Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.03.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ჩოლოქზე გასართობი ცენტრის „ციცინათელას“ მშენებლობის გახსნის ცერემონიაზე

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები ადგილობრივ ხელმძღვანელობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს.

დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა.

ორი წლის წინ, ამ ადგილზე ღამით აჭარაში შესვლას და ჩოლოქის ხიდზე გადასვლას ვცდილობდით.

ამ სამშენებლო მოედნის გასწვრივ ასეულობით კბილებამდე შეიარაღებულმა ადამიანმა გზა გადაგვიღობა, ჩოლოქის ხიდი ბოლომდე დანაღმული იყო.

ამ ხიდზე, რამდენიმე დღის წინ კიდევ აღმოაჩინეს ასლან აბაშიძის და მისი უცხოელი მრჩევლების მიერ დატოვებული ხელყუმბარა, რომელიც საბედნიეროდ არ აფეთქდა.

ორი წლის წინ, აქაურობის ასეთ შეცვლას არავინ იფიქრებდა.

ჩვენ უბრალოდ პარკის მშენებლობას არ ვხსნით.

ჩვენ შავი ზღვისპირეთში, აჭარაში და ახლა უკვე გურიაში, ფართომასშტაბიან, უპრეცედენტო დროში, აღმშენებლურ პროცესებს ვიწყებთ.

ამ დღეებში აჭარაში 30 ახალი ტურისტული ევროპული რანგის ობიექტის მშენებლობა იწყება.

შარშან არნახული აღმშენებლობის პროცესი გზებს დაუკავშირდა. ჩვენ გავაკეთეთ გვირაბი, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გაკეთებულა.

ჩვენ წელს ევროპული სტანდარტებით ოზურგეთი- ქობულეთის გზის გაკეთებას ვაპირებთ, ეს მეტად მნიშვნელოვანია გურიის რეგიონისთვის.

ახალი სტანდარტებით სარფი-ბათუმის გზა გაკეთდება, ასევე გავაგრძელებთ გვირაბის მშენებლობას.

წლის ბოლოსთვის ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდება.

ჩვენ აჭარის მაღალმთიანეთის გზებს დავამთავრებთ, ვმუშაობთ გურიის სოფლების შემაერთებელ გზებზე და ნაპირგასამაგრებელ სამუშაოებზე. მრავალი წლის შემდეგ, წელს პირველად აჭარისა და გურიის მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემა არ ჰქონია, ეს დიდი მუშაობის შედეგი იყო.

მთელ საქართველოში სასწავლო დაწესებულებები შენდება.

შარშან აჭარასა და გურიაში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

ჩვენ სრულიად სხვა სტანდარტის და ხარისხის ახალ ობიექტებს ვაშენებთ. აღარ მინდა, რომ ეს საბჭოთა სტანდარტის განმეორება იყოს.

წელს აჭარაში 17 ახალი სკოლა აშენდება და გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა ევროპული სტანდატებით გარემონტდება.

ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყანა ვართ და ისეთი სტანდარტის ობიექტები უნდა ავაშენოთ, სადაც ჩვენი შვილების გაშვება კი არ შეგვრცხვება, არამედ საამაყო იქნება.

ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ.

ბათუმში ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ყველა მოსწავლეს ფორმები შევუკერეთ.

წელს ეს ექსპერიმენტი მთელ აჭარაზე ვრცელდება. უფასო ფორმები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს დაურიგდება, თბილისში კი ამას მხარს გიგი უგულავაც დაუჭერს.

ეს ექსპერიმენტი ლანჩხუთში, ოზურგეთში და იმედია ჩოხატაურშიც განხორციელდება.

ჩვენი შევუკერავთ ბავშვებს თანამედროვე ფორმებს, რათა მათ სკოლაში წასვლა უხაროდეთ.

აჭარაში რამდენიმე სერიოზული ამბულატორია და პოლიკლინიკა შენდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია , რომ ადამიანებისთვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი იყოს.

ჩვენ გპირდებით, რომ 6 მაისს აჭარა და საქართველოს შავი ზღვისპირეთი ჩოლოქიდან ბათუმამდე და სარფამდე მთლიანად ახალი ტიპის განათებებით განათდება. აღარ იქნება ბნელი და ცუდი გზები, აქ ჩამოსვლა ყველას ესიამოვნება.

წელს უამრავი ახალი კაფე გაკეთდება.

შარშან ბორჯომში პარკი გაიხსნა, მის დახვეწას ვაგრძელებთ.

დღეს ჩოლოქზე პარკის მშენებლობას ვხსნით, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიზე ერთ-ერთი თანამედროვე პარკი იქნება. ეს ადამიანების დასასვენებელი ტერიტორია იქნება, რომელიც ტურისტებს მაგნიტივით მიიზიდავს.

წელს აჭარის აეროპორტის მშენებლობა დასრულდება, ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავი შეძლებს აქ დაფრენას. ეს თბილისზე უკეთესი აეროპორტი იქნება.

ნატანების მოსახლეობას თავისი პროდუქციის გაყიდვის საშუალება ექნება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღება, ტურიზმის განვითარება, ეს საქართველოს მომავალია.

წელს აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმო ობიექტი იხსნება, სადაც გურიის და აჭარის მოსახლეობის პროდუქცია გადამუშავდება, რაც ჩვენი ოჯახებისთვის სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივებს ნიშნავს.

ასლან აბაშიძემ ბათუმში ერთი საბავშვო ბაღი გახსნა. ბევრი ის ადამიანი, რომელიც დღეს თბილისშია და გვაკრიტიკებს, ათჯერ არის იქ ნამყოფი და აბაშიძის მიმართ სახოტბარი სიტყვები აქვს ნათქვამი.

წელს ჩვენ მარტო აჭარის მთიანეთში 15 ახალ სკოლას ვაშენებთ, ქობულეთში და ხელვაჩაურში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლას და სამ ასეთივე თანამედროვე სკოლას გურიაში.

პროგრესი ეტაპობრივია.

ჩვენ მეტი მოთმენა და შრომა გვჭირდება, რათა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. აქ ჭაობი იყო, ივლისის შუა რიცხვებში კი, ამ ტერიტორიაზე ისეთ პარკს გავხსნით, სადაც არც ამერიკის პრეზიდენტის და არც ტურისტების ჩამოყვანის შეგვრცხვება.

საქართველოდან წასული ტურისტები ჩვენს წარმატებებზე ისაუბრებენ.

ჩვენ ამით ვიამაყებთ.

მე ვამაყობ იმით, რაც საქართველოში კეთდება.

საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა, აქ მაგარი ხალხი ცხოვრობს.

ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, რასაც ბოლომდე გამოვიყენებთ.

აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის თავმჯდომარეს ზურაბ ვარშალომიძეს და გუბერნატორს ვუბარებ - სამ თვეში საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ამ პარკში სასეირნოდ ჩამოვალ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)