ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალიან მძიმე საბოტაჟის აქტი განხორციელდა.
დილით ადრე, ერთდროულად მწყობრიდან იქნა გამოყვანილი საქართველოს ენერგომომარაგების სამი მთავარი არტერია - რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი ორი მილსადენი და ელექტროგადაცემის ხაზი- „კავკასიონი", რომელიც რუსეთიდან შემოდის.
ჩვენ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქებულია და გაზსადენებზე დივერსია განხორციელდა.
რუსეთის მხარის ახსნა-განმარტებები აბნეული, არადამაკმაყოფილებელი და წინააღმდეგობრივია.
ეს ყველაფერი მას შემდეგ განხორციელდა, რაც საქართველო ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან ზეწოლის მუდმივ მცდელობას განიცდის.
ჩვენ რუსეთის ხელისუფლების პირებისაგან არაერთი მუქარა გვსმენია იმის შესახებ, რომ გაგვითიშავენ გაზს, შესაძლოა ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდეს და ცივ ზამთარში გავიყინოთ.
ეს ყველაფერი საქართველოში უპრეცედენტო ცივი ტემპერატურების დროს განხორცილედა, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი ცივი ზამთარია.
ეს ყველაფერი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შევძელით.
ეს სისტემა უკვე მდგრადია, ყველაზე რთულ ტემპერატურებს უმკლავდება და ავარიებსაც უძლებს.
საქართველო აქამდე ელექტროენერგიით და გაზით უწყვეტად მარაგდებოდა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ ენერგოსისტემის მდგრადობა გავაძლიერეთ, მრიცხველები დავამონტაჟეთ და ამ სისტემაში წესრიგი დავამყარეთ.
პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში გაზოტურბინების ახალი სადგური აშენდა, რომლის გახსნას ხვალ ვაპირებდი. ეს მსხვილი ენერგოობიექტი ამ სისტემას დამატებით მდგრადობას შესძენდა და რის საფუძველზეც სისტემის რყვევის ნაკლები შანსი გვექნებოდა.
რუსეთმა ყველანაირი საბაზრო ლოგიკის დარღვევით, გაზის ფასი გააორმაგა - ჩვენ არ დავიბენით და განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით ამ თანხის გადასახდელად.
გასული წლის განმავლობაში საუბარი გვქონდა არასტაბილურ, არასაიმედო და პოლიტიკურ რყევებზე დამოკიდებულ შანტაჟისტთან. მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანთან გაზის ხაზები გავარემონტეთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით სხვა მომწოდებლებთანაც. ძალიან მოკლე ხანში, საქართველოს გაზის მიმწოდებლის სხვა ალტერნატივა უნდა გამოსჩენოდა, უფრო დაცული და საიმედო იქნებოდა.
რუსეთი ახორციელებდა მცდელობას, რომ საქართველო იძულებული გაეხადა მისთვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა გადაეცა.
ჩვენ მზად ვართ საღი კომერციული წინადადებები განვიხილოთ, მაგრამ შანტაჟის პირობებში საქართველო არაფერს არ გააკეთებს.
ამ ვანდალური აქტის განმხორციელებლებს ტყუილად ჰგონიათ, რომ შუა ზამთარში ენერგოსისტემის და გაზის გათიშვის გამო, საქართველო დაინგრევა და მუხლებზე დაჩოქილი მივა რუსეთთან.
ჩვენთან ასე საუბარი არავის გასვლია და არც გაუვა.
საქართველოსთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობაა შესაძლებელი, ხოლო მუქარით, დაშინებითა და მუშტების მოღერებით, არავის ვურჩევ არც ერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ჩვენთანაც საუბარს.
ჩვენს ხალხს აქვს ღირსების და საკუთარი სამშობლოს სიყვარულის მძაფრი განცდა.
ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი თანამშრომლობით, მეგობრობითა და პარტნიორობით გადავწყვიტოთ.
დილიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კონსულტაციებს ჩვენს მეგობრებთან სხვა ქვეყნებში - ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
მინდა იცოდეს ჩვენმა ხალხმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ასეთი შანტაჟი აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენ ხალხს არ მივატოვებთ და მათთან ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ.
ეს იქნება ბოლო გაბრძოლებათა წელი, რომ საქართველო გაერთიანების გზიდან მოაბრუნონ. ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია.
ჩვენ ყველა გამოცდას უნდა გავუძლოთ, გამოსავალი ვიპოვოთ და სიძნელეები გადავლახოთ.
ჩემი განკარგულების თანახმად, გაზის მიწოდების აღდგენამდე, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში სწავლა შეწყდება და სასიცოცხლო ობიექტები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
ყველა სახელმწიფო სამსახური მობილიზებულია, რათა არ დაუშვან რაიმე სახის მძიმე შედეგები.
ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობისგან უმოკლეს ვადებში საქართველოს ენერგომატარებლებით მომარაგებას და კონტრაქტით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებას ვითხოვთ, ისე როგორც ამას ცივილიზებული, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები ითვალისწინებს, ისე როგორც ეს ნორმალურ, ენერგობაზარზე საიმედო პარტნიორებს შორის უნდა იყოს.
ნორმალური მდგომარეობის აღსადგენად ჩვენ მკვეთრ, გადამწყვეტ, სწრაფ პასუხს და სწრაფ ქმედებებს ველოდებით.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური