დგომა, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში.

შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული მოლოდინისა და სირთულის მიუხედავად, კიევშიც რევოლუციამ გაიმარჯვა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, ამ მხრივ, აღარ არის უნიკალური ქვეყანა.

მიხარია, რომ უკრაინელ ხალხსაც შეუძლია იზეიმოს თავისუფლება.

ჩვენ სხვა ქვეყნებისთვის და დადებითი საინტეგრაციო პროცესების განვითარებისთვის უნივერსალური მაგალითი ვართ.

ეს გვავალდებულებს, რომ დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის აყვავებული, სამართლებრივი და უფრო მშვიდობიანი ქვეყნები ავაშენოთ.

თუმცა დღეს, ჩემი აქ მოსვლის მიზანი რევოლუციის შემდგომი საქართველოს ქება არ არის.

ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ნება, რომელიც შარშან საქართველომ გამოხატა - აეშენებინა სტაბილური, თანამედროვე და ევროპული დემოკრატია, ურყევია.

საქართველომ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და დღევანდელი სამშვიდობო ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის გასავლელად თქვენი თანადგომა გვჭირდება.

ძალა, რომელიც ჩვენს ყველაზე სათუთ ღირებულებებს ემყარება, ჩვენს მისწრაფებებს რეალობად აქცევს.

ეს მისწრაფებები კი, საერთო მიზნებს ასახავს.

დემოკრატიისკენ სწრაფვა ჩვენს რაობასაც გამოხატავს.

საქართველო ყოველთვის ტოლერანტობით, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ჩვენს ქვეყანაში უყვართ ცოცხალი, ღია დებატები და რაც მთავარია, პატივს სცემენ თავისუფლებასა და ადამიანის ღირსებას.

საქართველო არის დემოკრატიის მაგალითი, რადგან მისი ეროვნული თვითშეგნება დემოკრატიის ტრადიციებს ეფუძნება.

ვარდების რევოლუციის მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ საკუთარი ღირსება დავიბრუნეთ, რაც დემოკრატიისკენ ჩვენი სწრაფვის საფუძველია.

ხანდახან ამის გასახსენებლად რევოლუციაა საჭირო.

მჯერა, რომ გასულ წელს, სკეპტიკოსთა გასაოცრად, წარმატებების მიღწევაში, სწორედ ეს დაგვეხმარა.

ჩვენი სიმტკიციდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, პოლიციაში კორუფციის შემცირება, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და რელიგიური შეუწყნარებლობის აღმოფხვრა შევძელით.

ჩვენი ანგარიშვალდებულებისა და ორგანიზებულობის შედეგად, გავასამმაგეთ სახელმწიფო ბიუჯეტი, გავაორმაგეთ პენსია და გავისტუმრეთ ათწლიანი დავალიანებები.

გამჭვირვალეობიდან და მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში პირველი საზოგადოებრივი ტელევიზია დავაფუძნეთ, რომელიც სახელმწიფო კონტროლისგან და ცენზურისგან თავისუფალია.

ჩვენ ვართ სამართლიანები და საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებით, აქედან გამომდინარე, აჭარის მშვიდობიანი დაბრუნება შევძელით და ახალი გზების მშენებლობისთვის თანხა გამოვყავით, რაც ჯავახეთის მსგავს მოშორებულ რეგიონებს ცენტრთან დაკავშირებას გაუადვილებს.

ეს მიღწევები ქართველი ხალხის საერთო ნებასა და მოთხოვნებს ასახავს.

ეს პოლიტიკური არჩევანი ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შენდება ქართული სახელმწიფო - საქართველოს ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებითა და მონაწილეობით.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც უარყოფს ეთნიკური ნიშნით დაყოფის... და უნდობლობის პოლიტიკას.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა და მიუკერძოებლობა მმართველობის უმთავრესი პრინციპებია.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლის ძლიერება მის ათასწლოვან მრავალფეროვან კულტურასა და საერთო ღირებულებებს ემყარება.

ეს ჩემი პოლიტიკური მანდატისა და მშვიდობის საფუძველია.

ერის აღორძინება, წარსულში დაშვებული შეცდომების გაცნობიერებისა და დავიწყებულ უსამართლობათა გამოსწორების გამბედავობას მოითხოვს.

სამწუხაროდ, კონფლიქტებით მიყენებული ჭრილობები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მწვავედ იგრძნობა, რაც უამრავი ადამიანის პოტენციალსა და ღირსებას ამცირებს.

ჩემმა სამშობლომ იმაზე მეტი ტანჯვა გამოიარა, ვიდრე მას სისხლისღვრითა და ნგრევით მიადგა.

კონფლიქტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაანაწევრა, ჩვენს გულს იმდენად დიდი ტკივილი მიაყენა, რომ ამის სიტყვით გადმოცემაც კი ძნელია.

გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, თუ რა პირობებში ცხოვრობს ოსი და აფხაზი ხალხი.

ზოგი ამას "გაყინულ კონფლიქტს" უწოდებს.

ეს სიტყვები ვერ გადმოსცემენ იმ გაყინული და მშიერი ხალხის მდგომარეობას, რომელთა სიცოცხლე ნადგურდება, რადგან ჩვენ ამ კონფლიქტების მოგვარებას ვერ ვახერხებთ.

ერთი წლის წინათ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირობა დავდე, რომ საქართველოს მშვიდობიანი გზით გაერთიანებაზე ვიზრუნებდი.

მე ვთქვი, რომ პირველი ნაბიჯი ამის განსახორციელებლად, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა ყოფილიყო.

ჩვენი ძალისხმევა, მიდგომა და შედეგები უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ჩემი დღევანდელი სიტყვები.

მაშინ, როდესაც ეს პირობა დავდე, ხალხს აღვუთქვი, რომ საქართველოს გაერთიანებისას ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა იმ ნატანჯი ადამიანის ღირსებას, კულტურასა და ფუნდამენტურ უფლებებს დავიცავდი.

ყველას აქვს მშვიდობიან ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების, კარგი განათლების მიღებისა და ჯანსაღი ოჯახის შექმნის უფლება.

კონფლიქტები, ძალადობა და სიხარბე ყოველივე ამას შეუძლებელს ხდის.

ჩვენ უკეთესად და ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ ვემახსოვრებით, როგორც თაობა, რომელსაც მშვიდობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად სიმამაცე ეყო.

დღეს თქვენს წინაშე იმისთვის ვდგავარ, რომ ცხინვალის რეგიონში, რომელიც ზოგადად, სამხრეთ ოსეთის სახელით არის ცნობილი, მშვიდობის დამყარების ჩემეული ხედვა გაგიზიაროთ.

ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუთხე, რომელიც გარე სამყარომ დიდი ხანია დაივიწყა და მივიწყებულია საკუთარ სახლშიც.

ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სირთულეებზე და საჭიროებებზე საუბრისას, აფხაზეთსაც ვგულისხმობ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართავ.

ვინაიდან ჩვენ საერთო ისტორია, მიწა და მომავალი გვაქვს, ჩვენი საზოგადოებები ერთობლივი ძალებით უნდა ავაღორძინოთ და გავაერთიანოთ, რადგან არცერთ ბავშვს ომის შიში არ ჰქონდეს.

საქართველოს ხელისუფლების სახელით, წარმოგიდგენთ ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) სამშვიდობო ინიციატივას. მშვიდობიანი და გაერთიანებული საქართველოს ჩვენეული ხედვა, უპირველეს ყოვლისა, იმ სურვილისა და უფლების პატივისცემას ემყარება, რასაც ცხინვალის რეგიონის ავტონომია ეწოდება.

თუ საბჭოთა კავშირის დროს ცხინვალის რეგიონი მცირე ავტონომიის უფლებით სარგებლობდა, ამ გეგმის მიხედვით, მას ბევრად უფრო ფართო ავტონომია ექნება.

ფაქტობრივად, უფრო დიდი, ვიდრე თვით ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენი გეგმა ცხინვალის რეგიონს ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი შტოსა და პარლამენტის თავისუფალი და პირდაპირი არჩევის უფლებას გულისხმობს.

ცხინვალის რეგიონის პარლამენტი კონტროლს განახორციელებს კულტურის, განათლების, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

ამავე დროს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას სახელმწიფო სტრუქტურებში ხმის უფლება ექნებათ, რის კონსტიტუციურ გარანტიასაც ეს გეგმა იძლევა.

სახელწიფო სტრუქტურებში - საქართველოს პარლამენტში, სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მათ წარმომადგენლები ეყოლებათ.

იმისათვის, რომ საქართველო ძლიერი იყოს, თბილისში და ცხინვალში ერთად მუშაობა უნდა ვისწავლოთ.

ჩვენი გეგმა ამისთვის აუცილებელ ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნის.

ამ სამშვიდობო ინიციატივაში ოსების უნიკალური ისტორია, მათი მდიდარი კულტურა, ტრადიცია და ენა აისახება.

ეს გეგმა ოსური ენისთვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც განათლების სისტემის დეცენტრალიზაციითა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდება.

ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნება, ისტორია და ტრადიციები საქართველოს კულტურას გამონაკლისად აქცევს, ჩვენი გეგმა კი, სწორედ ამ სიმდიდრის დაცვასა და ხელშეწყობას გულისხმობს.

მშვიდობის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ, თუ ხალხი მშიერი, დაუსაქმებელი იქნება, არ შეექმნება საყოფაცხოვრებო პირობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ექნება თვითრეალიზაციის საშუალება და იმედი.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას იმსახურებს, რაც, ამჟამად, დანარჩენ საქართველოს აქვს.

ისინი იმასაც იმსახურებენ, რომ საქართველოში ჩადებული ინვესტიციებისაგან და ჩვენს ხელთ არსებული უამრავი შესაძლებლობისაგან სარგებლობა მიიღონ.

ამ გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჟეტიდან თანხა გამოიყოფა.

ჩვენ ცხინვალის რეგიონს დახმარების ხელს გავუწვდით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ ეკონომიკის ასაღორძინებელი პროექტები დააფინანსოს.

ჩვენ მათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის პირობებს შევუქმნით, რაც მოსახლეობას სტაბილური სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.

ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა შევთავაზოთ და რუსეთის საზღვრის გადალახვის პროცედურა გავამარტივოთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და კონტროლის უფლება ექნებათ, რათა მათი არჩევანი რეგიონის საჭიროებებს, ინტერესებსა და პრიორიტეტებს პასუხობდეს.

საქართველოსთან ერთად ცხინვალის რეგიონიც აყვავდება.

მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელი სიმამაცე ჩვენგან წარსულში ჩადენილ დანაშაულთა და დაშვებულ შეცდომათა გაცნობიერებას მოითხოვს.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ბევრია.

ეს გეგმა ქონების რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას მოითხოვს, რაც 1990-92 წლებში მიმდინარე კონფლიქტის დროს დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის საშუალებას მოგვცემს.

მთავრობა მზად არის სახელმწიფოსგან მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს საპენსიო დავალიანება გადაუხადოს, რომელიც დღევანდელ განაკვეთზე ნაკლები არ იქნება.

წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ეს ინიციატივა სპეციალური კომისიის შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც ქონებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს და მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაზე იმუშავებს.

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს წარსულის დავიწყება, სამართლიანობისა და ღირსების შენარჩუნება უნდა შევძლოთ.

ეს ინიციატივა იძულებით გადაადგილებული ყველა პირისთვის დაბრუნების უფლების გარანტი იქნება.

სახელმწიფოს ნება კი, ფინანსურად დაეხმაროს მათ, კიდევ უფრო გაამყარებს ამ უფლებას.

მშვიდობისკენ მიმავალი გზა მოკლე და ადვილი არ იქნება.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა კონფლიქტის მოგვარების გარდამავალი პერიოდის სამწლიან ეტაპს გულისხმობს.

ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობით, ქართულ-ოსური პოლიციის შერეული ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომლებიც სამოქალაქო წესრიგს და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

ამ პერიოდში ცხინვალის შეიარაღებული ძალები საქართველოს ერთიან შეიარაღებულ ძალას შეუერთდება.

ეს არის პერიოდი, როდესაც ნდობა შიშს შეცვლის, ხოლო იმედი ეჭვს დაამარცხებს.

ეს არის პერიოდი, როდესაც მშვიდობის ნაყოფს და განახლებულ კეთილდღეობას ყველა შეიგრძნობს.

მშვიდობისათვის ბრძოლა სამართლიანი და კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ჩვენ მარტო ამის მიღწევას ვერ შევძლებთ.

თუ წარმატება გვიწერია, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა უფრო აქტიური და თვალსაჩინო როლი უნდა შეასრულონ.

ევროსაბჭომ მომრიგებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს.

ეუთომ მშვიდობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

ევროკავშირი მშვიდობის გარანტი უნდა გახდეს.

ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის მხარდამჭერი უნდა იყოს და რუსეთის ფედერაციამ მშვიდობის დასამყარებლად კონსტრუქციული პარტნიორის როლი უნდა შეასრულოს, რასაც მივესალმებით კიდეც.

იმისათვის, რომ მმართველობის ინსტიტუტები და ნდობა აღვადგინოთ, ცხინვალისა და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას თქვენი დახმარება სჭირდება.

მე მჯერა, რომ ეს ინიციატივა მშვიდობის დასამყარებლად განახლებულ პლატფორმას ქმნის და კეთილ ნებას გამოხატავს.

ამ ინიციატივის კომპონენტები იმას ადასტურებენ, რომ საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის ხალხს ახალ მომავალს სთავაზობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ მივიღეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალზედ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა კონფლიქტის სამართლიანი მოგვარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

ჩვენ გვესმის, რომ დეტალების შემუშავებას დრო სჭირდება.

ეს მოქნილობას, კომპრომისს და ყველა მხარის კეთილ ნებას მოითხოვს.

ჩვენ იმ მწარე რეალობასაც ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა ზოგჯერ ყველას ინტერესს არ წარმოადგენს.

ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებისთვის, ამ პროცესებისთვის მიმართულების შეცვლის მცდელობებისთვის, რისკისთვის, რომელიც ძნელი გადაწყვეტილების მიღებას მოყვება.

საქართველო მზად არის ამ რისკის გასაწევად.

დღეს საქართველო პირველ ნაბიჯს დგამს.

დღეს მე ვაცხადებ, რომ დადგა დრო, ეს მომაკვდინებელი კონფლიქტები წარსულს ჩავაბაროთ.

დადგა დრო, რომ ხალხს შორის განხეთქილებას ბოლო მოეღოს.

დადგა დრო, რომ სიღატაკეს, უიმედობასა და სასოწარკვეთას ბოლო მოვუღოთ.

დადგა დრო, რომ ყველა, ვისაც ეს კონფლიქტი შეეხო, მშვიდობის ჭეშმარიტი დამცველი გახდეს და არასტაბილურობას, არაჯანსაღ და გაყინულ მდგომარეობას ხელი აღარ შეუწყოს.

მე ვიმედოვნებ, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა პასუხისმგებელი ერი, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, გაერთიანდება და აქტიურ მხარდაჭერას გაგვიწევს.

ასე რომ, ეს და მსგავსი სხვა კონფლიქტები სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ეხლა სწორედ ამის დროა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)