საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერველკურსელებს სიტყვით მიმართა
მინდა მოგესალმოთ.
ალბათ აცნობიერებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, დასამახსოვრებელი, ყველაზე რომანტიკული და შესაძლოა, ყველაზე რთული ეტაპი დგება.
მინდა მოგილოცოთ და დიდი მადლობა გითხრათ.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და თქვენს მშობლებს, თქვენს მასწავლებლებს, ყველას, ვისაც ჩვენი შექმნილი სისტემის სჯეროდა.
საქმე იმაშია, რომ გამოცდები საქართველოში ჩაწყობის და კორუფციის წყარო იყო.
მახსოვს, 1970-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტში მშობელთა რიგები რომ იდგა.
მახსოვს "გამოსვენებული" აბიტურიებტები, გულწასული მშობლები, ჩაკეტილი კომისია და მაინც, მოწყობის საფასურად 50-60 ათასი მანეთს იხდიდნენ.
ერთმა ჩემმა კახელმა ნათესავმა ავტომანქანა "ვოლგა", ორი სახლი - ერთი კახეთში თავის ვენახიანად და თბილიში ბინა, იმისათვის გაყიდა, რომ მისი შვილი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში 7 წლის განმავლობაში აბარებდა, მერვედ მაინც მოხვედრილიყო.
მახსოვს, რომ ჩაწყობის მთელი კონვეირი იყო აწყობილი.
პირადად მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებდი და სასწავლებლად, კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე უნდა წავსულიყავი.
სპეციალურად ვიყავი მომზადებული რუსული სკოლის პროგრამით და მოსაწყობად, როგორც ოქროს მედალოსანს, მხოლოდ ერთ გამოცდაში მჭირდებოდა ხუთიანის მიღება, რაც ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ყველაფერი ჩაწყობილი იყო და საბუთების შეტანა არ გვირჩიეს.
საგამოცდო ნამუშევარი, ფაქტობრივად, დაწერილიც არ მქონდა, რომ სამმა გამომცდელმა სტაცა მას ხელი, წაიღეს და ჩემს ნაწერში ლურჯი კალმისტრით ჩასწორება დაიწყეს, რათა შემდგომ იქ შეცდომები "აღმოეჩინათ".
თუმცა გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ლექტორი (რომლის სახელი და გვარი მოგვიანებით გავარკვიე - ეს იყო დოცენტი თინა აგლაძე), რომელმაც მათ ჩემი ნაწერი წაართვა და გადამარჩინა.
და მართლაც, იმ წელს ერთი გამოცდით ჩავირიცხე.
ამას იმიტომ ვყვები, რომ იცოდეთ, წესიერი ხალხი მაშინაც იყო.
თუმცა, მთელი სისტემა იმისთვის მუშაობდა, რომ არც ერთი წესიერი ადამიანი არ დარჩენილიყო და უმაღლეს სასწავლებელში საკუთარი ცოდნით არც ერთი აბიტურიენტი არ ჩარიცხულიყო.
ასე მუშაობდა ყველაფერი.
პირველად, სისტემა, რომლითაც თქვენ ჩააბარეთ, მოსამართლეთა გამოცდებზე დავნერგეთ.
1997 წელი იყო და ყველა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა.
მაშინ ბილეთები სანფრანცისკოში დავბეჭდეთ და ამერიკელების დახმარებით, დიპლომატიური ფოსტით ჩამოვიტანეთ.
პირველ გამოცდაზე არც ერთი ძველი, კორუმპირებული მოსამართლე არ მოვიდა.
გამოცდა კარგად ჩავატარეთ და ხალხიც ჩაირიცხა.
ისინი არც მეორე გამოცდაზე გამოჩდნენ და ვიფიქრე, რომ თავისით მიხვდნენ და დაგვასვენეს-თქო.
მესამე გამოცდაზე დარბაზში ყველა გამოცხადდა და ამან დამაეჭვა.
უნარ-ჩვევების მსგავს ტესტებში ყველა კორუმპირებულმა მოსამართლემ უმაღლესი ქულა მიიღო - შეფასების 100 ქულიანი სისტემით, არც ერთ მათგანს 90 ქულაზე ნაკლები არ მიუღია, მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგად მომზადებული კადრები 75 ქულაზე მეტს ვერ იღებდნენ.
გასაგები გახდა, რომ ტესტები ვიღაცამ გაყიდა.
შემდეგი, წერითი გამოცდა უნდა ყოფილიყო. წინა ღამით მივედი იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან ლადო ჭანტურიასთან, რომელიც აღნიშნულ ტესტებზე ჩვენთან ერთად მუშაობდა.
მოვიწვიეთ რამდენიმე წესიერი პროფესორი, მათ შორის ახლანდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მაშინ ჩემი თანაშემწე იყო, დავსხედით და ახალი ბილეთები დავწერეთ.
მე საერთაშორისო სამართლის ბილეთები შევადგინე, ადეიშვილმა - ადმინისტრაციული სამართლის, ჭანტურიამ - სამოქალაქო სამართლის, ხოლო პროფესორმა ზურაბ ახვლედიანმა სახელმწიფო სამართლის ბილეთების შედგენა იკისრა.
მთელი ღამე გავათენეთ და ბილეთების წერა გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე დავასრულეთ.
დილის რვა საათზე, დარბაზში შეკრებილ კონკურსანტებთან შევედით და ვამცნეთ, რომ მათი და მათი ცოდნის დაცვის მიზნით, ყველა ბილეთი თავიდან დაიწერა.
ყველა კორუმპირებული მოსამართლე ადგა და დარბაზიდან ისე გავიდა, რომ წერა არც კი დაუწყიათ.
ასე გვიხდებოდა ამ სისტემის შექმნა და სამართლიანობის მოპოვება.
მთავარი ის არის, რასაც დღეს საქართველოში ვამკვიდრებთ, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს - ეს არის სოციალური სამართლიანობა და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, თითოეული ადამიანის თანასწორობა.
იცით კორუფცია, რას ნიშნავს? - კორუფცია მარტო ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიციელმა, ან გამომცდელმა ქრთამი აიღოს.
კორუფცია იმას ნიშნავს, რომ როგორი ჭკვიანები და ნიჭიერები, გამძლეები და შრომისმოყვარეებიც არ უნდა იყოთ, მაინც ერთი და იგივე ხალხი იშოვის ფულს, ერთი და იგივე ხალხის შვილები ისწავლიან კარგ ინსტიტუტებსა და სკოლებში და ერთი და იგივე ხალხი და მათი შვილები იშოვიან სამსახურს.
მთელი ქვეყანა კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
საქართველოში ამ სისტემის შექმნას ვეღარავინ ეღირსება.
ამიერიდან, საქართველოში წინ წავა ის, ვინც ნიჭიერი და ჭკვიანი, შრომისმოყვარე და თქვენსავით მონდომებულია, ვისაც სჯერა, რომ წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწევს.
ხომ იყო დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო თბილისელებისაა, ხოლო თბილისი, თავის მხრივ, ვაკელებისა და ვერელებისაა (ვაკის წინააღმდეგი არანაირად არ ვარ, რადგან ამ რაიონის სამი მოწვევის დეპუტატი ვიყავი), მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, უწინარესად, რაჭველების, კერძოდ კი, ონელების არის.
ამ რაიონის 51 აბიტურიენტის ორი მესამედი სტუდენტი გახდა და მათმა უმრავლესობამ სახელმწიფო გრანტი ისე მიიღო, რომ საერთოდ არ გაუგიათ რა არის რეპეტიტორის პროფესია.
თქვენს წინაშე გამოვიდა ანა მამუკელაშვილი - თელაველი, საქართველოს აბსოლუტური ლიდერი და ჩემპიონი.
ძალიან მიხარია, ყოჩაღ კახელებო!
სამი ცხინვალელი ოსი, რომელიც სხვადასხვა ბარიერების მიუხედავად, ჩამოვიდა და გამოცდები ჩააბარა, ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა.
პირველ ათეულში წალენჯიხელები არიან.
წალენჯიხაზე შორს არის ფერეიდანი, საიდანაც ირანის ორი ახალგაზრდა მოქალაქე - ჩვენი ფერეიდნელი თანამემამულე ჩამოვიდა და ყოველგვარი ჩაწყობისა და პროტექციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ქართული სწავლა ძალზე რთულია, ქართულად ჩააბარა, მოხვდა ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში და სახელმწიფო გრანტი მიიღო.
ნანა ბალაჯაევა - საინგილოს ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადიდან, მანაც ქართულად ჩააბარა, სახელმწიფო გრანტი მიიღო და შედეგებით ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაუსწრო; ისიც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის აბიტურიებტი გახდა.
ოთხმა უსინათლო აბიტურიენტმა (ერთ-ერთი მათგანი თქვენს წინაშე გამოვიდა), ბრაილის სისტემით ჩააბარა გამოცდები, სათანადო ქულები დააგროვა და სტუდენტი გახდა - ამ ახალგაზრდებით მე ძალიან ვამაყობ.
ქობულეთელი ირაკლი ჭყონია, რომელიც სოფელ კვირიკედან არის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველგვარი რეპეტიტორისა და "პატრონის" გარეშე ჩაირიცხა და გრანტი მიიღო.
ტყიბულელი თამთა მინდიაშვილი - იგი მაღალმთიანი სოფელი სოჩხეთიდანაა, საიდანაც თბილისში ჩამოსასვლელად ხუთი ავტობუსისა და რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის გამოცვლაა საჭირო; თამთა ჩამოვიდა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ გოგუა, ისევე როგორც აფხაზეთის რამდენიმე ასეული სხვა ჩვენი თანამემამულე, რომლებიც აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში და ჩვენ მათ სოხუმის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გადავიყვანთ.
მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელი თელულ ჯაფაროვა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
ასეთები ბევრნი არიან...
მინდა გითხრათ, რომ წინ ძალზე რთული გზა გაქვთ გასავლელი.
საქართველომ დაიწყო აღმშენებლობა და ჩვენ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით.
საქართველოში არის ხალხი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ძვრებს ან არად აგდებს, ან ვერ ამჩნევს, მაგრამ რისი მიღწევაც წელიწადნახევრის განმავლობაში შეიძლებოდა, ჩვენ გავაკეთეთ.
ეს ამ გზის მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ ძალზე კონკურენტუნარიან სამყაროში ვცხოვრობთ.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ნავთობის ფასი, თითქმის, ორჯერ გაიზარდა.
მაგალითად, ჩინელებმა ისწავლეს მუშაობაც და სწავლაც, ისინი ქმნიან პროდუქტს და ამისათვის სჭირდებათ ნავთობი; ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მისი ფასის ზრდას იწვევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ დავეწიეთ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ვითარდება და წინ მიდის, ჩამოვრჩებით, უგზოუკვლოდ დავიკარგებით მსოფლიოს სახელმწიფოთა ოკეანეში და ჩვენი მომკითხავი უკვე აღარავინ იქნება.
ეს კი თქვენ უნდა გააკეთოთ, რადგან თქვენ არც კონკურენციის გეშინიათ და არც შეჯიბრების, არც სწავლისა და შრომის.
მაშინ, ყველაზე ძლიერები ვიქნებით და მთელ მსოფლიოს დავარწმუნებთ, რომ ჩვენც შეგვძლებია რაღაც.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
მაგალითად, მალაიზიაში, ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ყველა - უმაღლეს სასწავლებლებსა თუ ფირმებში, გეუბნებიან, რომ მათი ქვეყანა ყველაზე კარგი და ლამაზია, ძალიან ბევრი შრომითი რესურსი და განათლებული ხალხი ცხოვრობს და მოგიწოდებს, რომ ინვესტიცია ჩადო, თან გარწმუნებს, რომ იქ მშვიდობა და სტაბილურობაა.
ჩვენც ასე უნდა ვისწავლოთ ცხოვრება.
ჩვენთან კი რა ხდება? - ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში ჩამოვიდა და საკუთარი ავტომანქანა ერთ-ერთ სამრეცხაოში გაარეცხინა; საქართველოში ჩამოსვლით გახარებულმა, მომსახურე პერსონალს, შვიდის ნაცვლად, ოცი ლარი გადაუხადა, რომელიც საკუთარ ბედს უჩიოდა და ამიტომ ქვეყანაც ლანძღავდა, მთავრობასაც და ხალხსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხუთ წუთში ოცი ლარი აიღო.
ასეთი რამ ამერიკაშიც კი არ ხდება.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათაკილო შრომა არ არსებობს - ყველა შრომა საპატიოა.
არფერი მაქვს თურქეთის საწინააღმდეგო, ძალიან კარგი ქვეყანაა და ძალზე სწრაფად ვითარდება, მაგრამ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 250 თურქი მუშა გზას აგებს.
მაშინ, როდესაც იქვე ბიჭები დგანან, მზესუმზირას შეექცევიან და მათ აკრიტიკებენ; მერე კი წუწუნებენ, რომ მათ არავინ მიხედა და ისინი არავინ დაასაქმა.
ოჯახის რჩენა თუ შეგიძლია, საღამოს შეყვარებულის კაფეში დაპატიჟება, ან მისთვის ნაყინის ყიდვა თუ შეგიძლია, რა არის ამაში სამარცხვინო?
თუ ის არის ცუდი, რომ უბნის ბიჭებმა არ დაგინახონ, რომ გზას აკეთებ.
თუ ჩვენ ამ ფსიქოლოგიას, ამ მენტალიტეტს არ შევცვლით, არაფერი გვეშველება.
ჩვენი პირველი ამოცანა სახელმწიფო სექტორში ხელფასების გაზრდა იყო - თუ პოლიციელს, მებაჟეს, ჯარისკაცს მაღალი ხელფასი არ ექნება, მთელი საზოგადოება ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ეს ამოცანა შევასრულეთ და პირველი ეტაპი გადავლახეთ.
მეორე, ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხებოდა - ჩვენ ყველგან ვაშენებთ გზებს და ვანვითარებთ ენერგეტიკას.
თუ დენი არ იქნება, ბიზნესიც ვერ განვითარდება.
ამჟამად, ჩვენ მეორე ეტაპზე ვიმყოფებით.
მომავალი წლის დამლევამდე თბილისში ცუდი გზა (ყოველ შემთხვევაში ძირითადი მაგისტრალები) და გზის პრობლემა აღარ იქნება.
მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ თბილისი-ბათუმის ავტობანის (დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თბილისი-სოხუმის ავტობანს ავაშენებთ) მშენებლობას ვიწყებთ.
მარტში ამ მაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
თუ ამ კვირის დამლევს აჭარაში ფესტივალზე წამოგვყვებით (სექტემბერში აჭარა არაფრით ჩამოუვარდება ზაფხულის სეზონს), ნახავთ, რომ პირველად საქართველოში დიდი გვირაბი და მასზე მიბმული ავტოსტრადა გაიხსნა და დარწმუნდებით, რომ საქართველოში 25 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა.
მარტში ვთქვით, რომ ამას გავაკეთებდით და დანაპირები შევასრულეთ კიდეც; მოდით წავიდეთ შაბათს ბათუმში და ვნახოთ რა შეგვძლებია.
ზოგი თქვენგანი, ალბათ, ზაფხულში იყო ბორჯომში და ახალი პარკიც ნახა.
მოდით, მომავალ წელსაც ვნახოთ ბორჯომის პარკი.
მომავალ წელს დისნეილენდში აღარავინ წავა და ყველა ჩვენი პარკის სანახავად ჩამოვა.
დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ მძაფრი კონკურენციის პირობებში ვცხოვრობთ.
იცოდეთ, რომ საქართველოში მცხოვრები, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერიანი სტუდენტი ისეთივე ხელგახსნილია, როგორიც კალიფორნიის, მალაიზიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების სტუდენტები არიან, რადგან ამ შემთხვევაში ინტელექტისა და ნიჭის შეჯიბრი მიდის.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდ ინტერნეტსივრცეში, სადაც იდეების, ინოვაციების, გამოგონებების, უბრალოდ სხარტი გონების შეჯიბრი იმართება, ქართველები ყველას იქით ვაწავლით, მთავარია არ დავიზაროთ და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენც ბევრი რამ შეგვიძლია.
ამისათვის აუცილებლად უნდა ვისწავლოთ უცხო ენები - აუცილებლად გვჭირდება ინგლისური, თურქული, რუსული, რადგან ჩვენ ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და მათ ვეჯიბრებით.
ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სხვა მეზობელი ქვეყნების ენები; ჩინურიც და იაპონურიც გვჭირდება, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკა ძალზე განვითარებულია.
ჩვენ მაგრები ვართ, მაგრამ ეს მსოფლიოს ხალხებსაც უნდა გავაგებინოთ და ეს მათ ენაზე უნდა გავაკეთოთ...
წინა გამომსვლელებმა კახა ლომაიას დამსახურება აღნიშნეს და მინდა ამ თემასაც შევეხო.
მსურს მადლობა ვუთხრათ კახა ლომაიას და იდეალისტების იმ ჯგუფს, რომელმაც ლანძღვის მიუხედავად, ისეთი სისტემა შექმნა, რომ პრეტენზიები (ისიც უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით), მხოლოდ, რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა.
დღეს თქვენ მართლაც პირველები ხართ.
განათლების სამინისტრომ დაკისრებული ისტორიული მისია - ჩაეტარებინა პირველი ობიექტური ეროვნული გამოცდები, წარმატებით შეასრულა.
მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თქვენ არა მატო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც პირველები ხართ.
თქვენ ყველას დაანახეთ და დაამტკიცეთ, რომ გამოცდების ნეიტრალურად და ობიექტურად ჩატარება შესაძლებელია.
ჩვენ თქვენით ვამაყობთ.
თქვენ ხართ პირველები, ვინც ეს გააკეთა და უკვე დღეს, ლატვიის, ლიტვის, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე სხვა ქვეყნის განათლების სამინისტროებიდან ჩამოდიან ჯგუფები, რათა შეისწავლონ მეთოდები, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და გადაიღონ ის, რაც საქართველომ ახალი, ევროპული განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეიტანა.
მსურს ისიც აღვნიშნო, რომ პირველს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისია, პირველად საქართველოს ისტორიაში, ისეთი პოლიცია შეექმნა, რომელიც ხალხს ეყვარებოდა.
მათ ეს შეძლეს - საქართველოში ასეთი პოლიცია უკვე არის.
ჩვენ ამ პოლიციით ვამაყობთ, ისინიც პირველები არიან და მადლობას ვუხდით მათ.
მინდა გითხრათ, პირველად, მას შემდეგ, რაც დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის დროს საქართველოს ჰყავდა მოხალისეთა ჯარი, თავდაცვის სამინისტროს პირველად აქვს შანსი, პატარა, მაგრამ ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე ტიპის, რეგულარული, პროფესიული არმია ჩამოაყალიბოს.
ჩვენ ჩვენი პირველი ჯარისკაცებით ვამაყობთ, რომლებიც უკვე იცავენ ჩვენს სამშობლოს.
ენერგეტიკის სამინისტროს პირველად აკისრია მისია, რომ საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად წელს ზამთარში წყვდიადიდან გამოიყვანოს და მთლიანად გაანათოს.
თქვენ სანთლის შუქზე კი არა, ჰალოგენების ნათურებზე უნდა ისწავლოთ, რომელსაც მთელ საქართველოში პირველად ვაყენებთ.
ჩვენი ფინანსური სამსახურები არიან პირველები, რომლებსაც იმდენი შემოსავალი შემოაქვთ ბიუჯეტში, რომ თქვენს პროფესორებსა და ლექტორებს, საქართველოს საჯარო მოსამსახურეებს მათი ოჯახების სამყოფი ხელფასი ჰქონდეთ და თქვენი და თქვენი ოჯახების დამცირებისა და გამოძალვის ხარჯზე არ აიწყონ ცხოვრება.
პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, გვაქვს უფასო სასწრაფო და ამის მისაღწევად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.
პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული მოძრაობა "პატრიოტები" და პატრიოტული ბანაკები დავაარსეთ. მივესალმოთ მათ, ისინი თქვენს შორისაც მრავლად არიან.
პირველად, საქართველოში 15 წლიანი ნგრევისა და უიმედობის შემდეგ სკოლების, საავადმყოფოების, გზების, სასტუმროების, ტურისტული ობიექტების მშენებლობები დაიწყო.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო პირველად იწყებს ფეხზე წამოდგომას, მაშინ, როდესაც აღარავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო და ამ საქმეშიც პირველები ვართ.
თქვენ იმ ქვეყნის შვილები ხართ, რომელი ქვეყნის შვილებსაც მთელ მსოფლიოში ამაყად სიარული შეუძლიათ.
როდესაც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემი ქართველობით განსაკუთრებულად ვამაყობდი და ეს მართლაც განუმეორებელი გრძნობა იყო.
როდესაც ვამბობდი, რომ ქართველი ვარ, სიამაყისა და ღირსების განსაკუთრებული გრძნობა მეუფლებოდა.
ეს ღირსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად დაიკარგა.
საფრანგეთში ისეთი ქართველიც ვნახე, რომელმაც მითხრა: არაბი ვარო.
დღეს, პირველად, საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში ამაყად ჟღერს და თქვენ ეს იცით.
თქვენ იცით, რომ ჩვენი რევოლუცია, იგივე მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო -უკრაინაში და ამის შესახებ მთელმა უკრაინამ იცის; იგივე მოხდა ლიბანში, და ამის შესახებ მთელმა არაბულმა სამყარომ იცის; განმეორდა ყირგიზეთში და ამის შესახებ მთელმა შუააზიამ იცის.
რამდენიმე დღის წინათ, ტელევიზიით ეთიოპიის პრემიერმინისტრი გამოდიოდა, რომელიც იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოს ვარდების რევოლუცია ეთიოპიაში არ განმეორდება.
გამახსენდა პრეზიდენტი კუჩმა, რომელიც 2 წლის წინათ ამბობდა, უკრაინა საქართველო არ გეგონოთ, აქ ვარდები არ ხარობს და რევოლუციაც არ მოხდებაო.
საქართველოზე ფიდელ კასტროც შეშინებული ლაპარაკობს.
ზიმბაბვეს პრეზიდენტს რობერტ მუგაბეს საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა როდესაც მას ჩემი თავი წარუდგინეს, რადგან საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მუდმივად მიმართავდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოვლენები ზიმბაბვეში არ განმეორდება.
ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს გასავლელი.
იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მაისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს ეწვია, მან თქვა: "თქვენ ქართველებმა შექმენით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი".
ჩვენ ქართველებმა მართლაც შევქმენით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი და ეს, უდავოდ, ასეა!
თავისუფლების პირობებში ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება უზარმაზარ ენერგიას ათავისუფლებს და თქვენ ამ ენერგიის პირველი გამოვლინება ხართ!
ორი წლის წინათ, საქართველოში, წინამორბედი პრეზიდენტის ჩათვლით, არავინ იცოდა ეროვნული ჰიმნის ერთი ხაზი, ერთი სიტყვაც კი და არც მისი მოტივი იცოდა ვინმემ.
დღეს ყველამ, მათ შორის პატარებმაც და თქვენც, ჰიმნი ზეპირად იცის.
ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე გამომხატველი დროშა გვაქვს, რომელიც ყველამ ნახა და რომელსაც მთელი მსოფლიო ცნობს.
ეს ჩვენმა თაობამ შექმნა, ეს თქვენი დროშაა.
თქვენ ხართ თაობა, რომელმაც მშვენივრად იცის, თუ რა არის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა, კარგად ნაცნობია გრძნობა, რომელსაც საკუთარი ქვეყნით სიამაყე ჰქვია.
მარტო ის რად ღირს, რომ იცით - მარტო საკუთარი სახლი და კარმიდამო კი არა, თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, გორი, სოხუმი, ცხინვალი არის ჩემი!
ყველაფერი ეს ჩემია - ჩვენია.
ეს განსაკუთრებული გრძნობაა, რადგან იდეალიზმის გარეშე ქვეყანას ვერ შექმნი.
ყველა თავის სფეროში ქმნის და ყველას თავის სფეროში ებრძვიან.
ვიცი, რომ ბრძოლა კიდევ მოგვიწევს.
ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით ბრძოლა იმიტომ კი არ ატყდა, რომ მართლა შენობასთან დაკავშირებით იყო დავა.
მას ბრძოლა დაუწყეს, რადგან ვერ აიტანეს, რომ იგი მსოფლიო კლასის ქართველი პროფესიონალია, რომელსაც მილიონიანი ჰონორარები ჰქონდა, მისით მთელი რუსეთი ამაყობდა და აცხადებდა, რომ ის რუსეთის ბალერინაა.
ნინო ანანიაშვილს მოწვევები მსოფლიოს ოპერისა და ბალეტის წამყვანი თეატრებიდან ჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, ყველაფერი მიატოვა, საქართველოში დანგრეულ, განადგურებულ შენობებში ჩამოვიდა, ჩვენს ბავშვებთან ერთად ქართული ბალეტის აღორძინება დაიწყო და ექვს თვეში მსოფლიო კლასის დასი ჩამოაყალიბა.
ეს სიამაყის მაგალითია.
მას, ვინც ამას ებრძვის, ღირსება და თავმოყვარეობა არ გააჩნია.
მას, ვინც ამბობს, რომ თბილისი, ან გორი არ უნდა გავალამაზოთ და ქუჩები არ უნდა მოვაწესრიგოთ, ღირსებისა და სიამაყის განცდა არ გააჩნია.
ვინც წელს ზაფხულში ბათუმში იყო და ნახა, რომ თავისუფლების პირობებში, ასობით ახალი კაფე, დიკოთეკა, სხვა გასართობი ადგილი და პლაჟი გაიხსნა, ეს არ ესიამოვნა და მაინც ბუზღუნებს, რომ აჭარაში არაფერი შეცვლილა, იმას სიამაყის გრძნობა და ღირსებარ გააჩნია, რადგან ასეთ ადამიანს ცხოვრებაში აღარაფერი გაახარებს.
და იცით ეს რა ხალხია? - ამ ხალხს საკუთარი თავისა და საკუთარი ძალების რწმენა სრულებით არ გააჩნია, მათ არც იმის დაჯერება შეუძლიათ, რომ კონკურენტუნარიანები არიან.
მათი წამალი ხართ თქვენ, რადგან თქვენ საკუთარი თავის, საკუთარი ძალის, საკუთარი ცოდნის, საკუთარი ღვაწლის გწამთ.
ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის, მისი ნათელი მომავლისაც გჯერა და იმისაც, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ადგილიც გექნება.
ამიტომ, პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ - კრიტიკის გარეშე არავის და არაფერს არ შეხედოთ - არც პრეზიდენტ სააკაშვილს, არც მთავრობას, არც თქვენ ლექტორებს, არც თანატოლებს და არც იმ უცხოელებს, რომლებიც გარკვეულ რჩევებს მოგცემენ.
მოკლედ, დიდი კრიტიკის, ანალიზისა და ბჭობის გარეშე, არაფერი ირწმუნოთ.
ირწმუნეთ მაშინ, როდესაც თავად დარწმუნდებით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთია კრიტიკული აზროვნება, ყველაფრის გაანალიზება და მეორეა ის, რომ ცინიზმი, გულგრილობა და უიმედობა არ დაუშვათ!
ეს გრძნობები ახლოს არასდროს გაიკაროთ.
საქართველოში ხალხის უმეტესობა 15 წლის განმავლობაში სვამდა კითხვას - გვეშველება რამე?
თქვენ ეს კითხვა არ დაგისვამთ.
არც ჩვენ დაგვისვამს ეს კითხვა, რადგან ვთქვით, რომ ჩვენ ვუშველით ჩვენს ქვეყანას,
გვეშველება იმიტომ, რომ ჩვენ ვუშველით საკუთარ თავს, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ.
მინდა უბრალოდ აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, სპორტული და გამბედავი თაობა წამოვიდა.
თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც დასვენებაც იცის და სწავლაც და თუ საჭირო იქნება და სამშობლო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს გვერდზე გადადებს და სამშობლოს დასაცავად იარაღსაც აიღებს ხელში.
ჩვენ ახალი პროფესიების ხალხი გვჭირდება, გვჭირდება გამომგონებლებიც და ისინიც, ვინც ყველაფერს თავად გააკეთებს.
ასეთი ადამიანების პოვნა ძალზე რთულია.
პირდაპირ გეტყვით, საქართველოდან გზებისა და გვირაბების მშენებლები გაიქცნენ, გეოლოგებმა და ინჟინრებმა ქვეყანა დატოვეს.
მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე, კვალიფიციური სპეციალისტი გაიქცა საქართველოდან.
მათი ადგილი თქვენ უნდა დაიკავოთ.
ჩვენ ახალი, მაღალი დონის, კვალიფიციური კადრები გვჭირდება.
თქვენ ჭკვიანები, გონიერები, ნიჭიერები ხართ და ახლა მთავარია, საკუთარ თავზე იმუშაოთ, რადგან თქვენი შემცვლელი უკვე აღარავინ იქნება.
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც საკუთარი ცოდნით უნდა გადაარჩინოს ქვეყანა.
დღეს მთავარი იარაღი არა ტანკი, არა თვითმფრინავი და სხვა ტექნიკა, არამედ ცოდნა და საკუთარი ძალის რწმენაა.
მე მინდა გადმოგცეთ ესტაფეტა და გითხრათ, გავა 20 წელიწადი და ამ დარბაზში, ამ ადგილზე ჩემს ნაცვლად ერთ-ერთი თქვენგანი იქნება.
თუმცა, ის იქნება სხვა საქართველო.
თვითმფრინავით მგზავრობისას, ჩვენმა მფრინავმა მაჩვენა, თვითმფრინავის კაბინიდან მარცხნივ განათებული სოხუმი მოჩანს, მარჯვნივ - ბათუმი, შუაში -ქუთაისი, ხოლო კარგ ამინდში წინ თბილისი ჩანს.
როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანს ჩვენი ქვეყანა.
ეს ის ქვეყანა იქნება, სადაც საზღვრები აღარ ჩაიკეტება, სადაც ეთნიკური შუღლის ნასახიც აღარ დარჩება და აღარ იარსებებს საქართველოს არც ერთი კუთხე, სადაც ქართველებს, როგორც დღეს, მხოლოდ ქართველობის გამო არ უშვებენ.
ქართველები შემოუშვებენ ყველას ვისაც საქართველოსთვის სიკეთე და სიხარული ენდომება.
ეს იქნება ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები და თქვენ უკვე თავისუფლად გადაადგილდებით, თავისუფლად ივლით ყველგან.
ამ ქვეყანაში აღარ დაყოფენ ადამიანებს, ოსებად, რუსებად, აფხაზებად, აზერბაიჯანლებად, სომხებად იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი, ძლიერი, წარმატებული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქართველოს შვილები ვართ.
ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ამას თქვენ მიაღწევთ.
მანამდე კი ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ყველანაირ თავდასხმას და ყველაზე რთულ გამოწვევებს უნდა გავუძლოთ.
ნუ გეშინიათ, მთავარია, კარგად ისწავლოთ.
იქნება დრო, როდესაც რომელიმე გამოცდაზე იმის გამო არ მიხვალთ, რომ თქვენს მეგობარ ბიჭს (ან გოგოს) წაეჩხუბეთ, მსგავსი რამ მეც მომსვლია.
შესაძლოა სხვა რამემ გაგიტაცოთ და პროფესია შეიცვალოთ, ესეც შესაძლებელია, რადგან ადამიანი ეძებს და ყოველთვის ახალს პოულობს.
შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ საერთოდ არ გჭირდებათ უნივერსიტეტი, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება და მსგავსი შემთხვევა ძალზე მცირე პროცენტი უნდა იყოს, რადგან ჩვენთვის ყველა ადგილი მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდობისთვის პროფესიული მომზადების ცენტრებსაც კი ვქმნით მათთვის, ვინც უნივერსიტეტების მიღმა დარჩა და მათაც ყველაფერს გავუკეთებთ.
მთავარი რაც არ უნდა დაგავიწყდეთ არის ის, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ყველაფრის მიმღწევები ხართ და საქართველოსა და მსოფლიოში არ არსებობს მწვერვალები, რომლებსაც ჩვენი ქართველი სტუდნტები, მომავალში საქართველოს განათლებული, ინტელექტუალური, დახვეწილი და ლამაზი მოქალაქეები ვერ შეწვდებიან.
თქვენ ნებისმიერ მწვერვალზე ახვალთ და ნებისმიერ სიმაღლეს დალაშქრავთ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენ წარმატებული იყოთ.
დიდი მადლობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, რომ სულ ია-ვარდით მოფენილ გზებზე გევლოთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური