Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

მინდა მოგილოცოთ უკიდურესად საშიში დამნაშავეების დაკავების ძალზე რთული სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელება და თქვენს მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა მოგახსენოთ.

ეს ოპერაცია კონფლიქტის ზონაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკმაოდ მძიმე ვითარება იყო.

პრაქტიკულად, ჩვენ მოვახერხეთ დანაპირების შესრულება - საქართველოს კონტრდაზვერვა ფეხზე დადგა და პირველად ჩვენს ისტორიაში, ეს სტრუქტურა იმას აკეთებს, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურს ევალება.

მაშინ, როდესაც 1 თებერვალს, პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კლასიკური ტერაქტი განხორციელდა, რასაც მისი ორგანიზატორების გათვლებით, ბევრად უფრო მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა და სამი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, თითოეულმა ჩვენგანმა პირობა დავდეთ, რომ დამნაშავეებს, მიწიდან ამოთხრაც რომ დაგვჭირვებოდა, ვიპოვნიდით.

ამის შესასრულებლად რამდენიმე თვის განმავლობაში რთული სამუშაოები მიმდინარეობდა და შედეგებს პირადად ვაკონტროლებდი; დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად დიდი დრო დაგვჭირდა, დრო ამ ინფორმაციის გადასამოწმებლადაც დავხარჯეთ და კიდევ უფრო დიდი პერიოდი - ტერორისტების დასაკავებლად.

ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ამ ტერორისტებს პასუხს ვაგებინებთ.

ჩვენ ის პირობაც შევასრულეთ, რომ საქართველოში წარმატებული სამართალდამცავი სისტემა და ძლიერი სპეცსამსახური შეიქმნებოდა.

რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია და რა დონის პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი.

ამას დიდი გამბედავობაც სჭირდება და მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელსა და სპეცსამსახურის თითოეულ თანამშრომელს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გააუქმა და დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახური შევქმენით.

ამ სამსახურმა აჩვენა თუ რას ნიშნავს ამ სფეროში პროფესიონალური, იუველირული მუშაობა.

ასევე მინდა აღვნიშნო და ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან საშიში, უკონტროლო ზონა შეიქმნა.

გაჩნდა ხალხი, რომელიც "ტერორისტული" იარაღით არის აღჭურვილი - ასეთი იარაღი არსად არ უნდა გავრცელდეს და ამ საკითხში რუსეთს თანამშრომლობას ვთხოვ.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ აქტებში სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის მიუხედავად (რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც გვაქვს), მსურს ყველამ იცოდეს - ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ, თუმცა მისი გამოყენება კონფრონტაციისთვის არ გვინდა.

ჩვენ არ გვსურს, რომ ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა კონფრონტაციის გზით განვითარდეს.

ჩვენი სურვილია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში რუსეთის ფედერაციასთან, ამ ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან და ამ სამსახურების ხელმძღვანელობასთან, რუსეთის მთავრობასთან სრული გაგება და თანამშრომლობა გვაკავშირებდეს.

აქ მყოფი ხალხი, დარტყმის ქვეშ აყენებს არა მარტო საქართველოსა და მის უდანაშაულო მოქალაქეებს, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს, ტერორიზმთან დაკავშირებით, გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ამავე დროს, მინდა ამ რეგიონის მოსახლეობამაც იცოდეს, რომ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია ჩვენ არ გვინდა, არ უნდა დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და მზად ვართ, რომ ყველა საკითხი ცივილიზებული დიალოგის გზით გადავწყვიტოთ.

მსურს გავაფრთხილო ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ პროვოკაციებიsგან თავი შეიკავოს.

პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ ჩვენ, იქ არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, მშვიდობიანი დიალოგის გზით გვსურს.

ქართული სახელმწიფო ფეხზე დადგა და ჩვენი სიმტკიცე იმაში გამოიხატება, რომ ამ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ.

ასევე მინდა მოგილოცოთ თბილისში განხორციელებული, მეორე ტერაქტის მცდელობასთან დაკავშირებული სპეცოპერაციის წარმატებით დასრულება.

ეს სამუშაო მართლაც კარგად შესრულდა, მაგრამ ამ საქმის გახსნა ბევრად რთული იყო.

თქვენ იცით, რომ ჩვენზე ბევრად დიდი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ მსგავსი საქმეების გახსნა.

უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ ტელევიზიებით გადმოცემულ ზოგიერთ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომლებშიც დამნაშავის გამართლებას ცდილობენ და მისი ოჯახის წევრებს აჩვენებენ.

ამით იმ კაცის გამართლებას ცდილობენ, რომელიც არა საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს, არა იქ მყოფ ბავშვებს (რომლებიც რეალურად იყვნენ დაღუპვის წინაშე), არამედ საქართველოს მომავალს ესროდა.

ამ რეპორტაჟებით გვაცოდებენ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მომავალსა და ამ რეგიონის მშვიდობაზე აღმართა ხელი.

ჩვენი პოლიციელი ზურაბ ქვლივიძე იმ ერთადერთი მიზეზის გამო დაიღუპა, რომ ტერორისტის ცოცხლად აყვანის ბრძანება შეასრულა.

მან ეს კრიმინალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა და მისი მეუღლით, დედით, შვილებით და მისი ოჯახის სხვა წევრებით არავინ დაინტერესებულა.

თუმცა, რატომღაც ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის სენტიმენტალური გრძნობებით დაინტერესდნენ.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

საქართველო ერთი პრეზიდენტის, ერთი მინისტრისა და ერთი ჯგუფის ქვეყანა არ არის.

ეს თითოეული ჩვენგანის ქვეყანაა და მის წინაშეც პასუხიმგებელი ყველანი ვართ.

ჩვენ სიმტკიცე გვმართებს და უნდა გავიაზროთ თუ რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.

მინდა მოგილოცოთ, რომ ამ გამოწვევებს ჩინებულად, ღირსეულად გაუმკლავდით და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაცია და ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება ჩვენთან ითანამშრომლებს იმისათვის, რომ ყველა ადამიანს მშვიდობიან, დაცულ სამართლებრივ გარემოში ცხოვრების შანსი ჰქონდეს.

საქართველო და მისი ხელისუფლება კი, თავის მხრივ მზად არის, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად, კონფრონტაციისა და ზედმეტი ისტერიის გარეშე გადაწყვიტოს.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და გილოცავთ ბოლო დღეების განმავლობაში მიღწეულ ამ, მართლაც, ისტორიულ წარმატებებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)