Google+

გამოსვლები და განცხადებები

31.12.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მიმართვა

რამდენიმე წუთში ჩვენ 2005 წელს გავაცილებთ.

2005 წელი ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დადებითი ცვლილებით აღინიშნა - ამ პერიოდში ჩვენმა ერმა თავაშვებულობას კანონი დაუპირისპირა, ქაოსს - წესრიგი, უიმედობას - იმედი და საკუთარ ძალებში რწმენა, უმოქმედობას - ყოველდღიური ენერგია, უფერულობას - ფერები, გლოვას - ზეიმი, ნგრევას - შენება.

ასევე, 2005 წელი საქართველოში დიდი სტუმრიანობის წელიწადი იყო.

არასდროს ისტორიაში საქართველოს ამდენი მაღალი სტუმარი არ სწვევია.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ქვეყანას კაცობრიობის მანათობელი შუქურა უწოდა.

მთელი მსოფლიოს გასაგონად ითქვა, რომ საქართველო კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან და მძლავრ მომენტებს ქმნის.

2005 წელს ჩვენ და უკრაინამ ბორჯომში დავაფუძნეთ და სათავეში ჩავუდექით დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობას.

რამდენიმე თვეში ამ თანამეგობრობაში რამდენიმე ევროპული და პოსტ-საბჭოთა ქვეყანა გაერთიანდა.

ამ თანამეგობრობის მიზანი მთელი პოსტ-იმპერიული სივრცის საბოლოო გათავისუფლებაა, მათ შორის, ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიის საბოლოო გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

2005 წელს ბევრი სასიკეთო პროცესი მოხდა განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ჯარის შექმნისა და წესრიგის დაცვის საქმეში, ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი იდეალიზმითა და შრომისმოყვარეობით, ყოველდღიურად ახორციელებენ ამ სასიკეთო ძვრებს.

ჩემო მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა, სწორედ, თქვენს წესიერებასა და პროფესიონალიზმზე დგას.

რა თქმა უნდა, საქართველო თავისი დიდი აღორძინების გზის მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება.

შემდეგი წელი ძალიან ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

მსურს ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი ბოლოჯერ კიდევ გაიბრძოლებს.

აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს (რასაც უკვე აკეთებს კიდეც), რათა ისევ უკუღმა დაატრიალოს ჩვენი სამშობლოს სწორი მიმართულებით ამოძრავებული ბედის ბორბალი.

ის დღე და ღამე ფიქრობს, თუ როგორ დაგვასუსტოს შიგნიდან და როგორ არ დაუშვას საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება.

თუმცა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს ძალა, მას არ უნდა შევუშინდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ბოროტება გვებრძვის.

მთელი ჩემი ცხოვრება და გამოცდილება კი, სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.

წმიდა გიორგის წინამძღოლობით, ჩვენ ის ძალა გაგვამარჯვებინებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასახსნელად ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა; ძალა, რომელიც ჩვენ გვერდით იყო ორი წლის წინათ, როდესაც თითქმის განადგურებული ქვეყანა, ფენიქსისებრ, მკვდრეთით აღსდგა; ძალა, რომელიც მეორე მზიან გიორგობას აჭარის გათავისუფლებაში დაგვეხმარა; ძალა, რომელმაც მაისში თავისუფლების მოედანზე ხელი დააფარა ყუმბარას, რათა ის მსოფლიოს თვალწინ არ აფეთქებულიყო; ძალა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იქნება, თუ ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ ჩვენი საკუთარი ძალა ჩვენს ერთობაშია, თუ ჩვენ, ყველანი მთელი გულით მოვინდომებთ და მთელ ძალ-ღონეს მოვიკრებთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და გასამთლიანებლად.

თბილისიდან, სინათლის ქალაქიდან, მინდა საქართველოს ყველა კუთხეს, საქართველოში მხოვრებ ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს, უცხოეთში მყოფ და მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს მივესალმო.

მივესალმები მათ, ვინც ამ წუთებში საკუთარ ოჯახში არ იმყოფება და მორიგეობს - ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ენერგეტიკოსებს, მეხანძრეებს.

მივესალმები ჩვენს მოედნებზე შეკრებილ ხალხს, პატრიოტთა მოძრაობის წევრებს, სტუდენტებს, მათ შორის, მათ, ვინც უმაღლეს სასაწავლებლებში პატიოსნად ჩატარებული პირველი გამოცდების შედეგად ჩაირიცხა.

ვულოცავ ყველა თაობას - დაწყებული ჩვენი სათაყვანებელი შრომის ვეტერანებიდან, ჩემი ბებია-ბაბუის თაობიდან, ჩენი პატარა, საყვარელი მოქალაქეებით დამთავრებული.

ახალი წელი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახური დღესასწაულია.

ამ ახალ, აღმშენებლობის 2006 წელს მე, სანდრა, ედუჩა და ნიკუშა თითოეულ ოჯახს ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებთ.

გილოცავთ ახალ წელს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)