Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე

მოგესალმებით.

დღეს რამდენიმე საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებული საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩამოვყალიბდეთ.

მიმაჩნია, რომ რა სახის პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, როგორი პროპაგანდაც არ უნდა გასწიონ, საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა აქვს - აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ არც კონფლიქტის მონაწილეებსა და არც ხალხს შორის, დიალოგი არც ერთი წუთით, არც ერთი დღით არ შეწყდეს.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და ყველა სხვა შესაბამისი სტუქტურის წარმომადგენელი, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

ეს ჯგუფი ყოველდღიურ კოორდინაციას გაწევს იმისათვის, რომ, სეპარატისტული მხარის წინააღმდეგობისა და პროვოკაციის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ვაიძულოთ სამშვიდობო დიალოგი აწარმოოს.

ვფიქრობ, რომ ამის მექანიზმი ძალზე მარტივია და ის მოსახლეობასთან ყოველდღიურ კონტაქტს, საერთაშორისო მექანიზმების კიდევ უფრო მძლავრად ამოქმედებასა და საქართველოს შემდგომ განვითარებას მის და ეკონომიკურ ძლიერებას გულისხმობს.

დღეს საქართველოში არეულობის მსურველი ის ხალხია, რომელიც ხედავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყოველდღიურად ძლიერდება და ამით გულზე სკდება.

ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ გზებს, ვაუმჯობესებთ ენერგეტიკას, ვზრდით საბიუჯეტო შემოსავლებსა და ინვესტიციებს, შესაბამისად საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად მყარდება და ეს ზოგიერთებს, რბილად რომ ვთქვათ, არ სიამოვნებს.

ჩვენ არ უნდა გავახაროთ ისინი და ყველანაირი გართულება თავიდან უნდა ავიცილოთ.

ამჟამადაც და მომავალშიც ჩვენ სიმშვიდე, განვითარება და ეკონომიკური პროგრესი გვჭირდება.

ეს საქართველოსთვის ერთადერთი შესაძლო ვარიანტია.

ამიტომ გთხოვთ, რომ ამ შემადგენლობით პრემიერ-მინისტრთან ხშირად შევიკრიბოთ და ჩვენს ერთობლივ მოქმედებაზე კონკრეტულად ჩამოვყალიბდეთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები, ამერიკელები ამ პროცესში ერთვებიან და მხარს უჭერენ სამშვიდობო დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ამ წლების განმავლობაში ღიად გაისმა მოწოდება უცხოეთის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრივ სეპარატისტების მხარდაჭერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

ამავე დროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პროვოკაციები არ განახლდეს და ძალადობრივი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული კოორდინირება გვჭირდება.

მოხარული ვარ, რომ რამდენიმე წუთის წინ ძალზე საინტერესო საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან.

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი გადალახულია და არ შემიძლია ამ ფაქტს არ მივესალმო.

ეს ფაქტი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა უწყებების დონეზე ჩვენი რეფორმების კოორდინაციას ვახდენთ.

იცით, რომ მსოფლიო ბანკმა დსთ-ს სივრცეში საქართველო რეფორმების აბსოლუტურ ლიდერად აღიარა.

რეფორმები უკრაინაშიც მიმდინარეობს და ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი საკითხი ერთობლივად გადავჭრათ.

ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ პოლიციის რეფორმაზე, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციაზე, ლიბერალიზაციის კოორდინაციაზე (აღარაფერს ვამბობ ორმხრივ კავშირებზე, რაც ყველა სფეროში მნიშვნელოვანია) და მიმაჩნია, რომ უკრაინაში ამჟამად უნიკალური ვითარება შეიქმნა იმისათვის, რომ სათავეში რეფორმატორების მთავრობა მოვიდეს, რომელიც პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად, ამ ქვეყნის ძალიან სწრაფ განვითარებას შეძლებს.

ამით საქართველო და მთელი რეგიონი მხოლოდ გაიხარებს და ახალი რეალობით უკეთესად ისარგებლებს.

ამგვარად, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია ის, რომ უკრაინაში პოლიტიკური კონსესუსი გამონახეს.

უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნისთვის ეს ძალზე სასიამოვნოა.

ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შესაძლოა უკმაყოფილოც იყვნენ, მაგრამ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.

მინდა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით განვაცხადო: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის რომელიმე რეგიონში, მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონში რაიმე სახის, ახალი კონფრონტაციის კერის შექმნა არ დაუშვას.

ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს აძლევს ხელს არეულობის შემოტანა, რადგან დრო ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობს - ეს ერთი.

მეორე - მინდა ჩვენი პოზიცია დავადასტურო: ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმებსა და შეიარაღებულ აქტებს განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ქართული სახელმწიფო იცავს და ნებისმიერი შეიარაღებული პროვოკაცია უნდა იქნას აღკვეთილი და გამოძიებული, ხოლო ძალადობის ჩამდენი გამოვლენილი და დასჯილი.

მესამე - ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინასწარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე განაახლოს.

ყველაზე ძლიერი საფუძველი იმისა, რომ მოლაპარაკებa არ ვაწარმოოთ, გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.

მოლაპარაკებისთვის ჩვენ მზად ვართ და იმის პირობასაც შევქმნით, რომ ყველა დანარჩენი თავს ვალდებულად ჩათვლის მოლაპარაკება აწარმოოს.

სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს, რადგან მისი ჩაშლა ყველასთვის სერიოზული პრობლემების შექმნას ნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ამერიკელების მადლიერი ვარ მათი პოზიციისთვის, რომელიც სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად და უცხო ქვეყნების ჩარევის აღსაკვეთად გამოხატეს.

გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს შუაგულის ანექსიის პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება.

მოვუწოდებ რუსეთს, რომ საკუთარი თანამდებობის პირები - შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ამ ტერიტორიიდან გაიწვიოს.

ეს ხალხი საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ელემენტარულ ცივილიზებულ ნორმებს არღვევს.

მოვუწოდებ რუსეთს გაიხმოს ამ ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შეწყვიტოს.

მიმაჩნია, რომ საქართველო და რუსეთი ჩვენს შორის არსებული, მემკვიდრეობით მიღებული საკითხების გადაწყვეტას ცივილიზებულად შეძლებს, როგორც ეს სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით მოვახერხეთ.

თუმცა ესკალაციის, მილიტარიზაციის, მით უმეტეს, პირდაპირი ანექსიის განხორციელების ყოველგვარი მცდელობა, არც საქართველოს და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ჩვენთვის პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ფედერაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

ყველანაირ ასეთ ეფექტს ცუდი შედეგი ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ჩვენ ჩრდილოკავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის ელემენტების შეტანა არ გვსურს.

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც განვითარება და მის ყველა უშუალო მეზობელთან, უწინარესად კი, რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება სჭირდება.

ჩვენ აღარ ვართ ორი წლის წინანდელი სახელმწიფო, რომელიც კორუფციისა და განუკითხაობის მორევში იყო ჩაფლული, ჩვენ უკვე დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო ვერ მოითმენს იმ ვაკხანალიას, რაც მის ტერიტორიაზე ხდება - მძიმე ტექნიკის შემოტანა, ბანდიტური დაჯგუფებების თარეში, ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება (თუმცა ბევრი მათგანი ჩავშალეთ და მომავალშიც აღვკვეთთ), მაფიოზური გარჩევები, ნარკოტიკების ტრეფიკინგი, ქართული და უცხოური ვალუტის გაყალბება (უცხოური ვალუტის გაყალბების საამქროებიც კია შექმნილი).

ამ სიტუაციაში საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წესრიგი დამყარდეს.

ჩვენ თანამშრომლობა გვსურს იმისათვის, რომ ყველაფერი ცივილიზებული დიალოგისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების ფარგლებში მოხდეს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით არც უკან დახევას ვაპირებთ და არც თვალის დახუჭვას.

ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს იმისათვის, რომ ფეხზე დავდგეთ და ყველანაირი მეთოდით სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება შევძლოთ.

მე ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, რომ საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად, მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით ყოველდღიური კონტროლი აწარმოოს.

ჩვენ გვინდა კონტაქტი ჩვეულებრივი, ავტორიტეტული ადამიანებისა და ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა აღარ დაირღვეს და ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, დღის წესრიგიდან გამოირიცხოს.

ეს ჩვენი მყარი და ურყევი პოზიციაა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)