საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე
დღეს იმისათვის შეგკრიბეთ, რომ ცხინვალის რეგიონში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან და ზოგადად, იქ შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ.
სრულიად ნათელია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდნენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც რეგიონში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებენ და რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
ეს ფაქტები პოლიციაზე თავდასხმას, სხვა კრიმინალური ფაქტებს, რომლებზეც უტყუარი ინფორმაცია გაგვაჩნია და ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და გაუჩინარებას შეეხება.
ჩვენ დადასტურებულად ვიცით, თუ ვინ ჩაიდინა ყოველივე ეს და მსურს ყველას ვუთხრა - ჩვენ ამ ადამიანებს აუცილებლად ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ.
ყველა ხედავს, რომ საქართველოში კრიმინოგენული ფონი საგრძნობლად გაუმჯობესდა, დანაშაულის რაოდენობამ იკლო და სტაბილურობა მყარდება.
ვერც ერთი სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო კი მის ტერიტორიაზე კრიმინალური ანკლავების არსებობას ვერ მოითმენს.
ამავე დროს, საქართველოს წარმატების არამოსურნეებს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობის დიდი სურვილი აქვთ.
განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მათ რაიმე სახით, ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში ჩაგვითრიონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას უკვე მივეცი დავალება, რომ ყველა ფაქტი გამოიძიონ.
ამავდროულად, ყველა მხარეს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყება, ჩვენს მიერ შეთავაზებული ფართომასშტაბიანი და ძალზე ამომწურავი სამშვიდობო გეგმის განსახილველად.
ჩვენ მშვიდობიანი მოლაპარაკება გვჭირდება, ამასთან დაკავშირებით ეუთო-ს მივმართავთ, ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე ივლისში ბათუმში კონფერენცია გვაქვს დაგეგმილი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ამ კრიმინალური თარეშის რაიმე სახით გაგრძელებას საქართველო არ მოითმენს, მე კი, როგორც მისი პრეზიდენტი ამას არ დავუშვებ.
ამიტომ, ადგილობრივ ჯგუფებსა და ძალებს არჩევანი აქვთ.
ჩვენ გვინდა, რომ იმ ძალზე არასახარბიელო ვითარებიდან, რომელიც იქ ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა, სამართლებრივი და მშვიდობიანი გამოსავალი მოვნახოთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური