საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს უსაფრთხოების ფორუმზე
მსურს ყველა თქვენგანს მივესალმო!
ეს ჩვენთვის ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენციაა.
თბილისში კარგი ტრადიცია დამკვიდრდა.
ჩვენ უკვე აღარ ვართ მსოფლიო პერიფერიის უკიდურესი ქვეყანა, რომლის შესახებაც მხოლოდ ლეგენდებს და მითებს ყვებიან, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოსთვის და მისი ობიექტური ნაწილისთვის საინტერესო გახდა.
მსურს ამ კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთი მნიშვნელოვანი და კომპეტენტური ექსპერტების ჩამოყვანისათვის მადლობა გადავუხადო.
თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ არა მარტო ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს ეხება, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას და მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებს.
ჩვენს რეგიონში ერთმანეთთან გადაიკვეთა როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა, ასევე მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოება, მსოფლიოს განვითარების ახალი ტენდენციები - ჩვენ კი, დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით.
პირდაპირ გეტყვით, ბევრად უფრო ვამჯობინებდი, რომ საქართველო უმნიშვნელო პატარა ქვეყანა იყოს იმ გაგებით, რომ დიდმა სახელმწიფოებმა, ყოველ შემთხვევაში ერთმა მაინც, ნაკლები იფიქროს საქართველოზე, ან მის ცალკეულ სოფლებში და პატარა კუთხეებში მიმდინარე მოვლენებზე.
მინდა, რომ რუსეთში მყოფმა ადამიანებმა იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო ტურისტული თვალსაზრისით მშვენიერი მხარეა, რომ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი სათხილამურო კურორტები საქართველოშია, სადაც პირადად მე შაბათ-კვირას რეგულარულად დავდივარ.
მსურს იფიქრონ იმაზე, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე კარგი, თბილი და სუფთა ზღვა, ყველაზე კარგი სამზარეულო ჩვენ გვაქვს.
მსურს იფიქრონ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც შეიძლება ამ რეგიონის სტუმრებს შევთავაზოთ.
არ მინდა, რომ საქართველო დაძაბულობასთან და რაიმე სახის ექსცესებთან იყოს ასოცირებული.
თუმცა მოდელი, რომელსაც თავს გვახვევენ არის ასეთი.
გუშინ, ჩემთვის უცნობი ანალიტიკოსის გამონათქვამი წავიკითხე იმის თაობაზე, რომ თურმე ევროკავშირის კომისარის საქართველოში ვიზიტი კარგი იმის გამო არა არის, რომ ევროპა ამ რეგიონში ხელებს დაიწვავს, რომ აქ მხოლოდ ხანჯლების და თოფების ხმა და ნაციონალისტური რიტორიკა ისმის.
ეს მტკნარი სიცრუეა.
სწორედ ეს არის დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მთავარი პლათფორმა.
როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში სამხედრო ინტერვენცია განხოციელდა, რომლის შედეგადაც, ასობით ათასმა, არა მარტო ეთნიკურმა ქართველმა, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენელმაც ეს ტერიტორია დატოვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი და კარგად მახსოვს როგორი პუბლიკაციები ჩნდებოდა პრესაში.
კარგად მახსოვს სტატია, იმის შესახებ, რომ კავკასიელთა მისტერიულ სულს ვერავინ გაიგებს, განსაკუთრებით, ევროპელი და ზოგადად, დასავლეთელი.
იყო ტოლსტოის ციტირება იმის შესახებ, რომ კავკასიელთა და ქართველთა მისტერიულ სულს ფართოდ და კარგად მხოლოდ რუსები გაიგებდნენ, ხოლო ყველა სხვა, რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყო.
გავიდა 2-3 წელი და იმავე გაზეთში იგივე ციტატა ჩეჩნების მისამართითაც იყო გამოყენებული.
რეგიონზე ამ ზედაპირულმა, არაკომპეტენტურმა მსჯელობამ და მის შესახებ არაინფორმირებულობამ, ბევრით დაგვხია უკან და, თავის მხრივ, ძალზე დაგვაზარალა.
სიმართლე ისაა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა.
საქართველოს კაცობრიობის უმთავრესი მითები - პრომეთეს და არგონავტებს უკავშირდება.
საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა.
ზოგიერთი კორსერვატორი ევროპელის თვალსაზრისით, ქრისტიანობა ევროპელობის ერთ-ერთი კრიტერიუმია, თუმცა მიმაჩნია, რომ ევროპელობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა, და რელიგიურთან ერთად, სხვა, უფრო მეტ ფასეულობებსაც მოიცავს.
ამიტომაც, ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის ძალზე მყარი მომხრე ვარ.
საქართველო ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა.
ამის დასტურია ის, რომ აქედან 200 მეტრში, მუზეუმში უძველესი ევროპელების - ქართველების თავის ქალები ინახება, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.
ამავე მუზეუმში რამდენიმე ათასი წლის ოქრო და სხვა ისტორიული ფასეულობებიც არის.
მინდა გვესმოდეს, რომ მთლიანად ხდება გეოგრაფიის გადახედვა.
ევროპაში დამკვიდრებისთვის ჩვენი ბრძოლა დღეს არ დაწყებულა იგი მრავალ საუკუნეებს მოიცავს.
ევროპის საბჭოში საქართველოს მიღების დროს, დეპუტატებს შორის კონცეპტუალური დავა გაიმართა, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს.
ეს, დაახლოებით, 10-11 წლის წინათ იყო, მაშინ, როდესაც მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით სიარული დავიწყე.
კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა გერმანელმა დეპუტატმა თქვა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა არ არის, რადგან ბრიტანიკის ერთ-ერთ თავში "ბროკგაუზი და ეფრონ"ი" ეს არ წერია.
კამათი იყო ინგლისელ დეპუტატთან იმის თაობაზე, რომ მათ ენციკლოპედიაში ეწერა - საქართველო ევროპული ქვეყანა არ არის.
მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა დეპუტატმა დამოუკიდებლად იმუშავა ამ საკითხზე, კომიტეტზე გამოცხადდა და თქვა, რომ ენციკლოპედიის ეს ნაწილი დაბეჭდილი იყო ჰონ-კონგში და ის ბრიტანული არ იყო.
მეორეს მხრივ, „ბროკჰაუზი და ეფრონი" იმპერიული რუსული ენციკლოპედიაა და, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა.
მე არ მსურს, რომ თანამედროვე ევროპა და მსოფლიო 2006 წელს ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდეს.
საქმე ერთი და იგივე შტამპების გამეორებასთან გვაქვს - არ გაეკაროთ ამ რეგიონს, აქ საშიშია და მხოლოდ პრობლემები შეგექმნებათ.
ვფიქრობ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, მითი, საკუთარ ქვეყანაში ჩაკეტვის შესაძლებლობაზე, საბოლოოდ დაიმსხვრა.
ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუცია მსოფლიოს ისტორიაში, პირველი ტელევიზირებული რევოლუცია იყო.
ამ რევოლუციას მოყვა უკრაინის რევოლუცია, რაც ჩვენი რევოლუციის პირდაპირი შედეგი იყო და უკრაინის ლიდერები ამას სწორედ ამ დარბაზში აღიარებდნენ.
ამის შემდეგ იყო ყირგიზეთი.
ერთ-ერთ დასავლურ გაზეთში ვნახე სურათი, რომ ერთ-ერთ ბელორუსელ აქტივისტს ხელში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ეჭირა.
რაზე მიდის დავა და რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ მერჩივნა საქართველოსთვის ხელოვნურად თავი დაენებებინათ?
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედარებები კეთდება, მე არც ფიდელ კასტრო ვარ და არც საქართველოს მთავრობაში არის ჩეგე ვარა.
ეს შედარებები ჩემთვის შეურაცხმყოფელია.
ის, რაც საქართველოში ხდება, ჩემთვის ბევრად უფრო დიდი, უფრო ფართო და მნიშვნელოვანია.
უწინარეს ყოვლისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყანა - საქართველოა.
დღესდღეობით ბრძოლა ფასეულობების გარშემო მიმდინარეობს.
მიდის ბრძოლა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თავისუფალი და არათავისუფალი საზოგადოება.
როდესაც 2 წლის წინათ რევოლუცია მოხდა, კარგად მახსოვს, გამოქვეყნდა სტატია, რომ საქართველო ჯერ ნამდვილი სახელმწიფო უნდა გახდეს და ნამდვილი დემოკრატია შემდეგ უნდა აშენდეს.
ეს სწორი მსჯელობა იყო, რადგან საქართველო მხოლოდ ტერიტორია და არშემდგარი სახელმწიფო იყო.
ამასთანავე, კარგად მახსოვს როგორ იყო გაანალიზებული ვითარება - მსოფლიოს ამ ნაწილში არ შეიძლებოდა ყოფილიყო არც ნამდვილი სახელმწიფო და არც დემოკრატია.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველო ნამდვილი სახელმწიფოა და აქ ნამდვილი დემოკრატიაა.
ყველას მიაჩნდა, რომ ამ რეგიონში კორუფციის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებდა და კორუფცია მართვის ერთ-ერთი მექანიზმი იყო.
სინამდვილე არის ის, რომ დღეს საქართველო კორუმპირებული ქვეყანა არ არის - ეს მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო.
რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვას ზოგიერთმა ადგილობრივმა ვაი ანალიტიკოსმა, 5-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი ამას დოკუმენტალურად ამტკიცებს.
ეს კი, მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ციფრები არ არის.
ბევრი თქვენგანი, რომელიც 2 წლის წინათ საქართველოში იყო, ნახავდა, რომ მას სრულიად სხვა პორტრეტი დახვდა; ადრინდელისგან განსხვავებით, ქუჩები განათებულია; ნახავდა პოლიციის ახალ მანქანებს, მუნიციპალურ ტრანსპორტს; ვისაც ადრინდელი ჯარი ნანახი აქვს, მიხვდებოდა, რომ ეხლა სულ სხვა ჯარი გვყავს.
ვინც დაინტერესდება შეგვიძლია წავიყვანოთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენი ახალი საავადმყოფო, პოლიკლინიკა და სკოლა შენდება.
ეს ყველაფერი კორუფციასთან ბრძოლის შედეგად მიღებული ფულით გაკეთდა.
ჩვენთან დემოკრატიაა და მაინც მოიძებნება ხალხი, რომელიც იტყვის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. პირადად მე კი, საკუთარ თვალებს უფრო ვუჯერებ, ვიდრე ამ ანალიტიკოსებს.
ჩვენი ხალხიც საკუთარ თვალებს უფრო უჯერებს და ამიტომაც, იანვრის გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის მიმართ მხარდაჭერის რეიტინგი ჯერ კიდევ 70 პროცენტზე მაღალია.
თუმცა ინტენსიურად ვმუშაობ, რომ ეს მაჩვენებელი 60 -55 პროცენტზე ჩამოვიდეს და შემდეგ სტაბილური გახდეს.
ეს რეალობაა.
ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დღიდან, ვარაუდობდნენ რომ ჩვენ ძალა და გამოცდილება არ გვეყოფოდა, ავფეთქდებოდით, ვიომებდით და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ჩვენი რევოლუციის დროს მთელი მსოფლიოდან ამდენი ჟურნალისტი.
მინდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენი სამთავრობო შენობა დაიკავა რამდენიმე დღეში რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა.
ესენი რეგიონებიდან და პროვინციებიდან, ხშირ შემთხვევაში, მატერიალურად ძალზე გაჭირვებული, ჩვეულებრივი ხალხი იყო.
მათ ამ შენობებიდან ერთი ქაღალდი, ერთი კომპიუტერი, ერთი სკამი არ მოუპარავთ.
სახელმწიფო კანცელარიაში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სრულიად უკონტროლო მანიფესტანტები იყვნენ და პრეზიდენტ შევარდნაძის კაბინეტიც არ გაუტეხავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ძალზე საინტერესო ნივთებს ნახავდნენ.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მთავარი რამაა - თავისუფლება ადამიანში ყველაზე ნათელ და ყველაზე დიდ ინსტიქტებს აღვიძებს.
როდესაც ჩვენი რევოლუციის 2 წლისთავზე დიდი კონფერენცია გაიმართა და აქ ჩამოვიდნენ პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, არ ჩამოვიდნენ სერიოზული ჟურნალისტები და ეს ძალიან გამიხარდა.
ისინი ერთი წლის თავზე ჩამოვიდნენ, რათა მოეხსენებინათ, თუ როგორი იმედგაცრუებულია ხალხი მომხდარი რევოლუციით, როგორც ეს ეხლა კიევში აინტერესებთ.
ახალი ამბავი მათთვის მხოლოდ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო.
2 წლისთავზე კი ამას ვეღარავინ იტყოდა და ამიტომ მათთვის არც ახალი ხდებოდა რამე.
ჩემი სურვილია, რომ საქართველოში მსგავსი გლობალური ახალი ამბები აღარ მოხდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი უკვე სულ სხვა რამაა - ის, რომ საქართველოში 2 დღის წინათ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "რედისონ სასი", ორი კვირის წინათ სასტუმროს "ჰაიატი" მშენებლობები დაიწყო, რისთვისაც ძველ შენობებს ანგრევენ.
უახლოეს დღეებში "ჰილტონთან" გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ბათუმში შერატონის მშენებლობა დაიწყება.
ერთი დიდი აეროპორტი შენდება თბილისში, რომელიც ჩვენი რევოლუციის წლისთავამდე, 23 ნოემბრამდე დასრულდება, ხოლო მეორე - ბათუმში, რომლის მშენებლობაც შემოდგომამდე დამთავრდება.
მაქსიმუმ ერთ თვეში ვიწყებთ პირველი ქართული ავტობანის მშენებლობას, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს.
წელს თანამედროვე ტიპის რამდენიმე ათეულ სამედიცინო დაწესებულებას ავაშენებთ, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
დღეს საქართველოში სწორედ ასეთი ახალი ამბებია აქტუალური და არა რაიმე სახის რყევები და გლობალური ძვრები.
ჩვენ არ გვინდა რყევა და არ გვინდა არანაირი ექსცესები.
ამავე დროს, საქართველოში ფასეულობათა ბრძოლა მიმდინარეობს და ეს ბრძოლა მთელ პოსტსაბჭოთა რეგიონის მასშტაბით ხორციელდება.
სამწუხაროდ, საქართველო არის ამ ბრძოლის ლაბორატორია.
15 წლის წინათ საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, რომლის შედეგადაც, საუბედუროდ, საქართველოს ჩამოსცილდა ერთი დიდი ნაწილი - აფხაზეთი და მეორე, პატარა მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - ქალაქი ცხინვალი და რამდენიმე სოფელი.
ჩვენ ამ ტერიტორიებს შორის წარმოქმნილ იმდენად დიდ კონტრასტზე ვლაპარაკობთ, რომ ნებისმიერი თავისუფლებისა და მშვიდობის მოყვარე ადამიანისთვის ამაზე თვალის დახუჭვა დიდი უპასუხიმგებლობა იქნებოდა.
ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ამ ორ პატარა ანკლავში დამკვიდრდა, 30-იანი წლების სუკ-ის (ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ) ოცნების სამყარო, სადაც ყოველგვარი პრინციპების, კანონისა და კონტროლის გარეშე დერჟინსკის, ბერიასა და მათნაირების (მინდა მათ რიცხვს ანდროპოვიც დავამატო, რომელიც დღეს გაიდეალებულია ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოში) ოცნება უმაღლეს დონეზე ხორციელდება.
საუბარია იმაზე, რომ ორი კვირის წინათ, სოფელ ჭუბურხინჯში, რომელიც გალის რაიონს ეკუთვნის და აფხაზი სეპარატისტები ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებენ, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი რუსებისა და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა; პატარა ბავშმა, რომელსაც ე.წ. აფხაზეთის კანონებით ქართულად სწავლა აკრძალული აქვს, თუმცა მაინც სწავლობს, გამოყო თავი სკოლის შენობიდან და ქართველების დანახვისას იყვირა - „გაუმარჯოს საქართველოს".
რამდენიმე საათში ამ სკოლის ყველა მასწავლებელი დააპატიმრეს და რუსი სამშვიდობებოების თვალწინ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
საქართველოს ამის თაობაზე ომი არ დაუწყია, მაქსიმალურად ჩუმად ვიყავით.
თუმცა გეკითხებით - როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე ნორმალურ, ცივილიზებულ ადამიანს? - ეს რიტორიკული შეკითხვაა და პაუხს არ საჭიროებს.
მერე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმეტად ემოციურია.
ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ამას ყოველ საღამოს ტელევიზიის საშუალებით ვამტკიცებთ, ეთერში გასასვლელი გადაცემების სცენარი სახელმწიფო კანცელარიაში არ იწერება.
სამხრეთ ოსეთში მეორე ანკლავია, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი ამბავი იყო ის, თუ როგორ მოიტაცეს უდანაშაულო ადამიანები, აწამეს, დახერხეს, დახვრიტეს და გამოსასყიდის მოთხოვნით, ნათესავებს ნაწილ-ნაწილ უგზავნიდნენ.
რომელი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა გაუძლებს დიდხანს ასეთი ტიპის მოვლენებს, როდესაც ეს იმ ძალების თვალწინ და მხარდაჭერით ხდება, რომლებიც ამ ტერიტორიას განაგებენ?
კერძოდ, ლაპარაკია, ჩეჩნეთის ომგამოვლილ სამ რუს გენერალზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს მრთავს, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს არც ოსეთთან, არც მის ხალხთან და არც მის ისტორიასთან.
როდესაც ლაპარაკია ინფორმაციის გაცვლაზე, უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია.
როდესაც პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა, მან ცხინვალისა და აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ გენერლებმა გზები გადაკეტეს, რათა არც ერთი მათგანი არ გამოპარვოდათ.
ჩვენ გვინდოდა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო, თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები ჩამოსულიყვნენ და ამერიკის პრეზიდენტთან საკუთარი პოზიცია ყველაზე მკვეთრად გამოეხატათ.
მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ყველაზე აგრესიული ადამიანიც კი, არ ჩამოსულიყო.
როდესაც ლაპარაკია ფასეულობებზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არის ეთნიკური ოსებისგან დაკომპლექტებული ტალეარხი "ალანია".
ხალხი ვერ ამჩნევს, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ტელეარხის სიხშირეს ახშობენ.
რუსეთიდან ჩამოიტანეს აპარატურა, რომლის საშუალებითაც ახშობენ ხან ერთ სიხშირეს, რომლითაც ეს არხი ეთერში გადის, ხან მეორეს.
ეხლა 2006 წელია და მსოფლიო ყოველივე ამას მშვიდად უყურებს.
ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, საქართველოს შიდა პრობლემები, რომლებიც ქვეყნის მოუმწიფრობითა და ემოციურობითაა გამოწვეული.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ პრობლემაა, როცა გამოდის სეპარატისტული ანკლავის ლიდერი, რომელსაც რეგულარულად ხვდება რუსეთის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ყველა ლიტველს, უკრაინელს და დასავლეთ ევროპელს გაანადგურებს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისია იკისროს.
ორი კვირის წინათ, ეუთოს რუტინული მისია ერთ-ერთ სოფელში შევიდა და ე.წ. ადგილობრივი მოხალისეების ერთი ჯგუფი ნახა, რომელიც ანტისაჰაერო იარაღს ცისკენ იშვერდა.
ეუთოს მისიის წარმომადგენლები ამ ფაქტით დაინტერესდნენ, მაგრამ მათ ეთნიკური რუსი ბარაკიევიჩის მოყვანა ურჩიეს, რომელიც ჩეჩნეთის ომში იბრძოდა და ცხინვალის რეგიონში პირველად შარშან მოხვდა.
ბარაკიევიჩმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ცხინვალის საჰაერო სივრცე დაკეტილია და ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ამ სივრცეს გადაკვეთდა, მათ მიერ ჩამოგდებული იქნებოდა.
ეს ჩემი სპეკულაცია არ არის, ეს ეუთოს ოქმშია დაფიქსირებული.
მე თქვენ, გამოცდილ ექსპერტებს გეკითხებით - რა ვქნათ? როგორ მოიქცეოდნენ თქვენი სახელმწიფოები ამ სიტუაციაში?
მე გეტყვით ჩვენ როგორ ვიქცევით...
1990 წლის დასაწყისში ნორვეგიის ადამიანთა უფლებების დაცვის ინსტიტუტში ვსაქმიანობდი და სამოქალაქო ომის იმ ასპექტებზე ვმუშაობდი, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა (მაშინ აფხაზეთის ომი ჯერ მომხდარი არ იყო).
მას შემდეგ, ამ კონფლიქტებზე სულ ვფიქრობ, ზოგადად, ადამიანისა და ეთნიკური უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით.
ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა, რომელიც, რეალურად, სურვილთა მთელი სიაა - თუ ოდესმე ვინმეს რამე მოუთხოვია, იქ ყველაფერია ასახული.
ორი წლის წინათ, ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს ტერმინის "სამხრეთ ოსეთი" გამოყენება თვითმკვლელობის ტოლფასად მიაჩნდა, როგორც ეს სამხრეთ ტიროლის შემთხვევაში იყო.
ჩვენ გამოვიყენეთ ეს ტერმინი, რადგან გახსნილი ვართ ასეთი გადაწყვეტილებისთვის.
ავტონომიაზე არავის არ შეეძლო ლაპარაკი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ავტომატურად თვითმკვლელობას ნიშნავდა.
ჩვენ დავიწყეთ მაქიმალურად ფართო ავტონომიაზე საუბარი.
ჩვენი ამოცანაა ამ სიტუაციის მაქსიმალური დარეგულირება და იმის დამტკიცება, რომ თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიის პირობებში არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწყვეტა ინტეგრაციის, თვითმმართველობისა და მეტი დემოკრატიის საშუალებით არ შეიძლება.
ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, რაც ოსურადაც არის და მას დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ეუთოს ბოლო მინისტერიალმა ლუბლიანაში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ და ჩვენ ეს ძალიან გაგვიხარდა.
ერთი კვირის წინ აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამშვიდობო გეეგმას კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ორი წლის წინ გაეროში ჩემს გამოსვლას, სადაც კონფლიქტის მოგვარების სამ ეტაპზე ვსაუბრობდი, მათ მოეწონათ პირველი ეტაპის ის ფრაზა, სადაც მე ვთქვი, რომ ჩვენ მაქსიმალურად მომთმენი უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიჩქაროთ.
არის ეს სერიოზული პოლიტიკა?
ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა გვერდზე გადადეს, შემდეგ ანკლავის ხელმძღვანელობას გეგმა დავუწერეთ, რომელიც მათ თავის გეგმად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ მათ ეგონათ, რომ ჩვენ საკუთარ გეგმას დავუჭერდით მხარს, თუმცა ასე არ მოხდა.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თანახმაა მათი გეგმა განიხილოს.
ამის შემდეგ ისინი აღარ გამოგვხმაურებიან.
ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან საქართველოს მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა და წარმატება სჭირდება.
ამ პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა გასულ წელს 9 პროცენტი შეადგინა.
წელს კი - ეს მაჩვენებელი მინიმუმ 10 პროცენტს მიაღწევს.
ჩვენ შავი ზღვისპირეთში ათეულობით სასტუმროს ვაშენებთ.
ქართული ქალაქების უმეტესობაში წყლისა და კანალიზაციის სისტემებს, გზებს, ენერგეტიკულ ხაზებს, ახალ ჰიდროელექტროსადგურებს ვაშენებთ.
ჩვენ არეულობა არაფერში არ გვჭირდება.
ჩვენ ყველანაირი რეიტინგებით ეკონომიკური თავისუფლების, "ფრიდომ ჰაუსის" თავისუფლების რეიტინგში, ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მოხსენებაში, მრავალი საფეხურით დავწინაურდით.
ასეთ მოკლე პერიოდში არცერთ ქვეყანას ამხელა პროგრესი არ განუცდია.
რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა ნატო-ში ინტეგრაციაა, იმიტომ რომ საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელია, არამედ ჩვენ ვართ გლობალური სისტემის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაწილი, რომელიც როგორც არასდროს ისე სჭირდება მსოფლიოს ამ დაძაბულ რეგიონში.
საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უსაფრთხოების სფერში ეფექტურობის ამაღლება და რეფორმების ჩატარება მოახერხა.
ბოლო 25 წლის განმავლობაში, კოლონიური რეფორმების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას, ასეთი სწრაფი წინსვლა არ ჰქონია.
„ჰიუმან რაითს ვოჩის" ბოლო ყოველწლიურ მოხსენებაში მთავარი შენიშვნა იყო ის, რომ მთავრობა ხშირად ფართო კონსულტუციების გარეშე, ზედმეტად ჩქარა ატარებს რეფორმებს.
ასეთი საყვედური ჩემთვის სასიამოვნოც არის.
ჩვენი მთავარი მისია ეფექტური სახელმწიფოს შექმნა, შემდგომი განვითარება და გაძლიერებაა.
ეს ჩვენი მთავრი ამოცანაა, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიის მტრებს გულს გაუხეთქავს.
ნატო-ში ინტერგაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პარლამენტში ჩემი გამოსვლის შემდეგ, ზოგიერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ნატო-ში ჩვენს ინტეგრაციაზე საუბარი ხმამაღლა სასურველი არ არის, უმჯობესია წყნარი მოქმედება.
ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ჩვენს ხალხს ველაპარაკებით, რადგან გვსურს მათთან გაურკვეველი არაფერი გვქონდეს.
ამას ჩემს უკრაინელ მეგობარს ვიქტორ იუშენკოს ვურჩევ.
პირველ რიგში ხალხმა უნდა იცოდეს რა არის მათი პერსპექტივა.
დემოკრატია ასე ფუნქციონირებს.
ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მიერ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მთავარი აუდიტორია, ხალხია და არა რომელიმე ექსპერტი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია.
ეს ის ფასეულობაა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
სიფრთხილე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი უნდა ითქვას ისე, როგორც სინამდვილეშია.
ჩვენ ან დემოკრატიული თანამეგობრობის მონაწილე ვართ, ან ვემსგავსებით მას, ვინც დემოკრატიის მტერია.
ჩვენ მათი მეთოდებით ვერ ვიმოქმედებთ.
ვისაც ნატოს გაფართოება არ უნდა, მან გაკვეთილი უკვე მიიღო - პროტესტი ორჯერ ღიად გამოხატა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ეხლა წინააღმდეგობას ასე ღიად აღარ გამოხატავს, მაგრამ პროვოკაციას უნდა ელოდო.
ჩვენ პროვოკაცია არ გვინდა, ვფრთხილობთ, მაგრამ არ გვეშინია, რადგან საკმარისად ძლიერნი ვართ იმისათვის, რომ არაფერს წამოვეგოთ.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს სურს იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების და დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური მოკავშირე.
ამას წინათ პარლამენტში ჩემი გამოსვლისას, მოსწავლეთა ის კლასი მივიყვანე, რომელმაც ენერგოკრიზისის დროს უარი თქვა სწავლის შეწყვეტაზე, 12-13 წლის ბავშვებმა საკუთარი ხელით დაჩეხეს შეშა, მოიტანეს ღუმელები და ამ პირობებში სწავლა გაარძელეს.
ესენი ნამდვილი ქართველი გმირები არიან .
იმ დღეებში ჟურნალისტები დადიოდნენ და დიდი სურვილი ჰქონდათ გადაეღოთ როგორ ლანძღავდა ხალხი მთავრობას, მაგრამ არავის დაუწუწუნია.
ყველა მიხვდა, რომ თუ უკეთესი მომავალის სურვილი გვაქვს, საჭიროა გაერთიანება.
ეხლა საჭიროა, რომ იმ ხალხს, ვინც გაზის მილები ააფეთქა, ვაჩვენოთ, რომ არაფრის გვეშინია და მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი დავუკარგოთ.
ეს არის ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც თავისუფლებამ და დემოკრატიამ წარმოქმნა.
თავისუფლებასა და დემოკრატიას ასეთი ტიპის პასუხისმგებლობა და სიამაყე მოაქვს.
ბავშვები ყოველ ორშაბათს მღერიან ჰიმნს და სწევენ საქართველოს დროშას.
ეს ყველაფერი მოიტანა არა სახელმწიფო პროპაგანდამ, არამედ იმან, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით.
დემოკრატიულ სამყაროს ამ რეგიონში ძალიან მყარი პარტნიორები ჰყავს.
რა რეგიონია საქართველო?
დავუბრუნდეთ ბრიტანელი და გერმანელი დეპუტატების კამათს.
საქართველო მართლაც არის სამხრეთ კავასიის რეგიონში, საქართველო ზუსტად ისეა შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი თურქეთი და უკრაინა.
საქაროთველო არის ევროპული ქვეყანა თავისი მრწამსით, ისტორიით კულტურით და რაც მთავრია მისწრაფებებით.
მე მინდა საქართველოს მიმართ ევროპის რეაქცია მარტო იმით არ გამოიხატოს, რომ ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ევროპის ამინდის პროგნოზში თბილისიც შედიოდეს.
ეს ბევრად უფრო ფართო და სიღრმისეული რამ არის.
ჩვენ საამისოდ ვემზადებით.
ძალზე მნიშვნელოვანია მეტი საჯაროობა, მეტი ინფორმაცია და საქართველოდან მეტი ფაქტების გატანა.
ამ მხრივ თქვენი ჩამოსვლა აქ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საბოლოო ჯამში მთავარი დემოკრატიის და თავისუფლების მტერი არასაჯაროობა და ფაქტების დამალვაა.
საჯაროობის და სიმართლის პირობებში არ არსებობს ძალა, რომელიც უკან არ დაიხევს, თუ ის ბოროტების ჩადენას მოინდომებს.
23 ნოემბერს თავისუფლების მონუმენტს ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენთან ერთად იყვნენ უკრაინის, რუმინეთის, ესტონეთის პრეზიდენტები, ასევე სერბეთის რევოლუციის ლიდერის მეუღლე და ანატოლი შარანსკი.
თავისუფლების მონუმენტი - წმინდა გიორგის გამოხატულებაა, რომელიც გველეშაპს ამარცხებს.
რეალურად, ეს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა, სადაც სიკეთე იმარჯვებს.
თავისუფლება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა.
პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისას საოცრება იყო, როდესაც გასროლილი ყუმბარა არ აფეთქდა.
ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლების პირველი რეაქცია იყო ის, რომ ყუმბარა ნამდვილი არ ეგონათ, რადგან მისი არაფეთქების შანსი მხოლოდ 2 პროცენტი იყო.
ბევრი სხვა მაგალითიც შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, რომ ბოროტებას პერსპექტივა არ აქვს.
მინდა ვისურვო, რომ წლევანდელი წელი თავისუფლების, როგორც სიკეთის უმთავრესი გამოხატულების, ასევე შემდგომი გამარჯვების წელი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის მთელი კონტინენტისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური