Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.12.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

მე მსურს ხელი მოვაწერო კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ.

ამ კანონის მიზანია საქართველოში ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდის ინსტიტუტის აღმოფხვრის ინსტიტუციონალური გაფორმება. კომუნისტების პერიოდში მთელ საბჭოთა სივრცეში კანონიერი ქურდები საქართველოდან იყვნენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ვარდების რევოლუციამდე, ქურდებს ქართულ საზოგადოებაშიც დომინანტური მდგომარეობა ეკავათ.

ყველა სახელმწიფო სტრუქტურა - პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელობა ქურდებთან იყო შეკრული.

რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელიც მთელმა საქართველომ იცის, პრაქტიკულად საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, განკარგულებებს იძლეოდა.

ჩვენ ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა დაადგინოს ამ ხალხის ვინაობა, ჩამოართვას ქონება და გადასცეს სახელმწიფოს.

ეს კანონი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაიშალოს იმისათვის, რომ მათი ხელმძღვანელობით ბიზნესში ჩარევა და მკვლელობები აღარ მოხდეს.

ჩვენი მიზანია მათ ფინანსური ბაზის მოშლა.

მეორე, კოტე კემულარიას მიერ დაწყებულ რეფორმასთან ერთად, საქართველოს ციხეებში წესრიგი უნდა დავამყაროთ.

აქამდე ციხეებს ქურდები მართავდნენ.

პრივილეგირებული პატიმრები თავს კარგად გრძნობენ და როგორც სასტუმროში, ისე ცხოვრობენ.

ციხის საავადმყოფოებში მათ ცალკე ნომრები აქვთ, საიდანაც სხვადასხვა კერძს უკვეთავენ და მობილური ტელეფონით ინტერვიუებს "არიგებენ".

ამას წინათ, ცნობილ პატიმართან ქურდები შეიკრიბნენ და მას ხელისუფლების წინააღმდეგ პი-არის გაკეთება მოსთხოვეს.

ამის საპასუხოდ ჩვენ რუსთავსა და ქუთაისში ახალ საპატიმროს ვხსნით.

დღეს ხელს ვაწერ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს თბილისში ახალი, სამი ათას ადგილიანი იზოლატორი და საპატიმრო ერთი წლის ვადაში აშენდება.

ამის კოორდინაციას იუსტიციის მინისტრ გია ქავთარაძესთან ერთად, კოტე კემულარიას ვავალებ.

ყველა კრიმინალური ავტორიტეტი იზოლირებული იქნება.

ჩვენ უზრუნველვყობთ იმას, რომ მათ გარე სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდეთ.

ჩვენ უზრუნველვყობთ იმას, რომ ციხეებში ნარკოტიკებით ვაჭრობა დამთავრდეს, ამისათვის კი, მკაცრი ზომების გატარება და ევროპული ნორმების შემოღება მოგვიწევს.

ჩვენს ციხეებში ქურდების "ბოგინს" ბოლო მოეღება.

დღეს კი ჩვენი ციხეები კრიმინალებისა და ორგანიზებული დანაშაულის მართვის ცენტრად არის გადაქცეული.

თუ ციხეებში წესრიგი დამყარდება, ქურდობისა და ძარცვის ფაქტები საგრძნობლად შემცირდება.

მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს და მის უმრავლესობას, რადგან დიდი ლობირების მიუხედავად, მათ ამ კანონის მისაღებად გამბედაობა ეყოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოხმაურება ექნება და რაც მთავარია, მის ამოქმედებას დიდი შედეგები მოყვება.

ამის უზრუნველყოფას შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს ვავალებ.

მაშ ასე, დღეს ხელს ვაწერთ საქართველოს კანონს ორგანიზებული დანაშაულის შესახებ და პრეზიდენტის ბრძანებულებას თბილისში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საპატიმროს მშენებლობის თაობაზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)